თითოეული მოძღვრის სიბრძნე ისაა, რომ დროულად აღკვეთოს მისგან კერპის შექმნის მცდელობები
თითოეული მოძღვრის სიბრძნე ისაა, რომ დროულად აღკვეთოს მისგან კერპის შექმნის მცდელობები
ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარში, "შიშველი მეფე", ყველა (მათ შორის მეფეც) ხედავს, რომ მეფე შიშველია , მაგრამ შიშით დათრგუნული საზოგადოება თვითგადარჩენის ინსტრუმენტს ხედავს სიცრუეში და ფარისევლურად არწმუნებს მეფეს, რომ მას აცვია ულამაზესი სამოსი. მხოლოდ პატარა ბიჭუნა ამხელს ამ სახიფათო სიმართლეს ხმამაღლა.

რატომ ემორჩილებიან და ემორჩილებოდნენ ადამიანები ტოტალიტარულ რეჟიმებს? დუმან, როცა სხვა ადამიანს დაუმსახურებლად უსწორდება სისტემა? რატომ უჭირს ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირება ან იმის მიხვედრა, თუ რა არის მისი აზრი? რატომ ვემონებით და ვექცევით სხვათა გავლენაში? რა ფენომენია "ინფორმაციული კონფორმიზმი"? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- ბატონო ლევან, რატომ აყენებენ ადამიანები საკუთარ აღქმას ეჭვქვეშ და ენდობიან სოციუმის მიერ შეთავაზებულ ახსნა-განმარტებას?

- ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მეშვეობით მეცნიერებმა ადამიანთა ფუნდამენტურ მიდრეკილებებზე დაკვირვება შეძლეს. ეს ცდები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგან ექსპერიმენტატორებმა შედეგების მისაღებად ადამიანი გამოიყენეს. შედეგები კი იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ მაშინდელი დასკვნები დღემდე გვაფიქრებს.

50-იან წლებში პროფესორმა სომონონ აშმა სტუდენტებს მარტივი დავალება მისცა: წარმოიდგინეთ, რომ ოთხი ადამიანი ზის. აქედან სამი შეკრულია პროფესორთან. მიცემულია მარტივი დავალება: დაფაზე ოთხი ხაზია. აქედან ორი აშკარად ერთმანეთის ტოლია. სტუდენტებმა უნდა თქვან, რომელი. მეოთხე სტუდენტმა არ იცის, რომ დანარჩენი სამი შეგნებულად არასწორ პასუხს იძლევა. მას სიჯიუტე დიდხანს არ ჰყოფნის. ტესტის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს, ჯგუფის წევრები აშკარად შეცდომით პასუხობენ, ამ შეცდომას იმეორებს და ისიც სამს ამბობს.

ამ ექსპერიმენტს "აშის კონფორმიზმის ექსპერიმენტი" დაერქვა. ადამიანები საკუთარ აღქმას ეჭვქვეშ აყენებენ და ენდობიან სოციუმის მიერ შეთავაზებულ ახსნა-განმარტებას. მიზეზი სხვადასხვაა: ერთ-ერთია საკუთარი აღქმით გულწრფელად დაეჭვება. რადგან ყველა ამბობს, იქნებ მე ვცდები. ისინი ბევრნი არიან, მათი აზრი შესაძლოა სწორია; რომც არ იყოს, მარტო მე არ ვიქნები, ვინც შეცდომას უშვებს. ამას მეცნიერებმა ინფორმაციული კონფორმიზმი დაარქვეს. არის სხვა შემთხვევაც: ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჯგუფი ცდება, მაგრამ კონფორმიზმი აქ უფრო ჯგუფისგან გარიყვის შიშითაა განპირობებული: ისევ ჯობია შეცდომა დავუშვა, ვიდრე მარტო დავრჩე. მე რომ შემეშალოს? - ზღვარი აქ ძნელი დასადგენია, თუმცა ამ მეორე შემთხვევას საკუთარი აკადემიური სახელი, ნორმატიული კონფორმიზმი, დაერქვა. ადამიანები შემთხვევების მხოლოდ ერთ მესამედში ამბობენ ჯიუტად უარს, ჯგუფის გადაწყვეტილებას დამორჩილდნენ, თუკი მათი საკუთარი აზრი განსხვავებულია.

- ეს ექსპერიმენტი მას შემდეგ ბევრი დასკვნის საფუძველი გახდა. უმთავრესად, ამით აიხსნებოდა ტოტალიტარულ რეჟიმებში ადამიანთა სიჩუმე...

- ზოგადად დადგენილი თამაშის წესებისადმი მორჩილება. ადამიანთა ბუნებაში ეს კონფორმიზმისკენ მიდრეკილება თანამედროვე სამყაროში მეცნიერებმა მასმედიასთან კავშირშიც განიხილეს. მასმედია, როგორც მასების მედიუმი, ზოგადად, მიჩნეულია უმრავლესობის დისკურსად, გადაწყვეტილებად, შეთანხმებად იდეოლოგიურ თუ სხვა ფაქტორებზე. ამის გამო მეცნიერები საფრთხეს ხედავდნენ, განსაკუთრებით XX საუკუნეში, მასობრივი მედიის ძალაუფლებაში - მედიისა, რომელსაც შეეძლო ეთქვა მარტივად "ორი" და ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთარი პასუხი იყო "სამი", თავის პირად აღქმასა და დაკვირვებას ეჭვის ქვეშ აყენებდა და ემორჩილებოდა აზრს, რომელსაც მასმედია ავითარებდა.

