ადამიანის ღირსება და კრიმინალური ავტორიტეტები
ადამიანის ღირსება და კრიმინალური ავტორიტეტები
ჩვენს ახლო წარსულში ცხოვრებიდან და აზროვნებიდან სარწმუნოების განდევნამ დააკნინა პასუხისმგებლობის გრძნობა ღვთისა და მოყვასის მიმართ. თანამედროვე, ზნეობრივად დეგრადირებული საზოგადოების შესახებ ბერი ფილოთეოსი წერს: "დღევანდელი ადამიანი თავშეუკავებელია, ერი თუ ბერი თავაწყვეტილი ცხოველივით გარბის ცოდვისაკენ. არ ფიქრობენ ღმერთზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე. მხოლოდ მატერიალური ინტერესები, მხოლოდ სხეულის სიამოვნებანი, მხოლოდ სახელი და დიდება. ძალიან ცოტაა, ვისაც ჭეშმარიტი მიზანი გააჩნია, და უფალი, ალბათ, მათი გულისთვის ინარჩუნებს ქვეყნიერებას".

ნიჰილიზმის, ღირებულებათა გაუფასურების გარემო ადამიანს ყალბი სიამოვნების ძიებისკენ უბიძგებს. ასეთი გარემო თავის შესაფერის, სუროგატ გმირებსა და ავტორიტეტებს შობს. იყო დრო, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილში ავტორიტეტულ და ღირსეულ პიროვნებებად ითვლებოდნენ ე. წ. "ქუჩური სამყაროს" წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი გაგება ღირსების, "კაი კაცობისა" და "კაი ბიჭობისა". სამწუხაროდ, ამ "შავმა გაგებამ" არაერთი თაობა იმსხვერპლა როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. კრიმინალურმა მენტალიტეტმა არნახულ მასშტაბებს განსაკუთრებით 80-იან წლებში მიაღწია. "კანონიერი ქურდების" ტრადიციები საზოგადოების თითქმის ყველა ფენას მოედო და სკოლებშიც შეაღწია. ქურდული იდეოლოგია იმდენად წახალისებული და რომანტიზებული იყო, რომ ბავშვები სკოლიდანვე "კანონიერ" ქურდობაზე ოცნებობდნენ, ცდილობდნენ, მიებაძათ მათი კერპებისათვის, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს იყო თავისუფალი, უტეხი სულის გამოვლინება. ქურდს უყურებდნენ, როგორც ღირსეულ და პატივსაცემ პიროვნებას. სამწუხაროდ, დღესაც მეტ-ნაკლებად შეინიშნება ამგვარი იდეოლოგიის გავლენა.

"კაი კაცობა კაი ბიჭობიდან იწყება და, რადგან ახალგაზრდობა ჩვენი ხვალინდელი დღეა, აუცილებელია, მათ დამაჯერებლად ესმოდეთ, თუ რა ძალებზე უნდა იყოს დაფუძნებული კაი კაცის გაგება: შავსა და ბნელზე თუ ნათელსა და ღვთიურზე". სწორედ დამნაშავეთა სამყაროს ცნობიერების შეცვლასა და უმთავრესად მომავალი თაობის სულიერ გადარჩენაზე ზრუნვა დაედო საფუძვლად ოთარ ნიკოლაიშვილის წიგნს: "პატიმართა იმედი და ნუგეში". წიგნის გარეკანზე წერია: "ჩვენი ნატვრაა, მალე ვიხილოთ გაბრწყინებული საქართველო. საქართველო - აღდგენილი ტერიტორიებით, სულიერად და ზნეობრივად ამაღლებული; საქართველო - არა ხელგაშვერილი, არამედ ენით, მამულით და სარწმუნოებით სხვებისთვის მაგალითის მიმცემი.

