საფეხური XIII-XIV - XIII. მოწყინებისთვის; XIV. ნაყროვანებისთვის
საფეხური XIII-XIV - XIII. მოწყინებისთვის; XIV. ნაყროვანებისთვის
მარხვა იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს გარკვეული აკრძალვები დაუწესოს, რათა მას ვნებებთან ბრძოლის, წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჰქონდეს
ვნებათა შორის ყველაზე ბუნებრივი არის ნაყროვანება, რადგან ის წარმოიშობა ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან. ნაყროვანება განსაკუთრებულად მარხვის დროს იჩენს თავს. ნაყროვანებისა და მოწყინების ცოდვის შესახებ გვესაუბრება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მაია კალანდარიშვილი.

- რა მნიშვნელობა აქვს სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მარხვას?

- მარხვას, ლოცვას, მოწყალების გაღებას, სიკეთის ქმნას უფალი კი არ მოითხოვს ჩვენგან, ეს თავად ჩვენ გვჭირდება სულიერი ზრდისა და სრულყოფისთვის. მარხვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ნებისყოფის განმტკიცება, თავისუფალი ნების გაძლიერება სასიკეთო მიმართულებით. ადამიანს სხვა ცოცხალ არსებათაგან ნებისყოფა, თავისუფალი ნება განასხვავებს; იგი არ არის თავისი ინსტინქტების, იმპულსების მონა. შეუძლია შეეწინააღმდეგოს თავის სურვილებსა და მოთხოვნილებებს; აიძულოს თავი, აკეთოს არა ის, რაც სურს, არამედ ის, რაც მიზანშეწონილია. მარხვა, ერთი მხრივ, თავად არის ნებისყოფის დაძაბვის შედეგი, მეორე მხრივ თავშეკავების უნარის, ნებისყოფის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც შემდგომში სხვა სირთულეთა და განსაცდელთა დაძლევაში გვეხმარება.

- კონკრეტულად რას წარმოადგენს ნაყროვანებისა და მემთვრალეობის ცოდვა?

- ნაყროვანება ჭამა-სმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ოღონდ იმაზე ბევრად მეტი რაოდენობისა და ხარისხის საკვებს მოითხოვს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლისა და ხორციელი ძალების შესანარჩუნებლად არის საჭირო. ზედმეტი კვება კი ვნებს ამ სასიცოცხლო ძალებს. ზედმეტი ჭამის სურვილი შეიძლება დავძლიოთ უბრალო ტრაპეზით. თავიდან საჭმლით ტკბობა უნდა მივატოვოთ. ამით ჭამის სურვილი სწორ მიმართულებას იღებს. ბოლოს კი ადამიანს უკვე უბრალო საკვებიც აკმაყოფილებს. და პირიქით, როდესაც ჭამის სურვილს გაძღომითა და ტკბობით ვიკმაყოფილებთ, იგი მძაფრდება.

მამები საუკეთესო მარხვად მიიჩნევდნენ დღეში ერთხელ ჭამას, ისიც არა ძღომამდე. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა: "ამგვარი მარხვა არც ხანგრძლივი უჭმელობით აუძლურებს ადამიანს და არც ზედმეტი ჭამით ამძიმებს, ამასთან, სულისთვის სასარგებლო საქმიანობის უნარსაც უნარჩუნებს. ეს არავითარი განსაკუთრებული ღვაწლი არ არის, ამიტომ მმარხველს არც ამპარტავნებაში ჩავარდნის მიზეზი ექნება, რისკენაც ასე მიდრეკილია ადამიანი თვით ამ სათნოების გამო, როდესაც იგი მკვეთრად თვალშისაცემია.

ვინც ფიზიკურად შრომობს ანდა იმდენად სუსტია, რომ მისთვის არ არის საკმარისი დღეში ერთხელ ჭამა, იმან, დაე, ორჯერ ჭამოს: მარხვა კაცისათვის და არა კაცი მარხვისათვის".

- ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია საკვების ხარისხის და სულსა და სხეულზე მათი სხვადასხვაგვარი ზემოქმედების გათვალისწინებაც...

- მამები ამბობენ, რომ ცხარე საკვები, როგორც ხორციელი ვნებების აღმძვრელი, მმარხველის ტრაპეზიდან უნდა განიდევნოს: ასეთებია პილპილი და სხვა სანელებლები. ყველაზე ბუნებრივი საკვები ის არის, რომელიც ღმერთმა შექმნისთანავე დაუწესა ადამიანს - მცენარეული საკვები. ღმერთმა უთხრა ჩვენს წინაპრებს: "აჰა, მიგცე თქუენ ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისა, რომელ არს ზედა ყოვლისა ქუეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა ნაყოფი თესლისაი სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად" (დაბ. 1,29). და მხოლოდ წარღვნის შემდეგ დართო ხორცის ჭამის ნება (იქვე 9,3).

მცენარეული საკვები საუკეთესოა მოღვაწისათვის. იგი ყველაზე ნაკლებად აღაგზნებს სისხლს და ამძიმებს ხორცს, ორთქლი და გაზები, რომლებსაც ისინი გამოყოფენ და ტვინამდე აღწევენ, სხვა საკვებთან შედარებით ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ მასზე, დაბოლოს, მცენარეული საკვები ყველაზე ჯანსაღიც არის, რადგან კუჭში ნაკლებ ლორწოს წარმოშობს. ამიტომ მისი მიღებისას შენარჩუნებულია გონების სიფხიზლე და სისუფთავე, ანუ გონებას გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს, სუსტდება ვნებების მოქმედება და ადამიანს უფრო მეტად შესწევს სულიერი მოღვაწეობის ძალა.

- წმინდა ეკლესიამ ერში მცხოვრებ ქრისტიანებს დაუწესა პერიოდები, როდესაც შეიძლება ხორცის ჭამა და როდესაც ეს აკრძალულია. რა ცვლილებები ხდება მმარხველი ადამიანის ფსიქიკაში?

- ამ დროს ქრისტიანი თითქოს სულიერად ფხიზლდება. მარხვის ამ ნაყოფს საკუთარი გამოცდილებით შეიტყობს ყველა, ვინც მას დაიცავს. მარხვის კანონები ეკლესიამ დაადგინა მორწმუნეთა დასახმარებლად, როგორც სახელმძღვანელო მთელი ქრისტიანული საზოგადოებისათვის. ამასთან, ეკლესიის ყოველმა წევრმა გონიერი და გამოცდილი სულიერი მოძღვრის დახმარებით კარგად უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და მოვერიდოთ ჩვენს ძალებს აღმატებულ მარხვას, რადგან მარხვა კაცისათვის არის და არა კაცი - მარხვისათვის. ხორცის განსამტკიცებლად მოცემული საკვები მის დასარღვევად არ უნდა გამოვიყენოთ.

"თუ მუცელს ეუფლები, - თქვა წმინდა ბასილი დიდმა, - სამოთხეში შეხვალ, ხოლო თუ ვერ ეუფლები, სიკვდილის კერძი გახდები". სამოთხეში იგულისხმება მადლისმიერი ლოცვითი მდგომარეობა, სიკვდილში კი ვნებული მდგომარეობა. ამქვეყნად მყოფი ადამიანის მადლისმიერი მდგომარეობა ზეციურ ედემში მისი მარადიული ნეტარების საწინდარია.

მარხვას, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, თავისებური სიხარული და სიმსუბუქეც სდევს თან, სულიერ ზრდასთან ერთად კი ეს სიხარული უფრო მეტად შემოდის ჩვენს არსებაში. სულიერი განვითარების კვალდაკვალ, მარხვა შინაგან ჭმუნვას, დაძაბულობას კი აღარ უკავშირდება, არამედ პოზიტიური განცდა მოაქვს.

