"სასუფეველი ცათა იიძულების"
"სასუფეველი ცათა იიძულების"
გულისყურის მოკრება ყურადღების კონცენტრირებას გულისხმობს. ყურადღება ერთ-ერთი აუცილებელი ფსიქოლოგიური პროცესია და ეკლესიური მოღვაწეობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მის ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვას ენიჭება: იქნება ეს ლოცვა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა თუ სხვა ღვთისმსახურებითი წესის შესრულება. ამ დროს ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრირება, ხდება შედეგის გაუბრალოება, გაფერმკრთალება. ეს კი იწვევს საეკლესიო წეს-ჩვეულებებით მოტანილი მადლის ნაკლებობას, შემცირებას. იმისთვის, რომ სასურველ დროს უფრო მეტად მოვახერხოთ ყურადღების სათანადო დონეზე წარმართვა, საჭიროა გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ყოველივე ამას.

გვესაუბრება ფსიქოლოგი, დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- უპირველესად განვმარტოთ ამ მნიშვნელოვანი ფსიქიკური პროცესის არსი...

- ყურადღება ზოგადფსიქოლოგიური განმარტებით რაიმე მოვლენის, საგნის ნათლად აღქმის, გაცნობიერების ერთ-ერთი პირობაა. რასაც გარემო სამყაროდან გამოვყოფთ და მასზე ვაკეთებთ აქცენტს, ის სხვებთან შედარებით უფრო ნათლად განიცდება, მას იმ მომენტში ჩვენს ცნობიერებაში მთავარი ადგილი მიეკუთვნება. ამასთან, ფსიქოლოგიური თვალთახედვით ყურადღება რაიმე ქცევის, საქმიანობის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი საფუძველიცაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მოქმედება რთულად სრულდება.

- რა ვითარებაში იძენს ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყურადღების ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვა?

- მეტად დიდი როლი მას ლოცვის დროს ენიჭება. წმინდა მამათა მიხედვით, ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, ნათლად აღვიქვამდეთ ლოცვის სიტყვებს, ვფიქრობდეთ, ყურადღებას ვამახვილებდეთ მხოლოდ მასზე, რასაც ლოცვის შინაარსი გვეუბნება. ეს კი არცთუ იშვიათად ხერხდება. ხშირად, ვიწყებთ რა ლოცვას, ყურადღება გვეფანტება და ფიქრი სულ სხვა რაღაცაზე გადაგვაქვს, ჩვენი გონება ყოფითი თემებით, საკითხებით კავდება. ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მათ შორის გამოსაყოფია ფაქტორები, რომლებიც ბოროტისეული ზემოქმედების შედეგია და მიზეზები, რომლებიც ადამიანური ყოფით, მოღვაწეობით განისაზღვრება. ჯერ შევეხოთ პირველ მათგანს. ერთ-ერთი მეუდაბნოე ბერი აღნიშნავს: "როცა ეშმაკი დაინახავს, რომ ვლოცულობთ და ვცდილობთ ყურადღების კონცენტრირებას, ამ დროს ყველა საშუალებას იყენებს, რათა იგი გაფანტოს, ამ მიმართულებით ამჟღავნებს დიდ ხელოვნებას, გაწაფვას. ამისთვის კი იმ ფიქრებს, თემებს იყენებს, რომლებიც განსაკუთრებით გვტანჯავს. გვირტყამს მგრძნობიარე, ყველაზე სუსტ ადგილებში, გვიჩენს ავხორცულ აზრებს, შთაგვაგონებს მათ, ვერცხლისმოყვარეს - შესაბამისს, პატივმოყვარეს - ამ ვნებასთან დაკავშირებულს... იმ ფიქრებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, ლოცვის დროს მოგვდის, შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი სუსტი წერტილები, მოქმედი ვნებები და კარგი იქნება, თუ ყურადღებას მათ საწინააღმდეგოდ მივმართავთ".

