განკითხვაც ერთ-ერთი ავადმყოფობა, ცოდვაა
განკითხვაც ერთ-ერთი ავადმყოფობა, ცოდვაა
მოინანიეთ უფლის წინაშე, ღმერთი შეგეწევათ და აღარ განიკითხავთ სხვას
თუ რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, რა მიზეზები წარმოშობს მას, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს და ფსიქოლოგიური თავდაცვის რომელ მექანიზმებს ემყარება იგი, გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- ფსიქოლოგიაში არსებობს ე.წ. თავდაცვის მექანიზმები. ორი სხვადასხვა ადამიანი, მათი გენეტიკიდან, გამოცდილებიდან, პრემორბიდული თვისებებიდან გამომდინარე ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვანაირად აღიქვამს. ამიტომ როდესაც მავანი ამბობს მავანზე რაღაცას, სწორედ ამას მიესადაგება გამოთქმა: პეტრეს ნათქვამი პავლეზე უკეთ ახასიათებს პეტრეს, ვიდრე პავლესო. ამაზეა დაფუძნებული ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი. საილუსტარაციოდ შეიძლება ასეთი მაგალითის მოყვანაც: ზოგჯერ მოხუცი ქალი გოგონებზე ამბობს, - უზომოდ თამამები, ლაღები, სექსუალურად გაუწონასწორებელნი არიანო. თუკი ამ ქალის წარსულს გამოვიძიებთ, სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლებ ზნეობრივი და ამის მიწერა ახლა სხვისთვის სურს. ანუ ადამიანს აქვს ისეთი თვისება, რომ თავის ბუნებას სხვას მიაწერს და ამით იცავს თავს ფსიქოლოგიურად იმ მოვლენისგან, რომელიც მისთვის შეიძლება ხელისშემშლელი იყოს ცხოვრებაში.

- განკითხვის წარმოშობის კიდევ როგორი წინაპირობები შეიძლება მოვიაზროთ?

- ფსიქოლოგიაში იგულისხმება, რომ განკითხვა არის აგრესიის გარკვეული სახე. მამაკაცები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ქალები, რაც განპირობებულია გარკვეული გენდერული ცვლილებებით და სხვადასხვაობით. ასევე არსებობს ტვინის გარკვეული უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ სწორედ აგრესიულობის ფორმის გამოვლენაზე. ამ თეორიის დასტურად ლორენცის მოჰყავს ასეთი მაგალითი: პატარა ბავშვები, რომლებსაც ერთმანეთი არასოდეს უნახავთ, დანახვისთანავე ეძიძგილავებიან ერთმანეთს. ანდა, ვთქვათ, 3-4 თვის ჩვილი, რომელიც არტახებში გახვეული წევს აკვანში, ტირის და ამ სახით გამოხატავს თავის აგრესიულობას. არსებობს სოციალურ-ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც გულისხმობს უკვე შემდგომ, სოციალიზაციის პროცესში აგრესიის გამოხატვის საშუალებას. აგრესია იბადება ფრუსტრაციის (ფსიქიკური მდგომარეობა, რომელშიც ექცევა ადამიანი მაშინ, როდესაც მისი მიზანდასახული მოქმედება ბლოკირებულია) აღსაკვეთად. ლოგიკა ასეთია: თუკი ადამიანი აგრესიულად იქცევა, ის ფრუსტრირებულია, ხოლო თუკი ფრუსტრირებულია, ის აუცილებლად უნდა მოქმედებდეს აგრესიულად. აგრესია შეიძლება იყოს გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვერბალურ აგრესიას. კრიტერიუმების მიხედვით ვერბალური აგრესიის მიზანია: პიროვნების გაუფასურება, შეურაცხყოფა და ფიზიკური თუ სხვა სახის მუქარა. ვერბალური აგრესია შეიძლება გამოიხატოს პირდაპირი ან ირიბი გზით. ირიბი გზა არის შესაბამისად ბოროტი ხუმრობა, ავი ჭორების გავრცელება, აგრეთვე ცილისწამება და ა. შ.

- როგორ გამოიხატება ვერბალური აგრესიის შემთხვევაში ფსიქოლოგიური თავდაცვა?

