დაუდევრად ვფლანგავთ ჩვენთვის განკუთვნილ დროს, მისთვის კი, ვინც შეგვქმნა და არსებობა მოგვანიჭა, წუთებიც გვენანება
დაუდევრად ვფლანგავთ ჩვენთვის განკუთვნილ დროს, მისთვის კი, ვინც შეგვქმნა და არსებობა მოგვანიჭა, წუთებიც გვენანება
ადამიანებს ყველაზე მეტად ღალატის პატიება უჭირთ. ეს ერთ-ერთი უმძიმესი და უსასტიკესი ცოდვა სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად დიდ დაღს ასვამს როგორც ცოდვის ჩამდენს, ასევე მასაც, ვისაც ღალატობენ. თუმცა ადამიანს მაინც შეუძლია ყველა ცოდვა მიუტევოს მოყვასს, თუკი იგი დიდ სულიერებას მიაღწევს.

არსებობს სხვადასხვა სახის ღალატი: ღმერთის, სარწმუნოების, სამშობლოს, ოჯახის, მოყვასის, საკუთარი თავის, საკუთარი მოწოდებისა და ა. შ. მიუხედავად სხვადასხვაგვარი გამოვლინებისა, ღალატს მაინც ერთი მიზეზი აქვს. ეს არის ადამიანის დაცემულ ბუნებაში ფეხმოკიდებული სულიერი სისუსტე. რა სულიერ-ფსიქოლოგიური მიზეზები განაპირობებენ ღალატის წარმოშობას, რა და რა სახის ღალატი არსებობს და როგორ უნდა იმუშაოს კაცმა საკუთარ თავზე ამ სულიერი სისუსტისა და სენის აღმოსაფხვრელად, გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ღალატის ერთ-ერთი გამოვლინებაა ცოლქმრული ღალატი, რომლის შემთხვევაშიც სარწმუნოებაც კი აძლევს ადამიანს გაყრის ნებას. ამ თვალსაზრისით რამდენად დიდ დაღს ასვამს ეს ცოდვა ფსიქიკას?

- ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა მრუშობაა. მრუშობას განასხვავებენ სიძვისაგან. სიძვა - ეკლესიური კუთხით დაუქორწინებელ ადამიანთა უკანონო კავშირია, ხოლო მრუშობა - დაქორწინებულთა ამ ცოდვით დაცემა. ბასილი დიდი სიძვის მიმდევარს შვიდი წლით განაყენებდა ზიარებისაგან, მემრუშეს - თხუთმეტით. როგორც არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე წერს: "მრუშობის ცოდვა ორჯერ მეტი ცოდვაა, ვიდრე სიძვა. ხოლო მემრუშე მსიძვავზე უფრო ცოდვილია. სიძვა მხოლოდ ორ ადამიანს შეაგინებს, მრუშობა კი ოთხს სწვდება: ორს შეაგინებს, დანარჩენ ორს კი შეურაცხყოფს". "ძალიან დიდი ტრავმაა ადამიანისათვის მისი მეორე ნახევრის ღალატი და ამას დიდი გართულებები მოჰყვება ხოლმე შედეგად. ზოგჯერ შეურაცხყოფილი ცდილობს სამაგიეროს გადახდას იმავეთი. შესაძლოა, საქმით ეს არ აღასრულოს, მაგრამ ფიქრით, აზრით, ემოციით მაინც გაუელვებს სურვილი, რომ მანაც იმავეთი გადაუხადოს სამაგიერო შეურაცხმყოფელს. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი და არასულიერი მიდგომაა. ადამიანის ფსიქიკაში შემოდის არაჯანსაღი აზრები და მისწრაფებები. თავად სულიერი კანონები გულისხმობს ერთ რამეს: როდესაც ადამიანი რაიმე ცოდვას სჩადის, ხშირად გარკვეული ხნის შემდეგ იმავეთი გადაეხდება ხოლმე სამაგიერო. და თუკი ერთი ადამიანი მეორეს ღალატობს, შეიძლება უფალმა დაუშვას, რომ იგივე სიმწარე განიცადოს მანაც. როდესაც ასეთი სასჯელი ეშვება კაცზე, სინდისის ხმა ამხელს, წარსულში დაშვებული რომელი შეცოდება იყო ამ ყველაფრის გამომწვევი. საბჭოური მენტალიტეტით კი მამაკაცის მიერ ცოლის ღალატი იმდენად დიდ დანაშაულად არ ითვლებოდა. საამაყოდაც კი მიაჩნდა ზოგიერთ მამაკაცს. მაგრამ დადგა დრო, რომ სრულებით შეიცვალოს ასეთი პოზიცია, რადგანაც მაცხოვრის ერთ-ერთი მცნება "არა იმრუშო" თანაბრად ეხება როგორც ქალს, ასევე მამაკაცსაც. ამ ცოდვის გამო მრავალი სასჯელი მოდის ხოლმე ადამიანზე და ადრე თუ გვიან ყველა ზღავს ამ შეცოდებისთვის.

- წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა სახის ცოდვა უშუალოდ ღვთის ღალატია. როდესაც ვცოდავთ (ამა თუ იმ სახით), ამ დროს ხელმეორედ ვაკრავთ მაცხოვარს ჯვარზე. და მაინც, რა სახით ვლინდება ჩვენს ყოველდღიურობაში ღვთის ღალატი?

- უფლის ღალატი გულისხმობს იმას, რომ შესაბამისად არ ვიცავთ იმ წესებს, რომელთა დაცვაც მოეთხოვება ყველა ქრისტიანს. ხშირად ადამიანებს ეზარებათ ლოცვა... დღე-ღამის განმავლობაში 24 საათია. თუ ამ ლოცვების ტექსტს ხშირად წაიკითხავ და თვალს შეაჩვევ, სულ რაღაც 10-15 წუთი სჭირდება. უფალმა მთელი დღე გვაჩუქა და დაგვითმო სხვადასხვა საქმის საკეთებლად, ხანდახან დავისვენოთ, გავერთოთ კიდეც, ჩვენ კი ღვთისთვის 10-15 წუთის დათმობაც კი არ გვინდა. განა არ არის ეს ღალატი?! დაუდევრად ვფლანგავთ ჩვენთვის განკუთვნილ დროს, მისთვის კი, ვინც შეგვქმნა და არსებობა მოგვანიჭა, წუთებიც გვენანება. ან თუნდაც წირვა-ლოცვაზე დასწრება ავიღოთ. კვირაში სულ შვიდი დღეა. უფალმა ექვსი დღე მოგვცა, რათა ამქვეყნიურ საქმეებს მივხედოთ. კვირა დღეს კი ეკლესიაში მისვლა და 2-3 საათი წირვაზე დასწრება გვეზარება. წარმოიდგინეთ, რამდენად არასათნოდ მოჩანს ეს საქციელი უფლის თვალში და რა გასაკვირია, რომ უფლის მადლი და წყალობაც არ ეშვება ასეთ შემთხვევაში ჩვენზე.

ამ ყველაფრის კვალდაკვალ კი რამდენად გამაოგნებელი და განსაცვიფრებელია თავისი არსით ასი ათასი ქართველი მოწამის მაგალითი. შეუძლებელია ჩასწვდე მათი გმირობისა და ერთგულების სიდიადეს. საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა ეს ფაქტი: როდესაც ხვარაზმის სულთანმა ჯალალედინმა დაიპყრო საქართველო და თბილისი, მოარღვევინა სიონის ტაძრის გუმბათი, ტახტი დაიდგა ზედ და დაჯდა. შემდეგ სიონის ტაძრიდან გამოაბრძანებინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ხიდზე დაასვენა და თბილისელებს მათი შებილწვა და დათრგუნვა მოსთხოვა. ვინც ამას არ გააკეთებდა, წამებით აღესრულებოდა. ასი ათასმა კაცმა ეს არ გააკეთა. მათ შორის იყვნენ როგორც ახალგაზრდა, ასევე ყრმა და ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც სარწმუნოებისათვის თავი დადეს. ჩვენ კი, თავის გაწირვას რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, მცირეოდენი მსხვერპლის შეწირვაც კი არ გვინდა უფლისათვის.