მოდი, წინ წავიწიოთ და სხვა ექსპერიმენტზე მოვყვეთ - ფრაგმენტი BBჩ-ის მიერ მომზადებული ფილმიდან:

იმის გასაგებად, თუ როგორ შეძლეს ადამიანების დარწმუნება, რომ დამორჩილებოდნენ უსამართლო რეჟიმებს და მონაწილეობა მიეღოთ ისეთ სისასტიკეში, როგორიც ჰოლოკოსტი იყო, 1961 წელს ექსპერიმენტი ჩაატარა იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა სტენლი მილგრამმა. ის ასე გამოიყურება: მოდის ორი კაცი. თითქოსდა შემთხვევითი შერჩევით, ერთ-ერთი - მასწავლებლის, მეორე კი მოსწავლის როლს ითავისებს. მასწავლებელს ეუბნებიან, რომ ხდება სამეცნიერო დონეზე მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდების კვლევა.

მონაწილეებს ცალ-ცალკე ოთახებში ათავსებენ. მასწავლებელი ჯდება მაგიდასთან, რომელზეც ღილაკებია განთავსებული, მინაწერით - 30-დან 450 ვოლტამდე. მოსწავლეს კი მეორე ოთახში სკამზე სვამენ, ხელებს უკრავენ, სკამს კი დენის წყაროს უერთებენ. მასწავლებლის როლში მყოფ მონაწილეს ღილაკზე თითის დაჭერით მოსწავლისთვის ელექტრონული შოკის მიყენება შეუძლია. მასწავლებელს გადაეცემა კითხვარი და ინსტრუქცია, რომ ყოველი არასწორი პასუხის შემთხვევაში მომდევნო ღილაკს დააჭიროს თითი, რაც ძაბვის ზრდას იწვევს: შემდეგი შეკითხვა, შემდეგი არასწორი პასუხი და შემდეგი გაზრდილი დენის ოდენობა.

მასწავლებელი: - სწორი პასუხია "ცხენი".

მოსწავლე: - მორჩა, გამომიშვით აქედან.

მასწავლებელი: - რა გავაკეთო? მე მგონი, სტკივა.

პროფესორი: - ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ განაგრძოთ.

მასწავლებელი: - ნუთუ?

პროფესორი: - უბრალოდ, განაგრძეთ.

ამ ექსპერიმენტში მონაწილე მასწავლებელთა ორი მესამედი, მილგრამის დასკვნით, 450 ვოლტამდე იოლად ადის. ერთი რამ, რაც მათ არ იციან, არის ის, რომ ყვირილი, რომელიც ესმით, აუდიოჩანაწერია და მოსწავლე, სინამდვილეში, დენის სკამზე არ ზის. ამის მიუხედავად, მასწავლებლები მშვიდად აჭერენ მომაკვდინებელ 450-ვოლტიან ღილაკს მაშინ, როცა მათ უკან ავტორიტეტული თეთრხალათიანი ადამიანი ზის და ეუბნება:

- ექსპერიმენტს სჭირდება, რომ განაგრძოთ.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს ექსპერიმენტის რეალურ მიზეზს უხსნიან, - ეუბნებიან, რომ დაკვირვება მორჩილებაზე ხდება. ექსპერიმენტს სწორედ ასე ჰქვია - "მილგრამის მორჩილების ექსპერიმენტი". მისი მიზანი იმის დადგენაა, თუ როგორ ემორჩილება ადამიანი ავტორიტეტებს და რა მოსდის მის პასუხისმგებლობას ამ დროს. მონაწილეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი, უბრალოდ, პროფესორის ბრძანებას ემორჩილებოდნენ და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არა ისინი, არამედ სწორედ პროფესორი იყო, რომელიც კვლევას ატარებდა. თუმცა რამდენად ასეა ეს? რამდენად არიან ადამიანები საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელნი? პასუხი, ბუნებრივია, ინდივიდუალურად გასაცემია, თუმცა მილგრამის ექსპერიმენტმა ამაზე საფიქრალად რეალურ კვლევაზე დაფუძნებული მიზეზი გააჩინა.

თუმცა იმედს ყველა ამ ექსპერიმენტის ავტორი ინდივიდებში ხედავს - მათში, ვინც გავლენებისგან თავის დაღწევას ცდილობს, ამისთვის კი ოფიციალურ რიტორიკას, იდეოლოგიას, ავტორიტეტებს კითხვებს უსვამს, ეჭვის ქვეშ აყენებს და საკუთარი დაკვირვების, გამოცდილების, გრძნობის შენარჩუნებას და განვითარებას ახერხებს. ასეთნი ამ ორივე ექსპერიმენტში მონაწილეობნენ, თუმცა არა უმრავლესობა.

