ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და ყოველივე დანარჩენი შეგემატებათ თქვენ!
ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და ყოველივე დანარჩენი შეგემატებათ თქვენ!
უფლის მოწყალებას ყველანი ვსაჭიროებთ. თითქმის ყოველდღე ვიმეორებთ ფსალმუნის სიტყვებს - "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი". ბერი სილუანი ამბობდა: "ადამიანები არ სწავლობენ თავმდაბლობას და სიამაყის გამო ვერ იღებენ სულიწმინდის მადლს. ამიტომ იტანჯება მთელი სამყარო. ადამიანებს რომ შეემეცნებინათ, თუ რა გულმოწყალეა ღმერთი, ერთ საათში შეიცვლებოდა მსოფლიოს სახე. ყველას სულში დამკვიდრდებოდა უდიდესი სიხარული და სიყვარული". ხშირად ვერ ვხედავთ ღვთის მოწყალე ხელს მწუხარებაში, ავადმყოფობაში, განსაცდელში... "ღვთის მოწყალება რომ მიიღო, საჭიროა კმაყოფილი იყო იმით, რაც გაქვს", - ამბობენ წმინდა მამები. ასე რომ, ღმერთი ყოველთვის ავლენს უსაზღვრო მოწყალებას ადამიანების მიმართ. მთავარია, როგორ შეეგებები, როგორ გაუღებ გულის კარებს... მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ის ნეგატიური მოვლენები (განსაცდელები, სტრესები...) ისევ ჩვენდა სასიკეთოდ ხდება. გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, მამა დავით ციცქიშვილი:

- ეკლესიურ ცხოვრებაში ღვთის წყალობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამ წყალობას დამსახურება უნდა. ეს წყალობა არ მოდის თუნდაც შთამომავლობით. შეიძლება ეპისკოპოსი ან პატრიარქი გყავდეს წინაპარი, მაგრამ თუ არ იმსახურებ, უფალი წყალობას არ მოიღებს შენზე. არც ლამაზი გარეგნობა, არც მატერიალური კეთილდღეობა არ გულისხმობს იმას, რომ უფლის წყალობაა შენთან. უფლის მფარველობა შესაბამისად ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ცდილობ იცხოვრო ღვთის სათნოდ. ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "სხვა არის ღვთის განჭვრეტა, სხვა - მისი შეწევნა, კიდევ სხვა - დაცვა, წყალობა, ნუგეში. პირველი ყველა არსებაზე ვრცელდება, შეწევნა ღვთის ერთგულებთან გვხვდება, დაცვა კი ისეთ ერთგულებთან, რომლებიც ჭეშმარიტად ასეთნი არიან. წყალობას უფლისთვის მომუშაკენი მოიმკიან, ხოლო ნუგეშს - მისი მოყვარულნი".

უფალი ყველას იცავს, მაგრამ ის მაინც განსაკუთრებით მფარველობს მას, ვინც ცდილობს იცხოვროს ეკლესიურად, ნაკლებად შესცოდოს, თუმცა ყოველთვის ვერც ჭეშმარიტი მორწმუნენი დგანან სათანადო სიმაღლეზე და აქ თავს იჩენს ერთი მეტად საგულისხმო კანონზომიერება: ასეთ დროს ხშირად მალევე შეიგრძნობა უფლისმიერი სასჯელი. ის სხვადასხვა, მათ შორის ყოფითი, მატერიალური პრობლემის წარმოქმნაში იჩენს თავს. ამით უფალი თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რამდენად ვართ მასზე დამოკიდებული და როგორ ქრება მისი მფარველობა ჩვენი შეცოდებისას. ვთქვათ, რაიმე თანხაა ასაღები. ის შეიძლება დაიკარგოს ან ეს არ მოხერხდეს იმ დროისთვის, როცა ელიან. უცბად გაუთვალისწინებელ ხარჯში შეიძლება ჩავარდეს კაცი. ადამიანი ისეთი არსებაა, მხოლოდ ცოდვების, ვნებების გახელებით მოტანილი ზიანის შედეგად ვერ სწავლობს; სანამ არ შეიგრძნობს დასჯის მომენტს და მიხვდება, არასწორი ქცევა როგორ ურთულებს ყოფას, ისე ვერ ადგება სწორ გზას.