- ფსალმუნში ვკითხულობთ: "ყოველი კაცი ცრუ არსო". ანდა ლოცვებშიც ხომ წერია: "ყოველი სიტყვის მიცემისაგან უღონო ვარ". რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები სუსტები ვართ და გადამწყვეტ მომენტში ისევ და ისევ უფლის იმედი უნდა გვქონდეს, რათა არ დავეცეთ და არ ვუღალატოთ ღმერთს, მოყვასს, საკუთარ თავს?

- როდესაც მოდის განსაცდელი, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია უფალზე მინდობა და მისგან წყალობის თხოვნა, რადგან თუ შეგიპყრო ამპარტავნულმა სულმა და ზედმეტი თვითდაჯერება შემოვიდა შენს არსებაში, შესაძლოა სულ ადვილად ჩაიდინო საძრახისი საქციელი. მაგალითად, აგვისტოს ომის დროს მნიშვნელოვნად იმატა მლოცველთა რაოდენობამ. ერთი ბერმონაზონიც მეუბნებოდა, რომ იმ დროს სოფლებშიც კი ყოველდღიურად სავსე იყო ტაძრები. მერე კი ჩაიარა განსაცდელმა და, სამწუხაროდ, ტაძრები ისევ დაცარიელდა. ესეც კაცის ბუნებიდან გამომდინარეობს. გაჭირვებისას უფრო გვახსოვს უფალი. იმ დროს ისეთი შეგრძნება იყო, რომ თუკი ღმერთს არ შესთხოვდი წყალობასა და შემწეობას, შეიძლებოდა ისე დაცემულიყავი და გეღალატა სხვისთვის, მერე ეს სამარცხვინო ლაქა დიდხანს ვერ ამოგერეცხა შენი არსებიდან. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ უფალზეა მიჯაჭვული მთელი არსებით და იმისათვის, რომ ზნეობა შეინარჩუნოს და რაიმე საძრახისი საქციელი, თუნდაც ღალატი არ ჩაიდინოს, აუცილებლად სჭირდება უფლის წყალობა, ვედრება. და თუ ეს ასე არ არის, ვისაც დიდ ვაჟკაცად მოაქვს თავი, გადამწყვეტ მომენტში შეიძლება ისე დაეცეს, რომ დიდი ლაქა მოეცხოს მის სულს. იმისათვის, რომ ავერიდოთ ნებისმიერ ცოდვას, აუცილებელია, ღვთის წყალობა და თანადგომა იყოს ჩვენზე დაშვებული.

- რას იტყვით მეგობრის ღალატზე?

- ამასთან დაკავშირებით ერთი, უკვე საქვეყნოდ გახმაურებული, მხატვრული ფილმი მახსენდება: "კუნძული": ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი მეორე მსოფლიო ომის დროს უღალატებს მეგობარსა და თანამებრძოლს. თავის გადასარჩენად ფაშისტების ბრძანებით ესვრის და სასიკვდილოდ გაწირავს მას. შემდგომში მთელი სიცოცხლე ინანიებს ამ ცოდვას, მიდის მონასტერში და დიდ სულიერებას აღწევს. საოცარი ნიჭები ეძლევა: სხვისი აზრებისა და ცოდვების წაკითხვისა და ამოცნობის, სხვადასხვა სენით დაავადებულის, ეშმაკეულის განკურნების და სხვა. ბოლოს კი ამ დიდი სულიერებისათვის უფალი აჯილდოებს: ის მეგობარი ცოცხალი აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი ცოდვა მიეტევება კაცს, მათ შორის მეგობრის ღალატიც. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია ცოდვის ჩამდენისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ღალატობენ მეგობარს, თანამოძმეს ფულის ანდა სხვა მატერიალური ინტერესების გამო...

