თუ მღვიძარე დახვდება, მისგან უდიდეს პატივს მიიღებს
თუ მღვიძარე დახვდება, მისგან უდიდეს პატივს მიიღებს
არავინ უწყის, როდის დადგება მეორედ მოსვლის ჟამი ან ხორციელი სიკვდილის დრო
ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა მღვიძარება - სულიერი სიფხიზლე. როგორც წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი განმარტავს, მღვიძარება გულისხმობს გულმოდგინებას ყველა კეთილ საქმეში, კერძოდ - საეკლესიო და სასენაკო კანონების დაუზარელ შესრულებას, ლოცვის დროს ყურადღებას, ყოველი სიტყვის, საქმის, აზრისა და გრძნობის გულმოდგინე განხილვას, საკუთარი თავისადმი უკიდურეს უნდობლობას; განუწყვეტელ ლოცვას და საღმრთო წერილის კითხვას; გულის დაცვას, ბევრი ძილის, ნებივრობის, ამაოდმეტყველების, ხუმრობისა და მახვილსიტყვაობისგან თავის შეკავებას, მეტანიებისა და სხვა მოღვაწეობის სიყვარულს, მარადიულ სიკეთეთა ხსოვნას, მათ წყურვილსა და მოლოდინს.

მღვიძარებაში განმტკიცება ყველა მორწმუნეს მოეთხოვება, განსაკუთრებით კი ბერ-მონაზვნებს.

რატომ არის აუცილებელი მონასტერში მოღვაწეთათვის სულიერი სიფხიზლე? როგორ მოიპოვება ეს სათნოება? სადამდე შეიძლება მიიყვანოს ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანი სულიერი სიფხიზლის მოდუნებამ? - ამ და სხვა საკითხებზე საუბარი ბაღდათის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მაკარს (აბესაძეს) ვთხოვეთ.

- ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას რომ დაუტევებს და მონასტერში მიდის, ამით აცხადებს, რომ სურს განიწმინდოს მიწიერი სურვილებისა და ზრახვებისგან, რაც მღვიძარების - სულიერი სიფხიზლის - გარეშე შეუძლებელია. არა მარტო მონასტერში მოღვაწემ, არამედ ნებისმიერმა მორწმუნემ განუწყვეტლივ უნდა ადევნოს თვალყური გულისა და გონების მოძრაობას, კეთილი, ღვთივსათნო აზრები შეიწყნაროს, ურიგო კი განაგდოს. სწორედ ეს არის მღვიძარება - სულიერი სიფხიზლე, რომელიც აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი დააღწიოს ეშმაკეულ აზრებს, უკუაგდოს ისინი, ვიდრე ბოროტის ნებას დაჰყვება და ცოდვას ჩაიდენს. რაც უფრო მეტად აკონტროლებს ადამიანი თავს, მით უფრო მეტად განიწმინდება იმ ვნებებისგან, ბოროტისგან რომ შემოდის მასში და სულიერ სრულყოფილებას აღწევს. გარდა ამისა, არავინ უწყის, როდის დადგება მეორედ მოსვლის ჟამი ან ხორციელი სიკვდილის დრო, ამიტომ განუწყვეტლივ უნდა ვფხიზლობდეთ, რათა მუდამ მზად ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისა თუ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლისთვის, იმ წუთისთვის, როდესაც უფლის სამსჯავროს წინაშე წარვდგებით და ჩვენს მიერ ქმნილის მიხედვით განვისჯებით. როგორც უფალი გვაუწყებს, ნეტარია მონა, რომელიც მღვიძარე ელის თავის ბატონს. არ იცის, როდის მოვა, მაგრამ თუ მღვიძარე დახვდება, მისგან უდიდეს პატივს მიიღებს.

- ბერ-მონაზონთათვის ფიზიკური მღვიძარებაც ხომ აუცილებელია?

