ამ სასწაულის შემხედვარე უამრავი ადამიანი მოინათლა მდინარე ჭოროხში
ამ სასწაულის შემხედვარე უამრავი ადამიანი მოინათლა მდინარე ჭოროხში
ზამთარსა და ზაფხულში, წვიმასა და ქარში, ზღვაში თუ მდინარეზე ახალგაზრდული შემართებით ეხიდება ქრისტეს სიყვარულის მაძიებელ ცხოვარს და გადაჰყავს იმ დიდი ჭეშმარიტების წიაღში, რასაც მართლმადიდებლობა ჰქვია.

ბათუმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი სერგი რუხაძე უდიდესი სიყვარულით სარგებლობს ქრისტეს სამწყსოში. დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. არის ფერიის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონისა და ბათუმის #3 საპყრობილის სულიერი მოძღვარი, მონაწილეობს ფერიისა და ხონის სამონასტრო კომპლექსების მშენებლობაში. მისი ცხოვრების ყოველი წუთი ფუტკრის შრომას წააგავს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

- მამაო, გთხოვთ მოგვითხროთ თქვენ შესახებ.

- დავიბადე ბათუმში 1977 წელს. ვსწავლობდი ბათუმის სასულიერო სემინარიაში. ჩემი ეკლესიური ცხოვრება ბავშვობიდან იწყება. ბებიას ხშირად დავყავდი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. ბავშვობა, თუ შეიძლება ითქვას, ტაძრის ეზოში გავატარე. ბებიაჩემი ყოველთვის კითხულობდა დილა-საღამოს ლოცვებს, ზეპირად იცოდა ყველა დღესასწაული, არ გამოტოვებდა უსაკურთხოდ მიცვალებულთა ხსენების დღეს. სამხედრო სამსახურში ყოფნისასაც ბიჭები დღესასწაულებზე ღამისთევის ლოცვებზე ვიპარებოდით ხოლმე. უფროსობა შეგნებულად გვარიდებდა თვალს. ჩემი მეუღლეც, ეკატერინე მელქაძე ეკლესიაში გავიცანი - მაშინ საკათედრო ტაძრის მესანთლე იყო. ღვთის ნებითა და ერთმანეთის სიყვარულით ვეზიდებით ჩვენი წილი ცხოვრების ჯვარს. გვყავს სამი შვილი - 6 წლის ნიკოლოზი, 5 წლის დავითი და 2 წლის ქეთევანი. სასულიერო პირად ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს მოძღვარს, მამა გიორგის (გეთიაშვილს), რომელმაც კეთილისმყოფელი ზეგავლენა მოახდინა არა მარტო ჩემზე, არამედ უამრავ აჭარელზე.

- მამაო, თქვენ ბრძანდებით ფერიის მთაზე მშენებარე ტაძრის ხელმძღვანელი, როგორ გაჩნდა ტაძრის მშენებლობის იდეა? რას გვეტყოდით ცნობილი მოვლენების შესახებ?

- 2003 წელს მე და მამა გიორგიმ (გეთიაშვილმა), ბათუმის დელეგაციასთან ერთად, რომელშიც საერო პირები შედიოდნენ, მოვილოცეთ ათონის წმინდა მთა. ენით აუწერელია მადლი, რომელიც ამ მიწაზე სუფევს. სამი დღე დავყავით ათონზე. მოძღვრები ვმონაწილეობდით წირვა-ლოცვაში, ვეზიარეთ კიდეც. იქ მოგვაფიქრდა, ათონელი მამების სახელზე ბათუმშიც აგვეგო სამონასტრო კომპლექსი. ეს აზრი გავუზიარეთ მეუფე დიმიტრის და გადაწყდა ტაძრის მშენებლობა. ხსენებული ტერიტორია ფერიის მთაზე იურიდიულად ეკუთვნოდა ინვალიდთა და მოხუცებულთა სავანეს სამეურნეო დანიშნულებისთვის. რუსული ჯარის გასვლის შემდეგ კი, როგორც მეპატრონეებს, შეგვეძლო მიწის განკარგვა. ხელვაჩაურის გამგეობას მივმართეთ განცხადებით, რომ ვაპირებდით სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. მთელი წელი ამაოდ ველოდით პასუხს. ამასობაში, საპატრიარქოში მომზადდა პროექტი, იკურთხა საძირკველი და მშენებლობაც დაიწყო. კედელი თითქმის ნახევრამდე იყო ამოყვანილი, როცა ცნობილი სამწუხარო ფაქტი მოხდა. თითოეული ადამიანი საკუთარი ცოდვების გამო აგებს პასუხს ღვთის წინაშე, მაგრამ უფრო მძიმდება სასჯელი, თუ ცოდვა ეკლესიის მიმართაა ჩადენილი - ადამიანი, თუ არ მოინანიებს, შთამომავლობასთან ერთად ისჯება. დიდი გულშემუსვრილება მართებთ მათაც, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ გაამართლა ნგრევის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის დაიბრუნებს დაკარგულ ცხოვარს, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ ნგრევის კომუნისტური დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს არავინ არ უნდა იკადროს ტაძრის აუგად მოხსენიება. ამ აზრის გამოხატულება იყო სრულიად საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი მხარდაჭერა. თვით მუსლიმანებიც კი გმობდნენ ამ ფაქტს. იმ დღეებში ყველამ, ვინც მოსვლა შეძლო, სიმბოლურად თითო აგურიც მოიტანა ტაძრის კედელში ჩასაშენებლად. ტაძარს მალე გუმბათს დავადგამთ.

