ქართველი საქართველოს გარეშე ცოდოა
ქართველი საქართველოს გარეშე ცოდოა
დღითიდღე იზრდება ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა. მიდიან ჩვენებურები უცხო ქვეყნებში და იქაურ ქუდს იხურავენ. ზოგი კარგად ირგებს, ზოგიც - ცუდად, მაგრამ მაინც...

კვიპროსში ჩვენი ხალხის სიმრავლეზე ბევრი საუბრობს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ქართველი მოძღვარი მამა ზაქარია ფერაძე რამდენიმე წელია მეუღლესთან, ქეთევანთან ერთად იქ მსახურობს. მამა ზაქარია საქართველოში რამდენიმე დღით იმყოფებოდა და "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვეთ.

მამა ზაქარია:
- მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ... მინდა ყველა ქართველს ვუსურვო სამშობლოში დაბრუნება, რწმენაში გაძლიერება, გამთლიანება ღვთის საფარველქვეშ, რამეთუ ერთადერთი ადგილი, რომელსაც ორივე სამშობლოში გაერთიანება შეუძლია, ჩვენი ეკლესიაა. ოდითგან, როცა ეკლესიას გავშორდებოდით, მაშინ იწყებოდა ჩვენი სამშობლოდან განშორებაც და ყოველგვარი უბედურება. როცა ადამიანი ეკლესიას ტოვებს, მაშინ მას უფალიც შორდება. როგორც კი შემოვბრუნდებოდით ეკლესიისკენ, იწყებოდა ჩვენი აღმასვლა. უწმინდესის თქმისა არ იყოს, არის ჟამი შენებისა და არის ჟამი ნგრევისა. სამღვდელოების ლოცვით და ეკლესიის გაძლიერებით მრავალი ტაძარი აშენდა. აიგო საქართველოს დიდების წმინდა სამების ტაძარი, რომელიც წინამორბედია საქართველოს სიძლიერისა.

- მამა ზაქარია, საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთში მოღვაწე ერი და ბერი სამშობლოში ერთად შეკრიბა იქ მცხოვრები ჩვენებურების ჭირისა და ლხინის გასაზიარებლად. როგორც ვიცი, თქვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზიც ეს არის.

- კვიპროსში ხუთი ათასამდე ქართველი ცხოვრობს, მთელ საბერძნეთში კი - 70 ათასზე მეტი. ზოგი ფიზიკურად შრომობს, ზოგი - გონებრივად. ბევრმა იქ გაითქვა სახელი და მათი მეშვეობით უცხოელებს საქართველოს მიმართ პატივისცემა გაუჩნდათ. თუმცა ჩვენი სურვილია ეს ძალისხმევა საქართველოს მოხმარდეს. საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ გავერთიანებულიყავით, ერთად გვესაუბრა და მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს აღმშენებლობაში. მოგეხსენებათ, რომ 2007 წელი ქართული დიასპორის წლად გამოცხადდა და მათი შეკრების ადგილი საქართველო გახდა.

- მამა ზაქარია, უკვე რამდენიმე წელია, კვიპროსში მსახურობთ და ბუნებრივია, ქართველ მრევლთანაც გაქვთ ხშირი ურთიერთობა...

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კვიპროსში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ვარ. თავიდან მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობა შევქმენით. დროთა განმავლობაში კი ლოცვით და ღვთის წყალობით ეკლესიებიც გადმოგვცეს. წირვა-ლოცვას ორ საყდარში ვატარებ. წმინდა გაგაის სახელობის ეკლესიასა და წმინდა გიორგის ტაძარში. დედაქალაქში გვაქვს კიდევ ერთი ეკლესია. ვიდრე იქ ქართველებთან ურთიერთობას დავამყარებდი, ბერძნულ ეკლესიაში გამამწესეს. ეს ტაძარი უსინათლოებს ეკუთვნის. იმდენად შევეჩვიე ამ ადამიანებს, რომ წამოსვლა ძალიან მიჭირს. ისინიც აღარ მიშვებენ. ამ ტაძარში ბერძნებთან ერთად ქართველებიც დადიან, ამიტომაც წირვა-ლოცვას ბერძნულ-ქართულად ვატარებ...

- წირვა-ლოცვაზე დასწრებას ბევრი ქართველი თუ ახერხებს და რამდენი სასულიერო პირი მსახურობს კვიპროსზე?

- იქ ფაქტობრივად გადაადგილება ტაქსების საშუალებით ხდება და მიუხედავად ამისა, ტაძარს მაინც ბევრი მრევლი ჰყავს. ორი სასულიერო პირი ვართ: მე და მამა ანდრია სხილაძე, რომელიც ლიმასოლის ქართული ეკლესიის გარდა, წირვა-ლოცვას აღავლენს ბერძნულ ეკლესიაში. კიკოს მონასტერში მსახურობს ასევე ქართველი სასულიერო პირი, დიაკვანი დავით მაღლაფერიძე. მამა დავითი ამავე დროს ქართულ ეკლესიას ემსახურება.

ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში. არიან ისეთებიც, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა კავშირი საქართველოს ეკლესიასთან, მაგრამ უცხოეთში ყოფნის დროს მორწმუნეები, ეკლესიურები და აღმსარებლები გახდნენ. სამშობლოს ნატვრამ და სიყვარულმა მათ ღმერთი დაანახვა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა ქართული სათვისტომო, ქართული დიასპორა, გაიხსნა საქართველოს საელჩო. ასე რომ, ქართველებს ყურადღება არ აკლიათ... ისე, ყველა ქართველი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში. მართალია, ერთბაშად ეს რთული პროცესია, მაგრამ ეტაპობრივად მაინც უნდა მოხდეს. პირადად მე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვარ იქ. თუმცა პატრიარქთან და საქართველოში ყოფნას არაფერი მირჩევნია.

ვოცნებობ, მალე დადგეს ის დრო, რომ ყველა დაბრუნდეს სამშობლოში, რადგან ქართველი საქართველოს გარეშე ცოდოა.

- მამაო, ქართველები ოდითგანვე სხვადასხვა ქვეყანაში რომ მოღვაწეობდნენ, ეს ქართული კულტურული კერებიდანაც კარგად ჩანს. კვიპროსში ქართული მონასტრების კვალი დღემდეა შემორჩენილი.

- ერთ-ერთი მთავარი გვირგვინი ქართული ეკლესია-მონასტრებისა არის ღალიის მონასტერი. ბერძნები მას ხრისო იალიოტისას ეძახიან. ხრისო - ოქროს ნიშნავს, იალია - ადგილს, სოფლის მდებარეობას, იოტისა - ღვთისმშობელს ანუ გამოდის ღალიის ოქროს ღვთისმშობელი. ნანგრევებად შემორჩენილი მონასტერი მთლიანად მიწაში იყო ჩაფლული. მხოლოდ გუმბათის ყელია შემონახული. ქართველი მეცნიერი, ცხონებული ვახტანგ ჯობაძე კვიპროსში საგანგებოდ ჩამოვიდა ღალიის მონასტრის მოსაძიებლად და 1981 წელს აღმოაჩინა კიდეც. მას შემდეგ ბევრი მეცნიერი ჩამოსულა, მაგრამ კომუნისტურმა რეჟიმმა საჭიროდ არ ჩათვალა ღალიის მონასტრის აღიარება.

ღალიის მონასტერი თავის დროზე ერთ-ერთი უძლიერესი, უმდიდრესი და წმინდა მონასტერი იყო. უტოლდებოდა კვიპროსში უძლიერეს - კიკოს მონასტერს. X საუკუნეში აქ იყო მთარგმნელობითი ცენტრი. X საუკუნეში ღალიის მონასტერში ვინმე ბერს ბერძნულიდან ქართულად უთარგმნია "დავითნი". მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მონასტერი ძალიან მდიდარი იყო, ძვირფასი ფრესკებით შემკული. აღმოჩენილია მარმარილოს იატაკი და წყალგაყვანილობის სისტემა. უწმინდესისა და საქართველოს პრეზიდენტის დახმარებით, მოხერხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება და მონასტერში კვლევითი სამუშაოები განახლდა.

საქართველოდან ჩამოვიდა სპეციალისტთა ჯგუფი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იულონ გაგოშიძე (ხელმძღვანელი), ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე, არქიტექტორი თენგიზ გაბუნია... პირველ ეტაპზე 14-კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთ თვეში მთელი წლის გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა. იქ მცხოვრები ქართველები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და ყოველდღე მოდიოდნენ დასახმარებლად. ღალიის მონასტერი საძირკვლამდე გაიწმინდა და გამოჩნდა მისი პირვანდელი სახე. გათხრების დროს ვნახეთ ბერების საძვალე, სადაც 12 ნეშტია დამარხული. წმინდა გიორგის ფრესკას და წარწერებსაც მივაკვლიეთ.

კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ამის გარდა კიდევ არის რამდენიმე ქართული მონასტერი, ალამინო მაზუტოში წმინდა გიორგის სახელობის მონასტერია, ვასილიში ქართული ნამონასტრალი. ალამინოს წმინდა გიორგის მონასტერი თავიდან საქართველოდან ჩამოსულ მკვლევრებს აღმოუჩენიათ (1982-1983 წლებში). მათ შეხვედრიათ იქაური მოხუცი მამაკაცი, რომელიც თურმე ყოველდღიურად ფეხით სამ კილომეტრს გადიოდა მონასტერში კანდელის დასანთებად. მეცნიერებმა სწორედ მისი დახმარებით გაიგეს ამ მონასტრის მცირე ისტორია. როცა მე ჩამოვედი წმინდა გიორგის მონასტრის მოსანახულებლად, რატომღაც არ მოვძებნე ის ადამიანი, არ მეგონა, ცოცხალი თუ იქნებოდა. მერე კი წავედი ამ სოფელში. ეს ჩვენი ათინადორის ხარლამპოსიაო მითხრეს და მისი სახლიც მიმასწავლეს. მისი მონახულების შემდეგ მონასტერში გავეშურე. მკვლევარი ავთანდილ მიქაბერიძე აღნიშნავს, რომ მონასტერი არაერთგზის დანგრეულა და ფორმაც შეცვლილი აქვს. კანდელს კი მაინც ყოველდღიურად ანთებენ აქაურები. იციან, რომ ეს მონასტერი ქართველებისაა და ამ ტერიტორიაზე ოდესღაც ქართველები ცხოვრობდნენ. წმინდა გრიგოლ ფერაძე გვამცნობს თავის ნაშრომში, რომ "მრავლად გადმოსულა ქართული კოლონია იერუსალიმიდან".

