ზოგჯერ ბავშვები ოჯახსაც კი ტოვებენ, ოღონდ აკრძალული "თავისუფლების" გემო იგემონ
ზოგჯერ ბავშვები ოჯახსაც კი ტოვებენ, ოღონდ აკრძალული "თავისუფლების" გემო იგემონ
მოზარდი იმდენად უვლის და უფრთხილდება აღმზრდელის ავტორიტეტს, რამდენადაც აღმზრდელი სცემს პატივს მის პიროვნებას
გარდატეხის ასაკი ყველაზე ძნელ და კრიტიკულ ასაკად ითვლება ბავშვის ცხოვრებაში. წმინდა იოანე ოქროპირმა იგი ასე დაახასიათა: "როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის, ღვთის გარდა". ხშირად მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ შვილებს სწორად ზრდიან, ზრუნავენ მათი კეთილდღეობისათვის, გაოგნებულნი და შეწუხებულნი რჩებიან, როდესაც აწყდებიან შვილების უმადურობას და ხედავენ მათთვის აუხსნელ არასასიკეთო ცვლილებებს: რა მოხდა, რატომ შეიცვალა მათი შვილი ასე რადიკალურად, რატომ ეურჩება ყოველ ნაბიჯზე და გააფთრებით ეწინააღმდეგება მათ; სად შეცდნენ, რა გამოეპარათ აღზრდის დროს? ზოგჯერ ბავშვები გაურბიან არა მარტო მშობლების მომაბეზრებელ შეგონებებს, არამედ, სამწუხაროდ, ტოვებენ ოჯახსაც კი, მზად არიან ცხოვრების მორევში გადაეშვან, ოღონდ გაიქცნენ გაურკვეველ ყოფიერებაში, იგემონ აკრძალული "თავისუფლების" გემო.

როგორი უნდა იყოს ოჯახი, რომ იქ ბავშვი სწორი ფასეულობებით ჩამოყალიბდეს? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი.

- რა არის გარდატეხის ასაკის უმნიშვნელოვანესი თავისებურება?

- უპირველესად მოზარდში "დიდობის" გრძნობის აღმოცენება, რაც უფროსებისადმი ბავშვური მორჩილების წინააღმდეგ აჯანყების, სრული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისკენ მისწრაფების სახით მჟღავნდება. დიდობის გრძნობის აღმოცენებაში მონაწილეობს ყველა ის ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ხასიათის ცვლილებები, რომელთაც ამ პერიოდში აქვს ადგილი. მოზარდი ამჩნევს მასში მომხდარ უამრავ ცვლილებას, ახდენს თავისი მზარდი შესაძლებლობების გადაფასებას, ასკვნის, რომ ცოტა რამით თუ განსხვავდება მოზრდილებისაგან და იხოვს, უფროსებს ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეთ მასთან, როგორც თანატოლთან; როცა უფროსები ამას არ აკეთებენ, ის თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს, უხეში და ჯიუტი ხდება. აღმზრდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დიდობის გრძნობა ჯანსაღი და ძვირფასია; ამიტომ ის კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ უნდა შევეცადოთ, სწორი მიმართულებით წარვმართოთ. ურთიერთობა მოზარდთან თანდათან და გონივრულად უნდა გარდავქმნათ, თანდათან უნდა ვაღიარით მისი უფლებები დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, ოღონდ გონივრულ საზღვრებში. დაუშვებელია ხელმძღვანელობისა და კონტროლის სრული მოხსნა, მაგრამ აუცილებელია, გავათავისუფლოთ წვრილმანი მეურვეობისაგან, ზედმეტი კონტროლისაგან, გადამეტებული და მომაბეზრებელი მზრუნველობისა და ხელმძღვანელობისაგან, რაც რაღაცნაირად გამართლებული იყო სკოლამდელი ასაკისა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მიმართ. უარი უნდა ვთქვათ კატეგორიული განკარგულებებისა და მბრძანებლური ტონის ბოროტად გამოყენებაზე.