- დღეს ძალიან ბევრი სამარხვო კერძი შემოვიდა. ესეც ხომ ნაყროვანებასა და გემოთმოყვარეობას უკავშირდება?

- დღეს თითქმის ყველაფერი გახდა სამარხვო - მაიონეზი, კოტლეტი, ტორტი, ნაყინი. მარხვა იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს გარკვეული აკრძალვები დაუწესოს, რათა მას ვნებებთან ბრძოლის, წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჰქონდეს. ეკლესიის მოძღვრებისგან გამიგონია, რომ ჯობია, ადამიანებმა იმაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ იკრძალება, ბოლომდე თქვან უარი. როდესაც მივირთმევთ ისეთ კერძებს, რომლებიც მარხვაში აკრძალულია, სწორედ ამიტომ ვვარდებით ნაყროვანების ცოდვაში. თუ ადამიანი ყველანაირ კერძს მიირთმევს, ის შეიძლება სამარხვოც იყოს, მაგრამ ვეღარ აცნობიერებს, მარხვას ინახავს თუ არა. აკრძალვის ფორმები ძალიან შესუსტდა და ადამიანები ძალიან ბევრ არასამარხვო კერძს მიირთმევენ. ჯობია, მარხვა იყოს ღირსეული, სრულყოფილი, რადგან ვერც უფალს მოვატყუებთ და ვერც საკუთარ თავს. რაც მთავარია, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: მართლმადიდებელ ქრისტიანებს მარხვაშიც და ხსნილშიც საკვების ზომიერად მიღება გვმართებს. მარხვის დანიშნულება არ არის მხოლოდ სულიერი განწმენდა, მისი სწორად შენახვა ადამიანის ორგანიზმს წმენდს და მის სულიერ განწყობასაც ამაღლებს. მარხვა და საკვებისგან თავის მოზღუდვა ჩვენს ხორციელ სიჯანსაღესაც უზრუნველყოფს. ყოველი დაავადების მიღმა დგას ადამიანის სულიერი სიძაბუნე, რომელიც არის თავიდათავი ამ სნეულებისა. ცნობილია, რომ დაავადებათა უმეტესობა სწორედ არასწორი და გადაჭარბებული კვებით არის გამოწვეული. მარხვა არის ადამიანის განსაკუთრებული ძალისხმევა, სრულყოს საკუთარი სულიერი ცხოვრება. განერიდოს მიწიერ საგნებზე ამაო ზრუნვას. დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმით, რაც აუცილებელია მისი ყოველდღიური ცხოვრებისათვის. თავი შეიკავოს გართობისა და უზრუნველობისაგან. მეტი დრო დაუთმოს ღვთის მსახურებას. აღასრულოს კეთილი საქმენი, დაეხმაროს გაჭირვებულს. სხვათა განსჯისა და განკითხვის ნაცვლად, საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ ეძიოს უკეთურება.

- საიდან ჩნდება მოწყინების ცოდვა და რამდენად მავნედ ზემოქმედებს ის ფსიქიკაზე?

- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "მოწყინების ცოდვა იქიდან ჩნდება, რომ ჩვენ მეტის-მეტად ვართ დაკავებულნი საკუთარი თავით, საკუთარი განცდებითა და წარუმატებლობით. ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ გარშემომყოფთა მიმართ სიყვარული გვინელდება, სხვების ტანჯვისადმი გულგრილნი ვხდებით, სხვების სიხარულით გახარების უნარს ვკარგავთ და შური გვიპყრობს. ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და ძალის საფუძველია ქრისტეს სიყვარული, ის უნდა ვზარდოთ, ქრისტეს შევეთვისოთ და მათზე ვიფიქროთ, და არა საკუთარ წვრილმან წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე. გული მივცეთ ქრისტეს - ესაა ქრისტიანის ცხოვრება. და მაშინ ჩვენს გულში მყუდროება და მშვიდობა დაისადგურებს.

