ასეთ ხალხთან ურთიერთობა გვამძიმებს და გვაცარიელებს
ასეთ ხალხთან ურთიერთობა გვამძიმებს და გვაცარიელებს
ცრურწმენა მცდარ რელიგიურ ფენომენად ითვლება, რომელსაც საფუძველი არა აქვს და, ერთი შეხედვით, პრიმიტიულ მსოფლმხედველობაზე არის დაფუძნებული. ალბათ ყველასთვის ნაცნობი მაგალითებია: შავი კატა გადაურბენს ადამიანს და ჰგონია, რომ ის დღე უბედური, წარუმატებელი იქნება, ხელისგულის მოქავება თითქოს ფულის მიღების ნიშანი იყოს, მარცხენა თვალის თამაში - სიავისა. მაგრამ ზოგჯერ უფალი გარკვეული ნიშნით მიგვითითებს, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში და რამდენად მშვიდობიანი იქნება ესა თუ ის დღე. ამგვარი შემთხვევები განსხვავდება იმისაგან, რასაც ცრურწმენა გულისხმობს. გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- აქვს თუ არა რეალური საფუძველი ცრურწმენას და რამდენად შეუძლია ადამიანს იგრძნოს, რა მოხდება ან რა ელის?

- უფლის დაშვებაზე არის დამოკიდებული, ადამიანს მოუტანს თუ არა წარმატებას ესა თუ ის დღე. ზოგჯერ პრიმიტიულად ესმით ამ ფენომენის არსი და ამა თუ იმ ნიშნიდან გამომდინარე, თავს ირწმუნებენ, რომ ძალუძთ იმის განსაზღვრა, რა მოხდება მომავალში. ბოროტი ძალა ხშირად იყენებს ადამიანის მისწრაფებას ასეთი ახსნებისკენ და, გარკვეული თვალსაზრისით, აუხდენს კიდეც ზოგჯერ ინტუიციურად ნაგრძნობს. მინდა პარალელი გავავლო სიზმართან. წმინდა მამათა მიხედვით, სიზმარს არც უნდა ენდო და არც უნდა უარყო, გვერდი უნდა აუარო, რადგან სიზმრისეული შინაარსი ბოროტი ძალის ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს. გამოცდილი მართლმადიდებელი მამები არ ენდობოდნენ მას, რადგან სიზმრისადმი ნდობა ბოროტმა ძალამ შეიძლება სათამაშო იარაღადაც გამოიყენოს. ერთ-ერთი მისიონერი სოფლიდან სოფლად დადიოდა და ცდილობდა ხალხის მოქცევას ქრისტიანობაზე. ერთხელ ერთ ქალაქში ჩასულს ესიზმრა, რომ იქ მიწისძვრა მოხდებოდა. სიზმრისეული ხილვა ისეთი მკაფიო იყო, რომ ირწმუნა. მართლაც, მეორე დღეს მიწა იძრა. ამის შემდეგ სხვაგანაც ჩავიდა, ისევ მიწისძვრა ესიზმრა და ქადაგების დროს ქალაქის მოედანზე შეკრებილ უამრავ ხალხს თავდაჯერებულმა განუცხადა, - საღამოს მიწისძვრა იქნებაო. მაგრამ არაფერი მომხდარა. ეშმაკმა მოატყუა იგი და ხალხის დასაცინი გახადა. აი, ასე იყენებს ზოგჯერ ეშმაკი ადამიანის თავდაჯერებულ განწყობას მომავლის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება ცრურწმენებსაც.

- ცრურწმენით შექმნილი განწყობა აისახება თუ არა ადამიანის სულიერ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ ცხოვრებაზე?

- ამასთან დაკავშირებით ასეთი მაგალითი მინდა გავიხსენო. ერთ ქალს მკითხავმა უწინასწარმეტყველა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდებოდა ვიღაც პიროვნება, გ-ზე დაწყებული სახელით, რომელიც მის ქალიშვილს თავბრუს დაახვევდა და დიდ უსიამოვნებებს შეამთხვევდა. გავიდა რამდენიმე წელი, მართლაც გამოჩნდა ასეთი კაცი და ყველაფერი განვითარდა მკითხავის მიერ ნაწინასწარმეტყველები სცენარით. ეშმაკი ზოგჯერ ისე მოაწყობს, რომ ეს ყველაფერი ახდეს. მკითხავთან მისვლა გულისხმობს ბოროტი ძალის კლანჭებში ჩავარდნას, რომელიც შეეცდება, შექმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანმა დაიჯეროს "ნაწინასწარმეტყველები", შიშით განეწყოს მოსახდენის მიმართ.

