მორწმუნეს ღვთაებრივი მადლი იფარავს
მორწმუნეს ღვთაებრივი მადლი იფარავს
ნევროზისგან ის არის დაცული, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და სწორი მართლმადიდებლური ცნობიერებით გამოირჩევა
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) მიხედვით: "შიში არის ის უსიამოვნო და მოუსვენარი განცდა, რომელიც ეუფლება კაცის სულს მოახლოებული უბედურების ან საფრთხის წარმოდგენისას. შიშის გრძნობა ეუფლება სულს მოულოდნელად და ძლიერად, ზოგჯერ კი, თუკი სული ნების სიმტკიცით ამარცხებს მას, სუსტდება და აღარ იზრდება. თავდაპირველად ის უბრალო შეშფოთებაა, რომელიც გონებას არა აქვს ნათლად გაცნობიერებული. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება ის, მით მეტად შემაწუხებელი ხდება და ბოლოს, იმდენად ეუფლება მთელ სულს, რომ ყველა სხვა გრძნობას ახშობს. ასეთი შიში თავზარად იწოდება. თავზარი იწვევს გაშეშებას. ისე აზიანებს სულისა და სხეულის მთელ ძალას, რომ ადამიანს არ ძალუძს არც აზროვნება და არც მოძრაობა. ამ მდგომარეობაში ადამიანს სახე უფითრდება, თმა ყალყზე უდგება, სისხლი გულისკენ მიედინება, ხელები და მუხლები უკანკალებს, სუნთქვა ეკვრის, მუნჯდება. თუმცა ზოგჯერ პირუკუც ხდება. ადამიანი, ისევე როგორც სასოწარკვეთილებისას, გრძნობს საოცარ ენერგიას და ამჟღავნებს არაჩვეულებრივ ძალას".

შიში ადამიანში იწვევს სხვადასხვაგვარ ნევროზს. ხშირად ამ ნერვულ აშლილობას არაეკლესიური ცხოვრების წესი და ცნობიერება განაპირობებს. ხოლო ვინც ცდილობს, უფლის სათნოდ იცხოვროს, რაც შეიძლება ერიდება ცოდვას, მას ნაკლებად ემართება ნევროზი, ან აუცილებლად იკურნება მისგან.

გვესაუბრება მართლმადიდებელი ფსიქოლოგი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი.

- ცნობილი მართლმადიდებელი ფსიქიატრის დ. ავდეევის მიხედვით: "ტრადიციული მედიცინა ნევროზის სამ სახეს გამოყოფს, მის ნევრასთენიულ, აკვიატებულ მდგომარეობათა და ისტერიულ ფორმებს". იგი ასე აღწერს მათ გამოვლინებებს: ნევრასთენია (ძალის უკმარისობა - ასთენია) ყველაზე გავრცელებულია და ნერვული სისუსტე ახასიათებს, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება მეტად გამოფიტოს, დააძაბუნოს ადამიანი. იგი ბიძგს აძლევს სხვადასხვა დაავადებათა გამოვლენასაც: ქოლეცისტიტის, გასტრიტის, ინფექციის მიჩქმალული კერების, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას.

ნევრასთენიკის ტიპური პორტრეტი ასეთია: ის არის სწრაფად აღგზნებადი, ფეთქებადი, გაღიზიანებული ადამიანი, აშკარად ღალატობს ნერვები, ან პირიქით, მოშვებული, ცხვირპირჩამომტირალია, გრძნობს დაღლილობას და სასიცოცხლო ძალების განლევას. მაგრამ ნევრასთენიკის გაღიზიანება, ფეთქებადობა მიმართულია არა საკუთარი თავის, არამედ მხოლოდ გარემომცველი საზოგადოების მიმართ. ნევრასთენია მეტად თუ ნაკლებად არის უფრო ეგოისტი ნევროზი, რომელიც საზრდოობს იმ ცოდვილი ვნებით, რომელსაც წმინდა მამები ამპარტავნებას, ქედმაღლობას უწოდებენ.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის გამოვლენას აკვიატებული აზრების, მოგონებების, ეჭვების, ქმედებების გაჩენა წარმოადგენს. იგი, შესაძლოა, დემონური თავდასხმების შედეგი იყოს. სხვანაირად როგორ აიხსნება ჭამის წინ არაერთგზის ხელების დაბანის სურვილი ან დაუოკებელი სწრაფვა გამვლელთა ღილების დათვლისა? დედას, რომელსაც ძალიან უყვარს შვილი, უცბად უჩნდება შიში, რომ შეუძლია მისი მოგუდვა. ასეთი აზრები აძრწუნებს მას, იგი არ არის ნაკარნახევი სულიერი გარემოებით, არ შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს, მოკლებულია ჯანსაღ საფუძველს. ავადმყოფი იტანჯება, წუხდება თავისი მდგომარეობით, მაგრამ ვერაფერს ხდება.

აკვიატებული აზრები ხშირად იწყება კითხვით - "ვაითუ?" შემდეგ მკვიდრდება ცნობიერებაში, მეორდება მრავალჯერ და აძნელებს ცხოვრებას. რაც მეტად ებრძვი, მით უფრო გიპყრობს.

