ახლანდელსა და ადრინდელ თაობას შორის თითქოს დიდი უფსკრული გაჩნდა
ახლანდელსა და ადრინდელ თაობას შორის თითქოს დიდი უფსკრული გაჩნდა
ადამიანის ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: სოციალური გარემო, სადაც იგი აღიზარდა, გენეტიკა, ეროვნული მახასიათებელი და სხვა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე იმ ეპოქასა და თაობას, რომელშიც ადამიანი დაიბადა. ასე რომ, სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თაობა დიდ დაღს ასვამს პიროვნებას, გარკვეულწილად განსაზღვრავს მის ინტერესებსა და ღირებულებებს. თუ რა თავისებურებები ახასიათებს ჩვენს თაობას, როგორ გავლენას ახდენენ თაობები ერთმანეთზე, როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი თავისი ეპოქისა თუ თაობის გამოწვევებს და დადგეს მოწოდების სიმაღლეზე, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რით განსხვავდება ჩვენი თაობა თუნდაც ჩვენი მამების, პაპების თაობებისგან?

- ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი თვისება, რაც ადრინდელ თაობებს ახასიათებდათ, როგორც ჩვენი ერის, ასევე, ზოგადად, კაცობრიობის თვალსაზრისით, არის - უფრო მეტი ადამიანურობა, მეტი სითბო, უფრო ღრმა ურთიერთობები, განათლებულობა და ა. შ. დღეს კი არის ხანა გულგრილობის, უწიგნურობისა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ახალგაზრდებს არაფერი აინტერესებთ, გარდა ფულის შოვნისა, კარიერისა, ძალაუფლების მოპოვებისა. ანუ რაღაცნაირად გაზედაპირულდა თაობა, უფრო მარტივი გახდა აზროვნება. მოსალოდნელიც იყო. ეს უწიგნურობამაც გამოიწვია. თუ ადამიანის ტვინს საკვები არა აქვს, თუ არ ეყრდნობა ზოგადსაკაცობრიო, რელიგიურ ღირებულებებს, მაშინ როგორღა უნდა მოსთხოვო ამაღლებულ იდეალებზე ფიქრი, ამ იდეალებით ცხოვრება?! რა თქმა უნდა, მამათა და შვილთა დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა და მათ შორის განსხვავება ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს, მაგრამ თაობათა შორის ლოგიკური კავშირი მაინც შეიმჩნეოდა. ახლანდელსა და ადრინდელ თაობას შორის კი თითქოს დიდი უფსკრული გაჩნდა.

დღეს საკმაოდ მწვავედ დგას კომპიუტერზე დამოკიდებულების საკითხი, განსაკუთრებით ბავშვებისა. დღეს კომპიუტერზე უარის თქმა იქნება პრიმიტივიზმი და მეორე უკიდურესობაში გადავარდნა, მაგრამ ალბათ უკვე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. ფსიქოლოგთა, სასულიერო პირთა და სხვა სპეციალისტთა ერთობლივი ძალისხმევით თუნდაც მოხდეს განსაზღვრა იმისა, თუ როგორ ვძლიოთ ამ პრობლემას.

- ყველა თაობას თავისი ნაკლი და ღირსება ახასიათებს, მაგრამ ყველა თაობაში არის ალბათ მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებიც ჟამთა ცვლას არ ექვემდებარება, ანუ ის, რისი მოდერნიზაციაც არ შეიძლება.

- ეს არის, რაღა თქმა უნდა, ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესიური ცხოვრება, ეკლესიური აღზრდა. მართლმადიდებლობა არსებობდა და იარსებებს, როგორც შუქურა, რომელსაც სინათლე არასოდეს აკლდება. მაგრამ აქ არის გამოსაყოფი ერთი დეტალი. მართლმადიდებლობის ძირეული პრინციპები ეპოქისა და დროის შესაბამისად სხვადასხვაგვარად არის გადმოსაცემი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ დადგა დრო, მართლმადიდებლური ნააზრევი გადმოიცეს ჩვენი ეპოქის შესაბამის ენაზე. ამავე დროს, დადგა დრო, ბავშვები აღვზარდოთ მართლმადიდებლურად, მაგრამ უნდა შემუშავდეს ახალი მეთოდიკა, ახალი მიდგომა, როგორ გავხადოთ ბავშვის ცნობიერება მართლმადიდებლური. ძალიან კარგია და მისასალმებელი, როდესაც ადრეული ასაკიდან ბავშვები ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დროთა შესაბამისად მოხდეს თანამედროვე თაობის მართლმადიდებლური აღზრდა.

- ალბათ, მაინც ხელეწიფება ადამიანს მოერიოს იმ მანკიერებებს, რომლებიც მის თაობას ახასიათებს და რაღაცნაირად გაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე...

- სხვათა შორის, როდესაც საუბარი ჩამოვარდა ათეისტურ ხანაში გაზრდილ ადამიანებზე, რომელთაც გაუჭირდათ ეკლესიაში მოსვლა, ერთ-ერთმა მოსაუბრემ გაამართლა ისინი და შემარბილებელ გარემოებად ეპოქა დაასახელა. ერთ-ერთმა ხანშიშესულმა ბერმა, რომელიც ამ საუბარს ესწრებოდა, მიუგო მას: - მეც იმ ხანაში აღვიზარდე, მოვედი ეკლესიაში, დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და გავხდი ბერიო. ამით მან ის თქვა, რომ, მიუხედავად ათეისტური ხანისა, მან მაინც გაიმარჯვა იმ დროში გამეფებულ ურწმუნოებაზე. რა თქმა უნდა, უფალი ყველაფერს ითვალისწინებს, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების განმაპირობებელ ყველა გარემოებას, მათ შორის, ეპოქასაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, დააღწევს თუ არა თავს თაობის მავნე ზეგავლენას და იდგება თუ არა მოწოდების სიმაღლეზე. იგივე შეიძლება ითქვას დღესაც: ჩვენს ახალგაზრდობაზე, თითოეულ პიროვნებაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ დაუპირისპირდნენ დღევანდელი ცხოვრების გამოწვევებს.

