აღსარებებს იბარებენ და პატიმრებს აზიარებენ
აღსარებებს იბარებენ და პატიმრებს აზიარებენ
სინანული იმ ქრისტიანულ სათნოებათაგანია, რომელთა მოპოვება მორწმუნეებსაც უჭირთ და რომელთა გარეშეც ყოველი ჩვენი საქმე ფუჭი და მოჩვენებითია.

მრავალი ჩვენგანისთვის სინანულის დასაბამად განსაცდელი იქცევა ხოლმე. ბევრს ეს განცდა გისოსებს მიღმა ეწვევა. მარტოდმარტო დარჩენილი პატიმრისთვის, რომელიც უფრო და უფრო უკეთ აცნობიერებს თავისი ცოდვის სიმძიმეს, ერთადერთ ნუგეშად უფალთან სიახლოვე რჩება.

გვესაუბრება კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევანი (ფირცხალაიშვილი).

- მამაო, როგორი დამოკიდებულება აქვთ პატიმრებს ეკლესიის მიმართ?

- პატიმრები ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ, ციხის გარეთ მყოფნი, და ციხეშიც, როგორც ერში, ეკლესიისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ყოველ პატიმარს საკუთარი თვალთახედვა, უფლის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს. თუმცა ერთი რამ აშკარაა: ეს დამოკიდებულება უმეტესად უფრო მძაფრი და ემოციურია, ვიდრე მათი, ვისაც ასეთი განსაცდელი არ შემთხვევია. ზოგს წმინდა ეკლესია ერთადერთ ხსნად ესახება, ზოგი კი გულისგულში ყვედრებით იხსენიებს მას, თუმცა თავის აგრესიას ცხადლივ არ გამოხატავს.

- ციხეში მორწმუნეებიც არიან...

- დიახ და ბევრი სწორედ დაკავების შემდეგ გახდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. ისინი რეგულარულად ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, კითხულობენ ლოცვებს, ეცნობიან მართლმადიდებლურ ლიტერატურას. პატიმრები ზოგჯერ ღმერთს მრავალ ჩვენგანზე მეტად სასოებენ...

- აღსარებისას გულახდილნი არიან, გულწრფელად ინანიებენ დანაშაულს?

- ზოგიერთი აღსარებისას თავის დანაშაულს მალავს - ფიქრობენ, რომ მღვდელმა შეიძლება მათი საიდუმლო გასცეს. ეს, რაღა თქმა უნდა, შეცდომაა. მონანული აღსარების საიდუმლოს მეოხებით უფლის მიმართ ჩადენილ ცოდვებს ინანიებს, აღსარებას უფლის წინაშე ამბობს. მღვდელი მხოლოდ მოწმე და მონაწილეა ამ საიდუმლოსი. მას არ აინტერესებს, რამდენად ცოდვილია მის წინ მდგომი. მთავარი მისთვის ისაა, მან წრფელი გულით მოინანიოს თავისი დანაშაული.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ციხეში ყოფნას იმსახურებს?

- ცოდვილობის განცდა ინდივიდუალურია. ერთი ამბავი გამახსენდა: რუსეთის იმპერატორს პატიმრები მოუნახულებია; ერთისთვის უკითხავს, რა დააშავე, რატომ დაგიჭირესო. რას ჰქვია, რა დავაშავე, - უპასუხია პატიმარს, - უდანაშაულო ვარ, უსამართლობის მსხვერპლიო. მეორესაც იგივე უთქვამს, მესამესაც... მხოლოდ ერთ ქურდს უღიარებია, შევცოდე, ვიქურდეო. ამის გაგონებაზე მეფე ციხის უფროსს მიუბრუნდა თურმე და უბრძანა: ეს კაცი ახლავე გაათავისუფლე, თორემ ამ პატიოსან ხალხს გააფუჭებსო.

ასეა, ზოგს აქვს საკუთარი ცოდვების განცდა, ზოგს - არა. სხვათა შორის, შემიმჩნევია, ვინც შემთხვევით ჩაიდინა დანაშაული (მაგალითად, ავტოავარიისას უნებლიეთ შემოაკვდა ვინმე), უფრო მეტად ნანობს, ვიდრე ის, ვინც შეგნებულად შესცოდა.

- მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ზოგიერთი ციხეში მართლაც უსამართლობის გამოა მოხვედრილი...

- ყოველი საქმის ჩვენსავე სასიკეთოდ გამოყენება უნდა ვისწავლოთ. წმინდა ეფრემ ასური ახალგაზრდობაში საკმაოდ შავბნელ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ მერე შეინანა და ქრისტიანულად დაიწყო ცხოვრება. სწორედ ამ დროს დაიჭირეს და დააპატიმრეს. სხვის დანაშაულს აბრალებდნენ. წმინდა ეფრემი დაფიქრდა, რატომ მომივლინაო უფალმა ეს განსაცდელი, თვალი გადაავლო თავის წარსულს და მოაგონდა ერთი შემთხვევა, როცა მისი დანაშაულის გამო სხვა გაასამართლეს, ამ სასამართლოს კი თვითონაც ესწრებოდა. ეს რომ გაახსენდა, მიხვდა, რატომაც მოხვდა ციხეში და უფალს მადლობა შესწირა მივიწყებული ცოდვის შეხსენებისთვის. სწორედ ამ დროს ციხის კარი გაიღო და წმინდანს უთხრეს, თავისუფალი ხარ, სხვის ნაცვლად დაუკავებიხარო. ხედავთ, გაფიქრებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ უფალს მისი წრფელი სინანული მიეღო და შეენდო. ასე რომ, მოვლენების მართებულად შეფასება უნდა შეგვეძლოს. რა ვიცით, ეს განსაცდელი რა ცოდვისგან გვიხსნის, რა გვირგვინს გვიმზადებს! ახალგაზრდობაში თავადაც ვიჯექი ციხეში და ახლაღა ვხვდები, რომ ეს მართლაც საჭირო იყო. დღეს უფრო უკეთ მესმის პატიმრებისა და უფრო მეტად თანავუგრძნობ მათ.

- საზოგადოებას რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მათ მიმართ?

- დღეს ვითარება ისეთია, ხალხს არამცთუ პატიმრების, ლამის ოჯახის წევრების სიყვარულიც არ გააჩნია. სამწუხაროდ, ადამიანებს ერთმანეთის ლხინი კი არა, ჭირი უხარიათ. თუ კაცი ქრისტიანულ ზნეობასთან მწყრალად არ არის, რა თქმა უნდა, პატიმრებისადმი სიბრალულით უნდა იყოს გამსჭვალული.

- როგორ ეხმარება ეკლესია მსჯავრდადებულებს?

- ყველა ციხეს თითო მღვდელი ჰყავს მიჩენილი. მიდიან, აღსარებებს იბარებენ და პატიმრებს აზიარებენ. ეკლესიურმა ცხოვრებამ მრავალი მათგანი ძალზე შეცვალა; წრფელი სინანულით არიან გამსჭვალულნი და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გათავისუფლების შემდეგ დანაშაული აღარ ჩაიდინონ. ეს სწორედ აღსარების მადლითა და წყალობით მოხდა. მოძღვრის მოვალეობაა, მის წინ მდგომ ქრისტიანს აგრძნობინოს, რომ ის მღვდლის, ხორციელი ადამიანის კი არა, უფლის წინაშე დგას. ასეთ დროს მორწმუნესა და მის ზეციერ მამას შორის საოცარ ურთიერთობას ეყრება საძირკველი, რომელიც ადამიანს ყოველმხრივ ცვლის და უფლის რჩეულ ჭურად აქცევს.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1