ხშირად ვეფერებით და ვეთამაშებით კატას ან ძაღლს, ამ დროს კი გვავიწყდება მოყვასის ტანჯვა და ზოგჯერ ვეჩხუბებით კიდეც სხვებს ცხოველთა გულისათვის
ხშირად ვეფერებით და ვეთამაშებით კატას ან ძაღლს, ამ დროს კი გვავიწყდება მოყვასის ტანჯვა და ზოგჯერ ვეჩხუბებით კიდეც სხვებს ცხოველთა გულისათვის
ადამიანი არცთუ იშვიათად კარგავს ბუნების სილამაზის აღქმის უნარს და ვერ იყენებს მის სიკეთეს. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი, სასულიერო აკადემიის ლექტორი დავით ციცქიშვილი.

- ადამიანები, განსაკუთრებით, ქალაქის მკვიდრნი, გადაჩვეულნი ვართ ბუნებასთან მჭიდრო ურთიერთობას, მისი სილამაზის აღქმას. რა როლს ასრულებს ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ბუნება?

- საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია უფლისმიერი სამყარო, მაგრამ მასში სუფევს დიდი ჰარმონია და წესრიგი, რომელიც უფალმა დაადგინა და მთელი მცენარეული და ცხოველური სამყარო ამ წესრიგს ემორჩილება. ჩვენ, სამწუხაროდ, ერთგვარად დაკარგული გვაქვს ამ სილამაზის აღქმის უნარი. აღარც ბუნებაში გასეირნებისა და დასვენების კულტურა გაგვაჩნია. საზღვარგარეთ ეს უფრო შენარჩუნებულია. იქ უქმე დღეებში ქალაქგარეთ გადიან, ისვენებენ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ემზადებიან, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. არადა ბუნებაში სიარულს დიდი დამამშვიდებელი ძალა აქვს. დიდია ბუნების ზეგავლენა ადამიანის ემოციებზე, განწყობაზე. დიდი გერმანელი პოეტი გოეთე სხვადასხვა ფერის მინაში იყურებოდა და აკვირდებოდა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენდა ესა თუ ის ფერი გუნება-განწყობაზე. მან პირველმა დაადგინა, რომ თბილი ფერები (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი) აღმგზნებად, გამაცოცხლებლად მოქმედებს კაცზე, ლურჯი და იისფერი, მისივე თქმით, ოდნავ ნაღვლიან განწყობაზე აყენებს მას, ხოლო მწვანე და ცისფერი ამშვიდებს.

ბუნების სიმწვანე, ცის ფერი ადამიანზე კეთილსახოვნად ზემოქმედებს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ადამიანი მცენარეებთან, ცხოველებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას ისწავლის. ეს მას ფსიქოლოგიური, სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარება.

- ცხოველების მიმართ სითბო და მზრუნველობა ხშირად ზედმეტ მიკერძოებაში, არაჯანსაღ დამოკიდებულებაში გადაიზრდება. არცთუ იშვიათად მათ ადამიანზე წინაც კი აყენებენ...

- წმინდა მამებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ბუნების, მცენარეების, ცხოველების მიმართ. ამის კარგი მაგალითია წმინდა სილუან ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა. იგი ამბობდა: "სულიწმინდა, სული ღვთისა, გვასწავლის, შევიცოდოთ ყველა ქმნილება. საჭიროების გარეშე ხიდან ერთი ფოთლის მოწყვეტაც კი არ მსურს. ეს არ არის ცოდვა, მაგრამ რატომღაც მეცოდება იგი. გულწრფელად მებრალება ყველა ქმნილება, რომლის სიყვარულიც ვისწავლე". მაგრამ გათელილი მწვანე ფოთლის თუ მინდვრის ყვავილის სიბრალული ბერის არსებაში შერწყმული იყო სამყაროში არსებული ყველა საგნის მიმართ რეალურ დამოკიდებულებასთან. ის ქრისტიანულად შეიმეცნებდა, რომ ყველაფერი ადამიანის სამსახურისთვის არის შექმნილი და ამიტომ, როცა სჭირდება, ადამიანი იყენებს მას. თვითონაც თიბავდა, ჩეხდა ტყეს, ზამთრისთვის იმარაგებდა შეშას, მიირთმევდა თევზს...

