საშინელება ის კი არ არის, რომ დაეცი, არამედ დაცემის შემდეგ რომ არ დგები
საშინელება ის კი არ არის, რომ დაეცი, არამედ დაცემის შემდეგ რომ არ დგები
"საშინელება ის კი არ არის, რომ დაეცი, არამედ დაცემის შემდეგ რომ არ დგები; უბედურება ის კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ ის, რომ ცოდვას არ განეშორები" , - ბრძანებს იღუმენი საბა. მართლაც, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს უჭირს წარსულში დაშვებული შეცდომების გავლენისგან განთავისუფლება. საზოგადოებაც, დახმარების მაგივრად, ხშირად სიმკაცრესა და დაუნდობლობას იჩენს მის მიმართ და ხშირად წამოსძახებს შეცდომებს... რა უნდა ქნას ადამიანმა, როგორ მოიშუშოს სულიერი წყლულები, როგორ მოიკრიბოს ძალები დაცემის შემდეგ კვლავ ფეხზე წამოსადგომად, ცხოვრების გასაგრძელებლად?.. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი.

- ხშირად ადამიანი ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს. ხანდახან ესა თუ ის ცოდვა სუსტ წერტილად იქცევა ხოლმე და მისი ნებისყოფა აქ ტყდება. რატომ ხდება ასე?

- ქრისტიანის ცხოვრების უდიდესი ნაწილი ცოდვასთან ბრძოლაში გადის. ცოდვა, გარკვეულწილად, კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, რამეთუ ირღვევა უფლის მიერ დადგენილი სულიერი ყოფის კანონები. ცოდვით დაცემა აზიანებს არა მარტო იმ ადამიანს, ვინც სცოდავს, არამედ სხვებსაც.

პარადოქსია, მაგრამ ადამიანს ძალიან უჭირს იმ კანონების დაცვა, რომელიც მისსავე საკეთილდღეოდ შეიქმნა და აქვს მათი დარღვევის დაუძლეველი სურვილი. ადამიანი, რომელსაც ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ცოდვის ჩადენის ჩვევები, შეგუებულია თავის დაცემულ მდგომარეობას და ვეღარ ამჩნევს მის დამანგრეველ მოქმედებას. ზოგჯერ ადამიანი შეიყვარებს ცოდვას და ზნეობრივი სიბრმავის მდგომარეობაში აღმოჩნდება. მომაკვდინებელი ცოდვები ართმევენ სულს ღვთიური მადლის აღქმის უნარს და იმდენად აზიანებენ სულს, რომ ძალიან რთულია მისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.

- ხანდახან სინდისის ქენჯნა ადამიანს უფრო მძაფრად წარმოადგენინებს თავის შეცოდებებს. ზოგიერთს საჭიროზე მეტად აქვს გაძლიერებული სირცხვილის განცდა, რის შედეგადაც თავის თავზე იღებს იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე საჭიროა. უკიდურეს შემთხვევაში, სირცხვილის განცდა შეიძლება ისეთი ძლიერი გახდეს, რომ საკუთარი თავის ზიზღშიც კი გადაიზარდოს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი სიამოვნებასაც კი იღებს თვითგვემისაგან. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამგვარი უკიდურესობისაგან?

- ჩვენ ხშირად შევთხოვთ უფალს, დაგვეხმაროს საკუთარი ცოდვების დანახვაში. მათი გაცნობიერება ხშირად ჩვენს ტანჯვასა და სინდისის ქენჯნას იწვევს. როგორც სასულიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, თუ ცოდვების გაცნობიერების შემდეგ ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, ეს მის მცირედმორწმუნეობაზე მიუთითებს, ეს ნიშნავს, რომ მან ვერ შეიმეცნა უფლის უსაზღვრო გულმოწყალება და სიყვარული. ხშირად იმასაც შევთხოვთ უფალს, განამტკიცოს ჩვენი გადაწყვეტილება ცოდვიანი ჩვევებისა და ჩვეულებების დატევებისა. ნამდვილ სინანულს მუდამ თან უნდა ახლდეს იმედი, ნდობა უფლისა. თუ ასეა, ცოდვის ყველაზე სრულყოფილად დანახვა და გაცნობიერებაც კი ვერ გამოიწვევს იმ უიმედობასა და ტანჯვას, რაზეც ზემოთ იყო საუბარი. დარდი და წუხილი საკუთარი დაცემის გამო მორწმუნისთვის სასარგებლოც კია, ისინი ამარცხებენ ადამიანში სიამაყესა და ჭარბ თავდაჯერებულობას, რომლებიც ხშირად ცოდვების საფუძვლად გვევლინებიან.