ვნატრობთ, მაგრამ ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობა ნარკომანიის ტყვეობაშია, ყალბი კრიმინალური "ფასეულობებით" არის შეპყრობილი, სანამ ახალგაზრდებში საგანგაშოდ მატულობს დაუნდობლობა და მკვლელობათა რიცხვი და ქვეყანაში იზრდება ახალაშენებულ ციხეთა და პატიმართა რაოდენობა, გაბრწყინებამდე შესაძლოა კიდევ ბევრი სასჯელი, მსხვერპლი და კატაკლიზმები ვიწვნიოთ". ავტორის მოკრძალებული სურვილია, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ერთი-ორი მაინც გადაურჩეს ცოდვას და მარადიულ სატანჯველს.

რა ძალებზე უნდა იყოს დაფუძნებული ღირსების გაგება; ვის უნდა მივიჩნევდეთ ავტორიტეტებად; ვის უნდა მივაგებდეთ პატივს და ვცემდეთ თაყვანს; როგორ უნდა მიმართოს ადამიანმა ლიდერობის ნიჭი, ყველა ის თვისება, უნარი და გაგება, რომლითაც ის აშკარად გამორჩეული და აღმატებულია სხვა ადამიანებზე; რას ნიშნავს ჭეშმარიტი ღირსება და თავისუფლება... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრებიან ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური: მამა ზურაბ მჭედლიშვილი და სოფელ დიღმის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო მენაბდე.

- რა სულიერ დეფიციტს განიცდიდა თქვენი თაობა?

მამა შიო: - ყოველივე სიკეთის საფუძველი არის ღმერთი, ადამიანი კი არის შესაქმის გვირგვინი. ღმერთმა ადამიანს მისცა ყველაფერი (სულიერი, ფიზიკური, მშვინვიერი მონაცემები), რაც მისი ბედნიერებისთვის არის საჭირო. უფალმა მოგვცა სილამაზის, ტკივილის, სიხარულის შეგრძნების, თანაგრძნობის უნარები და ეს თავისთავად არის სრულყოფილების გამომხატველი. როცა ადამიანი ეჯახება ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს, ჩნდება მისი გადალახვის აუცილებლობა. თუკი ადამიანი უფალთან ახლოსაა, ღმერთი ეხმარება ამ წინაღობის გადალახვაში. მაგრამ როცა ეს ასე არ არის, მაშინ ადამიანი ექცევა ჩიხში და იწყებს გამოსავლის ძიებას. ჩემმა თაობამ გამოიარა დრო, როცა ეკლესიის ზარები არ რეკდნენ, არ მოგვიხმობდნენ, არ იყვნენ მოძღვრები, სულიერი ავტორიტეტები. ამ თაობის გმირებად, ღირსეულ და მისაბაძ ადამიანებად ითვლებოდნენ ქუჩის, ე. წ. "შავი სამყაროს" ავტორიტეტები, რომელთაც პატივს მიაგებდნენ ახალგაზრდები.

- თუ ვაღიარებთ, რომ სიცოცხლე და სხვა ყოველივე ადამიანს ეძლევა ღვთისაგან, მაშინ ყველაზე ღირსეულ ავტორიტეტად ეკლესია, მასში დავანებული სიბრძნე და ნათელი სულით აღვსილი ადამიანები უნდა მივიჩნიოთ. ე.ი. თავი და თავი ურწმუნოებაა, რომელიც საფუძვლად უდევს კრიმინალური მენტალიტეტის ჩამოყალიბებას...

