როცა ვინმე ქრისტესთვის კვდება, მისი სხეული წმინდაა
როცა ვინმე ქრისტესთვის კვდება, მისი სხეული წმინდაა
მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდანებთან ერთად, თაყვანს სცემს და პატივს მიაგებს წმინდანთა ნეშტს ან მის ცალკეულ ნაწილებს. ეს ჩვეულება პირველივე საუკუნეებიდან მომდინარეობს... წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემასთან დაკავშირებით, ავჭალის წმინდა დიდმოწამე ქეთევანის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე გვესაუბრება.

- ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ქრისტეს მიმდევართა სასტიკი დევნის პერიოდში, მათ ნეშტს წამების ადგილზე ტოვებდნენ ან ცხოველთა საჯიჯგნად მიაგდებდნენ. მორწმუნეებს ღამით მალულად მიჰქონდათ მოწამეთა ნეშტნი უსაფრთხო ადგილზე - კატაკომბურ, მიწისქვეშა ეკლესიებში და იქ კრძალავდნენ. საღმრთო ლიტურგიას წმინდა მოწამეთა საფლავებზე ატარებდნენ. ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ წმინდანთა წმინდა ნაწილების თაყვანისცემა უკვე დაუფარავად ხდებოდა. მორწმუნენი ადრე ნაწამებ წმინდანთა ნაწილებსაც მოიძიებდნენ და სხვადასხვა ტაძარში გადააბრძანებდნენ. ეს სადღესასწაულო ვითარებაში ხდებოდა.

ჩვეულება წმინდანთა წმინდა ნაწილებზე ღვთისმსახურების აღსრულებისა დღემდე არსებობს. ამიტომაცაა ერთ-ერთი საღვთისმსახურო ნივთის - ოდიკის შუაგულში გამოკერებული რომელიმე წმინდანის ნაწილი. ოდიკი ტრაპეზზე წმინდა ბარძიმის ქვესაფენელია, რომლის გარეშე ღვთისმსახურების აღსრულება დაუშვებელია.

- რა დანიშნულება აქვს წმინდანთა სხეულის ან მათი ცალკეული ნაწილების თაყვანისცემას?

- მართლმორწმუნე ქრისტიანები არა მარტო წმინდანთა ნეშტებს, ნებისმიერი გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულს კრძალვით ეპყრობიან - მოწიწებით კრძალავენ და საფლავზეც ზრუნავენ, რადგან, ქრისტიანული მოძღვრებით, ადამიანის სხეული არის ტაძარი სულიწმინდისა, ამიტომ სხეულიც ისევე ღირებულია, როგორც სული და მას სათანადო პატივის მიგება სჭირდება. სული შეიძლება შევადაროთ მუსიკოსს, სხეული - ინსტრუმენტს, რომელთა შორისაც აუცილებლად უნდა არსებობდეს ურთიერთთანწყობა, რადგან თუ ის დაირღვა, ცხადია სათანადოდ ვერ იჟღერებს. ამიტომ მუსიკოსი ყოველთვის ზრუნავს ინსტრუმენტზე. ასეთივე ურთიერთთანწყობა უნდა სუფევდეს სხეულსა და სულს შორის. უნდა ვიზრუნოთ, რათა სხეული არ დაზიანდეს. პავლე მოციქული ამბობს, ვინც ტაძარი სულიწმინდისა - სხეული გახრწნას, იგი უფლისგან განიხრწნესო.

თუკი ნებისმიერი გარდაცვლილი ადამიანის სხეულს უნდა მოვეპყროთ კრძალვითა და პატივისცემით, მით უფრო თაყვანისცემა და კრძალვა სჭირდება წმინდანის სხეულს, რადგან იქ წლების მანძილზე მისი ღვთივსათნო ცხოვრებით განწმენდილი სული მყოფობდა და მისი ძალით და მადლით სხეულიც განიწმინდა.

- ამიტომაც შესწევთ წმინდანთა ნეშტებსა თუ მათ ცალკეულ ნაწილებს სასწაულქმედების ძალა, მათთან მიახლებისას ადამიანები ხომ ხშირად ხორციელ და სულიერ სნეულებთაგან იკურნებიან?