- მამაო, რამდენიმე თვეა, ხელვაჩაურში ტროლეიბუსების დეპოს ყოფილ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი შენობის საყრდენ სვეტზე, უფლის ხელთუქმნელი ხატის მსგავსებაა გამოხატული. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ სასწაულის მიმართ?

- "უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს", - გვასწავლის სახარება. ღმერთმა იცის, რომ ჩვენ არ გვითხოვია სასწაული, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ შემთხვევითობას ვერავინ მიაწერს ვერც ხელვაჩაურის გამგეობის შენობის ჩამონგრევას და ვერც ხსნებულ სასწაულს. ხელვაჩაური ერთადერთი რაიონია ჩვენს ეპარქიაში, სადაც არ არის ეკლესია. არადა მრევლი ითხოვს. საკუთარ ეზოებსაც გვთავაზობენ. მრევლს უჭირს ზამთარში, წვიმაში ბათუმში ჩამოსვლა. შეგროვდა ხელმოწერები. ამჟამად შეიცვალა რაიონის ხელმძღვანელობა. ბატონი ასლან თავდგირიძე (ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ხელვაჩაურის რაიონიდან) ეკლესიური ადამიანია და იმედი გვაქვს, მისი თანადგომით ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. რაც შეხება გამოსახულ ხატებას, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ სასწაულის შემხედვარე უამრავი ადამიანი მოინათლა მდინარე ჭოროხში. მოინათლა 65 წლის ნოდარ ბერიძეც, ამ ტერიტორიის დარაჯი. ის თავად გახდა მოწმე სასწაულებრივი ხილვებისა. შემოწირულობებით გამოსახულების ადგილზე ჯვარი აღიმართა. მოძღვრები პერიოდულად ვატარებთ პარაკლისებს. დადის მრევლი, ანთებენ სანთლებს, კითხულობენ დაუჯდომლებს.

- ცნობილი გახდა, რომ წელს ნახევარი მილიონი ადამიანი დაისვენებს ზღვისპირზე. როგორ შეიძლება ეს აისახოს ბათუმელთა ცხოვრებაზე, რას მოვერიდოთ, როგორ დაგვმოძღვრავდით?

- "ბოლო ჟამის ქრისტიანები სამოსლით შეიცნობიანო", - ნათქვამია მამების მიერ. რა თქმა უნდა, ბათუმი ვერ გაექცევა "ცივილიზებული" დასვენების წესებსა და მოთხოვნებს, მაგრამ არც ისაა მისაღები, რომ სტუმრებმა ქალაქის ქუჩებშიც საცურაო კოსტიუმებით ისეირნონ. ეს, ქალაქის შეურაცხყოფასთან ერთად, აღზრდის დეფიციტიცაა. ბათუმი მდიდარი კულტურული ტრადიციების ქალაქია. მოვალენი ვართ, პატივი ვცეთ ქართულ ადათებს და ამით შევინარჩუნოთ კიდეც ქრისტიანული ცხოვრების წესი. ცთუნება ზაფხულში მრავალია, სიფრთხილეც მეტი გვმართებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფლის ბრწყინვალე აღდგომის მადლი არ მოშლოდეს ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომლებს, მათ მკითხველს და სრულიად საქართველოს.

- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.

ესაუბრა
ირინარქი კვირკველია
ბეჭდვა
1კ1