იგივე მეუდაბნოე აღნიშნავს: "ეშმაკი განსაკუთრებით ვერ იტანს მორწმუნეთ და ცდილობს მათზე გამარჯვებას, მათ გულში შესვლას. როცა ქრება (ფარული ხდება) ღვთაებრივი მადლი, მაშინ წავა და თან ჩვენთან საბრძოლველად მოიყვანს თავისზე უბოროტეს შვიდ სხვა სულს (მათე 12,45; ლუკა 11,16). განსაცდელის არსი სწორედ ამაში მჟღავნდება. ოცნება - ეშმაკის ყველაზე მსუბუქი ფორმაა ბრძოლისა, დაკავშირებული წარსულთან და მომავალთან, კეთილ საქმეებსა და ბოროტ ქმედებებზე ოცნება. ჩნდება სხვადასხვა აზრი და ისინი იპყრობენ გონებას, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს იესოს სახელის მოხმობას. ეშმაკი ცდილობს, კაცმა ყურადღება არ გამოიჩინოს ღმერთისადმი, არ გამოავლინოს სიყვარული მის მიმართ. უმთავრესად მეხსიერებაში ატივტივებს სხვადასხვა დაცემას, ახლახან მომხდარს ან წინარე წარსულისას... ოცნებას მუდმივად იესოს სახელის მოხმობა უნდა დავუპირისპიროთ, ლოცვის სიტყვებზე ყურადღების კონცენტრირება. ვაჟკაცურად უნდა იდგე ლოცვის დროს, კეთილ და ბოროტ ქმედებებზე ფიქრი საჭირო არაა".

- გარდა ბოროტისეული ზემოქმედებისა, ლოცვის დროს ყურადღების გაფანტვას კიდევ რა ფაქტორები იწვევს და როგორ გავუმკლავდეთ მათ?

- ყურადღების გაფანტვა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანური ყოფით განსაზღვრულმა ფაქტორებმა. მაგალითად, დაღლილობამ. ზოგჯერ ცდილობენ, პირნათლად შეასრულონ დავალებული კანონი, ან ყველა ქრისტიანისთვის სავალდებულო ყოველდღიური ლოცვები, მაგრამ არ უკვირდებიან, მათი შინაგანი მდგომარეობა არის კი ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულების შესაბამისი თუ არა. როცა გონება დასვენებულია და ისე ხდება ტექსტის აღქმა, ეს თავისთავად უწყობს ხელს ყურადღების კონცენტრირებას.

წმინდა მამათა მიხედვით, თუ ლოცვისას ყურადღება გეფანტება და ფიქრს იწყებ სხვაზე, უნდა მოინიშნო ის ადგილი და შემდეგ კვლავ დაუბრუნდე მას. რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უკეთესია, თუმცა სიფრთხილეცაა საჭირო. ამ წესის გამოყენებამ არ უნდა შეგვიქმნას ილუზია იმისა, რომ ამით მალევე ვისწავლით გულისხმიერ ლოცვას და მალე მაღალ საფეხურზე ავალთ. ამას წლები და დიდი მონდომება სჭირდება.

- ყურადღების სათანადო დონით გამოვლენის ერთ-ერთი ფაქტორი ნებისყოფაცაა. რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი?

- მართლმადიდებლისათვის ძალისხმევის გამოჩენას, საკუთარი თავისადმი ძალდატანების მომენტს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ქრისტიანის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, ხშირად ნებისყოფის სიმტკიცის გამოვლენა. "სასუფეველი ცათა იიძულების", - გვეუბნება სახარება. არცთუ იშვიათად ადამიანს ერთი სურს, ქრისტიანული შეგნება, ღვაწლი კი მიუთითებს სულ სხვას. ზოგჯერ დიდი სურვილი არა აქვთ ლოცვის, სასულიერო ლიტერატურის კითხვის, ეკლესიაში წირვაზე დასწრების, აღსარების თქმის, ხანდახან ეზარებათ, განწყობა არა აქვთ, აზრს ვერ ხედავენ მათი შესრულებისა, მაგრამ ასეთ დროს მაინც უნდა აიძულო თავი. სასოწარკვეთილებას, მრისხანებას, სხვა ვნებათა შემოტევას თუ აჰყევი, არაფერი გააკეთე საწინააღმდეგოდ, შინაგანი მდგომარეობა უფრო და უფრო დაგიმძიმდება, უფრო მეტად გაეხვევი უხილავი ბოროტის ბადეში. ასევე ხდება ლოცვისას, სასულიერო ლიტერატურის კითხვის დროს.