ზოგიერთი ადამიანი ბევრს წუხს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ ამით ვერაფერს აუმჯობესებს. დანაშაულზე წასწრებული ქურდიც არ უარყოფს დანაშაულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ინანიებს. ადამიანი, რომელიც აქ ჩერდება და არ მიდის სინანულისა და აღსარებისაკენ, განწმენდისა და გამოსწორების ნაცვლად უფრო ბოროტდება, და ამას მისივე დაცემის თვალნათლივ გაცნობიერება იწვევს. ამბობენ, რომ განსაცდელი განწმენდს ადამიანს, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი მის ქრისტიანულად გადატანას ეცდება.

- აღსარება ანუ საკუთარ თავთან ანგარიშის გასწორება რამდენად ეხმარება ადამიანს სულიერად ფეხზე წამოდგომაში? სანამ საიდუმლომდე მივა, ალბათ ადამიანმა საკუთარ თავს თავად უნდა გასცეს პასუხი, გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა...

- საერო ცხოვრებაში ასე ფიქრობენ, იქნებ იმისათვის,რომ არ შევცოდოთ, არ დავეცეთ, ან დაცემის შემდეგ წამოვდგეთ, სულაც არ არის აუცილებელი ეკლესია. განა არ არსებობენ არაეკლესიური ადამიანები, რომლებიც წესიერად, ზნეობრივად ცხოვრობენ, ხომ არსებობს საერო ეთიკა? რასაკვირველია, შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი სულიერ ცხოვრებას არ უკავშირდება, ადამიანი, რომელიც მკაცრად იცავს ეთიკის ნორმებს, მიღებულია საზოგადოებაში, სულიერი თვალსაზრისით შეიძლება ისეთი ცოდვით იყოს დაზიანებული, რომელიც საერო ნორმებს ნაკლებად არღვევს, გარეგნულადაც არ ვლინდება. მაგალითად, ჭარბი თავდაჯერებულობით, სიამაყითა და პატივმოყვარეობით, გრძნობადი სიამოვნებებით. ის, შესაძლებელია, ვერც აცნობიერებდეს საკუთარი ბუნების დაცემულობას. ადამიანი ხომ საბედისწეროდ არის დამოკიდებული თავად საზოგადოების ნაკლოვანებებსა და ცოდვით დაცემულობაზე. ასე იყო და იქნება ყველა ეპოქაში; რომ არა თავისუფალი ნება, რომელიც ეხმარება ადამიანს, წინ აღუდგეს საზოგადოების დესტრუქციულ ზემოქმედებას და აკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებაზე.

ცოდვა ყოველთვის ამაზრზენად როდი გამოიყურება. ასე რომ იყოს, ადამიანები ხარბად არ დაეწაფებოდნენ მას. ის საკმაოდ მიმზიდველია. მისი ჩადენის შემდეგ ადამიანს თითქოს არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ სირცხვილისა და შიშის გამო დაემალოს უფალს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ცოდვას ძალა აქვს მანამ, სანამ ადამიანი დუმს მის შესახებ, საიდუმლოდ ინახავს მას. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანი ვერასდროს დაივიწყებს საკუთარ დანაშაულს და ის, ამა თუ იმ ფორმით, ხშირად წარმოუდგება და გატანჯავს მის ისედაც შეჭირვებულ სინდისს.

- მარცხი და შეცდომა აუცილებელიც კია ადამიანის განვითარებისათვის. ამ დროს ხდება გამოცდილების დაგროვება. ალბათ სასარგებლო იქნება, ამგვარი თვალითაც თუ შევხედავთ ამ საკითხს...