- "როცა ვინმე ქრისტესთვის კვდება, მისი სხეული წმინდაა... და დღესაც, თუ ვინმე მიეახლება წმინდა მოწამეთა ძვლებს, განწმენდის ძალას მიიღებს", - ბრძანებს ბასილი დიდი. წმინდა ნაწილებს კურნების გარდა განსაცდელთა ჟამს შეწევნის - ადამიანთა განსაცდელისგან დახსნის, ცოდვათაგან განწმენდის და რწმენაში განმტკიცების ძალაც შესწევთ. წმინდანთა წმინდა ნეშტებისგან მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულება. მაგალითად, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის (რომელიც IVს-ში მოღვაწეობდა) ხსენების დღეს, 25 დეკემბერს, მისი წმინდა, უხრწნელი სხეული ტაძრიდან გამოაქვთ და კუნძულის გარშემო ატარებენ, რომლის დროსაც მრავალი სასწაული ხდება. ამ დღეს კუნძულზე უამრავი ხალხი იყრის თავს. ერთხელ მათ შორის რუსეთიდან ჩასული პიროვნება მოხვდა. მან წმინდანის სხეულს მუმია უწოდა. წმინდა სპირიდონი ლუსკუმიდან წამოდგა და მიმართა: ხელი შემახე და დარწმუნდები, რომ მუმია არა ვარო. ღვთის შეწევნით, თავადაც მომეცა საშუალება, მომელოცა წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული. როდესაც ხელი შევახე, ცოცხალი მეგონა.

- როგორ ხსნის მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანთა სხეულების თუ ცალკეულ ნაწილთა უხრწნელობას? ზოგი თაყვანისცემის უარმყოფელი უხრწნელობის მიზეზად იმ გარემო პირობების - ნიადაგისა და ჰაერის - თავისებურებას მიიჩნევს, სადაც წმინდანის ნეშტი განისვენებს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ წმინდანთა სხეულები ხანგრძლივი მარხვის შედეგად არის გამოფიტული და ამიტომ არ იხრწნება...

- ეკლესიური მოძღვრებით, წმინდა ნაწილთა უხრწნელობა ღვთის ძალითა და ნებით ხდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც წმინდანის უხრწნელი სხეულის გვერდით გახრწნილი ნეშტიც უპოვიათ. ასევე, უხრწნელი სხეული ერთი ნიადაგიდან სხვა ნიადაგში გადაუსვენებიათ და კვლავ შეუნარჩუნებია უხრწნელობა.

ერთ-ერთი წმინდანის - იოსებ ბულგარელის უხრწნელი სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ გულში სისხლი მოძრაობდა.

- არსებობს წმინდა ნაწილები, რომელთაგან მირონი გადმოედინება. აქვთ თუ არა მირონმდინარე წმინდა ნაწილებს განსაკუთრებული ძალა და მადლი შეწევნისა?

- წმინდა ნაწილთაგან მირონის გადმოდინება არ ნიშნავს, რომ მათ შეწევნის განსაკუთრებული ძალა და მადლი აქვთ, მთავარი წმინდა ნაწილებთან მიახლებისას რწმენა და სასოებაა, ამავდროულად, საჭიროა წრფელი გულით ვითხოვოთ შეწევნა, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ იმ წმინდანებთან სულიერ სიახლოვეს, რომელთა წმინდა ნაწილებსაც ვემთხვევით და მათგან მადლი და შეწევნაც მოგვემადლება. რუსეთში, სოლოცკის უდაბნოში, წმინდა სერგისა და წმინდა საბას წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. ერთხელ მათ მოსალოცად ერთ-ერთი წმინდა მამა იყო ჩასული. საღამოს მსახურების შემდეგ, როდესაც მომლოცველები წმინდანთა ნაწილების თაყვანსაცემად მიდიოდნენ, მან ლუსკუმაზე მსხდომი წმინდა საბა და სერგი იხილა, რომლებიც მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევდნენ კურთხევას, რომლებიც მათ წმინდა ძვლებს რწმენით ემთხვეოდნენ.

- წმინდანთა სხეულის რომელიმე ნაწილს ხომ არ აქვს განსაკუთრებული შეწევნის ძალა?

