ვეძებოთ ის სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუების სიმწარე
ვეძებოთ ის სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუების სიმწარე
სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, ადამიანთა უმრავლესობა ბედნიერების კრიტერიუმად ასახელებს, მაგალითად, იღბლიან ქორწინებას, კარგ მეგობრებს, შესაფერის სამსახურს და სხვ. სხვათა შორის, იმავე სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად აღმოჩნდა, რომ რელიგიური ადამიანები უფრო მეტად ბედნიერნი არიან, ვიდრე არარელიგიურნი, რადგანაც ისინი უფრო იოლად უმკლავდებიან სიძნელეებს და ნაკლებად სახიფათონიც არიან ირგვლივმყოფთათვის.

მაინც სად უნდა ვეძებოთ ბედნიერების ჭეშმარიტი საზომი, რა ზღვარი არსებობს ნამდვილ ნეტარებასა და ყალბ, იაფფასიან სიამოვნებებს შორის, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ნამდვილი ბედნიერება მოიმუშაკოს? გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- ზოგჯერ ბედნიერების ნიშანს აიგივებენ ნეტარების ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიურ მდგომარეობასთან. ანდა, პირიქით, წარმატებულობისა და კეთილდღეობის სტაბილურ შეგრძნებებში ეძებენ ბედნიერების გასაღებს. ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს, ურსულა შტაუდინგერს შემოაქვს ცნება: "სუბიექტური კეთილდღეობის პარადოქსი". მისი გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თურმე ჩვენ ხშირად უმიზეზოდ ვყოფილვართ ბედნიერნი და ამას უწოდა სუბიექტური კეთილდღეობის პარადოქსი.

არსებობს ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი, სადაც 7 მაქსიმალური ქულით ფასდება საკუთარი მდგომარეობა. შემოგთავაზებთ ამ ტესტს: 1) ჩემი ცხოვრება მრავალი კუთხით არის ახლოს ჩემს იდეალთან; 2) ჩემი ცხოვრების თანამდევი ვითარებები და სიტუაციები შესანიშნავია; 3) მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით; 4) ცხოვრებაში მაქვს ყოველივე, რაც კი მესაჭიროება და 5) რომ შეიძლებოდეს ცხოვრების თავიდან დაწყება, არაფერს არ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. მაშ, თუ დავაგროვეთ 15-იდან 20-მდე ქულა, ეს არის საშუალო შედეგი, 14-ზე ნაკლები - ეს არის უკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით, ხოლო 26-ის ზემოთ – მადლიერება ცხოვრებისეული პირობებით.

საინტერესოა, რომ თურმე ბედნიერების წარმოდგენა უკავშირდება ეროვნულ თავისებურებებსაც. მაგ., ამერიკელისთვის ბედნიერება ყოფილა თვითრეალიზაცია, საკუთარი თავის პატივისცემის შენარჩუნება; იაპონელისთვის - საზოგადოებრივ მოლოდინთან მისი შესატყვისობა. სხვათა შორის, იაპონელებში შეინიშნება შიშის თავისებური სახეობა - იაპონელს ეშინია, ვაითუ ვერ აამოს უფროსს, ხელმძღვანელს, დირექტორს და ა. შ.

- ბიბლიაში ვკითხულობთ: "ნეტარ არს კაცი, რომელმან ჰპოვა სიბრძნე... რამეთუ უმჯობეს არს ესე მოგებად, ვიდრეღა ოქროსა და ვეცხლსა საუნჯესა (იგავ. 3,13-14)". მაინც რა არის ის სიბრძნე, რომელიც აბედნიერებს ადამიანს და როგორია ამქვეყნიურ ბრძენთა შეხედულებები ბედნიერებასა და ნეტარებაზე?

- ფილოსოფოსებს ბედნიერების თავისებური გაგება აქვთ. არისტოტელე ამბობს: ნეტარება არის მდგომარეობა, რომლის საშუალებითაც ადამიანი საკუთარი დანიშნულების რეალიზაციას ახდენს. ეს მდგომარეობა კი გარკვეულ წინაპირობებს საჭიროებს. ესენია: კეთილშობილური წარმომავლობა, ქუდბედიანობა, სიმდიდრე, საზოგადოებრივი დაფასება, სილამაზე, მეგობრები და სხვა ფაქტორები. ადამიანი არასოდეს იქნება ბედკრული, რადგან წარუმატებლობის დროსაც კი იქცევა თავისი ღირსების შესაფერისად. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით გავიხსენებ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის სიტყვებს - ბედნიერია, ვისაც შეუძლია ხუმრობა მძიმე წუთებში. ესაა სულიერი ძალისა და ვაჟკაცობის ნიშანიო. არისტოტელე ამბობს: რა გვიშლის ხელს, ბედნიერი ვუწოდოთ მას, ვინც კეთილსათნოების სულის სისავსით მოქმედებს, ვინც გარეგანი სიკეთით არის დაჯილდოებული, თანაც არა მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზეო. პლატონი, თავისი მსოფლმხედველობით, ძალიან ახლოს იყო ქრისტიანობასთან. იგი ამბობდა, რომ ბედნიერების სიკეთე ამქვეყნად მიუწვდომელია ადამიანისთვის. ის მხოლოდ ღმერთისთვის არის მისაწვდომი, ადამიანი კი სიკვდილის შემდეგ ეზიარება მას სრულად.

