შეიძლება ეს დაუკარგოს შვილს?
შეიძლება ეს დაუკარგოს შვილს?
ნათლობა ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური საიდუმლოა. ამ ღვთისმსახურებითი წესის აღსრულების შემდეგ ადამიანზე გარდამოდის სულიწმინდის მადლი, რომელიც უხილავად ცვლის მას. ეს უხილავი შეცვლა შეეხება ადამიანის მთელ არსებას: სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესებს, განცდებს. ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ რა ცვლილებები ხდება ადამიანის სულიერ სამყაროში?

- მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც აზროვნების პროცესი. მართლმადიდებლური დაშვებით, აზროვნების ჩვეულებრივი ფორმების (ლოგიკურის, სივრცითის, ხატოვანის) გარდა გამოიყოფა მისი სულიერი სახეც. იგი გულისხმობს სულიერ შემეცნებას, ღვთაებრივ იდეათა გაგებას, რელიგიურ განცდათა მოცემას, უფლის არსებობისა და მასთან ურთიერთობის შეგრძნებას. ამას უბრალო ენით რელიგიურ ინტუიციას უწოდებენ, როდესაც ჩვენ არა მხოლოდ ვრწმუნდებით ღმერთის არსებობაში, არამედ ვგრძნობთ კიდეც მას, განვიცდით მის მყოფობას, კონტაქტს და კავშირს უფალთან. ეს ყველაფერი იღვიძებს და ვითარდება უფლისმიერი მადლით, ადამიანის ღვთისკენ მისწრაფებით. ეს უფლისმიერი მადლი კი განსაკუთრებით ჭარბად მოიცემა ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ. ამ დროს კაცს მფარველი ანგელოზი მიემადლება და მისი კეთილგანწყობილებითი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარად მჟღავნდება ჩვენთან. იგი ვლინდება, თუნდაც, ცნობიერებაში ჩვენთვის მეტად სასარგებლო აზრების, ფიქრების გაჩენით. ერთ-ერთი ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ. პესტოვი წერს: "თუ ყურადღებით დავუკვირდებით ჩვენს თავს, შევამჩნევთ, რომ ზოგჯერ რაიმე საგნით, მოვლენით დაკავებულ საკუთარ ფიქრთა მსვლელობა უცბად წყდება და გონებაში თითქოსდა შემოფრინდება ახალი აზრი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს წინასთან, არამედ სხვა გარეგან მიზეზებს უკავშირდება. მაგალითად, ყურადღებით ვკითხულობ ლოცვებს, ირგვლივ სიჩუმეა. უცბად ჩნდება აზრი: არ მოვიდა შვილის გაღვიძების დრო? ვინ მაწყვეტინებს ასე მბრძანებლურად აზრს და მაიძულებს, სხვაზე ვიფიქრო? ან კიდევ: მივდივარ ღრმად ჩაფიქრებული. მივაღწიე გზაჯვარედინს, ვჭრი ქუჩას ისე, რომ აქეთ-იქეთ არც კი ვიხედები. უცებ ვიღაც მაწყვეტინებს ფიქრთა მდინარებას და მეუბნება: გაიხედე მარცხნივ. და თუ იქიდან მანქანა მოქრის, გადარჩენას ამ ხმას უნდა ვუმადლოდე! "ცალკეულ შემთხვევაში, როცა უცბად გვსურს მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, გვიჭირს რაიმეს გახსენება ან საკუთარი გულმავიწყობის გვეშინია, მაშინ მთელი გულისყურით უნდა ვთხოვოთ მფარველ ანგელოზს, მოვიდეს დასახმარებლად და გვიკარნახოს ჩვენთვის აუცილებელი აზრი, დროზე გაგვახსენოს ის, რაც გვჭირდება. წარმოიდგინეთ, როგორი დიდი მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი ადამიანისთვის და თუ არ მოინათლა, მიემადლება კი მას ეს ყოველივე, მისი კეთილისმყოფელი გავლენა იმოქმედებს კი ჩვენზე?! ასე რომ, ნათლობა მეტად მნიშვნელოვანია კაცის ფსიქიკის, მის სხვადასხვა განცდათა ღვთის სამსახურში ჩაყენების თვალსაზრისით.

- როდის გრძნობს კაცი მფარველი ანგელოზი არსებობას?

