ფარისევლობით ფერნაცვალი ქრისტიანობა
ფარისევლობით ფერნაცვალი ქრისტიანობა
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში, სამრევლო ცხოვრებისას, მორწმუნე ქრისტიანი ხშირად აწყდება ფარისევლური სულის სხვადასხვა გამოვლინებას. აღნიშნული მანკიერება ყველა დროს მწვავედ იდგა ეკლესიის დღის წესრიგში და შესაბამისად, ახალი არ გახლავთ ჩვენი ცნობიერებისთვის. მართლმადიდებლური დოქტრინის მიხედვით, ყოველი ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი და უფალთან მადლისმიერი მსგავსება - ანუ განღმრთობა დავალებად აქვს მიცემული... საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა, მარხვის შენახვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება და ა.შ. მორწმუნეს ამ გზაზე ეხმარება უფრო მეტად დაუახლოვდეს ღმერთს, მეტად შეიცნოს საკუთარი თავი და გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო უწინ... თვითშემეცნების პროცესში პიროვნება უამრავ ცოდვას, შავ ლაქას ხვდება და ბევრ გამოსასწორებელ მავნე მიდრეკილებას აღმოაჩენს სულში...

ამის საპირწონედ კი ყოველ ჩვენგანში ჩადებულია სურვილი- საკუთარი თავი მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოვაჩინოთ და ასე გავაცნოთ საზოგადოებას. არავის უნდა, რომ თავისი ნაკლოვანებების გამო განიკითხავდნენ და იქცეს ნეგატიურ კონტექსტში მსჯელობის ობიექტად....

სწორედ ამ დროს იწყება ადამიანში სულიერი ბრძოლა, შინაგანი ჭიდილი- აღმოფხვრას საკუთარ თავში ცოდვა, მისი გამოვლინებები, სხვადასხვა მავნე ჩვევა თუ - საგულდაგულოდ დამალოს, შეფუთოს ისინი და გარშემომყოფთა თვალში შეუცდომლად, მართლად, სიკეთისა და სიწმინდის განსახიერებად გამოჩნდეს. როდესაც მეორე, დამღუპველ გზას ირჩევს, ამ დროს იგი ემსგავსება ძველი აღთქმის ფარისევლთა რელიგიურ-პოლიტიკური კასტის წარმომადგენლებს, რომელნიც გარეგნული ასკეტური მოღვაწეობისა და მოსეს სჯულის ზედმიწევნითი სიზუსტით დაცვის გამო, საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. სინამდვილეში კი უმრავლესობა მათგანი შინაგანად სავსე იყო სიცრუითა და უკეთურებით. პარადოქსია, მაგრამ ახალ აღთქმაში ვხედავთ, რომ ცოდვილთა მოსაქცევად მოსული და მათი სიყვარულით განკაცებული მაცხოვარი გამუდმებით დაუნდობლად ამხელს მწიგნობრებსა და ფარისევლებს. იქედნეს ნაშობ გველებს ადარებს და გეენის ცეცხლში დაწვის ხვედრს უწინასწარმეტყველებს. მორწმუნეებს კი გვაფრთხილებს : ,,უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა."...

რას ნიშნავს სახარებისეული ეს სიტყვები?- მიუხედავად ჩვენი იერარქიული საფეხურისა, სოციალური მდგომარეობისა თუ წარმომავლობისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არავინ არ ვართ თავისუფალნი ცოდვის ბორკილებისგან. ყველაშია მეტ-ნაკლებობით ფესვგადგმული ცოდვა. შესაბამისად, უნდა ვისწავლოდ ჩვენნაირი ცოდვილი ადამიანის სიყვარულით მიღება, სწორედ ისეთისა -როგორიც არის... თუ სიყვარულს, მიმტევებლობას, თანაგრძნობას ვაჩვენებთ ასეთ ადამიანს, იგი აუცილებლად შეიცვლება. დიდაქტიკურმა ტონმა და ზემოდან ყურებამ კი დიდი ალბათობით შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს და დააბრკოლოს ღმერთთან მოსული მისი შვილი.... ხშირად ხდება შემთხვევები, როდესაც სამრევლოს ერთი წევრი მეორეზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და სხვათა ,,გამოსწორების" სურვილით მუდამ განიკითხავს და ჭკუას არიგებს გვერდში მდგომს. დაუშვებელია ქრისტიანი ვინმეს ექცეს მენტორად და გახდეს მისი ცხოვრების ზედამხედველი. ასეთი ფსევდომორწმუნეების მიერ აღსრულებული ნებისმიერი მექანიკური ღვაწლი, იქნება ეს - ლოცვა, მეტანიები,სანთლის ანთება, მარხვა, წირვა-ლოცვაზე სიარული თუ სხვა, აღმოჩნდება ფუჭი და ამაო, თუ ღვთისა და მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული არ ედება საფუძვლად. შესაბამისად, ღმერთთან მისასვლელ გზაზე მოყვასს არ უნდა გადავაბიჯოთ.

ნათქვამია- ხე ნაყიფით იცნობაო და თუ დავაკვირდებით, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ძველი აღთქმის იუდეველთა ცხოვრებას. ისინიც ხომ სიტყვით ადიდებდნენ უფალს და საქმით შორს იყვნენ მისგან. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების, სამეუფო გზით სიარულის წინაპირობა ცივი გონებით მოქმედებასა და განსჯაში მდგომარეობს.. რადიკალურ ნაბიჯებს, აკვიატებულ მიდგომებს, არასდროს მოაქვს სიკეთე და წარმატება. თანამედროვე ადამიანი უკიდურესად ეგოცენტრული გახდა. დაიკარგა სხვისი აზრის მოსმენის, პატივიცემის უნარი.... ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, საკუთარი პოზიციები მეორე ადამიანს მოახვიოს თავს და ერთადერთ ჭეშმარიტებად და აქსიომად შეასაღოს... სწორედ ამან წარმოშვა თაობებსა თუ სოციალურ ფენებს შორის დიდი ბზარი და საზოგადოება გახადა უკიდურესად პოლარიზებული...

თანამედროვეობაში გამეფებული ზიზღი, ღვარძლი, ერთმანეთის გამუდმებული მტრობა და ლანძღვა იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ ვართ დავშორებული ქრისტიანულ იდეებს და ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით ნამდვილ ღვთისმოყვარე ერად... მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, გამოსავალი, ერთმანეთის პატივიცემასა და სიყვარულშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში წავალთ წინ და ვიპოვით მშვიდ ნავსაყუდელს. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ერს, ეკლესიას, თითოეულ მორწმუნეს, მოგვანიჭოს თავისი მშვიდობა და მოგვცეს გული გონიერი.



ბეჭდვა
1კ1