- ცხოვრებისეული პოზიტიური ცვლილებები მომენტალურად ხდება. ყველა ჩვენგანი ელოდება განსაკუთრებულ შემთხვევას, რათა მიიღოს რამეს შეცვლის გადაწყვეტილება. ადამიანი ებღაუჭება ჩვეულ სტერეოტიპებს, ძველ წარმოდგენებს გარემოს შესახებ. ცვლილების პერსპექტივა ბევრს აფრთხობს. გახდე სხვაგვარი, თავი დააღწიო ჩვეულ მოჯადოებულ წრეს, ბევრი ადამიანისათვის სირთულეს წარმოადგენს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ცვლილება შრომატევადი, ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ტანჯვა სინდისის ქენჯნისა და თვითგვემის გამო კიდევ უფრო განამტკიცებს ამ განცდებს. სინამდვილეში საქმე არც ისე უიმედოდაა. გავიხსენოთ შემთხვევები ჩვენი ცხოვრებიდან, როცა ერთი ადამიანის, ერთ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო კარდინალურად შეგვიცვლია ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვენი გეგმები და მიზნები. ასევე მომენტალურად შეიძლება უარი ვთქვათ მანკიერ წარსულზე და ამას შევხედოთ არა როგორც პრობლემას, არამედ ერთ-ერთ მორიგ ეტაპს უფლისაკენ მიმავალ გზაზე.

- ადამიანი ხშირად თავს იმართლებს, გარკვეულწილად ეძებს შეღავათებს. ზოგჯერ ადგილი აქვს საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას, რამდენად მნიშვნელოვანია იმის დაჯერება, რომ ქრისტიანს ყოველთვის შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს; რომ უბედურება წაქცევა კი არა, ადგომის უუნარობაა?

- ცოდვის დაძლევის გზაზე ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს. საკუთარ თავზე გამარჯვება ერთი შეხედვით კარგად ჟღერს, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარ თავთან ბრძოლის პროცესში მოგებულიც ჩვენვე ვართ და წაგებულიც, რადგან ამ ომში არ არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე. სჯობს, ვებრძოლოთ ცუდ ჩვეულებებს, ცუდ თვისებებს ჩვენში. ეს საკუთარი თავის ზიზღში არ უნდა გადაიზარდოს. თუ ცოდვიანობის გამო შევიძულებთ საკუთარ თავს, როგორღა შევასრულებთ უფლის მცნებას, რომ გვიყვარდეს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი, როგორ გავიგებთ სხვისას, როგორ თანავუგრძნობთ მას, თუ საკუთარი თავის მიმართ გულგრილები და განურჩევლები, უარეს შემთხვევაში კი სიძულვილით აღსავსენი ვიქნებით? ბრძოლის ნაცვლად, სასურველია, ადამიანი დაუმეგობრდეს თავის "მე"-ს, საკუთარი თავის სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, ჩვენ ხომ უფლის საყვარელი ქმნილებანი ვართ, მაგრამ ეს ეგოიზმსა და ნარცისიზმს როდი ნიშნავს, უბრალოდ, შევხედოთ საკუთარ თავს მოყვარული ადამიანის თვალით.

შეცდომის დაშვების უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამით ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას, მაგრამ თუ შეცდომის დაშვების შიშით არაფერს ვაკეთებთ, არაფერს ვცვლით, ეს აღარ იქნება ჩვენი ზრდის ფაქტორი. ყველაზე კარგი, რაც დაცემის, მარცხის შემდეგ შეიძლება მოვიმოქმედოთ, ეს არის მისი აღიარება და აქცენტირება იმისა, თუ რა ვისწავლეთ, რა გამოცდილება მივიღეთ თუნდაც ყველაზე საშინელი დაცემისგან. გამოსწორება და სრულყოფისაკენ მისწრაფება ადმიანის მუდმივი სამიზნე უნდა იყოს, მაგრამ როცა იდეალის პოზიციიდან ვაფასებთ თავს, ხშირად არასრულფასოვნების მტანჯველი განცდა გვეუფლება და კიდევ უფრო გვიკარგავს შეცვლის სტიმულს. მოდი, თავი შევადაროთ არა სრულყოფილების იდეალს, არამედ თუნდაც იმას, რანიც ვიყავით გუშინ. მაღალი იდეალები ხომ, როგორც წესი, მიუღწეველია, მით უმეტეს, მომენტალურად, მყისვე. ადამიანების უმეტესობას კი საკუთარი ცხოვრებისეული პოტენციალის მესამედიც კი არ აუმოქმედებია. თუ ადამიანს სურს თავი დააღწიოს თვითგვემის ჭაობს და ახლებურად დაიწყოს ცხოვრება, ქმედებაზე უნდა გადავიდეს, გადადგას რეალური ნაბიჯები დღეს, აქ და ამჟამად.