- ზედმეტი ძილი სულიერ ზრდას აფერხებს. როდესაც ადამიანს იმაზე მეტხანს სძინავს, ვიდრე ორგანიზმს ძალების აღსადგენად სჭირდება, ის მოდუნებულია და ეზარება სულისთვის სასარგებლო საქმეების კეთება ისე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს მოეთხოვება, რადგან დარჩენილ დროს უმთავრესად მიწიერ საქმეებს ახმარს. გამოდის, რომ მას სულიერადაც სძინავს. თუკი ხორციელი მღვიძარება, მნიშვნელოვანია ერისკაცთათვის, მით უფრო აუცილებელია ის ბერ-მონაზონთათვის, რათა უფრო მეტი დრო გაატარონ უფალთან და სათანადოდ იზრუნონ სულზე.

ხორციელი მღვიძარება მხოლოდ იმას როდი გულისხმობს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები იძინოს; შესაძლოა, ადამიანი ღამეებს ათენებდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ილოცოს ან სულისთვის სასარგებლო სხვა საქმე აკეთოს, არამედ იმისთვის, რომ უცქიროს ტელევიზორს ან სხვაგვარად გაერთოს. ამას სჯობია, იძინოს - ძილის დროს მისი სული უკეთეს მდგომარეობაში იქნება. მაგრამ როდესაც მონასტერში მოღვაწე ფხიზლობს, ის აუცილებლად ლოცულობს ან საღმრთო წერილისა თუ სხვა საღმრთო წიგნების კითხვით არის დაკავებული, ანუ იძენს სულიერ სარგებელს, რაც სულიერი მღვიძარების მოსაპოვებლად და ამ სათნოებაში განსამტკიცებლად არის საჭირო. ამასთანავე, ღამით ლოცვასა თუ სხვა სულიერ საქმეს უფალი მეტადაც შეიწირავს და განსაკუთრებულ მადლსაც მოგვმადლებს - ის ხედავს, რომ იმ დროს, როდესაც თითქმის ყველას სძინავს, ვიღაც დგება და ლოცულობს, რაღაცას იკლებს უფალთან ყოფნისთვის. ღმერთს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება, არც სხვა რამ შესაწირი; ეს ყოველივე თავად ჩვენ გვჭირდება უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად.

ღამით სულიერ საქმეებს - ლოცვა იქნება ეს, სასულიერო წიგნების კითხვა თუ სხვა - გაცილებით სრულყოფილადაც ვაკეთებთ, რადგან ღამე მშვიდია და არც რაიმე მიწიერი საქმე გვაქვს საკეთებელი. ამ დროს, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, სული ბევრად უფრო სუფთაა, მსუბუქი, ფხიზელი, უფრო ელვარე და ამაღლებული. ღამის წყვდიადი და სრული მდუმარება ლოცვისა და სულიერი საქმეებისთვის განგვაწყობს. ღამე აღძრავს შინაგან შიშსაც, ასეთ დროს კი უფრო მეტად ჩნდება სურვილი უფალთან მყოფობისა, მის წინაშე ლოცვისა და მოღვაწეობისა.

- მონასტერში მოღვაწეს, ალბათ, ზედმეტი ძილის სურვილი არც უჩნდება...

- კაცი მონასტერში რომ მიდის, უკვე იცის, რომ ფიზიკური მღვიძარებაც მოეთხოვება და ამის მნიშვნელობაც გაცნობიერებული აქვს, შემდეგ კი, როცა სამონასტრო ცხოვრებას შეუდგება, გადაეწყობა იმ განრიგზე, რასაც სამონასტრო წეს-განგება მოითხოვს, თავისთავად, ძილიც ნაკლები სჭირდება. მონასტერში ბერების მოსასვენებელი საწოლებიც კი არ არის ისეთი, რომ ძილისკენ მიდრიკოს ადამიანი. თუ კაცი რბილ და მოხერხებულ საწოლში წევს, გაღვიძების შემდეგ კვლავ ძილისკენ მიუწევს გული, ამიტომ სასურველია, მორწმუნემ თავს უფლება არ მისცეს, იძინოს მეტისმეტად რბილ საწოლში, ბერ-მონაზონთათვის კი ეს მით უმეტეს არ არის საკადრისი, რადგან ადამიანი საერო ცხოვრებას რომ ტოვებს, ის უარს ამბობს ყველაფერზე, რაც ხორციელ სიამოვნებას ანიჭებს.