- მიუხედავად ამისა, ადამიანს მაინც უჭირს იმ კანონზომიერების გაცნობიერება, რომ ცხოვრებისეული განსაცდელები, ტკივილები, სტრესები, რაც ზოგჯერ თავს გვატყდება, ხდება უფლის დაშვებით, ჩვენთვის სასარგებლოდ და რომ ესეც უფლის წყალობაა...

- დიახ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამის გათავისება მორწმუნეებსაც უჭირთ. ხშირად ისე განვიცდით ტკივილს, გაჭირვებას, რომ სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ზოგჯერ ღმერთსაც კი ვამტყუნებთ ამის გამო. მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: "როგორ ვუდგებით უფლისმიერ დასჯას? რა თქმა უნდა, მძიმედ გადაგვაქვს, რადგან ყოველი დასჯა ახლა გვეჩვენება არა სიხარულად, არამედ მწუხარებად. უფლისმიერი სასჯელი ხშირად უზომოდ მძიმეა. ხშირად ვჩივით ღმერთზე, ვუმხედრდებით, ვკიცხავთ მას. რისთვის, რატომ, უფალო? თავად ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვგრძნობთ საკუთარ დანაშაულს, ბრალს. ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის".

დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც ხშირად გვაგდებს სასოწარკვეთილებაში, არის მატერიალური ყოფა. ეს ძნელი გადასატანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ოჯახი ჰყავს სარჩენი. ხშირად არც კი იციან, როგორ იშოვონ ფული. დღეს როგორც არ უნდა მოინდომო, მაინც გიჭირს. გეუფლება უძლურების განცდა, რომ არაფრის გაკეთება არ ძალგიძს და ერთგვარი შურიც კი ჩნდება ასე თუ ისე დალხენილ უცხოელთა მიმართ. ჩვენ კი ხშირად უკვე აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ. არადა რაც ნაკლებად აჰყვები მწუხარე განცდებს, მით უფრო ქრისტიანულად მოიქცევი. მით უმეტეს, როცა მძიმე ვითარებაში ძალიან ხშირად იგრძნობა უფლის დახმარება.

ერთ-ერთმა მოძღვარმა მოგვითხრო: "მარიამობის მარხვაში მონასტერში ვიყავი. წამოსვლისას იქაურებმა ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის ნობათი გამომატანეს - უჭირს და შეძლებისამებრ ვეხმარებითო. ბაზარში შევიარე და ხილი და სხვა რამ დავამატე გამოტანებულს. როცა იმ კაცთან მივედი, ტირილი დაიწყო: ახლა უკანასკნელი ლუკმა გავუყავი ბავშვებს და აღარ ვიცოდი, სადილად რა მეჭმია, აღარც ფული მქონდა. უფალი დამეხმარა თქვენი ხელით. ჩემი სულმოკლეობის გამო ვტირი - გაჭირვების ჟამს რამდენჯერ შემშველებია ღმერთი. მე კი სასოწარკვეთილებაში ვვარდებიო".

სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ, რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთ, ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართები... ვინაიდან თქვენმა ზეციურმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი, უწინარეს ყოვლისა, ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და ყოველივე დანარჩენი შეგემატებათ თქვენ!" ამ სიტყვების სიბრძნე და ჭეშმარიტება განსაკუთრებით მძაფრად ახლანდელ ვითარებაში ჩანს. ეს რომ არა, ალბათ კარგად ვერ შევიგრძნობდით მათ მნიშვნელობას.

სამწუხაროდ, ადამიანი მარტო წაკითხვით, მოსმენით სათანადოდ ვერ სწვდება, აცნობიერებს რაიმე მოვლენას, ღვთაებრივი სიბრძნის კანონზომიერების არსს. როცა საკუთარი ცხოვრება, მიწიერი ყოფა დაანახებს თეორიულად აღქმულის, ცოდნის დონეზე შეთვისებულის სისწორეს, ზოგჯერ მაშინღა ითავისებს იმას, რაც მისთვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია (ხანდახან ზოგიერთი ამასაც ვერ ახერხებს).

