ვადიდებთ ღმერთს ისე, როგორც ვცხოვრობთ და ვცხოვრობთ ისე, როგორც ვადიდებთ უფალს
ვადიდებთ ღმერთს ისე, როგორც ვცხოვრობთ და ვცხოვრობთ ისე, როგორც ვადიდებთ უფალს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს: "ღმერთი თავად სიყვარულია და ჩვენც ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას გვასწავლის. ეს სიყვარული დიდად განსხვავდება მიწიერი სიყვარულისგან, რომელიც ეგოიზმზეა ორიენტირებული და "მე"-ს წარმოჩენას ემსახურება. "მე უნდა ვიყო მდიდარი", "მე უნდა ვიყო წარმატებული", "მე ვარ ნიჭიერი", "მე მინდა", "მე შემიძლია", "მე გაძლევთ გარანტიას"... ამ წესებით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ..."

რამდენად მნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, თუ სად იმიჯნება ადამიანის სურვილები და შესაძლებლობები; რა არის "განდიდების მანიის" წინაპირობა და სინამდვილეში რა იმალება მის უკან... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი სოფიო ვერულაშვილი.

- ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში მიღებულია, რომ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, ემადლიერებოდე მას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს დიდებას და მადლიერებას შემოქმედის მიმართ. "მე"-ში მოიაზრება ღმერთის ხატი, მისი წილი ადამიანში. ღმერთი ყველაშია, ოღონდ ზოგმა იცის ამის შესახებ და ეძლევა კიდეც განცდაში, ზოგმა - არა. საკუთარი "მე" კერპად არ უნდა გავიხადოთ, არამედ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რომელმაც შეგვქმნა, მოგვცა ტვინი, აზროვნება, მოქმედების საშუალება; მოგვცა ამ ქვეყანაზე ხელმძღვანელობის პრინციპები - ათი მცნება. მათზე დაყრდნობით ჯანსაღი ფუნქციონირება უნდა მოვახერხოთ ამ ცხოვრებაში და მოვემზადოთ იმქვეყნიური ცხოვრებისთვის. როდესაც წარმოვთქვამთ სიტყვებს: "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", იმავდროულად მოვიაზრებთ ჩვენს წარმატებებსაც და ყველა იმ შესაძლებლობას, რაც უფალმა გვიბოძა.

- ანუ საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული გულისხმობს იმას, რომ მე მიყვარს უფალი, ვადიდებ მას - ჩემში არსებულ მის წილს. და ეს არის წარმატების და ჯანსაღი არსებობის გარანტი...

- ფსიქოლოგიაში ასეთი ტრენინგიც კი არის: ყოველდღე უნდა უთხრა შენს თავს, რა სიკეთე გააკეთე. შენი თავის განსადიდებლად კი არა, არამედ იმიტომ, რომ ირწმუნო შენი თავისა და შენს თავში არსებული უფლისა. უნდა იცოდე, რომ ხარ ადამიანი, ვისაც შეუძლია სიკეთის ქმნა და განხორციელება. ხვალ და ზეგ შეიძლება ძალაც გამოგველიოს სიკეთის საკეთებლად. ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა. ხოლო როდესაც სხვას ეუბნები, რომ ეს სიკეთე გააკეთე და გსურს, განგადიდონ, პათოლოგიური გამოვლინებაა. წმინდა წერილში წერია: "და დამდაბლდა კაცი და ამაღლდა ღმერთი". ანუ როდესაც ადამიანი ამ ქვეყანაზე აღასრულებს სასიკეთო საქმეებს, მასში კაცი დამდაბლებულია, რადგან ამ საქმეებს აკეთებს არა კაცი, არამედ მასში არსებული ღვთიური ძალა. ერთი წმინდა მამა ამბობდა: ,,თუკი რაიმეს ცუდს ვაკეთებ, ვაკეთებ მე, ხოლო თუკი კარგ საქმეებს ვაკეთებ, ამას ღმერთი აკეთებსო". ჰუმანისტურ-ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაშიც სწორედ ეს მომენტია გათვალისწინებული: ღმერთი მაკეთებინებს კარგ საქმეებს ჩემთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც, მაგრამ მაკეთებინებს სწორედ მე. ანუ ჩემი "მე"-ც მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის "მე"-ს გაცისკროვნება და ფსიქიკური პროცესების გაფართოება: "მე"-ს საზღვრებისა და შესაძლებლობების გაფართოება. ამაში მოიაზრება ჩემი ერთობა ღმერთთან.

- რას ნიშნავს "განდიდების მანია"? განდიდებისკენ სწრაფვის რა და რა ხარისხი არსებობს?

- ზოგადად მანია ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს სწრაფვას და ლტოლვას. განდიდების შემთხვევაში ეს არის სწრაფვა სიმდიდრის მოხვეჭისკენ, აღიარებისკენ, ძალაუფლებისკენ, ,,ზემე"-სკენ, ანუ ღმერთთან მკრეხელური მიახლებისკენ... ფსიქიატრიაში ეს ტერმინი გამოიყენება, როგორც დაავადება, მანიაკალური სინდრომი. განდიდების მანიისკენ მიდრეკილი შეიძლება იყოს ამბიციური ადამიანი, რომელსაც სურს პირველობა. ხოლო როდესაც განდიდების მანიაზე, რეალობიდან სრულიად მოწყვეტაზე ვლაპარაკობთ, უკვე საქმე გვაქვს ფსიქიკურ დაავადებასთან. განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანები თითქმის ყოველთვის განიცდიან დეპრესიულ შეტევებს, რადგან ბუნდოვნად აცნობიერებენ, რომ არ აქვთ ის, რაც უნდათ. მათ უნდათ, მათი აზრით, საუკეთესო. სინამდვილეში კი ეს შეიძლება რაღაც პარამეტრებით სულაც არ იყოს სასურველი სიკეთე. ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ არავინ არავისზე უპირატესი არ არის. ყველა ადამიანი თავისთავად უნიკალური და განუმეორებელია. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, მაგრამ ეს ხატი ყველა ადამიანში თავისებურია.

