მადლიერებით ვზიდოთ ჩვენი ჯვარი
მადლიერებით ვზიდოთ ჩვენი ჯვარი
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს მუდმივი დათმენისაკენ მოგვიწოდებს უფალი. "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. 30. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს". გწამდეს ქრტისტე და მის კვალს გაჰყვე, იოლი არ არის, ეს ეკლიანი გზაა, უფალთან მიმავალი, რომლის გავლასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება და უამრავი განსაცდელის დათმენა, მაგრამ უფლის რწმენით შემართული ადამიანები ნებით ირჩევენ ამ გზას და დიდი მადლიერებით ეკიდებიან სიძნელეების გადალახვას,  რადგანაც ღმერთი არის სიყვარული, სიმდაბლე და მოთმინება.

ქრისტიანული რწმენა თავის უარყოფაა და მოყვასის სიყვარულს, მისთვის თავგანწირვას გვასწავლის. რისთვის მოდის ადამიანი ამ ქვეყანაზე, რა არის მისი არსებობის მიზანი? ეს კითხვები ბევრჯერ უნდა დაუსვას თავის თავს ყოველმა ქრისტიანმა. პასუხი ერთია, ადამიანის მისიაა, განაღმრთოს დაცემული ბუნება და ის უფლამდე მიიყვანოს. სამაგიეროდ ღმერთი უდიდეს ჯილდოს გვპირდება, იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ – უფალთან ერთობა.


სწორედ ქრისტეს მიერ გაღებულმა მხსვერპლმა აგვიყვანა ზეცაში და დაკარგული დიდება დაგვიბრუნა.

ჯვარი,  ქრისტიანებს ყოველთვის გვახსენებს ღვთის მიერ გაღებულ მსხვერპლს და ჩვენს მოვალეობებს. მადლობით დათმენას ერთი უდიდესი მიზნისათვის, რათა ქრისტეს თანაჯვარცმულნი მის მიერვე აღვსდგეთ და ავმაღლდეთ.

ჯვარი, ქრისტიანთა ცხოვრების სიმბოლოა, რწმენის სათავეა, იგი იცავს და იფარავს მას, ვინც რწმენით მიუახლოვდება.

ზოგჯერ ადამიანი თავისი ჯვრის სიმძიმეს ვერ ტვირთულობს, იწყებს ჩივილს, არ შეუძლია განსაცდელებთან შეგუება და გაურბის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავმძიმდეთ, პირიქით, უნდა დავფიქრდეთ, იქნებ ეს ჩვენი ცოდვების გამო გვერგო.

გვახსოვდეს, უფალი ისეთ ჯვარს არ მოგვივლენს, რის ტარებასაც ვერ შევძლებთ.
დიდია ჯვრის საიდუმლოს ძალა, რომელმაც გვასწავლა სიმართლე ღვთისა. ადამიანმა ჯვრის სასწაულებრივი ძალა და საოცარი მადლი ღრმად უნდა გააცნობიეროს– თავისივე სულის ცხონებისათვის. "რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა". ადამანებს გვმართებს ყოველგვარი განსაცდელები მადლიერებით დავითმინოთ, რადგან ცხოვრების გზა ხომ მადლიერებაზე გადის, მადლიერება კი ის ლაკმუსია, რომლითაც ადამიანობა გამოჩნდება, მისი ხარისხი ჩვენი სულიერი წინსვლის პირდაპირპროპორციულია, იგი სასუფეველშიც ჩვენთან ერთად აგრძელებს სიცოცხლეს.

ჯვარი სიმძიმეა, მწუხარებაა, ტანჯვაა, ყოველგვარი ცხოვრებისეული წინააღმდეგობაა, რომლებიც ადამიანს შინაგანად და გარეგნულად ებრძვიან ღვთის მცნებათა დაცვასა და აღსრულებაში.
წმ. თეოფანე დაყუდებული სამი სახის უხილავ ჯვარზე საუბრობს, რომელთა ტვირთვის შედეგაც შეიძლება ცხონება.

პირველი, ეს არის ბრძოლა გარეგნულ ვნებებთან, უსჯულოებასთან, ამა ქვეყნის სიამეებთან, მას შემდეგ, რაც ქრისტიანი იტვირთავს ამ ჯვარს და ძლევს ვნებებს, იწყება მეორე, უფრო რთული და სახიფათო ბრძოლა.  მეორე ჯვარი – ეს არის ბრძოლა შინაგან ვნებებთან, ცოდვით მიდრეკილებებთან. თუ მორწმუნე ამ მძიმე ბრძოლას გადაიტანს და მას მადლიერებით დაითმენს, ეს სრულყოფილებას მაინც არ ნიშნავს. ყველაზე რთული არის მესამე ჯვარი –საკუთარი ნების აბსოლუტური უარყოფა და ღმერთზე მინდობა. ამ დროს ადამიანი უარს ამბობს ყოველგვარ ამქვეყნიურზე და აკეთებს იმას, რაც ღვთის ნებაა – ეს არის სრულყოფილება, უმაღლესი საფეხური, რომელსაც  შეიძლება ქრისტიანმა მიაღწიოს. ამ დროს ადამიანის გულში სასუფეველია და აქვე განიცდის ზეციურ ნეტარებას. ჯვარი ისეა გადაჯაჭვული ქრისტიანთან, რომ სადაც ქრისტიანია, იქ არის ჯვარი და სადაც ჯვარი არ არის, იქ არც ქრისტიანია.



ბეჭდვა
1კ1