- ეს არის გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური პროცესი ფსიქიკური ტრავმის გასაუვნებლად. არსებობს ფსიქოლოგიური თავდაცვის ფორმა - ე.წ. ტრანსფორმაცია, როცა დადებითი თვისებების მატარებელ ადამიანს მიაწერენ უარყოფით თვისებებს. განკითხვის ტრანსფორმაციის ფორმით გამოხატვაა, მაგალითად, როდესაც ამბობენ ვიღაცაზე: "ეგ პატიოსანი კი არ არის, არამედ უშნოა", ანდა "ძლიერი კი არ არის, უხეშია". ქურდი ამბობს: "ვინც არ ქურდობს, მშიშარაა" და ა.შ. ჩანაცვლების შემთხვევაში თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას ადამიანები გამოხატავენ გარეშე ფსიქოფაქტორზე. ჯავრს იყრიან უფრო დაბალ ღობეზე. არსებობს ასევე ფსიქოლოგიური თავდაცვის ასეთი ფორმა - ინტელექტუალიზაცია - წარუმატებლობის ახსნა სხვა გარემოებებსა და პიროვნებებზე გადაბრალებით. მაგალითად, "მე ცუდი მასწავლებელი მყავდა და ამიტომ ვერ განვისწავლე". რაციონალიზაცია - მორალურად მიუღებელი იმპულსები იცვლება ყალბი მოტივებით. მაგალითად, ქალიშვილი უარს ეუბნება ყმაწვილს. ის კი ამბობს: - უშნო და უჭკუო იყო და ამიტომაც დავანებე თავიო. ამას მოსდევს განკითხვა სინანულის მაგიერ. ანდა, მაგალითად, კაცი არ დადის ეკლესიაში და უნდა, რომ ყალბი მოტივები მოძებნოს. ამბობს: - მე რომ ტაძარში ვიარო, იქ ეკუმენისტი მღვდელი მაცდუნებსო. მოჰყავთ სხვა მიზეზებიც: მღვდლები პრესტიჟული ავტომობილებით დასეირნობენ და სხვა.

- აგრესიის და, შესაბამისად, განკითხვის წარმოშობას ხელს უწყობს სხვადასხვა ფსიქიკური მანკიერებაც...

- ასეთია, მაგალითად, შური, რომელიც საბამ განმარტა როგორც წუხილი სხვისი სიკეთის გამო; არასრულფასოვნების კომპლექსი და ა. შ. შურს ახასიათებს გარკვეული დაყოფის უნარი თვისებების მიხედვით. თუ მავანზე იტყვიან: - კარგი სპეციალისტია, მაგრამ ცუდი ადამიანიაო, ესეც განკითხვაა, თუმცა სანახევროდ.

განკითხვის წარმოშობას ხელს უწყობენ ფიზიკური მიზეზები. როდესაც ადამიანს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის შეგრძნება, მაშინ მეტად არსებობს საფუძველი ვერბალური აგრესიის და შესაბამისად განკითხვის წარმოშობისა. ამას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა, მაგალითად, გეოგრაფიული გარემო, მაღალი ტემპერატურული გარემო, სივიწროვე და სხვა. ისეთ ოთახში, სადაც სივიწროვეა, ადამიანს უჭირს თავისი თავის რეალიზება და არსებობს დიდი წინაპირობა ასეთი აგრესიის წარმოქმნისა. ეკონომიკური პირობები, უმუშევრობა, სიღატაკე, დაბალი ხელფასი - ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ბადებს აგრესიას, რაც ხშირად გამოიხატება განკითხვის ფორმით.

აგრესიის წინაპირობებზე როდესაც ვსაუბრობთ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ფსიქიკურ თვისებებს, რომლებიც მას სხვა ადამიანებისგან განასხვავებს. ტემპერამენტის მიხედვით განსხვავებული ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, რა თქმა უნდა, ქცევითაც და აგრესიის გამოხატვის ფორმებითაც. ექსტრავერტებს ფსიქიკური აქტიურობა გარესამყაროსკენ აქვთ მიმართული. ისინი თითქოს უფრო აგრესიულები არიან, მაგრამ მათი აგრესია პირდაპირია. შესაბამისად, ეს აისახება განკითხვაშიც. ინტავერტების აგრესია კი ხშირად შეფარული ფორმით გამოიხატება. ზოგადად, ადამიანის ნევროზულობა შეიძლება იყოს ასევე გამომწვევი აგრესიის სხვადასხვა ფორმისა. იქნება ეს ემოციური მღელვარება ადამიანისა, დეპრესია, გაღიზიანება, რომლის დროსაც იმატებს აგრესია და გამოიხატება განკითხვის სახით.

- არის თუ არა ფსიქოლოგიური თავდაცვის ერთ-ერთი ფორმა ცინიზმი, სარკაზმი, დაცინვა და რა ფსიქიკური მანკიერებები იმალება ცინიკოსი პიროვნების მიღმა?