- ჩვენს ბავშვებს აბამენ გაუთავებელი შეჯიბრებებისა და კონკურსების ფერხულში. იარლიყებიც კი გაჩნდა: "ყველაზე ჭკვიანი", "ყველაზე წარმატებული", "ყველაზე ლამაზი" და ა.შ. უღვივებენ ახალგაზრდებს პირველობისკენ სწრაფვას და სთავაზობენ, რომ ლიდერობის გზაზე ყველა ხერხი გამოიყენონ. რამდენად მოქმედებს ეს ახალგაზრდის სათუთ ფსიქიკაზე?

- სურვილი იმისა, რომ ვიყო წარმატებული და კარგად ვაკეთო ესა თუ ის საქმე, თავისთავად ჯანსაღი მიწრაფების გამოხატულებაა. მაგრამ როდესაც გინდა იყო ყველაზე აღმატებული და პირველი, უკვე საქმე გვაქვს ნორმიდან გადახვევასთან. შეჯიბრი, კონკურენცია, შენი თავის შედარება სხვასთან, - არასწორი და არაჯანსაღია.

ხშირად ბავშვებთან არასწორი პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია ის, რომ ადამიანს შემდგომში უყალიბდება თავის შესაძლებლობებთან შეუსაბამო მოთხოვნილებები. ასეთი ბავშვი ნორმის შემთხვევაში ნევროზისთვის, უარეს შემთხვევაში კი მანიფესტირებული ფსიქოზისთვის არის განწირული. ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ნებისმიერი კონკურსი მიუღებელია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვიღაც შეიძლება არ იყოს გავარჯიშებული სისხარტეში, უფრო დინჯი აზროვნება გააჩნდეს, მაგრამ სამაგიეროდ მეტად ჰქონდეს განვითარებული სიღრმისეული, ანალიტიკური აზროვნების უნარი. ბავშვის სათუთი და სუსტი ფსიქიკა ვერ უძლებს მარცხს, ითრგუნება. ერთ დღესაც ხელს ჩაიქნევს, - მე ეს არ შემიძლიაო. ხოლო როდესაც კარგზე უკეთებ აქცენტს, მაშინაც კი, როცა ალამაზებ რეალობას, ცდილობს, გახდეს უკეთესი. ეს მისთვის სტიმულია.

- ზოგჯერ ადამიანებს უჩნდებათ მავანის გაკერპების სურვილი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საიდან იღებს სათავეს ეს მისწრაფება?

- ეს არის ადამიანში არქეტიპულად ჩადებული სურვილი იმისა, რომ დაინახოს ღმერთი გარეთ. ამის მიზეზიც, რა თქმა უნდა, ურწმუნოება გახლავთ. როდესაც სუსტდება რწმენა, მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე ბელადები. რაც უფრო დაბალია საზოგადოების განვითარების დონე და რწმენის ხარისხი, მით უფრო დიდია ტენდენცია იმისა, რომ წარმოაჩინონ და შექმნან კერპები და ბელადები, მიაკუთვნონ მათ განსაზღვრული ნიშან-თვისებები. განდიდების მანიის მქონე ადამიანსაც, რაღა თქმა უნდა, სჭირდება ირგვლივ გარემო, ხალხი, ვინც ხოტბას შეასხამს, განადიდებს. ეს კი სჭირდება იმ ადამიანს, რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება. იგი აკეთებს სიკეთეს იმიტომ, რომ სხვებმა დაინახონ და დააფასონ. ჯანსაღი ფსიქიკის მქონე, ღვთისნიერი ადამიანი კი სიკეთეს იქმს იმიტომ, რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლია. იგი არ არის პოპულისტი, არ სჭირდება მაყურებელი, რადგანაც კარგად იცის, მას ჰყავს ყველაზე მოუსყიდველი, სამართლიანი მაყურებელი - სინდისი, რომელიც ღმერთის ხმაა ადამიანში, იცის, სინამდვილეში რასაც წარმოადგენს და თავმდაბალია.

ღვთის დიდება სჭირდება ისევ ადამიანს და არა ღმერთს. უფლის დიდებით ადამიანი მობილიზებას უკეთებს თავის თავს, რომ იცხოვროს ჯანსაღად. უფლის დიდებაში მოიაზრება ადამიანის ღვთისნიერი ცხოვრება, მცნებების დაცვა, ადამიანის მიერ ღვთის ხატის განხორციელება, მისი ჯანსაღი ფუნქციონირება, სინანულის, სიხარულის, სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნა, ღმერთთან მიახლება. უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენ ვადიდებთ ღმერთს ისე, როგორც ვცხოვრობთ და ვცხოვრობთ ისე, როგორც ვადიდებთ უფალს.
ბეჭდვა
1კ1