როგორც ლოცვა გიყვარს, ისევე გიყვარს უფალი
როგორც ლოცვა გიყვარს, ისევე გიყვარს უფალი
მონასტერი ის ადგილია, სადაც თითოეული პირველ რიგში ღმერთს, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვარს ემორჩილება. იქ ყველაფერი, სტუმრის გამასპინძლებაც კი, წინამძღვართან შეთანხმებით, - მისი კურთხევით ხდება, ყოველივეს თავისი კანონები აქვს და, გინდა თუ არა, უნდა შეასრულო.

თბილისში სულ რამდენიმე მონასტერია: ზოგი - ძველი, ზოგიც - ახალი დაარსებული. ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ავჭალაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერია. მონასტრის დაარსების სურვილი თავად იქაურ მრევლს გაუჩნდა, იდეა კი მონასტრის წინამძღვარმა მამა რევაზმა (სიხარულიძემ) განახორციელა.

ინტერვიუს დაწყებამდე ლოცვა-კურთხევა მამაოსგან ავიღე. მოძღვარმა "კარიბჭესთან" საუბარი კეთილმოწესე დედა იოანას გადაულოცა. დედა იოანა, ერობაში - ქეთევან კვირკველია, საუბარს საერო ცხოვრების გახსენებით იწყებს.

- 1996 წლიდან ამ ტაძრის მრევლი გახლავართ. მაშინ აქ მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის მცირე ეკლესია იყო (XVII ს.). 2000 წლიდან მას ნათლისმცემლის მშობლების - წინასწარმეტყველ ზაქარიასი და მართალი ელისაბედის - ერთნავიანი ტაძარი მიაშენეს.

მამა რევაზი ჩემი სულიერი მოძღვარი გახლდათ. როცა მონასტრული ცხოვრება დავიწყე, მშობლები გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ მოძღვრის კურთხევით გადავდგი პირველი ნაბიჯი. ავჭალაში, კონიაკის დასახლებაში ვცხოვრობდი. სკოლა დავამთავრე და სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე. ეკონომიკის ფაკულტეტი ავირჩიე. ცოტა ხანს რკინიგზაზე ვიმუშავე, მაგრამ საბოლოოდ უფალი სულ სხვა გზაზე წამიძღვა. ათეისტური ხანა გამოვიარე და ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა.

მამა მორწმუნე მყავდა. ბავშვობაში ტაძარში საზიარებლადაც დავყავდი. მაშინ მორწმუნე არ ვიყავი, თუმცა ეკლესიაში დავდიოდი, სანთელს ვანთებდი.

- როგორ მოხდა თქვენი მონაზვნად კურთხევა?

- ჯერ მორჩილად მაკურთხეს დედა ელისაბედთან ერთად (მაშინ არავინ იყო მონასტერში), მერე მონაზონი გავხდი.

- რომელი წმინდანის სახელს ატარებთ?

- იოანა არის მენელსაცხებლე დედა, რომელმაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი იპოვა, მაგრამ მე იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით მიწოდეს იოანა.

- მონასტერში დროის უმეტესი ნაწილი ლოცვას ეთმობა. რა მნიშვნელობა აქვს მას?

- ლოცვა არის მიმართვა ღმრთისადმი თხოვნით, მადლობით, დიდებით. ლოცვაში ღმერთს შეწევნას ვთხოვთ, მადლობას ვწირავთ გაღებული მოწყალებისთვის, ვადიდებთ მის უზენაესობას. ლოცვა უფალთან საუბარია. როგორც ლოცვა გიყვარს, ისევე გიყვარს უფალი.

ლოცვაში, ასევე, მივმართავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმინდა ანგელოზებს, წმინდანებს, ვთხოვთ ღვთის წინაშე შუამდგომლობას.

- როგორი უნდა იყოს მონაზონი?

- პირველ რიგში, მორჩილი, თავმდაბალი, უბრალო, სულიერი. მაშინ ის მუდამ უფლის ნების აღმსრულებელი იქნება.

- რატომ არის საჭირო ლოცვის დროს ფეხზე დგომა?

- ლოცვის დროს უფალს ესაუბრები. ამიტომ ფეხზე უნდა იდგე.

- შეიძლება, მონაზონმა შესამოსელი გაიხადოს?

- მონაზონი აღკვეცისას დებს აღთქმას, ამის შემდეგ მას მონაზვნის სამოსლის გახდა აღარ შეუძლია.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მონაზონს მონასტერი დაეტოვებინა?

- მომხდარა, რომ მონასტრიდან წასულან. ბევრს ჰგონია, რომ მონასტრული ცხოვრება ადვილია. როცა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, ბრძოლები ეწყებათ და მაშინ ერკვევიან ყველაფერში.

- დედა იოანა, რა არის თქვენთვის რწმენა, სარწმუნოება?

- ჭეშმარიტ ქრისტიანს უსიტყვოდ სწამს ყოველივე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის. ნათლობისას ქრისტიანი პირობას დებს, რომ იქნება აღმსარებელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა მრწამსის მიხედვით. თუკი ადამიანი ცხოვრების გზაზე რწმენით მიდის, უფლისაგან შემწეობას ითხოვს, უნდა სწამდეს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც უფალს არ ძალედვას და უფალი აუცილებლად შეგეწევა.

- რა არის განსაცდელი?

- განსაცდელს უფალი ხშირად ჩვენი ცოდვების გამო მოგვივლენს. განსაცდელი განწმენდს ადამიანს. მაგრამ ის ყოველთვის ცოდვებისგან განწმენდის საშუალება არ არის, ზოგჯერ უფალი გამოსაცდელად გვიგზავნის განსაცდელს.

- ამბობენ, ადამიანმა საკუთარ გულისთქმას, შინაგან ხმას უნდა უგდოს ყური, ასე უფრო გაუადვილდება ცხოვრებაო. თქვენ რას ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. მთავარია, შეგეძლოს გარჩევა, რა არის ღვთისგან და რა - ეშმაკისგან, ამის გასარჩევად კი მეტი სულიერი გამოცდილებაა საჭირო.

- საუბრის ბოლოს რას გვეტყვით?

- იცხოვრეთ ქრისტეს მცნებებით. ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვა
1კ1