იერარქია ზეციდან იწყება
იერარქია ზეციდან იწყება
განვაგრძობთ საუბარს ტაძარში ქცევის წესების შესახებ. ამჯერად ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მსახური მღვდელი გურამი (გურამიშვილი) გვესაუბრება.

- მამაო, რა განსხვავებაა ტაძარსა და ეკლესიას შორის?

- საზოგადოდ, "ეკლესია" ბერძნული სიტყვაა და მორწმუნეთა შესაკრებელს ნიშნავს. ტაძარს ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ იქ მორწმუნენი იკრიბებიან. სხვადასხვა ტაძრის მრევლი, ყველა ერთად, ქრისტეს ეკლესიის წევრები ვართ.

- როდის აიგო პირველი ტაძარი?

- პირველი ტაძარი ძველი აღთქმის დროს აიგო. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს, ებრაელები სინას მთასთან მივიდნენ. აქ მოსემ უფლის ბრძანებით მარხვითა და ლოცვით ორი დღის განმავლობაში ხალხი სჯულის მისაღებად მოამზადა. უფალმა მათ ათი მცნება მისცა და მათი აღსრულება უბრძანა. უბრძანა ისიც, რომ აეშენებინათ სამლოცველო კარავი ანუ მოძრავი ტაძარი. სწორედ ამ დროიდან აშენებენ მორწმუნეები ტაძრებს ღვთის სადიდებლად.

- დღევანდელი სახე ქრისტიანულმა ტაძარმა როდიდან მიიღო?

- ტაძრები იმთავითვე განსხვავებული შენდებოდა. ძველი აღთქმის ტაძარი, სამლოცველო კარავი, რომელიც ვახსენეთ, სამ ნაწილად იყო გაყოფილი. ესენი გახლდათ ეზო, საწმინდარი და წმიდა-წმიდათა. ეს უკანასკნელი ყველაზე წმინდა ნაწილი იყო და იქ მრავალი სიწმინდე ინახებოდა. დღევანდელი, ახალი აღთქმის ტაძრებიც სამი ნაწილისგან შედგება: სტოასგან, შუა ტაძრისა და საკურთხევლისგან. სტოა მოსანათლად გამზადებულთა ადგილია, შუა ტაძარი - მორწმუნეების შესაკრებელი, საკურთხეველი კი, ყველაზე წმინდა ადგილი, ტაძრის ის ნაწილია, სადაც სამღვდელოება საღმრთო მსახურებას აღასრულებს.

- ტაძრის ფორმას თუ აქვს რაიმე მნიშვნელობა?

- ტაძარი შეიძლება იყოს მრგვალი, ჯვარედინი, მოგრძო-ნავისებური. ამ ფორმებს თავისი მნიშვნელობა აქვს: მრგვალი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეკლესია მარადიული ცხოვრებისთვის გვამზადებს (აკი არც წრეს აქვს დასასრული); ჯვარედინი ქრისტეს ჯვარს მოგვაგონებს, რომელმაც ცოდვისაგან დაგვიხსნა და იმის მაუწყებელია, რომ ეკლესია ცოდვისა და ბრალისაგან გვიხსნის; ნავისებური შეგვაგონებს, რომ ტაძარი ნავია ცხოვრების ზღვაში, რომ მისი მეშვეობით შეგვიძლია მშვიდობიანად გადავცუროთ ეს ზღვა და მშვიდ ნავსაყუდელში, ე.ი. სასუფეველში მივიდეთ.

- მოუნათლავს თუ აქვს ეკლესიაში შესვლის უფლება?

- ცხადია, აქვს. როგორც აღვნიშნე, ამისთვის ტაძარში სპეციალური ნაწილიც არის გამოყოფილი. რაც შეეხება მსახურებას, მოუნათლავებს საღვთო ლიტურგიაზე დასწრება მხოლოდ გარკვეულ დრომდე შეუძლიათ. მოგეხსენებათ, წირვა სამი ნაწილისგან შედგება. ესენია პროსკომოდია, რომლის დროსაც ხდება კვეთა, კათაკმეველთა ლიტურგია, რომელიც მოუნათლავებს ამ საიდუმლოს მიღებისთვის ამზადებს და მართალთა ლიტურგია, რომლის დროსაც პური და ღვინო სისხლად და ხორცად გარდაიქმნება და რომლის დროსაც ეზიარებიან მორწმუნენი. მოუნათლავებს მართალთა ლიტურგიაზე დასწრების უფლება არ აქვთ.

