ქმარი არის ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი
ქმარი არის ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი
მამაკაცმა ქალის სისუსტე უნდა შეავსოს თავისი სიძლიერით
ბიბლიიდან ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც სამოთხეში ადამმა და ევამ აკრძალული ხის ნაყოფი იგემეს, მათი სულიერი ერთობა დაირღვა. თუკი ადრე ცოლი, როგორც მხოლოდ ქმრის შემწე და დამხმარე, გარკვეულწილად დამოკიდებული იყო მასზე, მას შემდეგ, რაც პირველმა ქალმა დაამტკიცა, რომ თავისუფლების გონივრული გამოყენება არ შეეძლო, ღმერთმა იგი მეუღლის კონტროლს დაუმორჩილა. მხოლოდღა ქრისტიანობამ - სინანულის რელიგიამ - ქალს დაუბრუნა ცოდვით დაცემამდელი თავისუფლება. ქრისტიანობამ ქალი მამაკაცს გაუთანასწორა. თუმცაღა მათ მაინც მეტ-ნაკლებად განსხვავებული მოვალეობები აკისრიათ ღმერთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ქმარმა თავისი საქმეებით, სიტყვებითა და ყველაფრით ოჯახში ღვთისმოსაობა უნდა დანერგოს, ხოლო ცოლმა თვალყური ადევნოს, რომ მთელმა ოჯახმა იღვაწოს სასუფევლისთვის". ოჯახში ქალისა და მამაკაცის ფუნქციებისა და ერთმანეთის მიმართ მოვალეობების შესახებ გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მაია კალანდარიშვილი.

- რელიგიური მოსაზრებით, მამაკაცი ითვლება ოჯახის უფროსად. პავლე მოციქული ბრძანებს: "ქმარი არის ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი". ისტორიულად ოდითგანვე მიჩნეული იყო, რომ ოჯახის ბურჯი, უფროსი, ყველა მატერიალური თუ სულიერი პრობლემის გადამწყვეტი მამაკაცია. ქალი კი არის მამაკაცის დამხმარე, მისი შეხედულებების გამტარებელი და გამზიარებელი. ქალის უპირველესი დანიშნულება შვილების აღზრდაა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მამაკაცის უპირატესობა არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უფლება და მოქმედების თავისუფლება. ეს გარემოებები მამაკაცის ფიზიკური ძლიერებით აიხსნებოდა, რადგან ძველად ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა (კაცებისთვის - ნადირობა, ოჯახის წევრების დაცვა თავდასხმებისგან და ა.შ.) ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს მოითხოვდა. დრომ შეცვალა ცხოვრების წესი, ურთიერთობები და, ამდენად, ქალისა და მამაკაცის მიმართ მოთხოვნებიც სხვაგვარია. განათლების ფართოდ გავრცელებამ მწვავედ დააყენა ქალთა ემანსიპაციის საკითხი. ქალებმა მოისურვეს თავიანთი სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზება არა მარტო ოჯახში, არამედ საზოგადოებრივ სარბიელზეც, სხვადასხვა პროფესიულ სფეროში და დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. ამას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიც, რაზეც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი სათანადოდ ამახვილებს ყურადღებას: "დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა... ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისთვის ამზადებდა. პირველ რიგში, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთგულება ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გამოსული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ იგი ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე - ასევე გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული შვილებისადმი. მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო. ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ, რომ თუმცა მთელ სიცოცხლეს მახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ... არმოსაწონებელი არც ახალ დროში შემოსულ ქალთა სწავლა-განათლებაა, მაგრამ სასურველი და სანატრელი ისაა, რომ სწავლა-განათლებასთან ერთად ქალებმა ეს საქები თვისებებიც არ დაკარგონ". ასე რომ, ქალის უპირველეს მოვალეობად ოდითგანვე ოჯახზე ზრუნვა, შვილების კეთილად აღზრდა, მათთვის კეთილი მაგალითის მიცემა ითვლებოდა.

მამაკაცს დაკისრებული აქვს ოჯახის მმართველისა და მარჩენლის ფუნქცია. თუ მამაკაცი თავის ოჯახს ჯეროვნად ვერ მართავს და ვერ ახერხებს ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებას, საეჭვოა, რომ მან შეძლოს დიდი ორგანიზაციული ურთიერთობების მართვა და მოწესრიგება. ვინაიდან ქალი, მამაკაცთან შედარებით, არის "უუძლურესი ჭურჭელი" (აქ იგულისხმება მისი ფიზიკური სისუსტე, ემოციური გაუწონასწორებლობა, გრძნობებს აყოლა და ა.შ.), მამაკაცმა ეს სისუსტე და ნაკლი უნდა შეავსოს თავისი სიძლიერით. საერთოდ, ცნობილია, რომ ძლიერს და უფროსს უფრო მეტი მოეთხოვება. იგი არის მაგალითის მიმცემი დანარჩენებისთვის.