მამა ზურაბი:
- დიახ, ადამიანი, როგორც ქმნილება და ხატება, კოსმოსის მეუფედაა შექმნილი. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში მეუფებრიობას ატარებს, მმართველად, განმგებლად განიცდის თავს. ჩვენში ყოველთვისაა სწრაფვა მართვის, პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელებისა. როცა ამ უნარს ღვთისა და მოყვასის სიყვარული ავსებს, მაშინ ყველაფერი კარგად მიდის. ეს ნათლად ჩანს ქრისტიანული ოჯახის მაგალითზე. თუ მის სათავეში ღირსეული, პასუხისმგებლობით აღსავსე, კეთილად განმგებელი მამაკაცი დგას, მაშინ ოჯახში წესრიგი და სიმყუდროვეა, რადგან აქ სიყვარულით გვარდება ყველაფერი. ნებისმიერი პასუხისმგებლობის მტვირთველისათვის პირველწყარო სიყვარული უნდა იყოს. ადამიანის ამგვარ ფორმირებას უცილობლად სჭირდება სულიერი მასაზრდოებელი და ქართულ სინამდვილეში ამ მისიას ოდითგანვე ეკლესია ასრულებდა. ეკლესიის წიაღში აღზრდილი თაობებისათვის მისაბაძი და ღირსეული მაგალითი ყოველთვის იყო, არის და იქნება კაცობრიობის გამომხსნელად ჯვარცმული მაცხოვარი. შემდგომ უკვე ამგვარად აღზრდილი ადამიანები ხდებოდნენ მისაბაძი სხვათათვის. სამწუხაროდ, ათეიზმის ეპოქაში გაბატონებულმა იდეოლოგიამ უარი თქვა ღმერთზე და იგი ჩანაცვლდა საბჭოთა სოციალიზმით, რომლისთვისაც მთავარი იყო არა ადამიანის სულიერი აღზრდა, სიყვარული, კეთილდღეობა, არამედ ზრუნვა თავსმოხვეული იდეოლოგიის შესანარჩუნებლად. პიროვნება უარყოფილი იყო, რასაც ადამიანის მანკიერად ჩამოყალიბება და ღირსების დაკარგვა მოჰყვა. სწორედ ამ მანკიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა ე. წ. ქუჩური სამყარო.

- მაინც, რა ითვლებოდა თქვენს თაობაში ვაჟკაცობად?

მამა შიო:
- ვაჟკაცობა ყოველთვის დაფასებული იყო ყველა საუკუნეში. ვაჟკაცი, "კაი ყმა", უნდა ყოფილიყო გულადი, გაუტეხელი, მხნე, უშიშარი, ბრძოლაში შეუდრეკელი და ა. შ. ყველა ადამიანში შინაგანად არის ბრძოლის ჟინი. როდესაც ჩემი თაობის ბიჭებს მილიცია იჭერდა, მათი მხრიდან ვაჟკაცობის და ღირსების გამოვლინებად ის ითვლებოდა, რომ არ გათქვამდა, არ დააბეზღებდა მეგობარს, ვისთან ერთადაც დანაშაული ჩაიდინა. ვაჟკაცობად აღიქმებოდა სხვისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება და ეს ხდებოდა მისაბაძი მაშინდელი თაობისთვის.

მამა ზურაბი:
- თუ სხვისი დანაშაულის მტვირთველს ნამდვილი, ჭეშმარიტი დახმარების სურვილი ამოძრავებს, მაშინ იგი გამართლებულია. ამ ქმედებას უცილობლად უნდა მოჰყვეს ისეთი მხილება, რომელსაც მაცხოვარი გვასწავლის: "უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ანუ ორი სხვაი, რათა პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა. ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი (მათე, 18, 15-17)". ასე რომ, დიდი ვაჟკაცობა ისაა, დანაშაულის ჩამდენისთვის სიმართლის თქმა შეგეძლოს. უპირველესად, ამას დიდი სიყვარული სჭირდება საიმისოდ, რომ მეგობრის სასიკეთოდ იმოქმედო. მითითება, მხილება, განსჯა, შეგონება სიყვარულით უნდა მოხდეს და არა შეურაცხყოფის, დამცირებისა და დაჩაგვრის მიზნით, შენიშვნა კონკრეტული მანკიერების აღმოსაფხვრელად და გამოსასწორებლად უნდა ითქვას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გაუთვალისწინებლად დანაშაულის დაფარვა იგივეა, რაც თანამონაწილეობა, ადამიანის კრიმინალად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. ხშირ შემთხვევაში, ის, ვინც ავტორიტეტად აყალიბებს თავის თავს, საკუთარი, ბნელი მიზნებისთვის იყენებს ადამიანებს, რომელთაც შიშის ფონზე ატვირთვინებს პასუხისმგებლობას ისეთ დანაშაულზე, რაც მას არ ჩაუდენია. იქ, სადაც შიში და ძალადობაა, სიყვარულს აღარ რჩება ადგილი. განა შეიძლება მსგავსი მოქმედება ღირსეული და მისაბაძი იყოს?! განა ცოტაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუნდაც უახლოეს წარსულში, გმირობისა და მოყვასისთვის თავდადების მაგალითები?!

