სასოება ღვთისადმი რწმენით გულის დამშვიდებაა
სასოება ღვთისადმი რწმენით გულის დამშვიდებაა
ალბათ, ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა წუთი, როცა ყველასა და ყველაფერს, რისი იმედიც გვქონდა, უმტყუნია და ზურგი შეუქცევია. ხშირად ეს სასოწარკვეთისა და თვითმკვლელობის მიზეზადაც ქცეულა. მაგრამ ქრისტიანები ამ განსაცდელს ადვილად უმკლავდებიან, რადგან იციან, რომ გვერდით ჰყავთ უფალი, რომელიც მათ არასოდეს მიატოვებს. სწორედ უფლის მიმართ სასოებაა მორწმუნისთვის მარადჟამს მანუგეშებელი და სულიერი ძალის, იმედის მიმცემი.

სასოებაზე, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სათნოებაზე, გვესაუბრება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ნიკოლოზი (გობეჯიშვილი).

- რა არის სასოება?

- მოგეხსენებათ, სასოება ერთ-ერთია სამ ქრისტიანულ სათნოებათაგან (ეს სამი სათნოება სარწმუნოება, სასოება, სიყვარული გახლავთ). სასოება იგივე იმედია. ეს ღვთისადმი რწმენით გულის დამშვიდებაა, რწმენით, რომ ის არის ჩვენი მხსნელი, რომელიც მოგვანიჭებს აღთქმულ საუკუნო ნეტარებას. ქრისტიანული სასოება მეშვიდე მომაკვდინებელი ცოდვის - მიმომწვლილველობის - წამალია, ეს ცოდვა კი საკუთარი სულის ცხონებისთვის უზრუნველობას, სიზარმაცეს გულისხმობს.

- მამაო, ვისზე უნდა ამყარებდეს ქრისტიანი სასოებას?

- რაღა თქმა უნდა, ღმერთზე, რათა გონიერმა "მგელმა" - სატანამ - არ წარიტაცოს ჩვენი სული, არ ჩაძიროს ცხოვრების ორომტრიალში და არ დაახრჩოს. უფალია ერთადერთი, ვისი იმედიც ადამიანს უნდა ჰქონდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ყოვლისშემძლეა, ყველა ვუყვარვართ და არასოდეს მიგვატოვებს. ალბათ, ყოველ ჩვენგანს გამოუცდია ის საშინელი წუთები, როცა ყველა ტოვებს და ერთადერთ ნუგეშად კარგა ხნის წინ დავიწყებული უფალი რჩება.

- სწორედ ამის შესახებ მინდა გკითხოთ: რატომ უშვებს უფალი ამ განსაცდელს? რა უნდა ვისწავლოთ მისი მეშვეობით?

- ადამიანს უფალი ხშირად ავიწყდება. ჰგონია, რომ ყოვლისშემძლეა (ყოველ შემთხვევაში, საკუთარ ცხოვრებაში მაინც) და შეუძლია, ყველაფერი ისე მოაწყოს, როგორც თავად სურს. მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარადაა. ადამიანი ღმერთთან შედარებით საბრალო, უსუსური არსებაა. უფლის ნების გარეშე მას მცირე ნივთის გადაადგილებაც კი არ ძალუძს. მსგავსი განსაცდელი კი ასეთი ხალხისთვის მწარე გაკვეთილია და მორჩილებისა და თავმდაბლობის მასწავლებელი. შეიძლება, ასეთი რამ მაშინაც მოხდეს, როცა კაცი სხვა ადამიანსა თუ საგანზე მეტისმეტ იმედს ამყარებს. ეს პიროვნება თუ ნივთი ერთგვარად უფლის ადგილს იკავებს მის გულში. ასეთ დროს ღმერთი აუცილებლად მოგვივლენს ისეთ შემთხვევას, რომ ცრუ იმედი გაგვიცრუოს და ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს.

- ე.ი. ადამიანებს არ უნდა ვენდოთ?

- როგორ არა. უბრალოდ, ეს ნდობა ზომიერი უნდა იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს არც ადამიანი და, მით უმეტეს, არც ნივთი, მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ შეეძლოს ჩვენი ნუგეშისცემა. ადამიანი ღმერთს, ფაქტობრივად, თვითონვე კარგავს მცნებების დარღვევითა და ცრუ რწმენით ან, საერთოდ, რწმენის უქონლობით.

- არის ხალხი, ვინც, იმ იმედით, უფალი არ მიგვატოვებსო, უსაქმურობას მიეცემა ხოლმე და ამით საკუთარ თავსა თუ ოჯახს მრავალ პრობლემას უქმნის. არის თუ არა ასეთი განწყობა სასოება?