- დღეს ჩვენი ქვეყანა მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე დგას. ამის გამო ზოგჯერ მამაკაცებს ეშინიათ ოჯახის შექმნისა, რადგან ოჯახის მარჩენალისა და წინამძღოლის ფუნქცია ოდითგანვე მამაკაცს ჰქონდა მინიჭებული. ჩვენს რეალობაში ამ ფუნქციას უმეტესწილად ქალები ტვირთულობენ. ხომ არ დაკარგა დღეს ქართველმა მამაკაცმა თავისი ფუნქცია?

- დღევანდელი საზოგადოება და ოჯახი განსაკუთრებულია. მეუღლეებს შორის ფუნქციები ძველებურად აღარ არის განაწილებული. მიზეზი ის არის, რომ შეიცვალა პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ქართველი მამაკაცების უმრავლესობა კი ამ ცვლილებებთან შეგუებისთვის, გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მზად არ აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენში ფეხმოკიდებული არასწორი აღზრდის მექანიზმიც შეიძლება იყოს. საქმე ისაა, რომ მშობლები თავიანთ შვილებს ყველა ასაკში ბავშვად აღიქვამენ, მეტისმეტად ანებივრებენ, არ აჩვევენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. თვრამეტი წლის ყმაწვილი უკვე აღარ უნდა იყოს მატერიალურად დამოკიდებული მშობლებზე. ყოველ შემთხვევაში, უნდა ეცადოს მაინც, რომ დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება და მოიპოვოს "პური არსობისა", რაც არ უნდა მდიდარი მშობლები ჰყავდეს. ეს მას ფსიქოლოგიურად მოამზადებს იმ სირთულეების გადასალახავად, რომლებიც ცხოვრებაში შეხვდება; ისწავლის პასუხისმგებლობის აღებას, სრულფასოვან მამაკაცად იგრძნობს თავს და უფრო მზად აღმოჩნდება ოჯახის შესაქმნელად. შვილმა შეიძლება მიიღოს მშობლებისგან დახმარება, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს მთელი ცხოვრების მანძილზე მათ კისერზე ყოფნას.

ქართველი ქალი უფრო გამძლე აღმოჩნდა. ზოგიერთ ოჯახში დღეს ქალს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცებმა ფუნქცია დაკარგეს. ზოგჯერ სულიერი, ზნეობრივი და ფიზიკური თანადგომა გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიალური. ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როცა თვითრეალიზაციის საშუალება ყველას ექნება და მამაკაცებიც უნარისა და ცოდნის შესატყვის ანაზღაურებად სამსახურებსაც იშოვიან.

- პავლე მოციქული ბრძანებს: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა... რათა არა იგმოს ღმერთის სიტყვა..." არცთუ იშვიათად, უფლის სახელით, მამაკაცი მეუღლისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს, თავად კი ქრისტიანულ მცნებებს არღვევს და სათანადო სიმაღლეზე არ დგას. როგორ უნდა მოიქცეს ქალი ასეთ შემთხვევაში?