- განუწყვეტელი ფიზიკური მღვიძარება ორგანიზმის გამოფიტვას ხომ არ იწვევს? ბერ-მონაზვნებს ხომ დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი ან ხუთი საათი სძინავთ...

- იყვნენ ბერები, რომლებმაც საუკუნეზე მეტხანს იცოცხლეს და დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორი საათი ეძინათ. ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე მამა ილარიონ ქართველს დღე-ღამეში ორი საათი ეძინა: ერთი საათი - იატაკზე მჯდომს, ერთიც - კვერთხზე დაყრდნობილს, - მაგრამ რაკი მისი ორგანიზმი ღვთისთვის სათნომყოფელი ცხოვრებით იყო განბრძნობილი და განმტკიცებული, ამას არც გამოფიტვა გამოუწვევია და არც სხვა სახის ხორციელი დარღვევა. ამ ყველაფერს ამქვეყნიური ამაო ცხოვრება უფრო იწვევს, ვიდრე ღვთისთვის სათნო საქმეთა გამო სიფხიზლე.

- მღვიძარებაზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ განსაცდელი - მას ხომ უფალი გამოსაფხიზლებლად, ცოდვილი მდგომარეობიდან გამოსაყვანად მოგვივლენს...

- ნებისმიერი განსაცდელი, ავადმყოფობა იქნება ეს, სიდუხჭირე თუ სხვა რამ, ადამიანს უფლისაგან მოევლინება ჯილდოს ან სასჯელის სახით. თუ განსაცდელის ჟამს მადლობას ვწირავთ უფალს - ჯილდოა, თუ ვწუწუნებთ და უფრო მეტ მწუხარებას ვეძლევით - სასჯელი, მაგრამ ის ორივე შემთხვევაში გამოსაფხიზლებლად, სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოგვევლინება, ვინაიდან განსაცდელის დროს ღვთისკენ ვაპყრობთ მზერას, უფრო გულწრფელად ვლოცულობთ უფლის მიმართ, ვიდრე დალხინებული ცხოვრებისას.

ვისაც განსაცდელი არ შეხვედრია, უფლისგან დავიწყებულიაო, ამბობენ წმინდა მამები. უფალს კი ყველა ჩვენგანი ახსოვს და ყველას ცხონება სურს, ამიტომ განსაცდელს, რომელიც ჩვენივე სულის ცხონებისთვის მოგვევლინება, ვერავინ ასცდება, მათ შორის - ვერც სულიერად მოღვაწე ადამიანი, რომელსაც დროდადრო ისევე სჭირდება გამოფხიზლება, ცოდვილი მდგომარეობიდან გამოსვლა, სულიერი განწმენდა და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც ერისკაცს. მთავარია, განსაცდელის დროს სასო კი არ წარვიკვეთოთ, არამედ უფლის გულმოწყალებას მივენდოთ. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ღმერთის გულმოწყალება უსაზღვროა, ამიტომ მადლიერებით დავითმინოთ ნებისმიერი განსაცდელი, გავითვალისწინოთ, რომ უფალი იმაზე მეტ ტვირთს არ დაგვაკისრებს, ვიდრე ზიდვა შეგვიძლია. მეტიც - თავადვე დაგვეხმარება მის ზიდვაში, თუკი, რა თქმა უნდა, მისი იმედი და შემწეობის რწმენა გვექნება. ასე გაცილებით გაგვიადვილდება ცხოვრებისეულ განსაცდელთა დათმენა და უფლის სიყვარულით მათთან შებრძოლება.

- რომელ სათნოებებში უნდა განმტკიცდეს მონასტერში მოღვაწე ადამიანი უწინარესად, სულიერი მღვიძარება რომ მოიპოვოს? საზოგადოდ, რომელი სათნოებები შობს მღვიძარებას?