ხშირად სუსტ ადამიანს ეჭვი ეპარება ცოდვათა მიტევების, საკუთარი თავის გამოსწორების შესაძლებლობაში, ამას კი თან სდევს მოწყინებისა და სასოწარკვეთილების შეტევები, მაგრამ "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა, ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე; 9,12-13). ზოგიერთი ადამიანის გამოუვალი, თითქმის უიმედო მდგომარეობა იმის ბრალია, რომ ისინი ეკლესიის გარეთ დგანან, ხსნა კი ეკლესიაში უნდა ეძიონ.

- დღეს დეპრესია სულიერ დაავადებათა ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ალბათ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ დეპრესიის წარმოშობის მიზეზები.

- ნევროზული დეპრესია პიროვნული პრობლემაა და უპირატესად სულიერი და ფსიქოლოგიური საშუალებებით იკურნება. მართლმადიდებელი ადამიანისთვის კი ეს ცოდვებთან ბრძოლაა. ეკლესიის მამები (და არამარტო ისინი) ამბობენ, რომ დეპრესიების მნიშვნელოვანი ნაწილი ცოდვიანი ცხოვრების შედეგია, ადამიანის სულზე ცოდვების დამღუპველი ზეგავლენის შედეგი. პირველ რიგში ეს ეხება ნევროზულ დეპრესიებს, რომლებსაც ენათესავება ისეთი ვნებები, როგორებიც არის მოწყინება და სასოწარკვეთილება.

პიროვნულ სტრუქტურაში მისი ორგანიზაციის სულიერ, მშვინვიერ და ფიზიკურ დონეებს რომ გამოყოფდნენ, წმინდა მამები განასხვავებდნენ "ბუნებისაგან" განვითარებულ დაავადებებს და სატანისეული მოქმედებისაგან წარმოშობილ, ანუ ცოდვათაგან ადამიანის დამონების შედეგად წარმოქმნილ სნეულებებს.

ნევროზული დეპრესია თავის სულიერ საფუძველში ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება "ცოდვათაგან ადამიანის დამონების შედეგად" წარმოქმნილი მოწყინებითა და სასოწარკვეთილებით. მეცნიერებისთვის ბევრი რამ არის ცნობილი დეპრესიის წარმოშობის შესახებ, თუმცა სამეცნიერო წრეებში ცოდვაზე საუბარი მიღებული არ არის, მაშინ, როდესაც დეპრესიის მრავალი ფორმის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, რასაც მოწმობს წმინდა მამებისა და მართლმადიდებლობის მთელი ასკეტური გამოცდილება. ნერვოზული დეპრესიის წარმოშობაზე მეცნიერულ-ფსიქიატრიული დაკვირვების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე წმინდა მამებმა ზუსტად და დამაჯერებლად აღწერეს ეს სულიერი სნეულება და განსაზღვრეს როგორც მოწყინებისა და სასოწარკვეთილების ცოდვა. ასე რომ, ამ შემთხვევაში "სულიერი" დიაგნოზი მედიცინის დიაგნოზს ემთხვევა.

დეპრესია სულის ერთგვარი სიგნალია და მის გაჭირვებულ, არასასიკეთო მდგომარეობაზე მიუთითებს. მაგრამ ეს ცოდვების გამო წუხილი კი არ არის, არამედ მოუნანიებელი სულის ტანჯვა, რომელსაც დემონები ჩასჩურჩულებენ: "ყველაფერი ცუდად არის, საშველი და იმედი არ არის"...

დეპრესიული ნევროზი ყველაზე ხშირად ცხოვრებისეული სიძნელეების გამო იწყება. ამ დროს ადამიანს არაფერი ახარებს, ყველაფერზე ღიზიანდება, სასოწარკვეთილია, გარე სამყარო მისთვის პირქუშად გამოიყურება. ეჩვენება, რომ "ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც სურდა", რომ ვერ განახორციელა სურვილები, მოხდა რაღაც კონფლიქტები, ან მას რაიმე წყენა მიაყენეს და ა.შ.
ბეჭდვა
1კ1