- მაინც, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ასე იცვალა სახე ვაჟკაცობის კლასიკურმა ფენომენმა და ამ სახითღა შემორჩა თანამედროვე ყოფაში, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების რაღაც ნაწილის ცნობიერებაში?

მამა შიო: - ომის პერიოდში ადამიანს ჰქონდა ღვთისგან ჩადებული თავდადებისა და სიმამაცის გამოვლენის საშუალება. მას ჰქონდა ასპარეზი. მაგრამ, როცა მშვიდობა დამყარდა, ადამიანს უკვე აღარ ჰქონდა შინაგანი სულიერი მუხტის დახარჯვის საშუალება. თუკი ადრე იყვნენ ომის გმირები, მერე უკვე წამოვიდნენ სოციალისტური შრომის გმირები. ახალგაზრდა თაობისთვის ეს გმირები ნაკლებად მისაბაძნი იყვნენ. ასპარეზი თითქოს დაცარიელდა. ახალგაზრდობას პროტესტი გაუჩნდა კომუნისტური მენტალიტეტის მიმართ, რადგან მის მიერ თავსმოხვეული იძულებითი ჩარჩოები ადამიანური ბუნებისთვის მიუღებელი იყო. ალტერნატივა არ არსებობდა. ადამიანი უნდა გამხდარიყო ან კომუნისტური იდეოლოგიის მსახური - ანდა შავი სამყაროს წარმომადგენელი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქოსდა უფრო თავისუფალი იყო ადამიანი და უფრო მეტად შეეძლო ბუნებრივი ღირსების რეალიზება, თავისი "სიმართლის" გატანა. რადგან სიმართლე არც მეორე მხარეს იყო, იმიტომ რომ, უღირსი მეთოდებით ხდებოდა კარიერის გაკეთება. ხოლო მესამე, - ჭეშმარიტების გზა, რომელსაც ჰქონდა კანონებისა და ღირსებების აბსოლუტურად სწორი საფუძველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი თაობისთვის დაფარული იყო. ეს ადამიანები ვითომდა უარესში უკეთესს ირჩევდნენ. კომუნისტები, საერთოდ, ღმერთს ებრძოდნენ; "შავი სამყაროს" წევრები კი "არა იპარო" მცნებას არღვევდნენ, მოპარვით თავს იწონებდნენ, თუმცაღა, კისერზე ჯვრებს მაინც ატარებდნენ. ეს ორივე გზა მცდარი იყო. ჭეშმარიტი გზა იყო ღვთის მცნებების დაცვის, ნამდვილი ვაჟკაცობის, ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალებისა და პრინციპების განხორციელების გზა. ქრისტიანობა გამორიცხავს ქურდობასაც და დაბეზღებასაც. იგი ადამიანს ჭეშმარიტ ღირსებასა და თავისუფლებას ანიჭებს.

- დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ "კანონიერი" ქურდების ინსტიტუტი საბჭოური ფენომენია. იგი საბჭოთა ხელისუფლების ფარული ხელშეწყობითა და ნებართვით შეიქმნა კრიმინალური სამყაროს გასაკონტროლებლად. ასე რომ, უსაფუძვლოა, ვიფიქროთ, რომ ეს იყო უსამართლობისადმი შეურიგებლობა და კომუნისტური მმართველობის მიმართ პროტესტის გამოხატულება. პირიქით, ეს იყო ბნელ ძალებთან თანამშრომლობა. ეს ინსტიტუტი აბსოლუტურად დემონური ძალების მიერ იყო მართული...