- უფალი ზოგჯერ გარკვეული ნიშნებით მიგვითითებს იმ სასიკეთო თუ უკეთურ მოვლენებზე, რომლებიც გველის. რამდენად უკავშირდება ეს ცრურწმენას?

- არსებობს ნიშნები, რომელთა გათვალისწინებაც სრულიად დამოუკიდებელია ცრურწმენისგან. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან წმინდა ათონის მთის მაგალითს: ივერონის მონასტრის მთავარ ტაძარში, აღსავლის კარების წინ, ჰკიდია ქართველი დიდებულის მიერ შეწირული ვერცხლის კანდელი ქართული წარწერით. ეს კანდელი, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა სხვა კანდელებისაგან, რომლებიც უხვადაა ტაძარში, მაგრამ ხშირად ღმერთი გამოარჩევს იმას, რაც ადამიანისთვის შეუმჩნეველია. ბერებს შეუნიშნავთ ამ კანდელის საკვირველი რხევები. იგი ოდნავ ზევით იწევა და იწყებს რხევას წრიული ან ჰორიზონტალური მიმართულებით - მარჯვნივ ან მარცხნივ. ბერებმა ისიც შეამჩნიეს, რომ კანდელის წრიული რხევები უმეტესად სასიხარულო ამბების მაუწყებელია, ჰორიზონტალური კი - სამწუხაროსი. ასეთ შემთხვევებში უფალი მიგვანიშნებს, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში. მაგრამ ეს შორს დგას იმისგან, რასაც ცრურწმენა გულისხმობს.

- შესაძლებელია თუ არა, ადამიანი დაზიანდეს სხვისი ბოროტი ფიქრების ზემოქმედების, გათვალვის ან ჯადოს გაკეთების შედეგად და რამდენად სარწმუნოა ასეთი მოვლენების უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ფსიქიკაზე?

- ამასთან დაკავშირებით მამა პაისი ათონელი წერს: "შენში არსებული შურითა და ბოროტებით შეიძლება სხვასაც ავნო. სწორედ ეს არის გათვალვა, ეშმაკეული ქმედება, რომელსაც ეკლესია ცნობს და საგანგებო ლოცვაც არსებობს ბოროტი თვალისაგან დასაცავად. ავი თვალი ვნებს მაშინ, როცა კაცი შურით ლაპარაკობს. ბოროტი შურით აღვსილთ, - ასეთები კი ცოტანი არიან, - შეუძლიათ გათვალონ სხვები. მაგალითად, შურიანი ქალი დედა-შვილის დანახვისას ღვარძლიანად ამბობს: რატომ მე არ მყავს ასეთი ბავშვი, ღმერთმა რად მისცა მას?! ასეთ დროს შეიძლება პაწიას რაიმე ევნოს: არ დაეძინოს, ატირდეს, დაიტანჯოს. ეს ბავშვი ავად რომ გამხდარიყო და მომკვდარიყო, ასეთი ბოროტი ქალი გაიხარებდა კიდეც". თუმცა, ხშირად, როგორც მამა პაისი აღნიშნავს, დედა თვითონ არის დამნაშავე შვილის ტანჯვაში. მაგალითად, დედა სხვის შვილზე, ძალიან გამხდარ ბავშვზე, ამბობს, ნამდვილი ძვალი და ტყავიაო. თავისი მოსწონს, სხვისას კი ზევიდან უცქერის, მაგრამ სხვის შვილზე ავი გულით ნათქვამი მის პირმშოს უბრუნდება და უცოდველი ბავშვი მშობლების გამო იტანჯება - საბრალო თვალდათვალ დნება მშობლის დასასჯელად, რათა მან თავისი დანაშაული შეიგრძნოს. რა თქმა უნდა, ბავშვი ამ დროს მოწამეთა შორის ითვლება. ღვთის განგებულება ხომ გამოუკვლეველია. მაშინ კი, როცა ადამიანი ცდილობს, ქრისტიანულად იცხოვროს და ეკლესიური წესები შეასრულოს, ასეთ მოვლენებს (გათვალვას, ჯადოს და ა.შ.) ნაკლები ზიანი მოაქვს, რადგან მორწმუნე ღვთაებრივი ძალით არის დაცული.

