ღვთაებრივი მადლი უმწიფარ ნაყოფს არ ისხამს
ღვთაებრივი მადლი უმწიფარ ნაყოფს არ ისხამს
პავლე მოციქული ბრძანებს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა". მნიშვნელოვანია, ადამიანმა დაინახოს, გააცნობიეროს, თუ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობის საზომი, რას უნდა მიბაძოს, რას ესწრაფოდეს, რათა გარდაიქმნას, დაიხვეწოს, უკეთესი გახდეს და ამ გზით მიეახლოს იდეალს. რადგანაც ქრისტიანობის არსი სწორედ ეს არის: "ძალისაებრ ბაძვა ქრისტესი". მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანმა შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სათანადოდ შეფასება. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობა "სამეუფო გზით" სიარულს ნიშნავს და თავი უნდა დავიცვათ უკიდურესობებისაგან. მაგალითად, წმინდანთა ცხოვრების გაცნობისას ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ პასიურ ტკბობა-აღტაცებას განიცდის, იხიბლება მათი გმირობის სიდიადით, მაგრამ თავად არ უჩნდება სურვილი, ცოტათი მაინც მიბაძოს მათ. თუმცა ზოგჯერ ხდება პირიქითაც: ადამიანი ისე ძლიერად იმუხტება დიდი ასკეტი მამების მიბაძვის სურვილით, რომ მაშინვე ცდილობს, არ ჩამოუვარდეს მათ და იღებს ისეთ ღვაწლს, რისი დაძლევის ძალაც არ შესწევს. ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი გვესაუბრება იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასეთ დაუდევარ წამხედურობას.

- წამხედურობის შედეგები ახალგაზრდობაში არაერთმა დიდმა სასულიერო მოღვაწემაც იწვნია. ასეთი შემთხვევაა აღწერილი მამა საბას ცხოვრებაში, რომელიც გახლდათ ათონზე მოღვაწე დიდი ქართველი ბერის, წმინდა ილარიონ ქართველის მოწაფე. მამა საბა ხშირად შეაგონებდა სულიერ შვილებს: "ერიდეთ ისეთ განსაცდელებსა და საცდურებს, რომლებიც წმინდა ცხოვრების გადამეტებულ სურვილსა და მონდომებასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, ყველას აჯობოთ ასკეტური ღვაწლით, ზედმეტად მკაცრად იმარხულოთ, სულიერი ჭვრეტა დაგეუფლოთ ანდა იცხოვროთ სრულიად განმარტოებით და ა. შ. ებრძოლეთ ამ საცდურებს, რომლებიც მოდიან ერთი შეხედვით მართალი და ღვთისმოსავი აზრებიდან. არ მოხვდეთ ამ ხაფანგში, თორემ დაიღუპებით. ღვთაებრივი მადლი უმწიფარ ნაყოფს არ ისხამს". მამა საბამ უამბო მათ საცდურის მწარე გამოცდილების შესახებ. ერთხელ მან ლოცვა-კურთხევა სთხოვა ნეტარ მამა ილარიონს ათონის რომელიღაც გამოქვაბულში განმარტოებულად დასახლებისა. ფიქრობდა, ასე უფრო ახლოს ვიქნები უფალთანო. მაშინ ეჩვენებოდა, რომ ეს მისწრაფება უფლისთვის სათნო იქნებოდა და ამიტომაც ევედრებოდა მოძღვარს. უაღრესად ბრძენი და გამოცდილი მამა ილარიონი ხვდებოდა, რომ ეს იყო სიყმაწვილით გამოწვეული მეტად საშიში ცდომილება - უდროო და მოუმწიფებელი სურვილი. მაგრამ არ უნდოდა, ეს სურვილი ჩაეკლა მოწაფის სულში და უთხრა, - წადი, შვილო, რაკიღა ძალიან გინდა, და ღვთის ნება აუცილებლად გამოვლინდებაო. იმავე საღამოს მამა საბა ერთ-ერთ გამოქვაბულში მარტო დასახლდა. დაიწყო ლოცვა, მადლიერებას გამოხატავდა უფლის მიმართ ამ დიდი წყალობისთვის. ფიქრობდა, რომ სულ ასე იქნებოდა - იცხოვრებდა ამ ბნელ გამოქვაბულში და ყოველთვის დატკბებოდა ლოცვით. მისი მოძღვარი, მამა ილარიონი კი ამ დროს თავის სენაკში ლოცულობდა, ევედრებოდა უფალს, რომ სათანადო გაკვეთილი ჩაეტარებინა მისი მოწაფისათვის, რათა ადრე თუ გვიან გამომჟღავნებულიყო მისი ყმაწვილური თავდაჯერება და მოუთმენლობა. მართლაც, სრულიად ჩამობნელდა. ამ დროს მამა საბა ლოცვაში იყო ჩაძირული და ტკბებოდა ამ მდგომარეობით, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. უცებ ატყდა ჭექა-ქუხილი, ამოვარდა ქარბუქი, რომელიც ღრიალებდა და ლოდებს ატრიალებდა. გეგონებოდა, ქვეყნიერების აღსასრული დგებაო. შეძრწუნებულმა მამა საბამ კინაღამ გონება დაკარგა. შეჭოჭმანდა, - ნეტავ, შევძლებ კი მოძღვრის სენაკამდე მიღწევასო. შორს ჩემგან ყოველგვარი ისიხაზმი! - წამოიძახა მან. გაჭირვებით დაბრუნდა უკან. მერე კი მადლობა შესწირა ღმერთს, რომ შეისმინა მამა ილარიონის ლოცვა-ვედრება და დაუშვა, დემონებს შეეშინებინათ მისი ახალგაზრდა და გამოუცდელი მოწაფე, ამ გზით კი დაიცვა ახალგაზრდა მოღვაწის სული იმ სულიერი ზიანისაგან, რომელიც მიადგებოდა მას გამოქვაბულში სიმარტოვეში ხანგრძლივი ყოფნით. ეს მამა საბასთვის მართლაც დაუვიწყარი გაკვეთილი იყო.

