მაჭირვებელი ჩემი
მაჭირვებელი ჩემი
იქ, სადაც სულიერება, სიყვარული, ქრისტიანული ცხოვრება მოიკოჭლებს, განსაცდელი აღმოცენდება, ჩვენ კი მას მოძულეთა და მაჭირვებელთა ნამოქმედარის შედეგად ვთვლით
ძალზე ძნელია წყენის დავიწყება. ქრისტიანობა კი გამუდმებით მოგვიწოდებს, სიძულვილით არ განვიმსჭვალოთ. თუკი წყენის პატიება არ ძალგვიძს, ჩვენს ქრისტიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჭეშმარიტ ქრისტიანს ხომ სწორედ თავის მაჭირვებლებზე ლოცვა გამოარჩევს. "გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით" (მთ. 5,44), - გვამცნო უფალმა და ჩვენც ძილად მისვლისას ყოველდღიურად ვლოცულობთ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთათვის. მაგრამ რამდენად შეგვწევს ძალა, ლოცვა საქმედ ვაქციოთ, იმაზეა დამოკიდებული, სულიერი განვითარების რომელ საფეხურზე ვდგავართ...

გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- მამაო, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მაჭირვებელი?

- რაც ჩვენში უარყოფითია, ხშირად ჩვენს გარემოშიც აისახება. ჩვენი სულიერი ატმოსფერო გაგრძელებაა ჩვენივე შინაგანი მდგომარეობისა, ასე რომ, ადამიანი თვითონვე ქმნის იმ გარემოს, რომელშიც იმყოფება.

საზოგადოდ, მსგავსი მსგავსს იზიდავს. როდესაც ადამიანთან უარყოფითი რამ მოდის, - უარყოფითი ენერგიის გამოვლენა იქნება ეს თუ განსაცდელი, - ეს ყოველივე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მის მიერვეა გენერირებული, ის თვითონვეა მიზეზი იმ უარყოფითი თუ დადებითი შედეგისა. ჩვენ ჩვენი ნამოქმედარის, ნააზროვნების, ნამეტყველების შედეგი, ჯამი ვართ. ყოველ მიზეზს ხომ თავისი შედეგი აქვს. მიზეზშედეგობრიობის კანონი კი ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება. ამა თუ იმ მოვლენას შემთხვევითობას ან სულაც მოულოდნელობას რომ მივაწერთ ხოლმე, ამ კანონების უცოდინარობის ბრალია.

ცხადია, ყველას გვყავს მეგობრები, კეთილისმსურველები, კეთილისმყოფელები, მაგრამ ამავდროულად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გვყავს მოძულენი და მაჭირვებელნი, რომლებიც ერთგვარი წამალი, სიმართლის მთქმელი მექანიზმია ჩვენთვის.

ხანდახან ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ვექცევით მოძულეთა და მაჭირვებელთა გარემოში. შესაძლოა, ისინი ოდესღაც ჩვენი მეგობრებიც კი იყვნენ ან მომავალში გახდნენ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის ყველაფერი ჩვენი ბრალი არ არის.

უნდა ითქვას, რომ იქ, სადაც მეგობრობა, სულიერება, სიყვარული, ქრისტიანული ცხოვრება მოიკოჭლებს, განსაცდელი აღმოცენდება, ჩვენ კი მას მოძულეთა და მაჭირვებელთა ნამოქმედარის შედეგად ვთვლით.

- მამაო, ხომ შეიძლება, ადამიანი სრულიად უნებურად იყოს ჩვენი მაჭირვებელი? ვერც კი აცნობიერებდეს, რომ გვაბრკოლებს?..

- რასაკვირველია. ცოდვით შეპყრობილ ადამიანს გარკვეული გონებრივი სიბეცე ახასიათებს, რეალობის ობიექტურად აღქმის უნარი არ გააჩნია. ამიტომ შესაძლოა ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენთვის დაბრკოლება წარმოშვას. ამ დაბრკოლებას კი მოძულისა და მაჭირვებლის ქმედებად აღვიქვამთ. ასევე უნებლიეთ, შესაძლოა, ჩვენც ვაჭირვებდეთ მოყვასს.