- განსაკუთრებით ვსაჭიროებთ უფლის დახმარებას ცხოვრების ისეთ რთულ პერიოდებში, როცა არ ვიცით, რა გზას დავადგეთ. ამ დროს როგორ ვლინდება უფლის მოწყალება და რა გვმართებს, რათა უფალმა მოწყალება მოიღოს?

- ვის არ ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა არ იცი, რა გზას დაადგე. ამ ყოყმანში განსაკუთრებით გრძნობ საკუთარი გონების უძლურებას. სწორედ მაშინ მეტად მძაფრდება უფალზე დამოკიდებულების შეგრძნება. ითხოვენ, ევედრებიან ზეციურ მბრძანებელს, გაუნათოს გონება, აგრძნობინოს თავისი ნება, დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ ვითარებაში უფრო მეტად უნდა შეეცადო, ნაკლებად შესცოდო, გააკონტროლო საკუთარი ქცევა, არ მისცე გონებაში გაჩენილ ცოდვილ ფიქრებს, წარმოდგენებს გახელების საშუალება; უფრო დიდხანს, ყურადღებით ილოცო, ანუ შექმნა პირობები, რომ უფალმა მოიღოს მოწყალება და დაგეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მართლმადიდებლური ცხოვრების წესი ნათლად მიუთითებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირად დამსახურებას უფლის წინაშე, რათა შენდა სასიკეთოდ დამთავრდეს ყველაფერი. უფლის წყალობა, უფლის ნების გაგება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, მოღვაწეობაზე. აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ადამიანი ცდილობს, ნაკლებად შესცოდოს. გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა. ეს უფლის წყალობაა და იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა. თუ ადამიანი სცოდავს - ლოთობს, მრისხანებს, მრუშობს და ა.შ., როგორ უნდა გაიგოს მისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ღვთის ნება ან რატომღა უნდა მოიღოს მასზე მოწყალება უფალმა?

მართლმადიდებლობა მოციქულებიდან, უფლის მოწაფეებიდან მოდის. იგი დაფუძნდა იმ ხალხის მიერ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა; რამდენადაც ადამიანის ბუნებას ხელეწიფება, ცდილობდნენ წმინდად, უმწიკვლოდ ეცხოვრათ არა მხოლოდ მოქმედებით, არამედ ფიქრით, განცდებით. უფალი მათ სწყალობდა და ასწავლიდა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამქვეყნად ქრისტიანულად, აჯილდოებდა ზეციური ნიჭებით.

- ყველაზე დიდი წყალობა ამქვეყნად ღვთაებრივი სიბრძნით განბრძნობა, სულიწმინდის მადლით განათლებაა, რითაც ასე უხვად აჯილდოებდა უფალი მართალ ადამიანებს. ეს ადამიანები იყვნენ რჩეული ჭურები, სულიწმინდის ჭურჭელნი. მათ ღმერთი უმჟღავნებდა თავის ნებას...

- ერთ მაგალითს მოვიყვან, რომლითაც ნათლად ჩანს უფლისმიერი წყალობა და ადამიანის გონების გაცისკროვნება მისი მადლით. წმინდა იოანე ოქროპირი უკეთებდა კომენტარს წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებს. მისმა მსახურმა ჭუჭრუტანაში შეიხედა და დაინახა, წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, გვერდით ვიღაც კაცი ედგა და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. მსახურმა ჰკითხა, ვინ იყო ის მოკარნახეო. იოანე ოქროპირმა გაიკვირვა - სრულიად მარტო ვიყავიო. მსახურმა კედელზე თვალი მოჰკრა წმინდა პავლე მოციქულის ხატს და მოკარნახეში ის შეიცნო. წმინდა იოანე ოქროპირი მიხვდა, რომ მისი განმარტებები ღვთისთვის სათნო იყო. აქ ნათლად ჩანს, რომ წმინდა იოანე ოქროპირმა თავისი ხალხის მსახურებით დაიმსახურა, უფალს ესოდენი მოწყალება მოეღო მასზე.

