ვიცოცხლოთ სიყვარულისთვის - ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა და მისი შესრულება კიდევ უფრო რთულია
ვიცოცხლოთ სიყვარულისთვის - ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა და მისი შესრულება კიდევ უფრო რთულია
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)

-მამაო, რას გვეტყვით იესოს ლოცვაზე? როგორ უნდა მოხდეს ამ ლოცვის დროს გონების კონცენტრაცია? რა სუბიექტური შეგრძნებები უნდა ჰქონდეს მლოცველს? ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ ამ ლოცვის მუდმივად წარმოთქმისას იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა სიტყვების მექანიკური გამეორება კი არ იყოს, არამედ მუდმივი ლოცვის მდგომარეობას მივაღწიოთ?


-იესოს ლოცვა არ არის რაღაც ინსტრუმენტი, რომელსაც გარკვეული ინსტრუქცია გააჩნია და მისი გაცნობის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება. იესოს ლოცვა, და საერთოდ ლოცვა არის მდგომარეობა და ეს მდგომარეობა დგება მხოლოდ იმ ადამიანის გულში, რომელშიც ქრისტესმიერი სიყვარულია. უსიყვარულოდ ლოცვა შეუძლებელია, ასეთი `ლოცვა" უბრალო მედიტაციაა და ამისთვის ათასი ჯურის ინსტრუქციების მოძებნა არ არის ძნელი.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლოცვის გარეშე სიყვარულის მოპოვება უაღრესად ძნელია.

ანუ თითქოს ერთგვარი მოჯადოებული წრე იკვრება, მაგრამ ღმერთმა აქედან ბრწყინვალე გამოსავალი შემოგვთავაზა - თავისი მხოლოდშობილი ძე მოგვივლინა ჩვენი უსიყვარულობის კომპენსაციად, ურომლისოდაც ჩვენ არაფერი ძალგვიძს. და თუ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარულის მოპოვების იმედით, განუწყვეტლად მოვუწოდებთ მას საკუთარ გულში, მაშინ ის გვაჩუქებს იმდენ სიყვარულს, რომ ჩვენ ლოცვა, ანუ მამასთან საუბარი შევძლოთ.

მთავარი წინაპირობა ამისთვის არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, ვიცოცხლოთ სიყვარულისთვის. ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა და მისი შესრულება კიდევ უფრო რთულია, მაგრამ ამის გარეშე ლოცვის მცდელობა და საერთოდ სულიერი ცხოვრება შეუძლებელია. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე არასწორია და საზიანო თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ერთგვარი მოდა იესოს ლოცვის ამა თუ იმ ტექნიკის დაუფლებაზე. ვიმეორებ, თუნდაც ადამიანი ნებისყოფის დაძაბვით დაეფლოს რაიმე ილეთს და გონების განუფანტავად კონცენტრირდეს უფლის სახელზე, თუ მას ქრისტესმიერი სიყვარული არა აქვს, მისი მოქმედება უბრალო ფსიქოსომატური პროცესია და არაფერი აქვს საერთო ლოცვასთან - ადამიანისა და ღმერთის სულიერ კონტაქტთან.


ბეჭდვა
1კ1