უნდა ითქვას, რომ უნებლიე ქმედებები მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია არ არის; მთავარი სიმართლეა და არა ფაქტების რიგი. შესაძლოა, ადამიანს განზრახვა კეთილი ჰქონდეს, მაგრამ ყოველთვის განზრახვის შესაბამისად ვერ იმოქმედოს. გვახსოვდეს: ღმერთი განზრახვას უყურებს და მცდელობას აფასებს. შესაძლოა, კარგი გვსურდეს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ "ცუდი" გამოგვივიდეს. მაგრამ კეთილი სურვილი უკვე შეიწირა უფალმა. შემოქმედი კეთილ მცდელობას სათნოებად გვირაცხავს.

როცა სიკეთე გაცნობიერებულია, მხოლოდ მაშინაა ის ჭეშმარიტი. გაუცნობიერებლად და შეუგნებლად ვერც სიკეთეს გააკეთებ და ვერც ცხონდები. ასევეა გაუცნობიერებელი ბოროტებაც. ჭეშმარიტი მხოლოდ ის ცოდვაა, რომელსაც შეგნებულად აკეთებს ადამიანი. შეგნებულად ჩადენილი ცოდვა ცოდვის ნამდვილი სახეა, თუმც კი გაუცნობიერებლად ჩადენილიც ცოდვაა. რა მნიშვნელობა აქვს, შეგნებულად წარყმდები თუ შეუგნებლად?! მცირე ცოდვებისთვის წარწყმდები თუ ერთი დიდი ცოდვის გამო?! რა მნიშვნელობა აქვს, ერთ ლოდს ჩამოიკიდებ კისერზე თუ იმ ლოდის წონის პატარა კენჭებს?! ასეა ნებსითი თუ უნებლიე ცოდვებიც.

- ნათქვამია: არცოდნა არცოდვააო. ამ სიტყვებით ვიმართლებთ ხოლმე თავს, როცა უმეცრებით ვცოდავთ...

- ეს დიდი შეცდომაა, რადგან არცოდნა ყოველთვის როდია არცოდვა. მე ვიტყოდი: არცოდნა უდიდესი ცოდვაა. დღეს იმდენი იძახეს, არცოდნა არცოდვააო, რომ უცოდინარობა ლამის სათნოებად შერაცხეს. არცოდის გამო შესაძლოა კაცმა ბევრი ცუდი ჩაიდინოს. თუ გაზის ანთება არ იცი და შენს თავზე ხელი ჩაგიქნევია, მეზობლებს რაღას ერჩი?! თუ ონკანის მოშვება იცი, დაკეტვა კი არა და არც საკუთარ ბინაზე აგებ პასუხს, სხვებს რაღას ერჩი?! თუ მანქანის დაძვრა იცი მხოლოდ, გაჩერება კი არა, მიუხედავად ამისა, თავი არ გეცოდება და მაინც მიუჯექი საჭეს, სხვა ადამიანებს რაღას ერჩი?! ასეთ შემთხვევაში არცოდნა კატასტროფამდე მიგვიყვანს. ამიტომ სინდისი მხოლოდ მაშინ გვექნება სუფთა, როცა ავისა და კარგის გარჩევა გვეცოდინება. ქრისტიანობაც ხომ სწორედ იმისთვისაა მოწოდებული, რომ ჭეშმარიტი ცოდნა, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი მოგვცეს.

ამასთან, აუცილებელია სიკეთის ქმნაც. ფსალმუნში ვკითხულობთ: "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი". ერთ-ერთი უდიდესი სათნოება არის ღვთივგანბრძნობა იმ ცოდნით, რომელსაც წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა გვაძლევს. ცხადია, სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით. ეკლესია ლოცვის სკოლაა, მოძღვარი კი ლოცვის მასწავლებელი. ეკლესია არის დედამიწაზე ღვთის მიერ მოცემული ადგილი, სადაც ადამიანი, გულის განწმენდის შედეგად, სულიწმინდის მადლის მოხვეჭით შეიმეცნებს, როგორ მოიქცეს სწორად და მართლად.

KARIBCHE- მამაო, ხშირად გაუცნობიერებლად ვცოდავთ, მერე კი სინდისი გვქენჯნის და ვხვდებით, რომ არასწორად მოვიქეცით. მამები სინდისს ადამიანში ღვთის ხმასაც ეძახიან...

- სინდისი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, საზომია, რომლის მეშვეობითაც ვხვდებით, სწორ გზას ვადგავართ თუ მცდარს.

წმინდა წერილში ვკითხულობთ: "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოთ თქვენ". ჭეშმარიტების შემეცნებისთვის კი სინდისია აუცილებელი, ოღონდ არა გამრუდებული და დაზიანებული ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებებით, არამედ განწმენდილი. მხოლოდ ასეთი სინდისით შეიმეცნება ჭეშმარიტება, თუკი გვსურს გათავისუფლება, რომელსაც ასე მიველტვით.

