დაცემას ყოველთვის აღდგომა და ამაღლება მოსდევს
დაცემას ყოველთვის აღდგომა და ამაღლება მოსდევს
ზეთისხილის ანუ ელეონის მთა ძველი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან ქედრონის ხეობით არის გამოყოფილი. სახელწოდება მთამ მის ფერდობზე გაშენებული ზეთისხილის ტყისგან მიიღო. მისი მწვერვალიდან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება. მიწიერი ცხოვრებისას მაცხოვარი არაერთხელ ყოფილა ელეონის მთაზე. აქ ესაუბრებოდა მოწაფეებს, ასწავლა ლოცვა "მამაო ჩვენო" და თავადაც ლოცულობდა განმარტოებით.

ზეთისხილის მთას ოდესღაც წმინდა ელენე დედოფლის მიერ აგებული ტაძარი ამშვენებდა. მას ღია გუმბათი ჰქონდა, რათა მლოცველებს შეძლებოდათ ხილვა ცისა, სადაც დიდებით ამაღლდა მაცხოვარი სოფლისა. ამჟამად უფლის ამაღლების ადგილზე დგას მეჩეთი. შიგ დასვენებულია ქვა, რომელზეც უფლის მარცხენა ტერფია აღბეჭდილი.

უფლის აღდგომით და ამაღლებით მაცხოვარმა თითოეულ ჩვენგანს უდიდესი სასწაული გვაუწყა. ისიც, რომ მაცხოვრის აღდგომით სიკვდილი დაითრგუნა და მას ამაღლება მოჰყვა.

გვესაუბრება ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ისაია (გოგიბერიძე).

- ყველაზე დიდი, რაც უფალმა ჩვენთვის გაიღო და რაც ადამიანებს მოგცა დღესასწაულის სახით, მაცხოვრის აღდგომაა. ქრისტე აღსდგა! აღდგომიდან მეორმოცე დღეს ყველაზე დიდი სასწაული მოციქულების თვალწინ, ელეონის მთაზე მოხდა. მაცხოვრის ამაღლება მაგალითი უნდა იყოს ადამიანებისთვისაც და შევეცადოთ, სულიერად ავმაღლდეთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებით. როცა ბერები განმარტოვდებოდნენ უდაბნოში და სულიერად ცხოვრობდნენ, მათი ცხოვრების მიზანი იყო განღმრთობა, მიმსგავსება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების წესით სულიერ ფორმაში გადადიოდა. ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების წესი უფალთან მიახლოებაა. ადამიანი უნდა ამაღლდეს სულიერად და ღმერთთან მივიდეს თავისი მართალი ცხოვრებით, თავისი ცხოვრების წესით უარი უნდა თქვას ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. მაღლა დადგეს და რაღაც ეტაპი გაიაროს. წუთისოფელს სულიერად მოშორდეს და პირველ ადგილზე სულიერი ცხოვრება დააყენოს. თანამედროვეობაში სულიერი ცხოვრება ცოტა რთული გასაგები გახდა. იმდენად გვიზიდავს ამქვეყნიური ცხოვრება, რომ ერთი შეხედვით რთულია ამის გაკეთება, მაგრამ შეუძლებელიც არ არის. ღმერთი ისეთ რამეს არ დაუშვებს, ჩვენთვის შეუძლებელი რომ იყოს. ადამიანებს თავისი სისუსტეების გამო სათნოებების შესრულება სირთულედ ეჩვენებათ, მარხვის შენახვაც უჭირთ. სიკეთის გაკეთებაც, მოყვასის თანადგომაც.

ადამიანმა შეიძლება იკითხოს, - უფალი ამაღლდა და ადამიანი როგორ უნდა ამაღლდეს? რა თქმა უნდა, ადამიანი ისე ვერ ამაღლდება, როგორც უფალი ამაღლდა, მაგრამ სულიერად უნდა მოვწყდეთ, მოვშორდეთ წუთისოფლის ცოდვილ მიწას. თუ ადამიანი არ ამაღლდა და არ მოშორდა ცოდვას, ვნებას, რომელ ამაღლებაზეა საუბარი. უმჯობესია, დავტოვოთ, მოვიცილოთ ის ვნება, რაც გვიზიდავს და არ გვაძლევს უფლებას, სულიერ ცხოვრებაში დავწინაურდეთ. ადამიანი ფიზიკურ ზრდასთან ერთად, სულიერ ზრდასაც განიცდის. სულიერი უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური. სულიერ ცხოვრებას უნდა დავუთმოთ მეტი დრო და ყურადღება. უფალი იმიტომ ამაღლდა, რომ ადამიანმა სულიერი ზრდა განიცადოს. შეიძლება ერთეულები იყვნენ, რომლებიც იღებდნენ და იტევდნენ ღვთის მადლს. მათთვის მართლაც შესაძლებელი გახლდათ და არა დამაბრკოლებელიც, ხიბლში არ გადადიოდა მათი ამგვარი ქმედება. სულიერი ზრდა ძირითადად ეტაპობრივად გვიწევს. რადგან ეს მოხდა, ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ მასაც შეუძლია გაიაროს ის ეტაპი, რომელიც ბოლოს სამოთხეში დამკვიდრებით სრულდება. ის არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ნავსაყუდელი. ამას დამსახურება უნდა, ამისთვის უნდა ვიშრომოთ. სულიერი ამაღლებაა, როცა ადამიანი დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და იცხოვრებს ღვთის მცნებების დაცვით. სულიერი ამაღლებაა, როცა მარხვის მოახლოვება გვიხარია. მარხვა რომ გვიხარია, სიკეთის გაკეთება გვიხარია. ბევრ სამღვდელოებას და მრევლსაც უთქვამს, რომ არ მინდა, წირვის მსახურება მალე დამთავრდესო. ეს უკვე სულიერი ამაღლებაა. შენ უკვე ღვთის შვილი ხარ და სულ მაგაზე ფიქრობ და შინაგანად ისეთი განწყობა გაქვს, რომ უკვე გახარებს ყველაფერი. სულიერი ამაღლების გზაზე სიარული, სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ეტაპობრივად ხდება. ეს არის ალბათ სულიერი ამაღლება, რომელიც უკვე გახარებს. ამაღლების შემდეგ დაცემაც მოდის. როგორც წმინდა მამების პატერიკებში ვკითხულობთ, ბევრი დაცემულა, მაგრამ ყოველ დაცემას ამაღლება მოსდევს. ადამიანები ვართ, სისუსტეები გვაქვს, ცოდვებს ჩავდივართ, მაგრამ ამ დაცემას არ უნდა შევეგუოთ. რადგან დაეცი, უფალი უნდა გვახსოვდეს, შერიგება მოგვცა, პატიება მოგვცა, მაგრამ ჩვენ იმიტომ კი არ უნდა დავეცეთ, რომ ვთქვათ, უფალი მაინც გვაპატიებს. თუ დავეცით, ეს კარგია, რადგან ღმერთის იმედი გვაქვს და მოგვიტევებს. თუკი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ წარსულში სცოდავდა, უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ ის შეცდომა აღარ გაიმეოროს. ეს უკვე ამაღლებაა.

გისურვებთ, რომ მაცხოვრის ამაღლებას ამაღლებული, გაძლიერებული შევხვედეთ. გვეცხოვროს ღმერთით და მართლაც ღმერთი აღგვამაღლებს. ღმერთმა დაგლოცოთ.

ბეჭდვა
1კ1