ყოველნაირად ცდილობენ, გაექცნენ სახელს, პატივს, დაფასებას
ყოველნაირად ცდილობენ, გაექცნენ სახელს, პატივს, დაფასებას
ბევრი წმინდა მამა მორჩილებას ყველა სათნოებაზე წინ აყენებს. მაინც რას წარმოადგენს მორჩილება, რა თვისებები ახასიათებთ ამ საოცარი სათნოებით დაჯილდოებულ ადამიანებს? ამ საკითხზე გვესაუბრება სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- როგორ განისაზღვრება მორჩილება წმინდა მამათა მიხედვით?


- განსაკუთრებით კარგად, ვრცლად და გასაგებად მორჩილების შესახებ საუბრობს წმინდა ისააკ ასური. მისი შეხედულებები ერთგვარ საყრდენ მასალადაც კი გამოდგება ამ დიდი სათნოების შესახებ საუბრისას. წმინდა ისააკ ასურის მიხედვით: მორჩილება, უპირველეს ყოვლისა, ის შინაგანი თვისებაა, რომელიც საკუთარი თავის იმედის არქონას გულისხმობს, სასოებას ღვთისას, შენი უღირსობისა და დაუცველობის განცდას, შეგრძნებას სულიწმინდის მადლისა გულის ფარულ სიღრმეში. ამასთან, იგი გარეგნულადაც მჟღავნდება და გამოხატულებას უბრალო, მოკრძალებულ შესახედაობაში, ტანსაცმელშიც პოულობს, მისწრაფებაში - გაექცე პატივს, სიტყვაძუნწობაში, სხვის შეუწუხებლობასა და პატივისცემაში, წყენის, შეურაცხყოფის მოთმინებით გადატანაში. მორჩილების შინაგანი და გარეგანი მხარეები განუყრელად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მსჭვალავს ერთმანეთს.

- რა თვისებები ახასიათებს ჭეშმარიტ მორჩილს?

- ერთ-ერთი თვისებაა საკუთარი სახელის, პატივის უგულებელყოფა, მისი არად ჩაგდება. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მოღვაწეები ყოველნაირად ცდილობენ გაექცნენ სახელს, პატივს, დაფასებას. ზოგჯერ შეგნებულად იმცირებენ თავს, აფერმკრთალებენ და ხაზს გადაუსვამენ დამსახურებულად მოპოვებულ სახელს, ხალხის პატივისცემას. სულიერების მეტად მაღალ დონეზე მყოფნი ყოველნაირად ცდილობენ მოსპონ ის საფუძველი, რითაც შეიძლება ისაზრდოოს მათმა ამპარტავნულმა ჭიამ. მიზნის მისაღწევად კი საკუთარი თავისთვის მეტად დამამცირებელ, პატივისამყრელ საქციელსაც კი არ ერიდებიან. ზოგიერთი თავს სალოსად წარმოადგენდა, რათა ხალხს ცხოვრების უჩვეულო, ყველასგან განსხვავებული წესისთვის არ განედიდებინა, ტირილით პატიებასაც კი სთხოვდა მწყენინებელს იმისთვის, რაც სინამდვილეში სულაც არ ჩაედინა. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ხალხის უმრავლესობას ამ ღვაწლის საკუთარ თავზე აღებას არავინ სთხოვს. მაგრამ თითოეული უნდა შეეცადოს, გააცნობიეროს, თუ რამდენად პატივმოყვარე, ამპარტავანი ბუნება აქვს და შემდეგ შეძლებისდაგვარად ებრძოლოს მას. ეს ყველა ქრისტიანის ვალია.

- აღსანიშნავია, რომ დიდი სულიერებით გამორჩეული წმინდა მამები თავს უღირსებად და ცოდვილებად მიიჩნევდნენ. არადა თითქოს პირიქით უნდა იყოს...

- ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ წმინდა მამები ამ შემთხვევაში არ არიან გულწრფელნი და ისინი ხელოვნურად აზვიადებენ საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებას, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მაშ, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ ერთი მხრივ უჩვეულო მოვლენას? ხერსონის მთავარეპისკოპოსი წმინდა ინოკენტი აღნიშნავს: იმისთვის, რომ ბოროტი სულის შეხება ვიგრძნოთ, თავად უნდა ვიყოთ ნათელნი, ცოდვილი კი წყვდიადის გამოხატულებაა. სუფთა ტანსაცმელზე მცირე ლაქაც შესამჩნევია, შავ სამოსზე კი ყველაზე დიდი მუქი ლაქებიც არ ჩანს. ნათელ, სუფთა სულის კაცში ეშმაკის მიერ შთაგონებული ყოველი აზრი მაშინვე იწვევს შეშფოთებას, სიმძიმეს, გულისტკივილს, ცოდვილის შავ, წაბილწულ სულში კი მისი არსებობა შეუმჩნეველი რჩება. ამგვარ დამალვას ბოროტი უწყობს ხელს. მას ხელს არ აძლევს, გამოამჟღავნოს თავი, პირდაპირ აგრძნობინოს კაცს თავისი იქ ყოფნა. ეს ხომ მისგან გაქცევას, განსვლას გამოიწვევდა.