- ხომ ცნობილია, რომ ადამიანი გარკვეულწილად გრძნობს კიდევაც ამა თუ იმ კაცის შინაგან სამყაროს. ზოგიერთთან შეხვედრა ან ზოგიერთ ადგილას მოხვედრა დადებითი ან უარყოფითი ემოციებითა და ფიქრებით გვმუხტავს და ამით რაღაცნაირად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იქნება დღე. არის თუ არა ეს ცრურწმენა?

- ეს ყველაფერი ზემოქმედებს ადამიანის განცდებზე, ფიქრებზე, განწყობაზე. არქიმანდრიტი რაფაელი წერს: "ყველას გამოუცდია, რომ ზოგიერთ ადამიანთან თავს მსუბუქად და თავისუფლად ვგრძნობთ, რაღაც უცნაური სიხარული გვიპყრობს, თითქოს ცოდვებითა და ვნებებით ჯერაც შეუბღალავი ყრმობა დაგვიბრუნდაო. ამგვარი ურთიერთობა ახალ ძალებს გვმატებს და ახალი სულიერი ენერგიით გვავსებს. პირიქითაც ხდება: კაცს სახეზე ცოდვის ბეჭედი აზის, როგორც კატორღელს - გახურებული რკინით ამოტვიფრული დაღი. მაშინ გარეგნულად ლამაზი სახეც კი უეცრად სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება, საშინლად გვეჩვენება. ასეთი ადამიანები, განსაკუთრებით კი მათი თვალები, დამთრგუნველ, პირქუშ სიბნელეს გამოსცემენ. ასეთ ხალხთან ურთიერთობა გვამძიმებს და გვაცარიელებს, თითქოს უხილავი ვამპირი გვწოვდეს სისხლს. საკუთარი გამოცდილებით ისიც ყველამ იცის, რომ მხოლოდ ადამიანებს კი არა - ადგილებს, სახლებსა და ნივთებსაც კი თავ-თავიანთი სახე აქვთ, ნათელი და ბნელი. ზოგიერთ ადგილას კარგად ვართ, გულში სიმშვიდე ისადგურებს, თითქოს ყველა ეჭვმა და საზრუნავმა დაგვტოვაო. ასეთ სახლებში ადამიანი თავისუფლად სუნთქავს, თითქოს ტყეში ან მთაში იყოს და სუფთა ჰაერით ტკბებოდეს. ადრევე შენიშნეს, რომ ადამიანის სული მისსავე ნივთებზეც ტოვებს კვალს. წმინდანთა ტანსაცმელსა და ნივთებს სასწაულთმოქმედი ძალა აქვთ. მაგალითად, ძველ აღთქმაში - მოსეს კვერთხი და ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ახალ აღთქმაში კი - მოციქულთა თავსაბურავები და პეტრე მოციქულის ჯაჭვები. ზოგიერთ სახლში გულზე თითქოს სიმძიმე გვაწვება, უცნაური სევდა და ფორიაქი გვეუფლება და ერთადერთი სურვილი გვიჩნდება - რაც შეიძლება სწრაფად გავცილდეთ იქაურობას. ზოგიერთ ადგილას კი უნებლიეთ ძრწოლა გვიპყრობს, თითქოს იქ რაიმე დანაშაული მომხდარა და ადამიანის სისხლი დაღვრილაო. ცოდვის მუხტი განსაკუთრებით იმ სახლებშია ძლიერი, სადაც ოდესმე სპირიტისტულ სეანსებს ატარებდნენ, ჯადოქრობას, მკითხაობას ან სხვა ამდაგვარ საქმეებს ეწეოდნენ".
ბეჭდვა
1კ1