- როცა ადამიანი სულის ხსნისთვის იღვწის, უსმენს საკუთარი სინდისის ხმას, მაშინ ზეციური მცველი მას შთააგონებს სიკეთის კეთებას, კეთილ აზრებს, აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მას ჩვენ სიკვდილის ჟამს ვნახავთ. უნდა ითქვას, რომ სინდისის ხმა, რა თქმა უნდა, მოუნათლავ ადამიანსაც აფრთხილებს. ათეისტურ ხანაში, საბჭოთა პერიოდში, სინდისი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა კაცის ზნეობის დაცვის საქმეში. მიუხედავად მწირი რელიგიური განათლებისა და გამოცდილებისა, სინდისი, მაშინაც კარნახობდა ადამიანს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო სათანადოდ. მაგრამ ერთია მოუნათლავი ადამიანის სინდისის ხმა და მეორეა მართლმადიდებლურად მონათლულისა. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი იცნობს ნათლობის ამ დიად მოვლენას, მისი სინდისის ხმა უფრო ძლიერდება და სხვა დონეს აღწევს.

- ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, უხილავადაც და ხილულადაც, უფრო იზრდება უფლისაკენ ადამიანის სწრაფვა. იხვეწება მისი ემოციური მხარეც...

- ნათლობის შემდეგ (თუმცა ამას ყველაზე ვერ ვიტყვი) კაცი დიდ ნაბიჯს დგამს ღმერთისკენ. იზრდება, რა თქმა უნდა, შესაძლებლობაც იმისა, რომ დაიწყოს ლოცვა, თქვას აღსარება, ეზიაროს. და ამ შემთხვევაშიც სულ სხვაგვარია უფალთან დაკავშირებული განცდები. ეს შეეხება არა მხოლოდ აზრებს, ფიქრებს, ჩვენს წარმოდგენებს, არამედ ემოციურ მხარესაც. ვის არ შეუმჩნევია, ტაძარში როგორ მშვიდდება, წყნარდება მისი სული, როგორ ქრება სასოწარკვეთილება, დეპრესიული განცდები, როგორ შემოდის სიხარული... შეიძლება ეს ყოველთვის არ შეიმჩნეოდეს ტაძარში შესვლისას, მაგრამ ბევრისთვის ალბათ ნაცნობია ეს საერთო კანონზომიერება. ნათლობა უხილავად ცვლის ადამიანს. 14 წლისა მოვინათლე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სწორედ ამის შემდეგ დავიწყე სერიოზული სვლა ღვთისაკენ. ეს შეგრძნება შემოვიდა ზუსტად ამ ასაკში. რაღაცნაირად, თითქოს შესამჩნევად ვიგრძენი, რომ ნათლობამ მომცა ის წყალობა, რომლის შედეგადაც გაცილებით მჭიდროდ დავუკავშირდი უფალს.

- ამტკიცებენ, რომ კაცი ზრდასრულობის შემდეგ უნდა მოინათლოს, ანუ თვითონ უნდა აირჩიოს რელიგია. რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

- ასეთი ლოგიკა და შეხედულება მხოლოდ ერთი შეხედვითაა გამართლებული, სინამდვილეში კი მცდარია. მართლმადიდებლური გაგებით, ბავშვი ინათლება მშობლების რწმენით. მაგრამ შეიძლება კი მშობელმა უცადოს, როდის მიაღწევს მისი შვილი მოწიფულობის ასაკს და მანამდე დატოვოს მფარველი ანგელოზის გარეშე? ვინც იცის, თუ როგორ ცვლის ნათლობა უხილავად ადამიანის გონებას, მთელ არსებას, შეიძლება ეს დაუკარგოს შვილს? ეს ხომ გაუმართლებელია. მაგალითად, როდესაც მშობელი ამზადებს შვილს უცხო ენებში ან დაჰყავს სპორტზე, იმ პერიოდში ბავშვმა ხომ არ იცის, რომ ეს მისთვის სასარგებლოა? მისი ნება რომ იყოს, სულაც არ მოემზადებოდა და თამაშში გაატარებდა დროს. შემდეგ უხდის უკვე მშობელს მადლობას. მშობელმა შვილის ზრდასრულობას რომ უცადოს და მერე მოამზადოს ის უცხო ენაში, ხომ ძალიან დიდ დროს დაკარგავს? ასეთი მიდგომაა საჭირო აქაც. თუნდაც ჩვენი ცხოვრება ავიღოთ. რამდენნაირი ხიფათი ხვდება კაცს ცხოვრებაში... ამასთან, ყველა მოზარდის ცხოვრებაში აუცილებლად დგება კრიტიკული ხანა, წუთები, როდესაც ზოგჯერ სასწაულებრივადაც კი ხდება მისი გადარჩენა. როდესაც იცი ეს ცხოვრებისეული ლოგიკა, როგორ შეიძლება ბავშვს მფარველი ანგელოზი მოაკლო, ის საოცარი არსება, რომელიც მას ნათლობის შემდეგ მოემადლება?!
ბეჭდვა
1კ1