ჩემს სულიერ შვილებს ვთხოვ ხოლმე, მოიძიონ ხელნაწერები კვიპროსში ქართული ეკლესია-მონასტრების არსებობის შესახებ. სოფიო ლაჭყებიანმა მიაკვლია ფრანგი მეცნიერის, ანდრეა კორეას ნაშრომს - "ლათინური ეკლესიები კვიპროსზე". ფრანგი მეცნიერი ამბობს, რომ ღალიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ჩვენთვის დღემდე უცნობი ლაკურნას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და საბას მონასტრები, რომელიც აფოსის ჩრდილოეთშია, ქართველებს ეკუთვნოდათო. ანუ კიდევ აღმოჩნდა ჩვენი ორი მონასტერი. ამ წმინდა ადგილების მოლოცვის დროს ადგილობრივმა მოსახლეობამაც დაგვიდასტურა აქ ქართველების კვალის შესახებ. ღალიის მონასტერზე არ დაგვჭირვებია მტკიცება, რომ ის ნამდვილად ქართულია, რადგან ამაზე მიკვლეული ქართული წარწერებიც მოწმობს, დანარჩენებზე კი ქართული წარწერის კვალი არ არის შემონახული.

- თქვენ კვიპროსში ქართული საკვირაო სკოლებიც დააფუძნეთ. ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად ამგვარი სკოლების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს იქაური ქართველებისთვის.

- საკვირაო სკოლა გავხსენით ლიმასოლსა და დედაქალაქში - ნიქოზიაში. დედაქალაქში სკოლას ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობს, ლიმასოლში ბესარიონ მამუკელაშვილი და მისი მეუღლე, ქალბატონი ნელი უძღვებიან. ლიმასოლში ქართული ცეკვის ანსამბლი ჩამოყალიბდა, რომელსაც კახაბერ მებუქიძე ხელმძღვანელობს. საკვირაო სკოლები დღითიდღე იზრდება, უამრავი ქართველი ბავშვი მოდის სკოლაში და ეზიარება ქართულ კულტურას.

სამწუხაროა, მაგრამ ბავშვებმა ფაქტობრივად დაივიწყეს ქართული ენა. ბერძნულ საბავშვო ბაღსა და სკოლაში დადიან, მშობლები მთელი დღე შრომობენ და მათ ძირითადად ბერძნულ სამყაროსთან უწევთ სიახლოვე. ამიტომაც დავაჩქარეთ საკვირაო სკოლების დაარსება. იმედი გვაქვს, რომ ამით მომავალ თაობას ქართულ ენასა და კულტურას შევუნარჩუნებთ.

ძალიან ბევრი ქართველი ვნახე ახალციხიდან თურქეთში და იქიდან კვიპროსში გადმოსახლებული. როცა გაიგეს, მეც გურჯი ანუ ქართველი ვიყავი, აღარ მშორდებოდნენ. მეუბნებოდნენ, ძველი ჩვენი ნენე ქართველი იყოო. ნენეს დედას ეძახიან. ძალიან მიხარია ხოლმე, როცა თვითონ გამოთქვამენ ნათლობის სურვილს. პირადად მე რამდენიმე მათგანი მოვნათლე.

- მამა ზაქარია, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი გულით ატარებს პატარა საქართველოს და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. მისი უწმინდესობაც ხომ ბრძანებს, დროა, ყველა ქართველი სამშობლოში დაბრუნდესო. მაინც რატომ ვერ ახერხებენ დაბრუნებას?

- ჩვენ ვმუშაობთ, რომ ნაწილ-ნაწილ მაინც დაბრუნდეს ქართველობა სამშობლოში. საქართველოს გარეშე ვეღარ ძლებენ და ბევრი უკან ბრუნდება. მაგრამ ამას ვერ ახერხებენ ერთი მიზეზის გამო: აქ ვალი აქვთ და მის დასაფარავად თანხას აგროვებენ. ამის შემდეგ კი ჩამოვლენ.

ღმერთმა ქნას, დაბრუნდეს შინ ყველა ქართველი, მათი კერა არ გაციებულიყოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ბეჭდვა
1კ1