- რა სიკეთე მოაქვს ოჯახურ გარემოს, სხვადასხვა თაობის ერთად ცხოვრებას?

- თაობებს შორის ურთიერთობა დიდი სიმდიდრის მომტანია. მაგალითად, ახლა ფიგურირებს საზღვარგარეთ უკვე საკმაოდ გავრცელებული ცხოვრების წესი და შეხედულება, რომ როგორც კი ახალგაზრდები მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, მიდიან ოჯახიდან და საკუთარ ოჯახებს ქმნიან. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთი მხრივ, ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრება კარგის მომტანიც არის, იმიტომ რომ ეჩვევიან დამოუკიდებლად სირთულეთა დაძლევას, ბავშვების გაზრდას. კონფლიქტებიც თითქოს ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან დიდი პრობლემაა თუნდაც რძალ-დედამთილის ურთიერთობა. მაგრამ, მეორე მხრივ, ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ, ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა გაიმეოროს ის, რაც საზღვარგარეთ არის გავრცელებული?! იქ, უმეტეს შემთხვევაში, შვილები მშობლებს მოხუცთა თავშესაფარში აბარებენ. რამხელა დაკნინებაა ადამიანური არსებობისა, როდესაც მშობელს, რომელმაც გაგზარდა და ამაგი დაგდო, მოიშორებ და უცხო გარემოში ამყოფებ. მეტისმეტად დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელია ეს. თანაც ეს არის იმ მცნების ღალატი, რომელიც მშობელთა პატივისცემას გვასწავლის.

- თაობები ერთმანეთზე ზემოქმედებენ. ადამიანური გონებისთვის მაინც მეტისმეტად მტკივნეული და ძნელია იმის გააზრება, თუ რატომ ისჯებიან წინაპართა შეცოდებების გამო მათი შთამომავლები. ეს თემა ხშირად დამთრგუნველი ხდება.

- წმინდა ნიკოლოზ სერბმა ერთ-ერთ სულიერ შვილს მისწერა წერილი, რომლის სათაურია "რატომ უნდა დაისაჯონ შვილები მშობლების ცოდვებისთვის". წერილში ნათქვამია: "მაშ, სხვაგვარად როგორ შთაუნერგავდა უფალი ადამიანებს ცოდვის ჩადენის შიშს, თუკი მშობლების დანაშაულს მათ შვილებს არ მოჰკითხავდა?!" ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია სულიერი თვალსაზრისით. შვილის გაჭირვება, შვილის განსაცდელი მშობელს აფხიზლებს და სხვაგვარად მიმართავს ღვთისაკენ. რამდენი ასეთი მაგალითია ცხოვრებაში. ხშირად ცოდვას იმიტომ კი არ სჩადიან, რომ იციან, ეს ცოდვაა, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ დასჯის და არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საკუთარი შთამომავლობისაც. ასე რომ, ესეც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სიბრძნისა და დატვირთვის მატარებელია. თუმცა, ვიმეორებ, ეს მეტად რთული საკითხია ამქვეყნიური თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ ორი სამყაროს დაშვება ნათელს ჰფენს მას, ზოგი რამ მაინც იდუმალებით მოსილი ხდება.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური დებულებაა: როდესაც კაცი ინათლება, მას ყველა - წინაპრებისა თუ მის მიერ ჩადენილი ცოდვა მიეტევება, მაგრამ რჩება მიდრეკილებები, რომლებიც წინაპრებისაგან გადმოეცემა. ვის არ შეუმჩნევია, თითოეულ ჩვენგანს დედის თუ მამის რამდენნაირი თვისება გადმოგვეცა, უარყოფითიც და დადებითიც. როდესაც ადამიანი იღვწის საკუთარი თავის გამოსასწორებლად, ებრძვის საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს, ის სულიერი თვალსაზრისით გაცილებით უადვილებს ცხოვრებასა და ღმერთისკენ სწრაფვას შემდგომ თაობას, უკაფავს გზას. ასე რომ, ადამიანს რაღაცნაირად უკვე გადმოეცემა წინაპრის პირადი ღვაწლით მიღწეული შედეგი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისუფალი ნება და თუკი თავად არ იღვაწა და არ მოიმუშაკა მადლი, თუკი თავად არ მოინდომა სრულყოფილებისკენ წინსვლა, წმინდანიც რომ ჰყავდეს წინაპარი, მაინც ვერაფერი უშველის.

ასე რომ, თაობები მიდიან და მოდიან, ყველა თაობას თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ ერთი რამ მაინც აღსანიშნავია: - არსებობს შუქურა, რომელიც ყველაზე ღირებული რამ არის და რომლის საშუალებითაც ადამიანს ძალუძს ყველა ეპოქალური შემოტევის გაძლება. ეს არის, რაღა თქმა უნდა, ჩვენი მართლმადიდებლობა.
ბეჭდვა
1კ1