- შეიძლება თუ არა საკურთხეველში შესვლა ან კანკელის ხატებზე მთხვევა ერისკაცისთვის?

- საკურთხეველი ტაძრის უმთავრესი ნაწილია. აქ უდიდესი საიდუმლო აღესრულება. ამიტომ მოძღვრის კურთხევის გარეშე იქ შესვლა არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ერისკაცისთვის კანკელის ხატებზე მთხვევა.

- ხშირად შეგვიმჩნევია, რომ როცა რომელიმე წმინდანისადმი პატივისცემის გამოხატვა სურთ, მაგრამ ხატი მაღლა ჰკიდია, საკუთარ ხელს ემთხვევიან და ხატს ადებენ. რამდენად მართებულია ასეთი ქცევა?

- როდესაც მორწმუნე ხატს ვერ ემთხვევა, შეუძლია, პატივისცემა ხელის შეხებითაც გამოხატოს.

- არაეკლესიური ხალხი ხანდახან საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რომ მრევლს ერთი კოვზით აზიარებენ - მათი აზრით, ეს არაჰიგიენურია და შეიძლება მრავალი ავადმყოფობის გავრცელების მიზეზი გახდეს. რას ეტყოდით მათ?

- რაც ღმერთმა ეკლესია დააარსა და რაც ზიარების საიდუმლო არსებობს, ის ყოველთვის ერთი კოვზით ხდებოდა, მაგრამ არავინ დაავადებულა. ზიარება უნდა მივიღოთ რწმენით და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, კოვზიდან შეიძლება რომელიმე ავადმყოფობა გადაგვედოსო. ასეთი მიდგომა ჩვენს არაეკლესიურობასა და მცირედმორწმუნეობაზე მიუთითებს.

- რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესიაში იერარქია და ვალდებულნი არიან თუ არა მისი წევრები, ამ იერარქიას დაემორჩილონ?

- იერარქია ზეციდან იწყება. ასე რომ, თავად განსაჯეთ, მნიშვნელოვანია იგი თუ არა. ეკლესიაც იერარქიაზეა დაფუძნებული და ეკლესიის ნებისმიერი წევრი ვალდებულია, დაემორჩილოს მასზე მაღლა მდგომ იერარქს.

- როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი ეკლესიის გარეთ? აუცილებელია თუ არა, ჩვენი რწმენა საზოგადოებაში გამოვამჟღავნოთ?

- ქრისტიანი ეკლესიაშიც და მის გარეთაც პატიოსანი და კეთილგონიერი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. რაც შეეხება რწმენას, უნდა ვამაყობდეთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და სიტყვითა თუ საქმით სხვებსაც მოვუწოდოთ, ეკლესიის წევრები გახდნენ.

- რა მნიშვნელობა აქვს მოძღვრის დალოცვას და აუცილებელია თუ არა მისი კურთხევის აღსრულება?

- მოძღვრის დალოცვა ყველა მართლმადიდებლისთვის მნიშვნელოვანია. მორწმუნემ უთუოდ უნდა აღასრულოს თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა საეკლესიო საიდუმლოებისთვის, როგორი ყოფაქცევის მოძღვარი ასრულებს მას?

- ნებისმიერი ადამიანი ინდივიდია და თავის ავსა თუ კარგზე ღვთის წინაშე თავად აგებს პასუხს. თუ მოძღვარმა შეცდომა ჩაიდინა, ეს მის სამღვდელო მადლს არ ლახავს; მას ნებისმიერი საიდუმლოების აღსრულება ისევე შეუძლია, როგორც ნებისმიერ სხვა მღვდელს.

- აუცილებელია თუ არა, მოძღვარი იმავე ტაძარში გვყავდეს, რომელშიც წირვა-ლოცვას ვესწრებით?

- არა, ეს აუცილებელი არ გახლავთ. თუ გვაქვს საპატიო მიზეზი, მაგალითად, თუ ეკლესია, სადაც მოძღვარი მსახურობს, შორსაა ჩვენი სახლიდან, შეგვიძლია, მისი კურთხევით წირვა-ლოცვას სხვაგანაც დავესწროთ. ერთსაც დავურთავდი: ტაძარში სიარულსა და შაბათ-კვირას თუ დღესასწაულებზე წირვა-ლოცვაზე დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უფალმა მეოთხე მცნებით დაგვიდგინა: "მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ყავ იგი. ექვს დღე იქმოდე და ქმენ მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა". ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ წირვა-ლოცვაზე ვიაროთ, რადგან, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ამ დროს დედამიწაზე მთელი ზეცა ჩამოდის.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1