ეს, რაც შეეხება ამქვეყნიურ სიბრძნეს. ქრისტიანობაში კი დაუნჯებულია ამქვეყნიურზე აღმატებული სიბრძნე, რაც გულისხმობს, რომ ჭეშმარიტი სათნოება საკუთარ თავში პოულობს საზღაურს, ჯილდოს, იმიტომ რომ ქრისტეს უღელია თავად ტკბილი და ქრისტიანული სათნოებაა თავად ნეტარება. როგორც ცოდვას უკავშირდება ტანჯვა-განსაცდელი, ისე სათნოებას - ნეტარება. მაგრამ ამქვეყნიური ბრძენნი, მათ შორის კანტი, ვერ ამაღლდნენ ქრისტიანობის ამ თეზისის აღქმის დონემდე.

ადამიანის ეკლესიურ ცხოვრებასა და სრულქმნას მოსდევს სწორედ ბედნიერება და ნეტარება. ახალ აღთქმაში არსად არის ნახსენები სიტყვა "ბედნიერება", მის ნაცვლად ვხვდებით სიტყვა "სიხარულს". იოანეს სახარებაში წერია: "თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიყვარული იყოს თქვენში და სრულყოფილი იყოს თქვენი სიყვარული (იოანე 15,10-11)". აქედან ჩანს, რომ ღმერთის სიყვარული არის ჭეშმარიტი ბედნიერება.

- არსებობს ნეტარების ისეთი ყალბი წყაროები, როგორიცაა, მაგალითად, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, სიგარეტი... რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ნამდვილი ბედნიერება სწორედ ამ მყისიერი და ხანმოკლე სიამოვნებების დათმობით მიიღწევა?

- ამის შესახებ რუსთაველიც გვეუბნება: "რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".

ნარკოტიკის მოხმარების მთავარი მიზეზი სწორედ სიამოვნების ძიებაა. საერთოდ, ნეტარების სურვილი, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ღრმად არის გამჯდარი ადამიანის არსებაში. საიდან იღებს დასაბამს ადამიანის ამგვარი მისწრაფება? წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანს აქვს ქვეცნობიერი წუხილი დაკარგულ სამოთხეზე. ღმერთის არსებობის ერთ-ერთი მტკიცება, კერძოდ, ფსიქოლოგიური მტკიცება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი ეძებს ბედნიერებას. ბავშვობიდან დაწყებული, დედის მუცლიდანვე ბავშვი წოვს თითს, შემდეგ მისთვის უკვე დედის რძე არის ნეტარება. ნეტარებას ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებს. მაგრამ ვნებებში არ არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში შხამი იმალება. ნარკომანია დაუმსახურებელი სიამოვნება და ნეტარებაა, რომელიც ისჯება აბსტინენციური სინდრომით ("ლომკა"), ტანჯვით. ასევეა ალკოჰოლი, მრუშობა და ა.შ. ყველა ეს მოვლენა ადრე თუ გვიან გამოიღებს თავის შხამიან ნაყოფს. ნეტარი ავგუსტინე თავის "აღსარებანში" წერს: "მაშინ, როდესაც სიტკბოებას ცოდვაში ვეძებთ, უფალი თავისი მკაცრი გულმოწყალებით უმწარეს იმედგაცრუებას უზავებს ცოდვის სიტკბოებას, რათა ვეძებოთ ის სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუების სიმწარე". სასჯელი, რომელიც მოიწევა ყველა ამ ცოდვის გამო, კიდევ ერთხელ შეახსენებს ადამიანს, რომ მხოლოდ ღმერთშია შესაძლებელი წარუვალი სიტკბოებისა და ბედნიერების პოვნა. მაგრამ ადამიანი სუსტია და უჭირს ისეთი პატარა შვებისა და სიამოვნების დათმობაც კი, როგორიცაა, მაგალითად, თამბაქო. მაქს ფრიში ამბობდა, როდესაც ვეწევი, მარტო აღარ ვარო. აქედანაც ჩანს, თუ როგორი გაძარცულობის გრძნობა შეიძლება დაეუფლოს ადამიანს ამ ჩვევასთან განშორების შედეგად. მამა პაისი ყვებოდა, რომ მასთან დახმარებისთვის მივიდა სიმსივნით დაავადებული ქალიშვილის მამა. წმინდა მამამ უთხრა: მე ლოცვის გარდა არაფერი შემიძლია, შენ კი გირჩევ, თუკი რამე ხინჯი გაქვს, მოიშორე და ღმერთი შეგვეწევაო. ერთი წლის განმავლობაში ამ კაცს სიგარეტი არ მოუწევია. მოხდა სასწაული - ქალიშვილი გამოჯანმრთელდა. მამამ გული დაიარხეინა - ყველაფერი კარგადააო და კვლავ დაუბრუნდა მავნე ჩვევას. გოგონა ისევ დაავადდა. სასოწარკვეთილმა მამამ ისევ მამა პაისის მიაშურა, მაგრამ ბერმა ამჯერად კარი მიუხურა: გრცხვენოდეს, რადგან შენი ქალიშვილის სიყვარულისთვის ეს უმნიშველო სიამოვნებაც კი ვერ დათმეო. ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკს, ალკოჰოლს და სხვა სიამოვნებებს მიელტვიან, ჯიუტად ცდილობენ ასეთი მარტივი საშუალებებით მოიპოვონ ნეტარება, თავს იტყუებენ ილუზიებით, გამოგონილი, ჩანაცვლებული ბედნიერებით. მათთვის ბედნიერების ცნება გამოშიგნულია და დაცლილია შინაარსისგან.

