ჩვენი სურვილი ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა და ერთგულებისა ამ დროში საკუთარ თავთან ბრძოლით გამოიცდება
ჩვენი სურვილი ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა და ერთგულებისა ამ დროში საკუთარ თავთან ბრძოლით გამოიცდება

გვესაუბრება ძამის ხეობაში მდებარე სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი ანუბი (მენაღარიშვილი):

 

-მამაო,როგორ ვიცხოვროთ ერის ადამიანებმა?

 

-ძალიან მძიმე დროში მოგვიწია ცხოვრება. სწორად მცხოვრებს დინების წინააღმდეგ უწევთ წასვლა. გაუბრალოებულია სულიერი და შინაგანი ფასეულობები, ადამიანების დიდი ნაწილი სირაქლემას პოზიციაში ამჯობინებს ცხოვრებას და უბრძოლველად მიჰყვება იმ დინებას, რასაც წუთისოფლის საცდური და სიამოვნება ჰქვია.

 

ადამიანის ერთგულება ღმერთისადი სწორედ ასეთ დროს გამოიცდება. ჩვენი სურვილი ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა და ერთგულებისა სწორედ ამ დროში საკუთარ თავთან ბრძოლით გამოიცდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ არცერთი ჩვენთაგანი არ მოწყდეს იმ ბედნიერებას, რასაც ღმერთთან ყოფნა და სწორი ცხოვრება ჰქვია. როგორც კი საკუთარ თავში დავუშვებთ იმას, რომ დავნებდეთ და შევწყვიტოთ ყოველწამიერი ბრძოლა საკუთარ მესთან, ზუსტად იმ დინების ნაწილი გავხდებით, რაზეც წეღან ვსაუბრობდით.

 

სამწუხაროდ, ადამიანებს გვავიწყდება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რაც არ უნდა ბევრი სისუსტე იყოს ჩვენში, ერთიანად ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ და სულ გვახსოვეს, - როგორც ერთი მუჭა ქვიშა ვერასდროს ამოაშრობს ოკეანეს, ისე ვერ ამოწურავს, ადამიანის ცოდვების სიმრავლე ღვთის მოწყლებას და მის ჩვენდამი სიყვარულს. რაოდენ სუსტებიც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა მოგვაჩვენოს ეშმაკმა რომ ჩვენგან არაფერი გამოვა, ყოველთვის უნდა ვიმეოროთ ფსალმუნის სიტყვები: შენი ვარ უფალო, მაცხოვნე, მე. ეს ნიშნავს იმას რომ როგორებიც არ უნდა ვიყოთ, არასდროს უნდა მოვშორდეთ დედა ეკლესიას.ერთ-ერთი წმინდა მამა ადამიანის სულს სამჭედლოს ადარებს.

 

სამჭედლოს რომლის ერთ მხარეს მუდმივად და დაუღალავად ეშმაკი აკაკუნებს, მეორე მხარეს კო ჩვენ უნდა ვურტყათ და არასდროს დავნებდეთ, არ მივცეთ ეშმაკს იმის უფლება, რომ უიმედობით, სასოწარკვეთილებით დაგვღალოს და ბრძოლა შეგვაწყვეტინოს. დავიღალე ეს არის სიტყვა რომელიც არასდროს უნდა წარმოთქვას ადამიანმა საკუთარ თავთან ბრძოლაში.

 

არ დაგვავიწყდეს რომ ღმერთი, მხოლოდ ჩვენი ბრძოლის შემხედვარე შეგვეწევა და შეუძლებელს შეგვაძლებინებს. არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი წერს: -ადამიანების დიდი ნაწილი სახედარს ჰგავს. ვირი რომ გაჯიუტდება წინ უკიდებენ ბალახს ან თივას, ისიც იმის იმედად რომ ოდესმე შეწვდება მას და შეჭამს, მირბის. სახედარი ასე ტყუვდება. ადამიანების დიდი ნაწილიც სამწუხაროდ ასეა.

 

ამ შემთხვევაში ეშმაკი გვატყუებს არაფრისმომცემი სიამოვნებებით, გართობებით, მოუცლელობის ილუზიით და ადამიანიც იმ სახედრების მსგავსად მივსდევს მოჩვენებით ბედნიერებას. ჩვენი ცხოვრების მიწურულს, მაშინ როცა მოგვიწევს ღმერთთან წარდგომა, მივხვდებით, რომ არ გვაქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ ვაკეთებდით ამ ყველაფერს? რატომ ვცხოვრობდით ასე? რატომ ვსცოდავდით? ალბათ თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს მოვისმინოთ მსგავსი რამ საშინელ სამსჯავროზემ,ღმერთთან შეხვედრისას. ამიტომ სჯობს აქედანვე ვიფიქროთ და ყოველდღიურად ცოტა დრო დავუთმოთ ჩვენს მარადიულ ხვედრზე ფიქრს.

 

 

ბეჭდვა
1კ1