გარდამავალ ასაკში მოზარდში აღმოცენებულ მოთხოვნილებებს შორის ერთ-ერთი უძლიერესია სურვილი - ყურადღების, პატივისცემის, შექებისა და აღიარების ობიექტი გახდეს. ამიტომ აღმზრდელები დიდი სიფრთხილითა და პატივისცემით უნდა მოეკიდონ მოსწავლის პიროვნებას, არასოდეს მიმართონ მოზარდს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, აბუჩად ამგდები სიტყვებით. მოზარდი იმდენად უვლის და უფრთხილდება აღმზრდელის ავტორიტეტს, რამდენადაც აღმზრდელი სცემს პატივს მის პიროვნებას.

- გარდამავალ ასაკში ემოციური განცდები სრულიად უმნიშვნელო საბაბითაც კი ჩნდება და დიდი ძალითა და სიცხოველით მიმდინარეობს. ამ დროს რა სჯობს - მკაცრი შეგონება თუ ლოიალური დამოკიდებულება?

- სასკოლო წარმატების შეფასება და უფროსების მიერ გამოყენებული სააღმზრდელო ღონისძიებანი - წაქეზება და სასჯელი - 13-15 წლის მოზარდში გაცილებით მკვეთრად გამოხატულ აფექტურ რეაქციებს იწვევს, ვიდრე სხვა რომელიმე ასაკში. განსაკუთრებით დიდ აღშფოთებას განიცდის მოზარდი, როცა ხედავს ან ჰგონია, რომ უფროსები უმართებულოდ იქცევიან - არასწორად აფასებენ მის ცოდნასა და საქციელს. ასეთ შემთხვევაში მოზარდს საერთოდ ნეგატიური განწყობილება ჩვეულებრივზე მეტად უვითარდება და უფრო ტლანქი, უხეში, ჯიუტი და ჟინიანი ხდება უფროსების მიმართ. ასეთ მდგომარეობაში მყოფ მოზარდს აღმზრდელი დიდი მოთმინებითა და სიმშვიდით უნდა შეხვდეს.

- გარდამავალ ასაკში მოზარდის საერთო ემოციურ განწყობილებაში ერთგვარი ჩრდილი საკუთარი სხეულის თავისებური კონსტრუქციის განცდასაც შეაქვს. ასეთ ცვლილებებთან მოზარდს უჭირს უცებ შეგუება, უჩნდება გარკვეული დისკომფორტის გრძნობა.

- მოზარდობის პერიოდის დასაწყისშივე ირღვევა სხეულის პროპორციულობა და მოზარდი სწრაფად იწყებს ზრდას სიმაღლეში; მაგრამ ჯერ მხოლოდ კიდურები იზრდება, ხოლო სხეული წინანდელ ზომებს ინარჩუნებს. ეს არღვევს სხეულის პროპორციას, სახესაც სასიამოვნო გამომეტყველება ერთმევა, მოძრაობაც კარგავს ელასტიკურობას. ეს მოზარდში უკმაყოფილებას იწვევს, რასაც ამძაფრებს დაცინვა და შენიშვნები, რის გამოც გუნება უფუჭდება, ანჩხლობს, ბრაზობს... მოზარდი ამ მოვლენებს ისე მტკივნეულად არ განიცდიდა, რომ იცოდეს, ყველაფერი ეს გარდამავალი მოვლენაა და ასაკთან ერთად გაივლის. უფროსებმა მას ეს უნდა აუხსნან და საყვედურისა და დაცინვის ნაცვლად მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ.

- ალბათ განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ფაქიზ დამოკიდებულებას საჭიროებს მოზარდთა სასიყვარულო ურთიერთობა.

- სიყვარული, რომელსაც გარდამავალ ასაკში განიცდის მოზარდი, არის უანგარო, ხორციელ ვნებას მოკლებული, წმინდა სულიერი სიყვარული.

აღმზრდელები გარდამავალი ასაკის ქალ-ვაჟთა სიყვარულს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან მასში უხეშ ჩარევას ზიანი მოაქვს აღზრდის საერთო საქმისათვის.