- მეუღლეებს შორის მშვიდი, სიყვარულით აღსავსე, მეგობრული ურთიერთობა ბედნიერების საწინდარია. ყველა ოჯახს თავისი ურთიერთობის წესები აქვს, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ კულტურულ სივრცეზე, რომელშიც მეუღლეები გაიზარდნენ. ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა ევას გამოუტანა სასჯელი: "ქმრისკენ გექნება ლტოლვა... ის კი იბატონებს შენზე!" ღმერთმა ამ კანონით ცოლი ქმრის უმაღლეს კონტროლს დაუმორჩილა. ამის საუკეთესო ილუსტაციაა წინაქრისტიანული, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, იქაური ქალების დამცირებულ-მონური მდგომარეობა. აღმოსავლური კულტურისთვის მამაკაცის მბრძანებლური ტონი მეუღლესთან ურთიერთობაში დასაშვებად არის მიჩნეული და ქალებიც მეტ-ნაკლებად მიჩვეულნი არიან ამ მდგომარეობას. ქრისტიანობამ გაათანაბრა ქალი და კაცი იმდენად, რამდენადაც უფლის წინაშე ორივენი ერთნაირად აგებენ პასუხს თავიანთი ცუდი ან კარგი საქციელის გამო. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმრის ურთიერთობის ის მოდელი, როდესაც მამაკაცი თავის უპირატესობას ცოლის დასაჩაგრად და დასამცირებლად იყენებს, მოსაწონი ვერასოდეს გახდება. თითოეულმა წყვილმა ურთიერთობის გაუმჯობესებაზე თვითონ უნდა იზრუნოს. თუ საჭიროა, ფსიქოლოგსაც უნდა მიაკითხონ რჩევისთვის. როდესაც ქმარი უღირსია, არ დგას სათანადო სიმაღლეზე, არღვევს უფლის მცნებებს, ასეთ შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ქალის ქცევაზე, მის დიპლომატიურ უნარზე. ეს საკითხი მეტად დელიკატური და ინდივიდუალურია. აქ ზოგადი და მზა რეცეპტი, ალბათ, არ არსებობს. ქალის მიერ დათმობა, მიტევება, დიდსულოვნების გამოჩენა, სამწუხაროდ, ზოგჯერ არ ამართლებს, რადგან ზოგიერთი მამაკაცი ამას ეჩვევა, მიიჩნევს, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ამით კიდევ უფრო თავხედდება, ტიპურ ექსპლუატატორად ყალიბდება. დიდსულოვნებისა და სიყვარულის გამოვლენა მეუღლის მიმართ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იმკის სასიკეთო ნაყოფს, მაგრამ ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში ხანდახან საჭიროა, ქალმა სხვა სტრატეგიაც აირჩიოს, ვთქვათ, პრინციპული პოზიცია დაიჭიროს, ამხილოს მეუღლის უღირსი საქციელი, თუკი საჭიროა, გაკიცხოს კიდეც, უბიძგოს დაფიქრებისკენ, გამოსწორებისკენ. ქალმა უკეთ იცის მეუღლის ხასიათი და მეუღლისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, ალბათ, თავად აირჩევს, როგორ მოიქცეს. ქალს შეუძლია, თავისი ზნეობრივი ცხოვრების მაგალითით კეთილისმყოფელი გავლენა იქონიოს მეუღლეზე და ჭეშმარიტებისკენ მოაქციოს. სასიკეთო შედეგის მომტანი ხშირად თანმიმდევრული მოქმედება უფროა, ვიდრე ქმართან შეგონებითი, მოწოდებითი ურთიერთობა.

- ფასეულობათა გადაფასება და მკვეთრი მსოფლმხედველობრივი ცვლილებები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზეც აისახა. სულ უფრო იშვიათად გვხვდებიან დღეს რაინდული მამაკაცები ანდა კდემამოსილი ქალები. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონები ზედმეტად ახლობლობენ ვაჟებთან. წმინდა მამები მიიჩნევდნენ, ძველი დრო იმითაც იყო კარგი, რომ ადრე ვაჟთათვის და ქალთათვის სხვადასხვა სასწავლებელი არსებობდა. რამდენად უწყობდა ეს ხელს მათ შორის მოწიწების, კრძალვის გრძნობის წარმოქმნას?

- ქალის მიმართ მამაკაცის რაინდული, მოწიწებული დამოკიდებულების გამოვლენა იშვიათობად რომ იქცა, ამაში გარკვეული წვლილი ქალებსაც მიუძღვით. ქცევით, გამომწვევი ჩაცმულობით, საუბრის ტონით და ა.შ. ზოგიერთი ქალი მამაკაცის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. მისი ეს მცდელობა მამაკაცის ვნებად სფეროზე მოქმედებს და არანაირი საერთო არა აქვს სერიოზულ გრძნობასთან. ამგვარ ლტოლვაზე აგებულ ურთიერთობას კი შემდგომში უამრავი ტკივილი მოაქვს როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალისთვის. რაც შეეხება სკოლის მოსწავლე ვაჟებისა და გოგონების ზედმეტ სიახლოვეს, ვფიქრობ, რომ ზოგადად, ყველგან და ყველაფერში აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა. თანატოლებს შორის ზომიერი, მეგობრული ურთიერთობა, რასაკვირველია, მოსაწონია. თუ ბავშვის ოჯახური ცხოვრება ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება და სკოლაშიც ხელოვნურად არ მოხდება სარწმუნოებისგან, სულიერებისგან დაცლილი სასწავლო პროგრამის მიწოდება, მაშინ მოზარდთა განსხვავებულ სქესს შორის ყოველთვის იქნება მოწიწებისა და კრძალვის გრძნობა.
ბეჭდვა
1კ1