მამა ზურაბი: - როდესაც ადამიანი მეუფებრიობის უნარს სასიკეთოდ კი არ იყენებს, არამედ საკუთარი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად, ის უცილობლად მრავალნაირი ძალადობის სახით ყალიბდება. მოძალადის ცნობიერება კი იმისკენაა მიმართული, რომ თავად იყოს ეპიცენტრი, აკონტროლებდეს ყველაფერს, მხოლოდ ის იღებდეს გადაწყვეტილებებს, რაც თავიდან ბოლომდე ეგოცენტრულია. თუ ქრისტიანისთვის უმთავრესი საყრდენი ღვთისა და ადამიანის სიყვარულია, ავტორიტეტი კი - იესო ქრისტე, ე. წ. შავი სამყაროს ლიდერთათვის საკუთარ თავზე ზემდგომი არვინაა, მათთვის ავტორიტეტი საკუთარი "მე"-ა. აქედან გამომდინარე, ამგვარი ცნობიერებისათვის უცხოა სხვაზე ზრუნვა, სიკეთე, პატიება, შეცდომის აღიარება. ის ყველაფერს თავისი შეხედულებებიდან, შეგნებიდან წყვეტს და უმეტესწილად ეს გადაწყვეტილება ძალადობრივი და შიშზე აგებულია. ღირსება და ვაჟკაცობა, მათი გაგებით, გულისხმობს სხვის დაჩაგვრას, შეურაცხყოფას, საპირისპირო აზრის შეუწყნარებლობას. "კაი ბიჭებს" თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ჭეშმარიტებად მიაჩნიათ და საკუთარი აზრის პატივისცემის დანერგვას ძალადობით ცდილობენ. ასე რომ, ერთი შეხედვით იმ წრეში მათ მიმართ არსებული პატივისცემა თავიდან ბოლომდე შიშითაა გამოწვეული და არა ამ ადამიანების პიროვნული ღირსებებით. მათი "ავტორიტეტი" თავის დროზე კარგად გამოიყენა თავადაც შიშზე დაფუძნებულმა საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ. ეს დიქტატორული რეჟიმი ხალხის სამართავად იყენებდა მათ როგორც ციხეში, ასევე გარეთ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ სამყაროს წარმომადგენლები საკუთარ თავს "მართალს" უწოდებენ. ისინი ყოველთვის "მართალ" სიტყვას ამბობენ, მათი მოქმედება ყოველთვის "მართალია". ეს უკიდურესი ამპარტავნება, ზეობაა საკუთარი თავისა. ნამდვილი ვაჟკაცობისა და ღირსების პირველწყარო ყოველთვის სიყვარულია, მართალი ადამიანი კი - თავმდაბალი და მოკრძალებულია. თითქმის საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ჩვენი ერის მოამაგე მამისთვის, დიდი ილიასთვის საქართველოს ეკლესიას წმინდა ილია მართალი ეწოდებინა. ის, რომ მართალი კაცი, ღირსეული ადამიანი ხარ, შენი ცხოვრების წესით უნდა დაამტკიცო. ძალადობაზე დაფუძნებული ყველა მოქმედება თავდაყირა აყენებს ჭეშმარიტ ადამიანურ ფასეულობებს. კაცი, რომელიც საკუთარ თავს "კაი ბიჭს" უწოდებს, ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითად ვერანაირად ვერ ჩაითვლება! ის მოტყუებულ მდგომარეობაშია. ამ იდეოლოგიამ ბევრ თაობას მიაყენა ზიანი, მრავალი ადამიანი დაღუპა, დაიკარგა ის პოტენციალი, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა და გაღება შეეძლო. ქრისტიანული თვალთახედვით, ადამიანის ყოველი მოქმედება, რომლის მიზანი სხვისი შეურაცხყოფაა, ამავდროულად უფალსაც შეურაცხყოფს. რა საერთო აქვს ყოველივე ამას ღირსებასთან?! რა მნიშვნელობა აქვს, ათეისტთა მსგავსად სიტყვით აცხადებ შენს ურწმუნოებას თუ ამას მოქმედებით ამტკიცებ?! პირიქით, მით უარესი, თუკი ამბობ, აღიარებ, რომ მორწმუნე ხარ და რწმენას ამოფარებული ათასგვარ უბედურებას სჩადიხარ.

ბეჭდვა
1კ1