განსჯა თუ ემოცია?
განსჯა თუ ემოცია?
გონების გაბატონება კაცობრიობაზე ისევე საშიშია, როგორც რობოტისა
ცნობილი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს აქვს ორი გონება: მცირე და დიდი. მცირე - გონებაა, ხოლო დიდი - გული.

გულისა და გონების ურთიერთმიმართების საკითხი ოდითგანვე აინტერესებდათ ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებს, ღვთისმეტყველთ. წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: "ნებისმიერი გონებისთვის მიუწვდომელი უფალი გულში შემოდის და მასში ივანებს".

და მაინც, გონებით უფრო შევიმეცნებთ ჭეშმარიტებას თუ გულით, რა ზღვარი ძევს ღვთის შემეცნებასა და ღვთისმოყვარეობას შორის, გონების კარნახით ჯობს ვიცხოვროთ თუ გულის, გონებისთვის უცნობ რა მიზეზებს ფლობს გული და როგორ გავიგოთ იგავური გამოთქმა: "სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული..."? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი, ქალბატონი ლელა ტყეშელაშვილი.

- ხანდახან ორი უკიდურესობის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე: ან გამოვრიცხავთ გონებას, ანდა მხოლოდ გონების კარნახით ვიქცევით. რა უფრო მნიშვნელოვანია - განსჯა თუ ემოცია და რამდენად არის გონებით ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების გარანტი?

- ადამიანი ემოციური არსებაა. მას ოთხმოცამდე ემოცია აქვს და დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავს მათ დასაძლევად - გრძნობებს გონებას უპირისპირებს.

ემოციების გონებით გაკონტროლება რთულია. ზოგიერთს ეს არ გამოსდის. ზოგიერთს პირიქით - გამომჟღავნება უჭირს.

ძველ კულტურებში გაცილებით მეტად ფასობდა მოაზროვნე ადამიანი, ვიდრე მგრძნობიარე.

ადამიანი მთელი ცხოვრება დგას არჩევანის წინაშე, რას მიენდოს - გონებას თუ ინტუიციას. შეიძლება ითქვას, რომ ის კეთილისა და ბოროტის, გულისა და გონების ბრძოლის ასპარეზია.

ადამიანური კულტურა ემოციებისა და იმპულსების დათრგუნვის ხარჯზეა შექმნილი. დასაფიქრებელია ის, რომ ადამიანი არ გამოუცხადებდა ბრძოლას თავის ემოციებს, რომ არ აცნობიერებდეს მათ სიმძლავრეს და არ ეშინოდეს მათი. ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ მოულოდნელობისა და გაურკვევლობისა - სურთ გაიგონ, როგორ ჩნდება მათი გრძნობები და სად ქრება. მხოლოდ ბოლო დროს მოახერხეს მეცნიერებმა, თვალი მიედევნებინათ ემოციების განვლილი გზისთვის ადამიანის ორგანიზმში და დაედგინათ, რა მოხდება, თუ ხელი შეეშლება მათ გამოვლენას.

- ზოგის აზრით, ხშირად გონება, განსჯა უძლურია და მრავალ ეჭვს ბადებს. ამიტომაც რასაც გული გეუბნება, ისე უნდა გადაწყვიტო, მისდიო მის ხმას. ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ემოცია წინ უსწრებს განსჯას. როგორ მოქმედებს ემოციური სფერო და რამდენად სწორია, როცა ადამიანი ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებს, ცხოვრობს გულით?

- რეალურად ემოციები მართავს ადამიანს, რადგან ისინი აღმოცენდება იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვენ შევუდგებით მათ გაანალიზებასა და გაცნობიერებას.

ყველა ინფორმაცია, რომელიც შედის ადამიანის თავის ტვინში, თავდაპირველად ემოციურად არის შეფერილი და განსჯას მაშინვე არ ემორჩილება.

გული და გონება ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად როდი მონაწილეობენ. როცა ადამიანი მორალური დილემის წინაშე დგას, მისი თავის ტვინის ერთი ნაწილი შედეგის ეფექტზე ფიქრობს, მეორე კი ქცევის ემოციურ მხარეზე და პასუხს აგებს მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. ამ დროს გადამწყვეტი როლი სწორედ ემოციებს ენიჭება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსჯა ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუნებული, ხოლო ინტუიციამ შეიძლება შეგვაცდინოს. შეიძლება ავადმყოფობის, შემთხვევითობის ან რაიმე გარემო პირობების მიზეზით რაღაც სწორად ვერ აღვიქვათ, მაგრამ იგივე ფაქტორები ჩვენს ცნობიერებასაც არანაკლებ ემუქრება. საქმე ის გახლავთ, რომ გონების ფუნქცია ძირითადად უარყოფითი გამოცდილების შენახვაა, რათა თავიდან ავიცილოთ საშიშროება. ამდენად, ის უდიდეს როლს ასრულებს თვითგადარჩენის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც რესურსი, ადამიანის მთელი ფსიქიკის მხოლოდ 5-7%-ს მოიცავს, დანარჩენი ნაწილი გრძნობებს, ემოციებს, მოტივებს და არაცნობიერ შინაარსებს უჭირავს. ადამიანი, რომელიც უარყოფს საკუთარ ემოციებს და ცდილობს, მხოლოდ გონებას დაეყრდნოს, არაფრად აგდებს თავისი სულიერი მარაგის უდიდეს და ყველაზე ძლიერ ნაწილს. მასთან მიღწევა და მისი გამოყენება კი გულის - ემოციებისთვის ანგარიშის გაწევის გზითაა შესაძლებელი.