- კიდევ რა ითვლება ყურადღების კონცენტრირების ხელისშემწყობ ფაქტორებად?

- ინტერესი, მოთხოვნილება, განწყობა. გაჩენილ მოთხოვნილებასთან დაკავშირებული თავისთავად იპყრობს ყურადღებას, თვალთახედვის არეში ექცევა. იზიდავს მშიერს საჭმლის სურნელი, დაღლილი კაცი უმალვე ამჩნევს დასაჯდომ სკამს. მოთხოვნილება უფრო ზოგადი გაგებით ადამიანის ინტერესსაც, მის მიმართულებას, სიძლიერესაც განსაზღვრავს. რაც გვაინტერესებს, მასზე უფრო ადვილად ვახდენთ ყურადღების კონცენტრირებას, საჭირო დროის განმავლობაში ვინარჩუნებთ მას.

- თუ შეიძლება, განწყობის როლზეც ვისაუბროთ...

- ყურადღების სათანადი დონეზე გამოვლენის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად განწყობაც ითვლება. იმისდა მიხედვით, თუ როგორია იგი, მეტად ან ნაკლებად ახერხებენ ამ ფსიქიკური პროცესის წარმართვას. დაღლილი დედა შეიძლება ძლიერმა ხმაურმა არ გააღვიძოს, მაგრამ ბავშვის პატარა გაფაჩუნებამაც კი უცბად გამოაფხიზლოს. შვილთან დაკავშირებული შინაგანი მზაობა იწვევს ყურადღების ამ მიმართულებით გამახვილებას. განწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოცვის დროსაც. დიდ ათონელ ბერს მამა პაისის შემდეგი კითხვა დაუსვეს: "ვლოცულობ რა ყოველდღიურად, ჩვეულებრივ საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდგომ ვზივარ და ვეკითხები საკუთარ თავს: უფლისადმი აღვლენილი სიტყვების შემდეგ რატომ არაფრის განცდა არა მაქვს?" პასუხი ასეთი გახლდათ: "განა როგორ შეიგრძნობ ლოცვას, როცა ამის წინ ამდენ ხანს ტელევიზორთან იჯექი და სხვადასხვა ცნობას ისმენდი, შემდეგ გამორთე იგი, მაშინვე დაიწყე საღამოს ლოცვების კითხვა? კარგია, საერთოდ არ უყურო ტელევიზორს, მაგრამ თუ შეხედავ, გამორთვის შემდეგ ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო თავი წმინდა წერილიდან ან წმინდა მამათა თხზულებიდან, იმ მიზნით, რომ შესასვლელში შესვლის შემდეგ მოხვდე ლოცვის ადგილას. მაშინ შეიგრძნობ ლოცვას. გაყინული გულით და პრობლემებით გადატვირთულნი ვერ ვესაუბრებით უფალს, დღის დაბრკოლებები ჩვენზე მოახდენს ზემოქმედებას".

ხშირად ისეთ შემთხვევებს აქვს ადგილი, როცა ყოველგვარი შემზადების, განწყობის შექმნის გარეშე ცდილობენ დაიწყონ ლოცვა. ტელევიზორს უყურეს ან ქუჩიდან შემოვიდნენ, შთაბეჭდილებით აღვსილნი, მაშინვე იღებენ ხელში ლოცვების წიგნს და ინდომებენ ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას. ასეთ დროს ძნელია უცბად სხვა მიმართულებით გონების გადართვა, მექანიკურად კითხულობენ, ფიქრები კი ისევ დღიურ შთაბეჭდილებებს, პრობლემებს დასტრიალებს თავს. რომ მოეცადათ, ცოტათი მაინც მდუმარედ მომზადებულიყვნენ ლოცვისათვის, უფრო ნაკლებად რომ ეგრძნოთ ახლო წარსულის შთაბეჭდილებათა შემოტევა, ლოცვაც, ბუნებრივია, უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.

ასე რომ, ყურადღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართლმადიდებელი ქრისტიანის ეკლესიური მოღვაწეობის ამა თუ იმ შემთხვევაში და მის სათანადო დონით გამოვლინებაზე ხშირად ბევრად არის დამოკიდებული სხვადასხვა ღვთისმსახურებითი წესის ნაყოფიერი შესრულება.
ბეჭდვა
1კ1