- სულიერი მღვიძარების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა სიმდაბლე - თავმდაბლობა და მორჩილება. როგორც წმინდა მამები გვმოძღვრავენ, სულიერი ცხოვრების გზაზე ადამიანი არასოდეს უნდა მიენდოს საკუთარ თავს, არამედ დაემორჩილოს სულიერ მოძღვარს, ნებისმიერი სულიერი საკითხი მისი კურთხევითა და რჩევა-მითითების გათვალისწინებით მოაგვაროს. სულიერი წინამძღოლის, მასზე გამოცდილი მოღვაწის მორჩილება ევალება მონაზონსაც. სხვაგვარად გზას ასცდება, სულიერი საქმეები კი, რომლებიც გარეგნულად ღვთივსათნო ჩანს, შესაძლოა სულის დაღუპვის მიზეზად ექცეს - ხიბლში ჩავარდეს. ამას ხილული ცოდვა სჯობია, რადგან მას ვამჩნევთ და ვინანიებთ, ხიბლში მყოფი კი ისე ჰყავს შეპყრობილი ამპარტავნებას, რომ თავი უცოდველი ჰგონია, მიაჩნია, რომ სულიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და უფალთან იმყოფება, ამიტომ არც ცოდვათა მონანიებაზე ფიქრობს, ამით კი სულს იღუპავს. აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს მორჩილების გარეშე მოღვაწეობამ უფლის გზაზე მდგომი ადამიანი.

თუ კაცი მონასტერში მისვლისთანავე თავმდაბლობითა და მორჩილებით შეუდგება მოღვაწეობას, მისი სულიერი განვითარება გაცილებით ადვილია, ვიდრე მათი, ვინც დაუდევრობითა და სულიერი წინამძღოლის მორჩილების გარეშე ცდილობს უფლის გზაზე სვლას. ასეთი მოღვაწის გამოსწორება, სწორ გზაზე დაყენება და სათნოებაში განმტკიცება ძნელია, ისევე როგორც ფურცელზე დაწერილის გადაშლა და თავიდან დაწერა.

- რომელ ცოდვებს შობს სულიერი სიფხიზლის უქონლობა? სადამდე შეიძლება მიიყვანოს ბერ-მონაზონი მღვიძარების მოდუნებამ ან დაკარგვამ?

- პირველი ცოდვა, რომელიც მღვიძარებას უპირისპირდება, სულიერი სიზარმაცეა, რომელიც, ფაქტობრივად, მშობელია ყველა ცოდვისა. ის, პირველ ყოვლისა, შობს ულოცველობას და სხვა ღვთივსათნო, სულიერ საქმეთა შეუსრულებლობას. სანაცვლოდ ადამიანი იწყებს უქმადმეტყველებას, ივიწყებს საკუთარ ცოდვებს, უგულებელყოფს ღვთის მცნებებს, კარგავს ღვთის შიშს, ეძლევა გართობასა თუ მიწიერ საზრუნავს, რასაც ხშირად მოსდევს მოწყენილობა, მრისხანება, სასოწარკვეთილება და ა.შ.

არ არის გამორიცხული, სიფხიზლე მონასტერში მოღვაწემაც მოადუნოს. ცხადია, მონასტერში ადამიანი ტელევიზორის ცქერითა თუ სხვა საერო გასართობებით ვერ შეიქცევს თავს, მაგრამ შეიძლება გადაერთოს მიწიერ საზრუნავზე, მისკენ მიუწევდეს გული (შრომა მონასტერში მოღვაწესაც მოეთხოვება, მაგრამ ხორციელი ღვაწლი აქ ლოცვასა და სხვა სულიერ საქმეებთან უნდა იყოს შერწყმული). თუკი ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა არ მოიკრიბა ძალა და შემწეობა არ სთხოვა უფალს, ვერასგზით ვერ მოახერხებს სულიერ მწყობრში ჩადგომას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც მოღვაწეობას გააგრძელებს. მომეტებული ძილისა და უქმადყოფნისთვის მონასტერში არავინ რჩება, ფიზიკური და სულიერი მღვიძარების გარეშე მოღვაწეობა შეუძლებელია. ეს ბერმონაზვნობის უმთავრესი პირობაა, ურომლისოდაც სულიერი ღვაწლი ვერ მიიღწევა.
ბეჭდვა
1კ1