- ხშირად ადამიანი მაჭირვებელი გვგონია, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ თურმე მასზე უკეთესი მოყვასი არავინ გვყოლია...

- ვიმეორებ, ადამიანი თავის მსგავსს იზიდავს. პარადოქსია, მაგრამ ხშირად ვისაც ვებრძვით და ვინც გვებრძვის, შინაგანად ყველაზე ახლობელია ხოლმე. ვიდრე ჩვენი ნება ღვთის ნებას არ დაემთხვევა და მასთან სინერგიაში არ ვიქნებით, მანამ ადამიანის ნება ილუზიურად აღიქვამს ყოველივეს: მტერი მოყვარე ჰგონია, მოყვარე კი მტერი. შემდეგ აღმოჩნდება, მტერი რომ გვეგონა, მოყვარე ყოფილა, მოყვარე კი შესაძლოა მტერი გამოდგეს. მე ვიტყოდი:Lარც მტერი გვყავს და არც მოყვარე - ყველა ჩვენი მასწავლებელია.

ადამიანის სული იმდენად ღრმაა, რომ მთელი თანამედროვე ფილოსოფიაც კი ვერ ჩასწვდება. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული, მართლმადიდებელი რელიგია შეიძლება იყოს ის ორიენტირი, რომლის შემწეობითაც ადამიანი შეძლებს, ნაწილობრივ, თავისი სულიერი განვითარების შესაბამისად, შეიცნოს მისდამი მიმართული მოყვასის განზრახვითი განგებულება. ყველაზე ღრმა ფენაში - მოყვასის გულში კი ვერასოდეს ჩავაღწევთ. მხოლოდ უფალს ძალუძს გაიგოს, გულში რა აქვს ადამიანს - გაყინულია ის თუ სიყვარულით გამთბარი, სიკეთე ბუდობს მასში თუ ბოროტება...

- სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთის მაჭირვებელნი არიან. მაგალითად, ზოგჯერ მშობლები შვილებს ეკლესიურ ცხოვრებას უშლიან...

- მართალია, ასეთი შემთხვევები დღესაც ხდება, მაგრამ უკვე არცთუ ისე ხშირად. ათეიზმის დიქტატურის ხანაში სულიერებასთან ბრძოლის ინსტიტუტები ჩამოყალიბდა. მათი პერსონალი ძალისხმევას არ იშურებდა, ადამიანებისთვის ეკლესიისკენ მიმავალი გზა რომ ჩაეკეტა. შეუძლებელია, ეს ყოველივე ადრე თუ გვიან, დიდი თუ მცირე დოზით არ გამოვლენილიყო ოჯახურ რეალობაშიც, რომელიც სახელმწიფოს შემადგენელი ცოცხალი უჯრედია. სამწუხაროდ, გამზრდელი, რომელიც შვილისთვის ლოცვის მასწავლებელი და ეკლესიისკენ წარმმართველი უნდა იყოს, ათეიზმისა და ანტიეკლესიურობის აგიტატორად გვევლინება. ოჯახური ათეიზმი საშიში იყო და არის დღესაც, თუმცა, ღვთის წყალობით, ბოლო დროს ამგვარი ტენდენცია ნაკლებად შეინიშნება. უკვე ძალზე ხშირია შემთხვევა, როცა ურწმუნო ბებიისა თუ ბაბუის ტაძარში მომყვანებელი, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მათი შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი ხდება.

- ვიცით, რომ განკითხვა ცოდვაა, მაგრამ ხანდახან გვგონია, თუ ჩვენს მოძულესა და მაჭირვებელს განვიკითხავთ, ცოდვად არ შეგვერაცხება...

- ასეთი მიდგომა ჩვენი ურწმუნოებიდან გამომდინარეობს. შეუძლებელია, განკითხვა ერთ შემთხვევაში ცოდვა იყოს, მეორეში კი არა. საერთოდ, ადამიანები ბოროტებად და კეთილებად, ჩვენიანებად და უცხოებად, თანამდებობის პირებად და მათ ხელქვეითებად, მდიდრებად და ღარიბებად, მოყვარეებად და მტრებად არ უნდა დავყოთ. უფალი გვასწავლის: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი"; იქვე დასძენს: "გიყვარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთაო". გამოდის, რომ მტერიც შენი გაგრძელება ყოფილა, ისევე როგორც მოყვასი. ამგვარად, ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს. მხილებაც მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. წმინდა სამართლიანი აღშფოთებაც დაშვებულია. წმინდა მამები ამბობენ, როცა ღვთის მცნებების დარღვევის, ადამიანის სულის გამრუდების ფაქტს აწყდები, სამართლიანი მრისხანება უნდა გამოავლინო, ოღონდ - სიყვარულითა და ქრისტიანული ზომიერებითო.