- რა სამსახურს უწევს ცხოვრებაში ადამიანს ამ დიდი სათნოების შეძენა?

- წმინდა ისააკ ასური აღნიშნავს: მორჩილი არ ფაციფუცობს, არ ჩქარობს, არ განიცდის უხერხულობას; არა აქვს გამთანგველი, არასერიოზული აზრებიც. იგი ყოველთვის მშვიდია და დედამიწაზე ცაც რომ ჩამოიქცეს, წარბი არ შეუტოკდება. არ ეშინია უბედური შემთხვევებისაც, რადგან მას ეშინია უფლის და ეს განცდა ყველა სხვა სახის შიშს სდევნის მისგან.

წმინდა ისააკ ასური მორჩილს ჩვილს ადარებს. იგი ამბობს: ამ დიდი სათნოებით ადამიანი ბავშვს მიემსგავსება უბრალოებით და უწყინარობით. ნათქვამია: "დაიცავს ჩვილთა უფალი" (ფს. 114:6). პატარა ჩაუცმელი დადის მთელი ზამთარი, როცა სხვები შემოსილნი არიან. სიცივე მსჭვალავს მთელ მის სხეულს, ის კი შიშველი ზის ყინვაში, ზამთრის სუსხში და ავად არ ხდება. მორჩილზეც ასევე ვრცელდება უფლის განსაკუთრებული დაშვება, სამოსელივით ერტყმის გარს და იფარავს მას ყველა გარეგანი საშიშროებისგან. სხვაგვარად რომ ითქვას, ამ დიდი სათნოების მქონეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ღმერთთან, უარს ამბობს რა დაცვის ბუნებრივ საშუალებებზე, მთელ იმედს მასზე ამყარებს, და ის იფარავს კიდეც მას. "ადამიანის უძლურებაში ხდება სრულყოფილი უფლის ძალა" (2 კორინ. 12:9). როცა კაცი თავის უსუსურობას გრძნობს, ღმერთს უხმობს საშველად და მისგან იღებს კიდეც დახმარებას. აქედანაა ურღვევი კავშირი მორჩილებასა და ლოცვას შორის - ვინც უფლის დახმარების საჭიროებას გრძნობს, ლოცულობს და რაც მეტ დროს უთმობს ამას, მით უფრო მორჩილი ხდება მისი გული.

- გრძნობა იმისა, თუ რამდენადაა ადამიანი ღმერთზე დამოკიდებული და როგორ ზრუნავს ღმერთი მასზე, რა ფსიქოლოგიურ გარდატეხას იწვევს ადამიანის ცხოვრებაში?

- მორჩილი იმედს ამყარებს არა საკუთარ თავზე, არამედ ღმერთზე; ყურადღებას ამახვილებს არა თავის ძლიერებაზე, შესაძლებლობებზე, არამედ უფლის წყალობაზე. მორჩილება უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ უფრო ნაკლებად ხარ ჩაბმული ამქვეყნიურ ფერხულში. რაც უფრო მაღლა ადიხარ სულიერების გზაზე, მით უფრო ძნელი ხდება ღვთაებრივს მოსწყვიტო ყურადღება და მიწიერს მიხედო. იგი კი თავისით იწვევს მიწიერი ძალის შესუსტებას, საყრდენის მოშლას. თუმცა, ამავდროულად, იზრდება ღმერთზე მინდობის, მისი დაცვის შეგრძნებაც; ნათლად ჩანს, რომ კრიტიკულ ჟამს, როცა არ იცი, რა გზას დაადგე, ვის მიმართო დასახმარებლად, გშველის უფალი, გიწვდის დახმარების ხელს, თან ისე, რომ ხშირად თავადაც არ იცი, როგორ გიგვარებს ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემას.

- მორჩილებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე შეურაცხყოფისა და დამცირების უდრტვინველად გადატანა. ეს კი ბევრისთვის ძნელი გასაკეთებელია.

- ჭეშმარიტი ქრისტიანობა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს ადამიანის წინაშე. იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) წერს: თვით სულიერი ცხოვრების წარმატება სიმდაბლის სიღრმით განისაზღვრება. ამიტომაც ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, დაცემაც კი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის ხელით გამოგზავნილი (სინამდვილეში ასეცაა), იგი ხელს უწყობს ჩვენი "მეს" დათრგუნვას არა დრტვინვით, არამედ მადლიერებით. თუმცაღა, ასეთი საქციელითაც კი ადამიანი მაინც სიცოცხლის ბოლომდე ვერ აღწევს თავს ქედმაღლობას, ამპარტავნებას. სიმდაბლის გარეშე კაცი ვერანაირ მადლს ვერ მიიღებს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს თავს. ამიტომაცაა ნაწინასწარმეტყველები - ბოლო ჟამს, ამპარტავნების გაზრდის გამო, ცხონდებიან მხოლოდ განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენით, ყველა სხვა ნიჭი კი ხალხს წაერთმევა.

მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს იმას, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, საჭიროა მოითმინო, არ აჰყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს, ყველაფერი, რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია. ამ სიბრძნის გაცნობიერება არ არის ადვილი, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ამის მისაღწევად საკმაო ხანია საჭირო, საკუთარ თავზე დიდი მუშაობა, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

- საბოლოო ჯამში, მორჩილების ყველაზე დიდი გამოვლენა ღვთის ნების განსაზღვრა და მისი შესრულებაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რა არის ღვთის ნება?

- ღვთის ნების გაგებას ხელს უწყობს საკუთარი საქმიანობისადმი გულისხმიერება. თუ მეტად დავაკვირდებით საკუთარ თავს, ვიგრძნობთ, რომ უმეტესწილად ჩვენთვის სასარგებლო ის კი არ იქნება, რაც გვსურს ან რასაც ამ დროისთვის ვგეგმავდით, არამედ სულ სხვა რამ. მართლმადიდებელმა ქრისტიანმა აწმყოთი უნდა იცხოვროს. უნდა მივენდოთ შინაგან ხმას. ამ შემთხვევაში ადამიანი მორჩილებაშია. იქცევა არა ისე, როგორც სურდა, განზრახული ჰქონდა, არამედ იმგვარად, როგორც მოიტანა აწმყომ, მოსულმა წუთმა. ეს კი ცხოვრების, სულიერი განვითარების ღვთიური რიტმის აყოლას ნიშნავს, ემორჩილები მას, რასაც დრო გკარნახობს. ეს კი ხშირად ზემოდან მითითების შეგრძნება, გაცნობიერებაა. არსებობის ამგვარი წესი კეთილსახოვან პირობებს ქმნის სულიერი განვითარებისთვის. დროს ფუჭად არ ხარჯავ, აკეთებ იმას, რასაც ზეციური სამყაროდან განგისაზღვრავენ.

- რა მნიშვნელობა ენიჭება მოძღვრის ნების მიყოლას?

- იმისათვის, რათა სასულიერო პირის რჩევა-დარიგებები ღვთის ნების გამომხატველი გახდეს, მის შინაგან მდგომარეობასაც აქვს მნიშვნელობა - თუ რამდენად ისწრაფვის იგი ცოდვათაგან განწმენდისკენ, ებრძვის თავის ვნებებს. მეტად საგულისხმოა ისიც, რომ მოძღვართან მისვლამდე თავადაც ვევედრებოდეთ უფალს, რათა ჩვენთან საუბრისას გაეხსნას მას გონება და გვაუწყოს ის, რაც არის ღვთის ნება ჩვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. ამასთან, სასულიერო პირთან შეხვედრამდე შევეცადოთ, განსაკუთრებით მოვერიდოთ ცოდვებს, არ მივცეთ ვნებებს გასაქანი. ამით ერთგვარად დავიმსახუროთ ის, რომ მოიღოს უფალმა მოწყალება, მოძღვრის პირით გაგვაგებინოს ის, რაც ესოდენ გვჭირდება იმ დროისთვის.

- დაბოლოს, რა უპირატესობით სარგებლობს მორჩილება სხვა სათნოებებთან შედარებით?


- მორჩილება კაცს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს, რითაც იგი სრულიად განსხვავებული ხდება სხვისგან. როგორც წმინდა ისააკ ასური აღნიშნავს, უფლის ძეობა და მასთან მიმსგავსება არა იმდენად სხვადასხვა ასკეტური მოღვაწეობით ხდება, რამდენადაც მორჩილების მოპოვებით. მარტოოდენ მოღვაწეობას ამ დიდი სათნოების გარეშე სარგებლობა არ მოაქვს, ხოლო მორჩილება კი საქმეთა გარეშეც საკმარისია უფლის ძეობისთვის, იგი საქმეთა დამოუკიდებლადაც მრავალ შეცოდებას ხდის მისატევებელს. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ვენდოთ სულიერი მოღვაწეობის ნაყოფს მანამ, სანამ ამ დიდ სათნოებას არ მოვიპოვებთ, თუნდაც ამისთვის დიდი ასკეტური ძალისხმევაც დაგვჭირდეს. სანამ მორჩილი არ გახდები, ვერ მიიღებ ჯილდოს მოღვაწეობისთვის; ის კი მოგეცემა არა საქმეთა, არამედ ამ დიდი სათნოების გამო.
ბეჭდვა
1კ1