- წმინდანთა სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირი ღირებულებისაა და ნებისმიერ მათგანს თანაბრად ძალუძს შეწევნა, რადგან მადლი ყველა მათგანისაგან ერთნაირი ძალით გადმოედინება. ძველად, როდესაც უფლის წმინდანთა ნაწილები ყველგან არ იყო, მათ ანაწევრებდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში გზავნიდნენ, რათა ქრისტეს მიმდევრებს წმინდა ნაწილებთან მიახლების საშუალება ყველა კუთხეში ჰქონოდათ.

- წმინდა ნაწილებს ძირითადად ლუსკუმაში ათავსებენ, ამიტომ მათთან მიახლებისას მორწმუნენი ეხებიან მხოლოდ ლუსკუმას. რა დანიშნულება აქვს მათ ლუსკუმაში ჩაბრძანებას და მასთან მიახლებისას იმავე ძალით მიიღება თუ არა მადლი?

- ლუსკუმასთან მიახლების შემთხვევაშიც ისევე მივიღებთ მადლს, კურნებას, როგორც უშუალოდ წმინდა ნაწილებთან მიახლებისას, რადგან მასში მოთავსებული სიწმინდის ძალით ლუსკუმაც განიწმინდება და იკურთხება. წმინდა და ღვთივსათნო ადამიანთაგან მომდინარე მადლი მათ ხელშენახებ ნივთებზე, მათ სამოსზეც კი გადმოდის. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ პავლე მოციქულის სარტყლის შეხებით, პეტრე მოციქულის ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ. ჭეშმარიტად წმინდად მცხოვრებთა მადლითა და ძალით აღსრულებული არაერთი სასწაული შეიძლება გავიხსენოთ. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირის ხელის შეხებაც კი კურნავდა სნეულთ. გავიხსენებ ერთ პატერიკს: ერთ-ერთ მონასტერში, სადაც წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი მოღვაწეობდა, ავაზაკი შეიჭრა - მონასტერი გაძარცვა, ბერიც მოკლა და მისი სამოსი ჩაიცვა. ღამის გასათევად სხვა მონასტერში მივიდა, სადაც წმინდა მამად მიიჩნიეს და უდიდესი პატივით მიიღეს, ფეხიც კი დაბანეს. მისი ფეხნაბანი სნეულ ბერს აპკურეს და ბერი გამოჯანმრთელდა. ესოდენ დიდი ძალა და მადლი ავაზაკზე სწორედ წმინდა ბერის სამოსიდან გადმოვიდა და იმდენად განწმინდა, რომ გულწრფელად მოინანია ცოდვები, იმავე მონასტერში დარჩა და მონაზვნად აღიკვეცა.

წმინდა ნაწილებს ლუსკუმაში იმის გამო ათავსებენ, რომ სიწმინდეები უკეთ იყოს დაცული.

- ნებისმიერ დროს შეუძლია თუ არა ადამიანს წმინდა ნაწილებთან მიახლება?

- წმინდა ნაწილების გამობრძანება ძირითადად წმინდანთა მოხსენიების დღეებში ხდება, მაგრამ მორწმუნეს შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს ტაძრის მოძღვართან, მისგან ლოცვა-კურთხევა აიღოს და იქ დაბრძანებული წმინდა ნაწილები მოილოცოს. ამასთანავე, ზოგ მონასტერში ყოველდღიურად ხდება იქ დაცულ სიწმინდეთა გამობრძანება. მაგალითად, ათონის წმინდა მთაზე, სადაც უამრავი წმინდანის ნაწილები ინახება, სერობის ლოცვას ყოველდღიურად თან ერთვის "აგიას ლიაპრა" - სიწმინდეების მოლოცვა. თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებენ მონასტერში დაცულ წმინდა ნაწილებს, რათა მომლოცველებს მათთან მიახლებისა და პატივის მიგების საშუალება ჰქონდეთ.

- აუცილებელია, რომ წმინდანთა ნაწილები ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ინახებოდეს?

- "ტაძრებში, რომლებიც მოწამეთა ნაწილების გარეშე იკურთხნენ, დაისხას წმინდა ნაწილები, ხოლო ის ეპისკოპოსი, რომელიც წმინდა ნაწილების გარეშე აკურთხებს ეკლესიას, განიკვეთოს როგორც საეკლესიო წესების დამრღვევი..." - ეს მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებაა, ამიტომ წმინდა ნაწილები ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ინახება.
ბეჭდვა
1კ1