აგრესიული, შიშველი განკითხვა ვირუსივით გადამდებია. ადამიანი უკვე აღარავის ერიდება, განურჩევლად ყველას განიკითხავს, ზომიერების გრძნობას კარგავს, შედეგად კი სულს იზიანებს. იმ ადამიანსაც კი განიკითხავს და მაჭირვებლად რაცხავს, რომელიც ერთ დროს მისი კეთილისმყოფელი იყო, მერე კი რაღაც შეეშალა. ნათქვამია, როგორი საზომითაც მიუზღავ, იმავეთი მოგეზღვებაო.

წმინდა წერილში უფალი ამბობს: "გესმა, რამეთუ თქმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურIმილსა შენსა მარჯუენასა, მიუპყარ მას ერთ კერძოიცა..." (მთ. 5,38-39). ეს უდიდესი მცნებაა, უზარმაზარი დამოძღვრა ღვთისაგან. აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ, ბოროტება ბოროტებას ვერ აღმოფხვრის, ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება. სძლიე მტერს სულგრძელობითა და თვინიერებით, - გვასწავლის უფალი, - თუ ასე მოიქცევი, ბოროტებას აღარ შეიგრძნობ, შენს მაჭირვებელს კი, მხეცზე უმძვინვარესიც რომ იყოს, შერცხვება და აღარაფერს გავნებს. როცა მარჯვენაში გაგარტყამენ და მარცხენას მიუშვერ, სრულიადაც არ არის სულმოკლეობა და სიმხდალე - ეს ქრისტიანული ცხოვრების წესია, ქრისტიანობის სიყვარულებრივი ლოგიკა, წითელ ხაზად რომ გასდევს მთელ ქრისტიანობას. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ამიტომ შეუძლებელია, სიყვარულის ლოგიკის გარეშე გავარჩიოთ მტერ-მოყვარე. სამწუხაროდ, დღევანდელი მიწიერი რეალობა ხშირად ძალზე შორდება ამ იდეალს და სახარებისეულ კანონებს არღვევს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, დარღვევა კანონად ვაქციოთ. ხოლო ვინც ამ კანონს აღასრულებს, მას უფალი დაიცავს.

- მაჭირვებელთან ურთიერთობისასაც სიყვარულია უმთავრესი?

- რა თქმა უნდა. ქრისტეს მცნებათა მაცოცხლებელი სული ხომ სიყვარულია. სიყვარული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი, თუ გვსურს, დამარცხებული არ აღმოვჩნდეთ. მე ქრისტესმიერ სიყვარულზე ვსაუბრობ, თორემ ზოგი სიყვარულს ვნებას ეძახის, ზოგიც ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის "სიყვარულითაა" შეპყრობილი, ზოგი კი აზარტომანიით არის დაავადებული და ეს ჰგონია სიყვარული. თუ გვსურს, მუდამ გავიმარჯვოთ ღვთის განგებულებაში, რომლის ეპიზოდსაც ჩვენი მიწიერი ცხოვრება წარმოადგენს, ქრისტესმიერი სიყვარულით უნდა შევიარაღდეთ. როგორ აღვივსოთ სიყვარულით და რა საშუალებები გვაქვს მის შესანარჩუნებლად? აღვასრულოთ ეკლესიაში უფლის მიერ დადგენილი საიდუმლოებანი: ნათლისღება, სინანული, ზიარება...

უკვე რამდენიმე წელია, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის, სიყვარულის მოციქულის, სახელობის ტაძარში ვმსახურობ და არ შეიძლება, ამ წმინდა მოციქულის მიერ მოწოდებული უზარმაზარი სიბრძნე არ გავიხსენო: "ღმერთი სიყვარული არს". ყველაზე მდიდარი ქრისტესმიერი სიყვარულით აღვსილი ადამიანია, ყველაზე ღატაკი კი - უსიყვარულო. ქრისტესმიერი სიყვარულია ერთადერთი გარანტი ჩვენი სულიერი წინსვლისა. ამიტომ ამ სიყვარულში გაძლიერებას გისურვებთ ყველას!
ბეჭდვა
1კ1