- ეს შეუმდგარი, ბოლომდე ჩამოუყალიბებელი და წარუმატებელი ადამიანის მახასიათებელი შეიძლება იყოს. ხელმოცარულობის კომპენსაციად ხშირად ავლენენ სარკაზმს, ცინიზმს, ვითომდაც მახვილგონივრულ ხუმრობას, ლაზღანდარობენ, ამით კი შეურაცხყოფენ სხვას. რა თქმა უნდა, ესეც, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური თავდაცვის ფორმაა, რაც, სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ვლინდება ამგვარი ირიბი განკითხვის სახით.

- ადამიანები საუბარში ზოგჯერ ისეთ თემებს წამოწევენ წინ და ენაზეც სწორედ ის ადგებათ, რაც სხვას გულს ტკენს.

- ეთნოკულტურულ თავისებურებებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება გავიხსენოთ ერთი ქართული ანდაზა: ,,ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკს არ ახსენებენო". ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა წინ არ უნდა წამოსწიოს ის თემა, რაც მტკივნეულია სხვისთვის. მაგრამ ზოგჯერ სწორედ იმას ამბობენ, რაც არ უნდა თქვან. როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ არ იფიქროს ყვითელ მაიმუნზე, სწორედ მაშინ იწყებს იგი ამაზე ფიქრს. თორემ სხვაგვარად არც მოუვიდოდა თავში აზრად. ამის საინტერესო მაგალითია. ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". როდესაც ილარიონი ბრუნდება სოფელში თვალის ოპერაციის შემდეგ, ილიკოს სულ ენაზე აკერია მისი თვალის ამბავი. "ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, თვალის ჩაპაჭუნებაო", - ირიბად ხუმრობს... თუმცა დუმბაძე ამ ხუმრობას ამთავრებს განსაკუთრებული ჰუმანური ჟესტით - ერთი სიკვდილი გავათავე, მაი ამბავი რომ გავიგე... რომ დავბრმავდეთ კიდეც, ეს ყმაწვილი წაგვიყვანს და გვატარებსო. რომ არა დუმბაძე და რომ არა ასეთი ჰუმანური დასასრული, ილიკოს საქციელი თავისთავად კარგი მაგალითია იმისა, რომ ადამიანებმა ზოგჯერ იციან სხვა ადამიანის პრობლემა, მაგრამ სუსტ ადგილზე აჭერენ წიხლს.

საიდან მოდის ეს მოთხოვნილება? - ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, აქ ფსიქოლოგიის სფეროდან უნდა გადავინაცვლოთ რელიგიის სფეროში. ძალა, რომელიც ადამიანს აიძულებს, რაღაც აკეთოს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არის ეშმაკი. ,,მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიაში" იეროთეოზ ვლახოსი წერს, რომ ჩვენ ყველანი ავადმყოფები ვართ. ჯანმრთელები მხოლოდ წმინდანები არიან, რადგანაც მათ თავიანთი ბუნება განაღმრთეს. ჩვენ კი, ჩვეულებრივი მოკვდავები, უნდა გამოვჯანმრთელდეთ, უნდა დავიწმინდოთ ავადმყოფური თვისებებისგან. განკითხვაც ერთ-ერთი ავადმყოფობა, ცოდვაა. წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ განკითხვა არის ყველაზე ძნელად გადასაჩვევი ჩვევა. მიტომ როდესაც შეიგნებთ თქვენს დანაშაულს, - ამბობს ის, - მოინანიეთ უფლის წინაშე, ღმერთი შეგეწევათ და აღარ განიკითხავთ სხვას. წმინდა თეოფანე საუბრობს იმაზეც, თუ რით განსხვავდება განკითხვა მხილებისაგან. იქ იწყება ცოდვა, როცა გულში ჩაისახება ამპარტავნება, მედიდურობა. ყველა შეიძლება განვიკითხოთ ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ თუკი გულში იქნება ლოცვა, სიყვარული და გულშემუსვრილება, მაშინ ამას შეიძლება დაერქვას უფრო მხილება, ვიდრე განკითხვა. ეს უკანასკნელი ყოველგვარი გულისტკივილის გარეშე ხდება. ისე კი, სჯობს საერთოდ არავინ განვიკითხოთ, რათა მერე არ გაგვიჩნდეს საფიქრალი, მხილებაა ეს თუ განკითხვა. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს ასევე: - სხვა რომ არ განვიკითხოთ, ამისათვის საჭიროა კარგად ვიცოდეთ, ვინ ვართ ჩვენ, რა ცოდვები გვაქვს.
ბეჭდვა
1კ1