- რაღა თქმა უნდა, ასეთ განწყობას სასოებას ვერ დავარქმევთ. ასეთი ხალხი ეკლესიურ ცხოვრებას ნიღბად იფარებს, ამის უკან კი მიმომწვლილველობა იმალება. უფალს უსაქმურობისკენ არასდროს მოუწოდებია. რა თქმა უნდა, მისი ნების გარეშე ადამიანს თმის ღერიც არ ჩამოვარდება, მაგრამ თუ ჩვენც არ მოვინდომეთ, არაფერი გამოგვივა. ღმერთი სწორედ ჩვენს მონდომებასა და სურვილს აფასებს და ამის მიხედვით, გვაძლევს ან არ გვაძლევს ძალას ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად. ის ადამიანთა გულებს, წრფელ გულებს უყურებს. ასე რომ, თავის დამშვიდება, თითქოსდა უფალი ხელის გაუნძრევლად მოგვცემს ყველაფერს, არასწორია; ეს სიზარმაცის გამართლებაა და ამით, სხვებს რომ თავი დავანებოთ, თავს ვიტყუებთ. ყველაფრის თავი კი ურწმუნოება გახლავთ; ადამიანებს სათნოებათა მნიშვნელობა, არსი არ ესმით. არ ესმით, რას ნიშნავს მათი ღვთისსათნოდ დაცვა და სულის სასარგებლოდ აღსრულება.

- არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სულ შფოთავენ...

- ეს მეორე უკიდურესობაა და ისიც ურწმუნოებიდან მომდინარეობს. სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი უსასოობისა. ადამიანი ბორგავს, ბობოქრობს, ცდილობს, თავი გაართვას ათასგვარ პრობლემას (რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში გარდაუვალია), უფალი კი არ ახსოვს, არ ახსოვს, რომ არსებობს ის, ვისაც ყველაფრის მოგვარება ძალუძს. ადამიანი უფლის გარეშე არაფერია. ის ერთი უჩინარი წერტილია დედამიწაზე.

ყველაზე უარესი ის არის, რომ მრავლისმშფოთველ ადამიანს სულის ცხონებაზე ფიქრისთვის დრო არ რჩება. ის გონებით თავის საქმეებს, თავის საუნჯესაა მიჯაჭვული და იმის იქით აღარაფერი ახსოვს (ხომ გახსოვთ, რას ამბობს მაცხოვარი: სადაც იყოს საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენიო). მისი გულიც ათასგვარი წვრილმანი საქმითაა დაკავებული, ყველაზე მნიშვნელოვანი - უფალი - კი ავიწყდება. მისი ცხოვრების მთავარ საზრუნავს ეს საქმეები შეადგენს, ორი უფლის მონობა კი შეუძლებელია და ადამიანიც ნებსით თუ უნებლიეთ უფალს შორდება. ასეთი ხალხი სასოწარკვეთილებამდე, ღვთის მოწყალებისა და ყოვლისშემძლეობის იმედის დაკარგვამდე მიდის, რასაც გამოუსწორებელი ცოდვა - თვითმკვლელობა - მოჰყვება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არც უსაქმურობას მივეცეთ და არც მეტისმეტ შფოთს?

- ეს საკმაოდ ძნელია. ადამიანი მარტო ვერაფერს გახდება. ეკლესიური ცხოვრების გზაზე მორწმუნეს აუცილებლად სჭირდება გამოცდილი წინამძღოლი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სულიერი მოძღვრის სახით გვევლინება. იმისთვის, რომ არც ერთ უკიდურესობაში არ ჩავცვივდეთ, ღვთის შიშით, მორჩილებითა და მოძღვრისადმი ნდობით უნდა ვიცხოვროთ. უნდა ვეცადოთ, მთელი გულითა და სულით დავიცვათ უფლის მცნებები.

- რომელი ცოდვები განგვაშორებენ სასოებას? როგორ უნდა დავიბრუნოთ ის?

- სასოებას მრავალი ცოდვა განგვაშორებს, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია: მცირედ მორწმუნეობა, რწმენაში ეჭვი, ღვთის სიტყვის უკითხველობა, ღვთისმსახურების არსში გაურკვევლობა, ცრურწმენა, ერესი, იუდევლობა ანუ გარეგნული წესებისადმი მეტისმეტი ყურადღება, დოგმატებისადმი უნდობლობა, ღვთის მიმართ დრტვინვა და უმადურობა, მცირედ მოშურნეობა, გულისა და ნების მიწიერ საგნებზე მიჯაჭვულობა, სინანულის უქონლობა, იშვიათი და, რაც მთავარია, მოუმზადებელი ზიარება და უამრავი სხვა. ამის კვალობაზე, სასოების მოპოვებაც ისევ და ისევ ღვთის მცნებების შესრულებით, სარწმუნოებით განმტკიცებული საქმით და საქმით განმტკიცებული სარწმუნოებითაა შესაძლებელი.

- რას გვასწავლიან წმინდა მამები სასოების შესახებ?

- სწავლება მრავალია. ამჯერად სოლომონ მეფის სიტყვებს მოვიტან იგავთა საკითხავთაგან: "რამეთუ ჭეშმარიტებასა იწურთის პირი ჩემი, რამეთუ საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი, სიმართლით არიან ყოველნი სიტყვანი პირისა ჩემისანი და არა რაი არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ, ყოვლადვე წრფელი არს მათთვის, რომელთა უცნობიეს მადლი, რამეთუ გასწავის თქვენ ჭეშმარიტება, რათა იყოს უფლისა მიმართ სასოება თქუენი და აღივსენ სულითა".

"ყოველი სასოებაი ჩემი შენზედა დამიცს, დედაო ღმრთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.

სასოებად ჩემდა - მამა, შესავედრებელად ჩემდა - ძე, მფარველ ჩემდა - სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა!"


ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1