სკოლამ ოჯახთან ერთად ფრთხილად უნდა ადევნოს თვალყური მოზარდთა ასეთ სასიყვარულო ურთიერთობას, რადგან ადვილად შეიძლება წმინდა სიყვარულის ობიექტი რომელიმე შინაგანი ან გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით აღძრული სქესობრივი მისწრაფების საგნადაც იქცეს და გოგონასა და ვაჟის სიახლოვე სახიფათო გახდეს.

გარდამავალ ასაკში მოზარდში თავს იჩენს სექსუალური ინტერესები. არ უნდა დავუშვათ, რომ სქესობრივი ცხოვრების შესახებ მოზარდმა ქუჩიდან მიიღოს ინფორმაცია, რასაც ხშირად შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს.

- გარდამავალ ასაკში განვითარებას იწყებს დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება. მოზარდი ცდილობს იქონიოს საკუთარი შეხედულებები იმ პირთა შეხედულებების, მსჯელობების საწინააღმდეგოდაც კი, რომელნიც აქამდე მისთვის უმაღლეს ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ.

- დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება პიროვნების მაღალინტელექტუალური თვისებაა; მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მის განვითარებას. ხშირად უფროსები აბუჩად იგდებენ და დაცინვის საგნად აქცევენ მოზარდის მიერ ამა თუ იმ დებულების კრიტიკული პოზიციებიდან დამოუკიდებელი განხილვის ცდებს, რომელნიც, პირველ ხანებში მაინც, ხშირად მეტისმეტად ზერელე და უსაფუძვლო ჩანს. ასეთი მოქმედება უფროსებისგან ჩანასახშივე ახშობს ამ ძვირფას თვისებას და ინტელექტუალური აღზრდის საქმეს დიდ ზიანს აყენებს. მოზარდს ფრთხილად უნდა ვუჩვენოთ შეცდომები და მივუთითოთ სწორ გზაზე ისე, რომ შეურაცხყოფილი არ დარჩეს. მეორე მხრივ, მას ზომიერების გრძნობაც უნდა განვუვითაროთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს მოზარდის სულიერ ცხოვრებაში მეგობრული ურთიერთობების განვითარებას?

- მე-5-6 კლასების მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია პირადი ცხოვრებიდან ბევრი რამ დათმოს და საკმაოდ დიდი უსიამოვნება გადაიტანოს ჭეშმარიტი მეგობრის კეთილდღეობისათვის. აღმზრდელი მოვალეა ანგარიში გაუწიოს მოზარდის მოთხოვნილებას. არის შემთხვევები, როცა კლასში რაიმე ხდება, მასწავლებელმა კი არ იცის, ვინაა დამნაშავე. ასეთ ვითარებაში მასწავლებელი ხშირად კატეგორიულად მოითხოვს მოსწავლისაგან, რომელმაც, მისი აზრით, იცის, ვინ არის დამნაშავე, გასცეს ეს უკანასკნელი. ამხანაგის გამცემი მოზარდი სამუდამოდ დაკარგავს პრესტიჟს ტოლებში. ამიტომ მოსწავლე უარს ამბობს მასწავლებლის მოთხოვნაზე, რის გამოც ილახება მასწავლებლის ავტორიტეტი. თუ მასწავლებელი ახერხებს, აიძულოს მოსწავლე, გასცეს ამხანაგი, იგი, საკუთარი ავტორიტეტის შელახვასთან ერთად, აფუჭებს კლასში ამ მოსწავლის მდგომარეობას. ამას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს აღზრდის საერთო საქმეს. ამიტომ მასწავლებელმა მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადადგას.

- რა როლი ენიჭება თვითშეფასებას ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში?

- ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება უმთავრესად აიგება უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მათი ქცევის შეფასების საფუძველზე. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარი თვისებების, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების უნარი. ისინი თავიანთ თავისებურებებზე სპეციალურად არ ფიქრობენ. ყოველივე ამის გამო მათი თვითშეფასება ძალზე ლაბილურია, ის ადვილად იცვლება უფროსების მიერ მათი ქცევის, თვისებების, შესაძლებლობების შეფასების ცვლილებასთან ერთად; ზოგჯერ, ამ პერიოდში, ბავშვის თვითშეფასება ერთი დღის განმავლობაშიც კი იცვლება.