- და კიდევ, ბევრისთვის ძნელად გასაგებია, რატომ გვიგზავნის ღმერთი ავადმყოფობას. წყალობაა ეს თუ სასჯელი?

- ქრისტიანული მიდგომით, ღმერთი ავადმყოფობას გვიგზავნის როგორც სასჯელს ცოდვათათვის, ზოგჯერ ვნებათა დათრგუნვისა და განწმენდისთვის. სნეულება თავიდან გვაცილებს მომავალ ცოდვებს, რომლებსაც ჩავიდენდით, ჯანმრთელნი, უზრუნველნი და ლაღნი რომ ვყოფილიყავით. შეიძლება სენი უსაქმურობის გამოც შეგვეყაროს, რათა გამოვფხიზლდეთ და ვიზრუნოთ სულის გადასარჩენად. ზოგჯერ უფალი ავადმყოფობით გამოცდის ჩვენს რწმენასა და მოთმინებას, რათა მოგვიმზადოს ჯილდო მომავალ ცხოვრებაში. თითოეულს საკუთარი სინდისი ეტყვის, რა არის მისი ავადმყოფობის მიზეზი, მაგრამ ჩვენ მძიმედ გადაგვაქვს ავადმყოფობა. თუ სერიოზულია და დიდხანს გრძელდება, ვჩივით, ვდრტვინავთ ღმერთზე, საკუთარ თავზე და იკარგება ღვთის წყალობის მომენტიც.

ღაზის მახლობლად, მამა სერიდის მონასტრის ერთი ბერი მძიმედ დასნეულდა. ვეღარ გაუძლო ტანჯვას და სთხოვა დიდ ბერ ბარსანუფს, ელოცა მისთვის. წმინდა ბარსანუფმა უპასუხა: "ჩემი შენდამი სიყვარულის გამო გაგიმხელ ღვთის საიდუმლოს. იცი, რომ მე დღე და ღამე შევთხოვ ღმერთს, გვიხსნას საცდურისგან და მოგვანიჭოს საუკუნო სასუფეველი. როდესაც შენთვის შევთხოვე, უფალმა მიპასუხა: "დაეხსენ, რამეთუ გამოიცდება იგი ჩემ მიერ სულის სასარგებლოდ. დაე, სხეულის ტანჯვით გამოაჩინოს მოთმინება და ვნახოთ, რას მოიპოვებს ლოცვისა და ღვაწლის სანაცვლოდო".

წმინდა ბარსანუფის ხორციელი ძმა უკვე მოხუცებული განეშორა ამ სოფელს და წავიდა მონასტერში. დაავადდა და სთხოვა დიდ ბერს, ელოცა მის განსაკურნებლად. წმინდა ბარსანუფმა უპასუხა: "შენ სენი შეგეყარა იმისთვის, რომ ღვთის წინაშე ხელცარიელი არ წარდგე. თუ მოითმენ და ღვთის მადლიერი იქნები, ეს ავადმყოფობა ასკეტურ ღვაწლად შეგერაცხება, რადგანაც შენი ბერობა ცოტა ხანს გაგრძელდა. ნაწილობრივ ეს განსაცდელი იმიტომაც გეწვია, რომ მე, არარაობა, დიდ რამედ მიმიჩნიე, ხოლო საკუთარი თავი წარმოიდგინე დიდებული ადამიანის ძმად. დაგავიწყდა, რომ ჩვენ ცოდვის შვილები ვართ, მიწა და ნაცარი. შესწირე მადლობა ღმერთს, რომ ამ მდგომარეობაში ჩაგაგდოო". ეს მაგალითიც მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი, რაც ხდება ამქვეყნად, არის უფლის წყალობის გამოვლინება, თუმცა ჩვენ ამას ნაკლებად ვითავისებთ და ვაცნობიერებთ.
ბეჭდვა
1კ1