ნევროზის ისტერიული ფორმის შემთხვევაში წინ საკუთარი თავის საქვეყნოდ წარმოჩენის სურვილია წამოწეული. ისტერიულ ადამიანთა მეტყველება სახოვანებით გამოირჩევა და ისინი ხშირად აზვიადებენ, ამუქებენ მოვლენებს. ნევროზის ამ ფორმით დაავადებულები ყურადღებას ითხოვენ სხვისგან და თუ ეს ასე არ არის, მძიმედ განიცდიან ამას. მათთვის ასევე დამახასიათებელია თავის უფრო ღირსეულად წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია. ადგილი აქვს ემოციურ არამდგრადობასაც, რასაც თან სდევს ხასიათის მშფოთვარე ცვალებადობა, მერყეობა, შეიმჩნევა სწრაფვა განცალკევებული ცხოვრებისკენ და ა.შ.

ნევროზის სხვადასხვა სახით გამოვლინების ნიშნები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: გუნება-განწყობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, გონებრივად თუ ფიზიკურად ადვილი დაღლა, დეპრესია, ძილის გაუარესება, შფოთვა, რიგ შემთხვევებში აკვიატებული იდეების, შიშების არსებობა, აგრესიული შეტევები, გაჯავრება; ხშირად უსიამოვნო სხეულებრივი შეგრნებების, განცდების წინ წამოწევა.

- ნევროზს ხშირად განაპირობებს დამთრგუნველი და არახელსაყრელი გარემო პირობები, სტრესული მომენტები...

- დღეს სულ უფრო იკიდებს ფეხს ის აზრი, რომ მთავარი არახელსაყრელი გარემო პირობები კი არ არის, არამედ თავად ადამიანია, მისი პიროვნული თვისებები, მსოფლმხედველობა, ცხოვრებისეულ სიძნელეთა გადალახვის, დათმენის უნარი. თუ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ, გაკლია ბრძოლისუნარიანობა, ვერ ანაწილებ საკუთარ ძალებს, არ გამოირჩევი მტკიცე ხასიათით, ნებისყოფით, თან უფალი, სარწმუნოება არ გიმყარებს ზურგს, ადვილი შესაძლებელია, შეგერყეს ფსიქიკური ჯანმრთელობა. "ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას", - ვკითხულობთ სახარებაში. ხშირად ამქვეყნიური თვალსაზრისით გამარჯვებულად, დიდი მიღწევის მქონედ (იქნება ეს მატერიალური სფერო, კარიერა თუ სხვა პატივმოყვრული მიზნების აღსრულება) ეკლესიისგან შორს მდგომი ხალხი მოჩანს. ის კი, ვინც უმეტესწილად მარცხდება და ვერ იკმაყოფილებს თავის მიწიერ, ყოფით სურვილებს, ვერ იკავებს, მისი აზრით, შესაფერის ადგილს საზოგადოებაში, ვერ ახდენს საკუთარი ნიჭის, უნართა რეალიზაციას, ხშირად ნერვულად ავადდება და ამის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ნევროზია. ამისგან ის არის დაცული, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და სწორი მართლმადიდებლური ცნობიერებით გამოირჩევა.

ეკლესიური ცხოვრებისას თავს იჩენს საყურადღებო კანონზომიერება. როცა იმსახურებ, უფლის შემწეობით, ადრე თუ გვიან იქმნება პირობები იმისა, რომ საკუთარი თავი გამოავლინო იმ საქმეში, რისთვისაც ხარ მოწოდებული, რის კეთებისკენაც ისწრაფვი.

ნევროზის ერთ-ერთი განმაპირობებელი არახელსაყრელი გარემოს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს უსიამოვნო სიტუაცია ოჯახში, ყოფითი თუ სხვა სახის მძაფრი პრობლემები, გადატანილი ტრავმული, სტრესული მომენტები. ასეთ დროს დამცავ ფარად მართლმადიდებელი სარწმუნოება, სწავლება გამოდის. ეკლესიური შეგნება გულისხმობს - რაც არ უნდა მოხდეს, ნაკლებად აჰყვე ემოციებს, არ მისცე შფოთვას გასაქანი, უნდა შეეცადო განდევნო გონებიდან ზედმეტად დამთრგუნველი უსიამოვნო ფიქრები, აზრები და იმ მიდგომით, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე და იგი შესაძლებლობებზე მეტად არ გამოგცდის, უდრტვინველად აიტანო ცხოვრებისეული მწარე დარტყმები. ყველაფერთან ერთად ამით ქარწყლდება ის მიზეზებიც, რომლებიც ხელს უწყობენ ნევროზის ჩამოყალიბებას.

როცა კაცი ეკლესიურად ცხოვრობს, ღმერთი ეხმარება, რათა შესუსტდეს უარყოფითი, დამთრგუნველი გარემოს ზემოქმედება. მორწმუნეს ღვთაებრივი მადლი იფარავს და ხშირად სასტიკი, მრისხანე თუ სხვა სახის ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანთა შეტევები ადრე თუ გვიან წყდება ან უფრო ასატანი ხდება, ხოლო როცა ეკლესიისგან შორს დგანან, არცთუ იშვიათად უფრო და უფრო მძიმდება ის სიტუაცია, გარემო, რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანზე, დიდხანს უნარჩუნდება იგი.