ნეტარებას კი ასე ადვილად ვერ მოიპოვებ. ნეტარება არის ჯილდო სათნო ცხოვრებისათვის, რომელიც ადამიანმა ამ ცხოვრებაში აღასრულა. იყვნენ უფლის სათნომყოფელი წმინდანები, ღვაწლმოსილი მოღვაწეები, რომელნიც, ჯერ კიდევ ხორცში მყოფნი, ამ მიწაზევე შეიგრძნობდნენ განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას. ამ დროს ისინი განიცდიდნენ სულისა და სხეულის უჩვეულო სიმსუბუქეს, ანათებდნენ, ბრწყინავდნენ, ჰაერში მაღლდებოდნენ, წყალზე გადადიოდნენ.

- რა პარალელი შეიძლება გაივლოს ამქვეყნიური ჰედონიზმის თეორიასა და ქრისტიანულ ასკეზას შორის?

- ერთი ჰარვარდელი სწავლული ბედნიერების საზომს ასე განუმარტავს მკითხველს: იყავით უბრალო ადამიანი და არა სუპერგმირი, მიიღეთ მონაწილეობა სოციალურ საქმიანობაში, მათ შორის ქველმოქმედებაში, იცხოვრეთ მარტივად, სხეულს მიეცით რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, იყავით მადლიერნი ყოველთვის და ყველგან, რამდენადაც შეგიძლიათ, და აი, ჰედონიზმის ფორმულაც მზად არის. ქრისტიანულმა ეთიკამ კი გამოაცხადა ასკეზა, როგორც უმაღლესი სათნოება, რაც, როგორც უკვე ვთქვით, გულისხმობს გრძნობადი სიამეებისაგან განცალკევებას. ქრისტიანული ასკეზა პროტესტს უცხადებს სწორედ ამ ჰედონიზმს. იგი გვასწავლის სხეულებრივი სიამოვნებების დათმობას სულის სასარგებლოდ. როგორც სვიმეონ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "არსებობა ღმერთში, მასთან ურთიერთობა და გამოუთქმელი მადლის ჭვრეტა აღემატება ყოველგვარ ნეტარებასა და ბედნიერებას. იგი ამაღლებულია ყოველგვარ ღირებულებებზე, სიამეებზე და ე. წ. ყოფითი ცხოვრების ყველა სიკეთეზე". ხოლო "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის" ავტორი - იეროთეოზ ვლახოსი ამბობს: "ყველაზე დიდი ბედნიერება და ნეტარება და საერთოდ, ადამიანური ცხოვრების მიზანი - ეს არის განღმრთობა, რომელსაც ადამიანი აღწევს თავისი ცხოვრების წესით, ქრისტეს უღლის ტარებით, რომელიც იმდენად ტკბილია, რომ ამაზე დიდი ნეტარება ქვეყანაზე არ არსებობს". ნეტარების ასეთი გაგება დამყარებულია რწმენაზე. რწმენა კი არის განსაკუთრებული მადლი. ღმერთმა მოგვანიჭოს ეს მადლი, რათა შევძლოთ განსხვავება წარმავალსა და მარადიულს, პირველხარისხოვანსა და მეორეხარისხოვანს შორის. როგორც სახარება ბრძანებს: "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ".
ბეჭდვა
1კ1