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს გააჩნდეს უარის თქმის უნარი, თუ საზოგადოება ითხოვს მისგან იმას, რაც ააცდენს ცვლილების გზას, რაც არ შეესაბამება მის გადაწყვეტილებას. ნურასდროს ვიფიქრებთ, რომ კომპრომისზე ერთხელ წასვლა არაფერია. უნდა გამოვიმუშაოთ "არა"-ს ავტომატურად, მყარად და ამავე დროს მშვიდად განცხადების ჩვევა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი წარმატება და "წამოდგომა".

- რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, თავისი შეცდომების გამოსწორების თვალსაზრისით, ირგვლივმყოფთა დახმარება, თანადგომა, გამხნევება... რამდენად ფასეულია ასეთ დროს თითოეული გამოწვდილი ხელი, ღიმილი, კეთილგანწყობა, ნდობა?

- ნებსით თუ უნებლიეთ სხვა ადამიანები, ზოგჯერ კი მთელი საზოგადოება, ადამიანს გადასცემს "შეტყობინებას", რას მოელის მისგან. თუ ჩვენ ვურთიერთობთ ადამიანთან, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, რომ დაეცემა, ის აუცილებლად გაამართლებს ჩვენს მოლოდინს. ამას ხელს უწყობს ადრეული ბავშვობიდან მინიჭებული მუდმივი ეპითეტები ადამიანის მიმართ, ე.წ. იარლიყები. ამიტომაც არის, რომ "უქნარა", ჩვენი მოლოდინისამებრ, ბეჯითი ვერ ხდება, "ღორმუცელა" განაგრძობს თავშეუკავებლად კვებას, "უიღბლო" ვერაფერს აღწევს, "უსინდისო" მორალთან ისევ მწყრალად არის, ყველა ამართლებს ჩვენს მოლოდინს მათ მიმართ. ფსიქოლოგიაში ცნობილია ასეთი ექსპერიმენტი: ბოსტონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ მოსწავლეებთან ჩატარებული ტესტირების საფუძველზე ნავარაუდევია, რომ ზოგიერთი მათგანი სასწავლო წლის ბოლოსათვის მიაღწევდა განსაკუთრებულ შედეგებს, გვარებიც იყო მითითებული. სინამდვილეში ეს იყო ყალბი ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ სასწავლო წლის ბოლოსათვის ამ მოსწავლეებმა ორჯერ მეტად გააუმჯობესეს ინტელექტის კოეფიციენტი, ვიდრე ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. როგორც მკვლევრებმა დაასკვნეს, ამის მთავარი მიზეზი მასწავლებლების მოლოდინი იყო მოსწავლეთა მიმართ. შესაბამისად ისინი მათ ექცეოდნენ უფრო თბილად და მეგობრულად, მათგან მეტს ითხოვდნენ, უფრო ხშირად აძლევდნენ თავის გამოჩენის, პასუხის საშუალებას.

ერთი ბრძენი ადამიანის ნათქვამია: "მოექეცი ადამიანს ისე, თითქოს უკვე გახდა ისეთი, როგორიც გსურდა, რომ გამხდარიყო. მას არაფერი დარჩება იმის გარდა, რომ სწორედ ასეთი გახდეს". ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც საბოლოოდ არ დაუკარგავთ წამოდგომის იმედი და სურვილი. ეს იქნება დაცემულისათვის თქვენგან გაწვდილი ხელი და ის აუცილებლად დაგიფასებთ ამას.

ოპტიმიზმი და პესიმიზმი - სამყაროს ხედვის ეს ორი განსხვავებული გზა გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, გუნება-განწყობილებაზე, ქცევაზე. ნუ მისცემთ უფლებას დროებით ჩავარდნებს, შეგირყიონ წამოდგომის მოტივაცია. საკუთარი ძალებისა და უფლის მოწყალების რწმენა განაპირობებს, გვექნება თუ არა წარმატების მიღწევის სურვილი. სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც ფსიქოლოგი ზიმბარდო აღნიშნავდა, მხოლოდ ერთეულები გადალახავენ ლა მანშის სრუტეს, სხვები კი ნაპირიდან სევდიანად დაუქნევენ მათ ხელს.

ბეჭდვა
1კ1