- საზოგადოების გარკვეული ფენა იქმნის კერპს კინოსა და ესტრადის ვარსკვლავებისგან, პოლიტიკოსებისგან. თუნდაც სასულიერო პირებისგან. როგორ უნდა აღიკვეთოს ეს მოვლენა?

- ხშირად, როდესაც აკერპებენ, ვთქვათ, პოლიტიკოსს, იმედი უცრუვდებათ, რადგან გაიდეალებული პოლიტიკოსი შემდგომ ამჟღავნებს ნაკლოვანებებს, უარყოფით თვისებებს. თუმცა ზოგიერთი მაინც რჩება მისი გავლენის ქვეშ. ეს, სამწუხაროდ, ეკლესიის წიაღშიც ხდება. სასულიერო პირის გაკერპებას ხელს უწყობენ აქტიური, ეგზალტირებული ქალბატონები, რომლებიც არაერთი მოძღვრის მრევლში გვხვდებიან. მათ მოთხოვნილება აქვთ ვიღაც "გააღმერთონ" და ემსახურონ. ეს ადვილად ხდება, თუ მოძღვარი კარგად ქადაგებს, ლამაზად მსახურობს, გალობს ან ახალგაზრდაა და კარგი გარეგნობისაც. ასეთი მოძღვრის თითოეული სიტყვა სიბრძნის მარგალითად აღიქმება და მღელვარებას იწვევს. თუ სასულიერო პირი გამოუცდელია, იგი შეიძლება ამ ანკესს წამოეგოს და სულიერად დაზიანდეს. ამიტომაც თითოეული მოძღვრის სიბრძნე იმაშიც მდგომარეობს, რომ დროულად აღკვეთოს მისგან კერპის შექმნის ასეთი მცდელობები. უფლის ერთ-ერთი მცნება გვიკრძალავს კერპების შექმნას. ჩვენი მიზანია, ვემსახუროთ და თაყვანი ვცეთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს.

- თანატოლთა გარემოზე დამოკიდებულებაც ხომ არსებობს, რაც განსაკუთრებით მოზარდებში შეიმჩნევა...

- თუკი მოზარდი უზნეო თანატოლთა გარემოში მოხვდა, ასეთი ურთიერთობები არასასურველ ნაყოფს გამოიღებს. ისო ზირაქის ძე ამბობს: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (13,1).

ცნობილია, რომ ცუდად აღზრდილი ბავშვები ცდილობენ, თავიანთი ბოროტი ზნე ამხანაგებსაც გადასდონ. მათ ეს იმიტომაც სურთ, რომ სირცხვილი აიცილონ თავიდან, რადგან როცა ირგვლივ ყველა მანკიერია, სასირცხვილო თითქოს არაფერი აქვთ. ამ მიზნით ეს წამხდარი მოზარდები სასაცილოდ იგდებენ ყოველივე ამაღლებულსა და წმინდას, ხოლო საკუთარ უზნეობას ამკობენ და საამაყოდ წარმოაჩენენ, თავიანთ სამარცხვინო საქციელს თანატოლებს თავმოსაწონ და მისაბაძ საქმედ უსახავენ.Aასე იღვრება დამღუპველი შხამი ბავშვების ჯერ კიდევ ჩვილ გულებში. ნეტარი ავგუსტინე წერს: "მე სწრაფად მივექანებოდი თავქვე, სულიერი დაცემის გზით, იმდენად თვალდავსილი და დაბრმავებული, რომ მრცხვენოდა ჩემი ტოლებისა, რომლებთან შედარებისას მამა აბრამის ბატკანი მეგონა თავი. რაც უფრო ურცხვნი და აღვირახსნილნი იყვნენ ისინი, მით უფრო მეტად მოჰქონდათ თავი თავიანთი გარყვნილებით. მეც მინდოდა, მათსავით გარყვნილი ვყოფილიყავი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გარყვნილება მომწონდა, პატივმოყვარეობის გამო. განა ბიწიერება გასაკიცხი არ არის? მე კი, სწორედ გაკიცხვის შიშით, სულ უფრო ღრმად ვეფლობოდი ბიწიერების წვირეში და თუ სინამდვილეში სათაკილო არა ჩამედინა რა, თვითონვე ვიგონებდი საძრახის საქციელს, ოღონდაც ჩემი უბიწოების გამო არ შევზიზღებოდი მათ და მასხარად არ აეგდოთ ჩემი უმანკოება".

რა იყო ასეთი დაცემის მიზეზი? - ამაზე თვითონ ნეტარი ავგუსტინე მოგვიგებს: "ო, მტრულო მეგობრობავ, სულის გონებამიუწვდომელო ცდუნებავ, წყეულო სურვილო, რომელიც იმას მიელტვის, რომ რაიმე ავნოს სხვას, მხოლოდ და მხოლოდ თავშესაქცევად და სალაზღანდაროდ".
ბეჭდვა
1კ1