ამ მაგალითით კარგად ჩანს, თუ რით შეიძლება დამთავრდეს წამხედურობა სულიერი ასპექტით, თუნდაც ადამიანს ერთი შეხედვით კეთილშობილური ზრახვები ამოძრავებდეს.

მსგავს შემთხვევას ვხვდებით ჩვენი თანამედროვე მამის, სქიმიღუმენ საბას (ოსტაპენკო) ცხოვრებაშიც. ერთხელ, თავის სულიერ შვილებთან ერთად ლოცვისას, უნებურად ყურადღება მიაპყრო ადრინდელი ქრისტიანი მოღვაწის, სქიმმონაზონ ლაზარეს საფლავს, რომლის თავზეც ბორკილები ეკიდა. ეს ბორკილები მას გარდაცვალების შემდეგ აღმოუჩინეს. ამასთან დაკავშირებით მამა საბამ გაიხსენა: ერთხელ ამ საფლავთან მას უნახავს გულამოსკვნით მტირალი ქალი. მამა საბას ხელი არ შეუშლია მისთვის თავისი მწუხარების გამოვლენაში. გამოხდა ხანი და ამ საფლავთან მივიდა ადამიანთა ერთი ჯგუფი და მამა საბას სთხოვეს პანაშვიდის გადახდა. მამა საბამ მოსულთა შორის ეს ქალი ამოიცნო. იგი ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულების დროსაც ტიროდა. პანაშვიდის დამთავრების შემდეგ ქალმა მამა საბას უამბო იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა. "გახსოვთ, მამაო, - მიმართა მან მამა საბას, - როდესაც პირველად ვიყავი ამ საფლავთან და ვტიროდი. მაშინ შევპირდი წმინდა მამას, რომ მისნაირ ბორკილებს დავიდებდი და ამ გზით ავლაგმავდი ჩემს სიფიცხეს. მას ვთხოვე შეწევნა, რადგან საკმაოდ მძიმე ცხოვრება მქონდა. ჩემი ქმარ-შვილი ურწმუნოები იყვნენ და დასცინოდნენ ჩემს ეკლესიურ ცხოვრებას. მე კი ხშირად ვშფოთავდი და ვჩხუბობდი. შემდეგ განვიზრახე, ასეთივე ბორკილები მეშოვა. ოსტატს შევუკვეთე, ჩემს ზომაზე გამოეჭედა ისინი და სწორედ ამ დროს მძიმედ გავხდი ავად, ლოგინიდან წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი. ქმარმა ყვედრება დამიწყო: - აი, ხედავ, რა შედეგი გამოიღო შენმა წმინდა ადილებში სიარულმა?! დრო გადიოდა. გამოკეთება არ მეტყობოდა. ერთხელ ძილში ვხედავ მოხუცს. მითხრა: ჩემს საფლავზე პანაშვიდი გადაიხადეო. ვინ ბრძანდებით, სად არის თქვენი საფლავი-მეთქი. მე ვარ მამა ლაზარე, ვისი წაბაძვითაც აპირებდი ბორკილების დადებასო. როგორ მოვალ თქვენს საფლავზე, როცა წამოდგომის თავიც არა მაქვს-მეთქი. დაანებე შენს განზრახვას თავი და წამოდექი. არ გჭირდება ეგ ბორკილები! - მითხრა მკაცრად. ამასობაში გამეღვიძა. ამ სიზმრის შემდეგ საერთოდ დავივიწყე ბორკილებზე ფიქრი და მალევე გამოვკეთდი. ახლა აქ ვარ, რათა პანაშვიდი გადავიხადო მამა ლაზარეს საფლავთანო". ბრძენი და ღვთივგანბრძნობილი მამა საბა თავის სულიერ შვილებს მიუბრუნდა: ჩვენი ბორკილები - ცხოვრებისეული ჯვრის უდრტვინველად ტარებაა. როდესაც ვინმე შეურაცხგვყოფს სიტყვით ან საქმით და ჩვენ ამას სახარებისეული სულით, მშვიდად და მორჩილებით ვიტანთ, ეს არის სწორედ ჩვენი სულიერი ბორკილები, რომლებიც რკინის ბორკილებზე მეტია.
ბეჭდვა
1კ1