საინტერესოა ბერი სილუანის დამოკიდებულება ცხოველებისა და მწერების მიმართ. ის დასტიროდა თავისივე მოკლულ ბუზს ანდა განიცდიდა, რომ მდუღარე გადაასხა მის აივანზე დასახლებულ ღამურას. ეცოდებოდა ყველა ქმნილება, რომელიც იტანჯებოდა. მაგრამ ამავე დროს ზედმეტი სიყვარული ცხოველთა მიმართ, რომელიც ხანდახან მიკერძოებაში გადადის, ბერისთვის მიუღებელი იყო. ხშირად ვეფერებით და ვეთამაშებით კატას ან ძაღლს, ამ დროს კი გვავიწყდება მოყვასის ტანჯვა და ზოგჯერ ვეჩხუბებით კიდეც სხვებს ცხოველთა გულისათვის. ასეთი რამ ბერს ღვთის მცნების დარღვევად, ღვთის მიერ დადგენილი წესის დამახინჯებად მიაჩნდა, ცხოველების მიმართ მეტისმეტ მიჯაჭვულობასა და მიკერძოებას ის ადამიანური ყოფის ერთგვარ დაცემად თვლიდა. აქ შეიძლება გავიხსენოთ თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებული ერთი მოვლენაც, რომელიც ხშირად შეიმჩნევა საზღვარგარეთის ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრი კარჩაკეტილად ცხოვრობს. იქ დიდი სითბოთი და ყურადღებით ექცევიან ცხოველებს, მაგრამ როდესაც ადამიანის დახმარებაზე მიდგება საქმე, ამავე გრძნობებს იშვიათად ავლენენ, გულგრილნი არიან სხვისი გასაჭირის მიმართ. ესეც ადამიანის ამქვეყნიური მისიის დამახინჯებაა. უნდა ვიფიქროთ, რომ იგივე ტენდენცია შეიძლება ნელ-ნელა საქართველოშიც გაბატონდეს. ცხადია, ცხოველები უნდა გვიყვარდეს, ვუვლიდეთ, ვზრუნავდეთ მათზე, მაგრამ ზედმეტიც არაფერი ვარგა, მით უმეტეს, როცა ჩვენს გვერდით უჭირს მოყვასს.

- რატომ დაიკარგა ჰარმონია ადამიანსა და ბუნებას შორის და როგორ უნდა აღდგეს იგი?

- ადამიანი უფალმა ყველა ქმნილების მეფედ შექმნა, ყველა ცოცხალი არსების ბატონად. ადამის დაცემის შემდეგ კი კაცმა დაკარგა თავისი მეფური სიდიადე. ღვთის სახედ შექმნილი ადამიანი იყო წმინდა სარკე, რომლის საშუალებითაც უფლის ნათელი მთელ სამყაროს მოეფინებოდა. მას შემდეგ, რაც ეს სარკე დაიმსხვრა, სამყარო სიბნელეში ჩაიძირა და ბუნება ადამიანის წინააღმდეგ აღდგა. არ აღიარებს მას, არ სურს, მისცეს თავისი ნაყოფი. ამიტომაც არის, რომ თავის გადასარჩენად ადამიანს მუდმივი ბრძოლა და შრომა სჭირდება. მაგრამ როცა ადამიანი სულიწმინდის მადლს მოიპოვებს, მისი სულიერი ძალა ერთგვარად აღდგება, იგი კვლავ ხდება "სახე და ხატი ღვთისა", ასხივებს ღვთაებრივ მადლს და ცხოველებიც აღიარებენ მას, ემორჩილებიან, თაყვანს სცემენ ვითარცა ბატონს. მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, თუ რა მშვიდობიანად ცხოვრობენ მეუდაბნოე მამები ველურ ცხოველებთან, ლომებთან ერთად, როგორ აჭმევენ მათ, ისინი კი, თავის მხრივ, ემსახურებიან. ამის მაგალითად წმინდა სერაფიმ საროველისა და წმინდა გერასიმეს ცხოვრებაც კმარა.

დოსტოევსკი "იდიოტში" აღწერს, თუ როგორ მიჰყავთ სიკვდილმისჯილი ჩამოსახრჩობად. გზა ტყეზე გადის. სიკვდილმისჯილი მიდის და ბუნების მშვენიერებას შესქცერის, ესმის ჩიტების ჟღურტული, ფოთლების შრიალი, მწერების ჭრიჭინი, ფიქრობს იმაზე, რა სულელი ყოფილა, რა უაზროდ გაუტარებია ეს ცხოვრება, როგორ ვერ აღიქვამდა ამ სილამაზეს და სასწაული რომ მოხდეს და გადარჩეს, რა სხვანაირად დაიწყებდა ცხოვრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მას უკვე ცოტა დრო დარჩა. ხდება სასწაული და ათავისუფლებენ, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მისი სიკვდილისწინა ფიქრები და განცდები დავიწყებას ეძლევა და ის ისევ ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას. ასე რომ, ეს ზოგადადამიანური პრობლემაა: აღუქმელობა სამყაროს სილამაზისა, სიდიადისა. ალბათ, კარგი იქნება, თუ დავუპირისპირდებით ამ სენს და სხვა თვალით შევხედავთ ყოველივეს. უნდა ვისწრაფოდეთ იმისკენ, რომ ჩვენი ბუნებასთან კავშირი გამძაფრდეს და რაც შეიძლება მეტად მივიღოთ მისგან სულიერი, ფსიქოლოგიური დახმარება.
ბეჭდვა
1კ1