შენ შემკული ხარ სათნოებით, სულიერი სრულყოფილებით, რისთვისაც გახდი ღირსი ღვთით განსაკუთრებული მოწყალებისა და სიყვარულისა
შენ შემკული ხარ სათნოებით, სულიერი სრულყოფილებით, რისთვისაც გახდი ღირსი ღვთით განსაკუთრებული მოწყალებისა და სიყვარულისა
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა..." - ამ საგალობლით ადიდებს გაბრიელ მთავარანგელოზთან ერთად მორწმუნეთა დასი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხარების დღესასწაულზე, რომელიც ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ხარობს ყოველი ქრისტიანის გული, რადგან ღვთისმშობლისადმი გაბრიელ მთავარანგელოზის სიტყვებით გვეხარა ძე ღვთისას შობა, დასაბამი ჩვენი ხსნისა და მამის წიაღში - სამოთხეში დაბრუნებისა.

გვესაუბრება რუსთავის ხარების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი.

- საქართველოში იშვიათად ვხვდებით ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრებს. ერთ-ერთი რუსთავის ეპარქიაშია. როდის გაიხსნა ტაძარი?

- რუსთავის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი 1989 წელს აკურთხეს. მანამდე ქალაქში ეკლესია არ გვქონდა. უამრავ ხალხს მოეყარა თავი ამ ბედნიერ დღეს. ყველა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჩამობრძანებას ელოდა. იმ დღეს ბევრი რუსთაველი მოინათლა. ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს აწ განსვენებული დეკანოზი თეიმურაზ ტუღუში. ამ საერთო სიხარულის დღით დაიწყო რუსთავში ეკლესიური ცხოვრება.

- "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის", - ყოვლადწმინდა მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზმა ამ სადიდებელით მიმართა, რომელიც თითქმის ყოველმა მორწმუნემ ზეპირად იცის. ეგებ კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ, მამაო, ეს საგალობელი...

- წმინდა და ღვთივგანბრძნობილი მამები შენიშნავენ, რომ გაბრიელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე მაშინ წარდგა, როცა მარიამი ფიქრობდა წინასწარმეტყველ ესაიას საიდუმლო სიტყვებზე, ქალწულისგან ემანუელის შობას რომ გვაუწყებენ. "შენო", - მიმართა მთავარანგელოზმა მარიამს, თითქოს უთხრა: "შენ შემკული ხარ სათნოებით, სულიერი სრულყოფილებით, რისთვისაც გახდი ღირსი ღვთით განსაკუთრებული მოწყალებისა და სიყვარულისა".

"გიხაროდენ", - მიმართავს მთავარანგელოზი ქალწულს, - რამეთუ შენგან გამოვა ევას შთამომავლისთვის უტკბესი წყარო, რომელიც დაუბრუნებს კაცობრიობას პირველი მშობლების ცოდვის გამო დაკარგულ ღვთის მადლს, ცათა სასუფეველს, ამიტომ ყოველ დედაკაცს შორის გამორჩეული იქნები.

- "ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" - ჰკითხა ქალწულმა მარიამმა მთავარანგელოზს. ეს ხომ, გარკვეულწილად, დაეჭვებაა გაბრიელის სიტყვებში?

- მთავარანგელოზის გამოჩენამ არ შეაკრთო მარიამი. მას ეჭვიც არ შეუტანია ღვთისგან წარმოგზავნილის სიტყვებში, მხოლოდ მისალმებამ შეაფიქრიანა. კიდევ უფრო მეტად რომ დაერწმუნებინა, მთავარანგელოზმა მას ღვთის ძის განხორციელების საიდუმლო იმავე სიტყვებით აუწყა, რომლებითაც იწინასწარმეტყველა ესაიამ. მარიამს გაუკვირდა, როგორ უნდა ეშვა ძე მას, ვისაც ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული ღვთის წინაშე. მაშინ მთავარანგელოზმა მიუგო: "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ... რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყვაი".

- ზაქარიასაც ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა იოანე ნათლისმცემლის შობა. "რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?" - ამ შეკითხვის პასუხად მთავარანგელოზმა სასჯელი მოუვლინა მღვდელ ზაქარიას. აუწყა, რომ დამუნჯდებოდა, სანამ არ აღსრულდებოდა მისი სიტყვები. ღვთისმშობელი მარიამი კი არც განუსჯია მთავარანგელოზს. რატომ?

- მოხუც ზაქარიას მთავარანგელოზი გაბრიელი ტაძარში გამოეცხადა. კმევისას საკურთხევლის მარჯვნივ ანგელოზი იხილა. წმინდა წერილი აღნიშნავს, რომ ზაქარია ანგელოზის ხილვისას შეძრწუნდა და შიში დაეცა. მთავარანგელოზმა დაამშვიდა და უთხრა: უფალმა შეისმინა შენი ვედრება, ელისაბედი ძეს გიშობსო. ზაქარიამ არ ირწმუნა მისი სიტყვები, ეჭვი შეეპარა, როგორ შობდა ბერწი ელისაბედი ვაჟს, როცა ისინი უკვე ღრმად მოხუცები იყვნენ. მაშინ მთავარანგელოზმა თავისი ვინაობა ამცნო: მე ვარ გაბრიელ მთავარანგელოზი, უფლის წინაშე მდგომი, "მოვივლინე სიტყვად შენდა და ხარებად ამის". რადგან არ გრწმენა, იქნები დასჯილი, ვიდრე არ აღსრულდება ყოველი, რაც გახარე.

მთავარანგელოზმა ზაქარია ურწმუნოებისთვის დასაჯა. წმინდა წერილში განსწავლულ მღვდელს მრავალი მაგალითი ჰქონდა ძველი აღთქმის რჯულიდან, როგორ შვა ძე ბერწმა და ხანდაზმულმა სარამ, აბრაამის ცოლმა, რებეკამ, ისააკის ცოლმა. მიუხედავად ამისა, ზაქარიამ არ ირწმუნა მთავარანგელოზის სიტყვები.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კი, რომელსაც არ გაეგონა უმამაკაცოდ შობა ძისა, მართალია, შეაკრთო გაბრიელის სიტყვებმა, მაგრამ ღვთის ნებას დამორჩილებულმა წარმოთქვა: "აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა".

- დასასრულ, დაგვლოცეთ, მამაო.

- ეკლესია ხარების დღესასწაულს "ცხოვრებისა ჩვენისა თავს" და "დაფარულისა მის საიდუმლოისა გამოცხადებას" უწოდებს. ამ დღეს ღვთისმშობლის ხარებით ეუწყა კაცობრიობას, რომ მოვიდა ჟამი ხსნისა, ძე ღვთისას განკაცებისა, რომელიც საკუთარი ნებით ჯვარზე ვნებით დაგვაბრუნებდა დაკარგულ სამოთხეში.

გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს ხარების წმინდა დღესასწაულს!
ბეჭდვა
1კ1