- ნევროზისას თავს იჩენს გაძლიერებული შიში სხვადასხვა დაავადების, სნეულებათა მიმართ.

- ადამიანის ფსიქიკას ერთი საინტერესო კანონზომიერება ახასიათებს: თუ შთაიგონეს, რომ ესა და ეს დაავადება სჭირთ ან სხეულის რომელიმე ორგანო აქვთ წყობიდან გამოსული, ცდილობენ წარმოსახული სნეულების ნიშნების აღმოჩენას. ასეთ დროს ხდება არარეალურ დაავადებათა შეგრძნებების, სიმპტომების იზოლირებული გამძაფრება, გააქტიურება. მაგალითად, თუ ჩათვალეს, რომ გული აქვთ დაზიანებული, ადვილი შესაძლებელია, მოეჩვენოთ, რომ აქვთ ჩხვლეტა, ფრიალი. წყობიდან გამოსულად სხვა ორგანოთა წარმოსახვის შემთხვევაში შესაბამისად ხდება მათთან დაკავშირებულ შეგრძნებათა გააქტიურება. ზედმეტად ექცევიან ისინი თვალთახედვის არეში, მახვილდება ყურადღება და ეს იწვევს სხეულის ამ ნაწილების მუშაობასთან დაკავშირებული მრავალი წვრილმანის გამძაფრებულ აღქმას, დაფიქსირებას.

ნევროზის დროს შეიძლება ეშინოდეთ ფსიქიკურად შეშლის, მარტო დარჩენის, ქუჩაში ეულად გასვლის და ა.შ. ამ შემთხვევებშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა ეკლესიური საშუალებების დროულად გამოყენებას ენიჭება. ზოგჯერ ასეთ დროს შიშის მოძალებისთანავე მართლმადიდებლობისგან შორს მდგომი ხალხი იწყებს ბრძოლას საკუთარი და არა ღვთაებრივი მადლის მომტანი ხერხებით, რაც უმთავრესად უფრო ამძიმებს, ძაბავს სიტუაციას. ცდილობენ, არ დანებდნენ მოძალებულ განსაცდელს, აიყვანონ თავი ხელში, შთააგონონ, რომ ძალუძთ გაუმკლავდნენ გაჩენილ შიშს, მაგრამ ხშირად არაფერი გამოდის. არადა, გამოსავალი ზოგჯერ მეტად მარტივია: საჭიროა მოშვება, ის, რომ მისცენ თავიანთ განცდებს, შემაწუხებელ ფიქრებს, აზრებს, იმპულსებს თავისუფლად მიმდინარეობის საშუალება. ერთგვარად უნდა ჩაიქნიონ ხელი და იმ შეგნებით, რომ რაც იქნება, იქნება, მიჰყვნენ თავიანთ ფიქრთა, განცდათა დინებას.

- დაბოლოს, ნევროტული შიშის დასაძლევად რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურ ხერხებთან ერთად ეკლესია, ღვთაებრივი მადლი?

- ბოროტს ვერ დაამარცხებ მარტოოდებ ფსიქოთერაპიული მეთოდებით, ვერც მეცნიერულად. აუცილებელია ღვთაებრივი მადლი, რათა ეს ძალის ზემოქმედებით განეიტრალდეს.

ზოგჯერ დემონური ძალა ჭირვეულ ბავშვს წააგავს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, გაგაღიზიანოს, წყობიდან გამოგიყვანოს. აყოლის შემთხვევაში უფრო გიწვევს, ხოლო თუ ყურადღება არ მიაქციე, არად ჩააგდე, შესუსტდება მისი ზემოქმედება შენზე.

ნევროზის დროს ფსიქიატრთა, ფსიქოლოგთა მხრიდან შიშების, აკვიატებული იდეების წინააღმდეგ სხვა მეთოდებიც გამოიყენება: უარყოფითი განცდების მოძალებისას ავადმყოფს ურჩევენ, დამთრგუნველი ფიქრებიდან გადაერთოს უფრო სასიამოვნოზე. შიშის დაძლევის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ხერხია ადამიანის რაიმე საქმიანობით დაკავება, მაგალითად, თვლის დაწყება, წიგნის გადაშლა და ა.შ. შინაარსობრივად თითქოს იმავე მეთოდის გამოყენებას ჰგავს ასეთ დროს იესოს ლოცვის დაწყებაც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ლოცვის დაწყება იწვევს ყურადღების გადატანას შემაწუხებელი ფიქრებიდან სხვაზე, თანაც, ხდება დაპირისპირება ბორტი ძალებისადმი და ამ დროს შემოსული ღვთაებრივი მადლით განიდევნება დემონი, ესოდენ დამთრგუნველად რომ მოქმედებს კაცზე.
ბეჭდვა
1კ1