- რას ნიშნავს საკუთარი თავის ღალატი? როდის და რა შემთხვევაში ვღალატობთ საკუთარ თავს?

- ამასთან დაკავშირებით ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ გარემოებაზე: ახლა, სამწუხაროდ, ისეთი დრო მოვიდა, რომ გამოიყო პრესტიჟული პროფესიები და სპეციალობები, რომლისკენაც განსაკუთრებით მიილტვის ჩვენი ახალგაზრდობა. ეს გახლავთ იურისტის, ეკონომისტის, დიპლომატის პროფესიები. არც თუ იშვიათად, ეს სპეციალობები არ არის მათი მოწოდება და მხოლოდ იმიტომ ილტვიან მათკენ, რომ მომავალში მყარი ეკონომიური შემოსავალი ჰქონდეთ, კარიერა გაიკეთონ, საზღვარგარეთ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა და ა. შ. მეტად წინ არის წამოწეული მატერიალური ინტერესი. არადა, ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რის საკეთებლადაც არის დაბადებული და მოწოდებული, რისი ნიჭიც მოგვცა და დაგვანათლა ღმერთმა, რისი კეთებაც გვიხარია და გვსიამოვნებს ცხოვრებაში, ის უნდა გავაკეთოთ, თუნდაც მას არ მოჰქონდეს მაღალი მატერიალური ანაზღაურება. ადრე თუ გვიან უფალი გამოგვიჩენს იმ ჩვენს საქმიანობასა და მოწოდებაში ნუგეშს. შეიძლება დიდი სიმდიდრე არ შეიძინო, მაგრამ უნდა გჯეროდეს, რომ უფალი არ მიგატოვებს და გამოგიჩენს საზრდოს.

ჩვენს თანამედროვე ვითარებაში გამოსაყოფია კიდევ ერთი მომენტი, რომელიც თან ახლავს საყოველთაო გლობალიზაციის პროცესს. დღეს ბევრი ჩვენი თანამედროვე მეცნიერი და კარგი სპეციალისტი სულდგმულობს გრანტებით. ამ დროს შეიმჩნევა ერთი რამ: ის, რაც პირველხარისხოვანია და რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად წაადგებოდა ჩვენს მეცნიერებასა და სამშობლოს, რითაც ესა თუ ის მეცნიერი გამოამჟღავნებდა თავის პროფესიონალიზმს, ხშირად გვერდზე რჩება და მეცნიერთა ნიჭი, გონება და შესაძლებლობა ხმარდება რაღაც მეორეხარისხოვანს, იმიტომ რომ საზღვარგარეთის ამა თუ იმ ორგანიზაციის დაკვეთა სწორედ ეს არის. ტალანტი და გამოცდილება ასე არაღვთისნიერად და არაეფექტურად იხარჯება. რას ვიზამთ, ესეც ჩვენი დროის ერთ-ერთი საცდურია, გარკვეული თვალსაზრისით - ღალატია საკუთარი თავისა, როდესაც თავისი საქმის ღრმა მცოდნე და მომწიფებული სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი კვლევები აწარმოოს, მატერიალური დაინტერესების გამო უარს ამბობს თავის მოწოდებაზე და დროსა და ენერგიას ხარჯავს ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში, რაც ნაკლებად წაადგება ერს.

ასე რომ, სხვადასხვა სახის ღალატი არსებობს. და რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, მძიმე ფსიქოლოგიურ დაღს ასვამს ადამიანს. მართლმადიდებლობა არის რელიგია, რომელიც ამ უმძიმეს ცოდვას აღხოცავს, თუკი ადამიანი ამას იმსახურებს თავისი სინანულითა და სულიერი ცხოვრებით.
ბეჭდვა
1კ1