ახლა, როდესაც ცოდვა გამრავლდა, სულიწმიდა ეძიებს სუფთა ჭურჭელს
ახლა, როდესაც ცოდვა გამრავლდა, სულიწმიდა ეძიებს სუფთა ჭურჭელს
ადამიანის ცხოვრების მიზანი სულიწმიდის მოხვეჭა უნდა იყოს
ადამიანი სულიწმიდის მადლს პირველად ნათლისღებისას იღებს. ნათლობის ბოლოს მღვდელი მირონს სცხებს ამ სიტყვებით: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა". ვინაიდან ადამიანის ბუნება ცოდვისკენ არის მიდრეკილი და მას არ შეუძლია დედამიწაზე უცოდველი, ანგელოზებრივი ცხოვრება, ამიტომ ღმერთმა დაგვიწესა ზიარება, რათა ცოდვების მონანიების შემდეგ, ზიარებით მოხდეს ჩვენი სულიერი განახლება. ტარიგის კურთხევისას მღვდელი ლოცულობს: "გული წმიდაი დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა".

გვესაუბრება ქართის წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი ისიდორე (ოქროპირიძე):

- სულიწმიდა პირველად გარდამოვიდა მოციქულებზე. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უარყო უფალი სამჯერ თვით პეტრე მოციქულმა, რომელიც მოციქულთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო სიმტკიცით და ერთგულებით. ადამიანური ძალებით შეუძლებელია ქრისტეს მცნებების შესრულება, ამიტომ გარდამოუვლინა მოციქულებს ნუგეშინისმცემლად სულიწმიდა და განბრძნობილებმა და განმტკიცებულებმა აღასრულეს უამრავი სასწაული, მათ მთელ ქვეყნიერებაზე იქადაგეს ქრისტიანობა და მრავალი სატანჯველი დაითმინეს.

მოციქულებრივი კურთხევის მადლი დღეს მღვდელმსახურზე გარდამოდის, როდესაც მღვდელმთავარი აკურთხებს, მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს: "მოვედინ ამას ზედა მადლი სულისა წმიდისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი". Mმოციქულები იყვნენ უბრალო, თავმდაბალი მებადურები, წრფელი გულის და ჭეშმარიტების მაძიებელი ხალხი. ამიტომ გამოირჩია უფალმა და სულიწმიდის მადლით, კაცთა მებადურებად აქცია.

ჩვენთვის, დღევანდელი ქრისტიანებისთვის, სწორედ მათი ცხოვრება უნდა იყოს მაგალითი. ისინიც ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ, შინაგანი ბუნებით პატიოსნები. სულიწმიდამ კი თვით ქრისტეს მსგავსად გარდაქმნა და თითქმის ყველამ უფლის მსგავსად იღვაწა კაცობრიობის გადასარჩენად.

ადამიანის ცხოვრების მიზანი სულიწმიდის მოხვეჭა უნდა იყოს: ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით, შრომით, მოწყალებით, კეთილი საქმეებით. ბევრი სულიერი შრომაა საჭირო სულიწმიდის მადლის მოსახვეჭად. მადლის დასაკარგად კი ერთი დაუფიქრებელი შეცდომაც კი საკმარისია. დიდად საყურადღებო მაგალითია წმინდა ნიკიფორეს ცხოვრება. მას ჰყავდა მეგობარი, ხუცესი საპრიკიუსი. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, მეგობრები წაკამათდნენ და უწინდელი სიყვარული სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და შენდობა სთხოვა მეგობარს, მაგრამ მან არ ისურვა პატიება.Aამ დროს მათ ქალაქში ქრისტიანებს დევნიდნენ, სამსჯავროს წინაშე წარმდგართა შორის ერთ-ერთი ხუცესი საპრიკიუსი იყო. მან ახოვნად აღიარა ქრისტე და სასტიკი სატანჯველებიც დაითმინა. ბოლოს, როდესაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, აცრემლებულმა ნიკიფორემ კვლავ შენდობა სთხოვა. საპრიკიუსმა კი არ აპატია.Aამის გამო უფალმა სულიწმიდის მადლი განაშორა, რომელიც სიმტკიცეს ანიჭებდა. სიკვდილის შიში დაეუფლა, განაცხადა, რომ კერპებს მსხვერპლს შესწირავდა და სული წარიწყმიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სულიერი ძალები ჩვენს თავს არ უნდა მივაწეროთ. უფლის მოცემული მადლი და შესაძლებლობები ისევ უფლის სადიდებლად და მისი სწავლების აღსასრულებლად უნდა მოვიხმაროთ.

ახლა, როდესაც ცოდვა გამრავლდა, სულიწმიდა ეძიებს სუფთა ჭურჭელს, სულიერ ღვაწლს შემდგარ და კეთილის მოქმედ ქრისტიანებს, რათა მათში დაივანოს და განაძლიეროს ბოროტ ძალებთან ბრძოლაში.

განსაკუთრებით მოკრძალებით და თავმდაბლობით უნდა ვხვდებოდეთ სულთმოფენობის დღესასწაულს. ამ დღეს არა მარტო სულიერ ადამიანებზე გარდამოდის სულიწმიდის მადლი, არამედ იკურთხება ბუნება, მცენარეები, ყვავილები. Mმუხლმოდრეკილები შევთხოვთ უფალს: "წმიდა გვყოს ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნოს სულნი ჩვენნი".

გთხოვთ შეეწიოთ ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მდებარექართას წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახელობის მამათა მონასტერს.
გე 86 ტბ 1146936080100007 თიბისი ბანკი.

იღუმენი ისიდორე (ოქროპირიძე). 551 98-69-90.

ღმერთმა შეგიწიროთ.


ბეჭდვა
1კ1