- ასაკის მომატებასთნ ერთად როგორ იცვლება ბავშვის თვითშეფასება?

- ადამიანი თავის შესაძლებლობათა შეფასების საფუძველზე გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს და ამ მოთხოვნების შესატყვისად იქცევა. ბავშვის ზრდასთან ერთად თვითშეფასება სულ უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელი ხდება, ბავშვისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ როგორ აფასებს თვითონ საკუთარ თავს და არა ის, თუ როგორ აფასებენ მას სხვები. მოზარდობის პერიოდში თვითშეფასების ფორმირებაში მომხდარი ძირეული ცვლილებები მჭიდროდ უკავშირდება თვითცნობიერების განვითარებას, ამ ასაკში ბავშვს უჩნდება მისწრაფება გაერკვეს საკუთარ თავში, უჩნდება საკუთარი თავისებურებების, საკუთარი პიროვნების ცოდნის, თავისი თავისადმი ინტერესის და თავისთავზე ფიქრის მოთხოვნილება.

მოზარდობის პერიოდში ბავშვის ცხოვრებაში მომხდარი ძირეული ცვლილებები დიდ გავლენას ახდენს მოზარდის თვითშეფასების უნარზე. მოზარდი თანდათანობით თავისუფლდება სიტუაციის უშუალო გავლენისაგან. ასაკის მატებასთან ერთად მისი ფსიქიკური განვითარების მთავარ სტიმულად იქცევა არა მარტო მისწრაფება შეაქონ, არამედ მოთხოვნილება, შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლებსაც ის უყენებს საკუთარ თავს.

ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდი არაადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ახდენს მათ გადაფასებას ან პირიქით - შეუფასებლობას. პირველ შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება, მეორეში კი - არაადეკვატურად დაბალი; ადეკვატური თვითშეფასება ბავშვს უყალიბდება მაშინ, როდესაც ის ადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, თავის თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების შემთხვევაში კი ბავშვი სისტემატურად განიცდის წარუმატებლობას, ხშირად აქვს კონფლიქტები ირგვლივმყოფებთან; ყოველივე ამის გამო ირღვევა ბავშვის პიროვნების განვითარების ჰარმონიულობა. განსხვავება ბავშვის თვითშეფასებას, პრეტენზიების დონესა და მის რეალურ შესაძლებლობებს შორის ხშირად ხდება მწვავე ემოციური განცდების აღმოცენების საფუძველი. ასე აღმოცენდება არაადეკვატური განცდები და ქცევები, არაადეკვატური ხდება სინამდვილესთან დამოკიდებულებაც, მახინჯდება აღქმა, იცვლება ემოციური დამოკიდებულება გარემოსთან. ასე მაგალითად, ასეთი ბავშვის მიერ სამართლიანი შენიშვნა აღიქმება როგორც უმიზეზოდ გამოდავება. ბავშვი ხდება მტრული, დაძაბული, ეჭვიანი. მასწავლებელმა შეიძლება სავსებით სწორად შეაფასოს ასეთი ბავშვის ქცევა და ცოდნა და სამართლიანი მოთხოვნებიც წაუყენოს მას, მაგრამ მოზარდის მიერ ეს შეფასებები და მოთხოვნები განიცდება როგორც უსამართლო და ამ საფუძველზე მასში ხშირად აღმოცენდება არაადეკვატურობის ეფექტი.

ადამიანი ჰარმონიულ პიროვნებად მაშინ ჩამოყალიბდება, როდესაც სწორად გააცნობიერებს, თუ რა ნიჭები და უნარები მიეცა მას ღმერთისგან და ამ უნარებს გამოიყენებს ღვთის სადიდებლად და ადამიანთა საკეთილდღეოდ. ამაში კი მას უდიდეს დახმარებას უწევს ეკლესია, ოჯახი და სკოლა.
ბეჭდვა
1კ1