ღმერთი, როგორც მამა, სნეულებითა და სხვადასხვა მწუხარებით გვასაჩუქრებს
ღმერთი, როგორც მამა, სნეულებითა და სხვადასხვა მწუხარებით გვასაჩუქრებს
გვესაუბრება წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ბასილი მურმანიშვილი:
-ადამიანები სუსტები ვართ და ვერ ვხვდებით რატომ მოგვივლინა ღმერთმა ესა თუ ის განსაცდელი, რატომ გვაქვს სნეულება, დეპრესია, მოწყენილობა და ათასგვარი პრობლემები, რომლებიც ცხოვრებაში მოგვევლინა. ამის გარკვევას რომ არ შევეცადოთ თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, მთავარია, ღმერთს მივენდოთ და ჩვენი ნება ღმერთის ნებას დავუმორჩილოთ.

უფალმა უკეთესად იცის რა არის ჩვენი ცხონებისთვის საჭირო და აუცილებელი. ამცხოვრებაში არაფერია მარადიული, სიხარულს ტკივილი ცვლის, ტკივილს სიხარული.რაკი ქრისტეს ანგელოზებრივი მოქალაქეობით შევუდექით უდიდეს მოვალეობად გვეკისრება მწუხარებათა დათმენა განურჩევლად მიზეზისა. თუ ქრისტეს მიერი ცხოვრება გვსურს, ღვთის ნების მორჩილება გვმართებს, რადგან ყველაფერი ღვთისგან გვეძლევა. ღვთისგანაა? მაშასადამე, ღვთის ნებაა. ასე გვიბრძანებს ზეციური მამა. არ დავემორჩილოთ? ვითარცა უნდა უფალსა, ეგრეცა ქმნა, იყავ სახელი უფლისა, კურთხეულ.

მოთმინებით და ღვთისადმი მადლიერებით, უფლის ნების მორჩილებას გამოვხატავთ, ღვთის ნებას დამორჩილებულნი კი საკუთარ თავში საუკუნო ცხოვრებას აქვე მოიპოვებს. ამ ჭირით აღსავსე გზაზე, სნეულების და სხვა განსაცდელის დროს, მცირედმორწმუნეობის, მოუთმენლობის, სიმხდალის ეკალი, სულის სამოსლის დაფლეთვას ცდილობს, ამიტომ იგი რწმენით, სასოებით და მოთმინებით უნდა ამოვძირკვოთ. ჩვენი მაგალითი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მრავალი მწუხარება დაითმინა. მისი ყოვალდწმინდა სული ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა.

ღმერთი, როგორც მამა, სნეულებითა და სხვადასხვა მწუხარებით გვასაჩუქრებს, რადგან ეძებს გზას თავისი სიწმინდის გადმოსაცემად. როცა გასაჭირს ვითმენთ, ცხადად ჩანს, რომ ღვთის შვილები ვართ, შესაბამისად თუ ღვთისშვილობა გვსურს, უფლის მიერ მოვლენილი მწუხარება და განსაცდელი მადლობით, რწმენით და სასოებით უნდა დავითმინოთ. ადამიანის მიზეზით მოსული განსაცდელი ღვთისგანაა, შემწყნარებლობა, სულგრძელობა, თანაგრძნობა და მოთმინება რომ ვისწავლოთ. მთელი ცხორების ჭირთა თმენა ვერ შეედრება იმ მიუწვდომელ სიკეთეს, რაც ღმერთმა მათ განუმზადა ვინც ვნებიანი ბუნების, ადამიანებისა თუ ეშმაკებისაგან მოვლენილი განსაცდელის ჯვარს იტვირთავს.

როცა რაიმე ვნება ან უძლურება გვებრძვის და ვეწინააღმდეგებით, სწორედ ის გვექცევა მიზეზად რომ ნეტარების ღირსნი გავხდებით. ყველაფერი უნდა მოვითმინოთ, რადგან თითოეული განსაცდელისათვის გვირგვინი უხილავად იწვნება. როგორც მამები ამბობენ, ზამთარი მკაცრია, სამოთხე კი ტკბილი. დავითმინოთ განსაცელების ყინვა, რომ ზეცაში ვიმხიარულოთ.


ბეჭდვა
1კ1