აქაც არსებობს საშიშროება, რომ არ აგვერიოს ინტუიცია შიშებსა და ეჭვებში. გულის ხმის მოსმენას გავარჯიშება სჭირდება. ამბობენ, ეს უფრო კარგად ქალებს გამოსდით. არსებობს კიდეც გამოთქმა - "ქალური ინტუიცია". მამაკაცის გადაწყვეტილებები ხშირად უფრო ხისტია. იდეალურ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი, ისევე როგორც გული და გონება, უნდა ავსებდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს გადაწყვეტილების მიღებაში.

- წმინდა ლუკა ვოინო-იასენეცკი წერდა: "გულით შეიძლება პირდაპირ ვიღებდეთ და აღვიქვამდეთ სავსებით გარკვეულ შთაგონებებს, როგორც ღვთის სიტყვებს, როგორც ღვთისმეტყველებას". გულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანობაში, რადგან რელიგია ზებუნებრივ და მისტიკურ საგნებს ეხება. ღმერთს ხომ გული გრძნობს და არა გონება.

- ჩვენი გამოცდილება მარტო გონებასა და აზროვნებაში კი არა, უფრო მეტად ემოციებში ინახება.

გონებაზე განსაკუთრებით დიდ იმედებს XX საუკუნეში ამყარებდნენ, მაგრამ საუკუნის მიწურულს ეს იმედი საბოლოოდ დაინგრა. ტექნიკური პროგრესის ფანტასტიკური მიღწევების ფონზე მკაფიოდ ჩანს ჩიხი, რომელშიც შევიდა ცივილიზაცია. უფრო და უფრო იშვიათია შემოქმედებითი მიღწევები პოეზიაში, ფილოსოფიაში, ადამიანთმცოდნეობაში. სამყარო კარგავს იდეების წარმოქმნის ნიჭს და უსახურობა ნორმა ხდება. რა ხდება, სად ვეძებოთ ამის მიზეზი? ხომ არ არის პრინციპული შეცდომა, რომ ადამიანები ცოდნის დაგროვებას მიიჩნევენ თვითრეალიზაციისა და ცხოვრებისეული კეთილდღეობის ლამის ერთადერთ საშუალებად? გონებას ხომ ყველაფერი არ შეუძლია, ამიტომ მასზე ზედმეტი იმედების დამყარებით ვკარგავთ იმაზე გაცილებით მეტს, რასაც მისგან ვიძენთ.

"იქნებით ვითარცა ღმერთნი, სიკეთისა და ბოროტების მცნობელნი", - ასე ყოვლისმცოდნეობის სურვილით აცდუნა ბოროტმა ადამი და ევა. დაახლოებით ამავე მიმართულებით ხომ არ გვეწევა ჩვენი გონება? მისთვის დამახასიათებელია მოვლენის ანალიზი, ლოგიკური დანაწევრება, შეფასებათა, განსჯათა პრიზმაში გატარება. ამის შედეგია ის, რომ ყველა ერთმანეთთან დავობს: რელიგია - რელიგიასთან, ერი - ერთან, პარტია - პარტიასთან, ადამიანი - სამყაროსთან და თავის თავთანაც კი. სწორედ გონებაა ამ განხეთქილებათა მთავარი მიზეზი. ადამიანების გაერთიანება კი მხოლოდ სიყვარულს - გულს შეუძლია.

სამწუხაროდ, უფლის ეს მცნება თანამედროვე ადამიანმა ანგარიშიანობითა და რევოლუციებით შეცვალა.

- წმინდა მამები დიდ ყურადღებას აქცევდნენ გულის გამუდმებით დაცვას უღირსი აზრებისა და შთაბეჭდილებებისგან. ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს, მით უფრო ჩვენს მშფოთვარე დროში, რამდენად აქვს უნარი, ჩაიხედოს გულში, მიაყურადოს მას და მისი მოქმედებით შეიცნოს, რა არის ღვთაებრივი და რა - ეშმაკეული?

- ემოციური კომპეტენტურობა საკუთარი ემოციების სრული გაცნობიერების და მიღების უნარია. მხოლოდ ამის შემდეგ სწავლობს ადამიანი საკუთარი ემოციების ნაკადის გაკონტროლებას და სხვების გრძნობებსაც კი მართვას.

თანამედროვე ადამიანი გადაჩვეულია თავისი გრძნობების შესახებ საუბარს და მათ უარყოფს. რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომელშიც ზრდასრულ ადამიანებს ეკითხებოდნენ: "რას გრძნობთ ახლა?" გამოკითხულთა 70%-ზე მეტი იწყებდა გადმოცემას, თუ რაზე ფიქრობდნენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი საბოლოოდ მიენდო გონებას, იარაღმა პატრონი დაიმონა, ანუ, როგორც კამიუ ამბობდა, კაცობრიობა "ინტელექტუალურ ტყვეობაში" აღმოჩნდა.

ადამიანს განსაკუთრებით უჭირს უარყოფითი განცდების ანალიზი. თითქმის ყველა უარყოფითი ემოციის უკან დგას შიში, რომ რაღაცას დაკარგავ. აქ არ არის საუბარი მატერიალურ დანაკარგზე. ხშირად ადამიანებს ეშინიათ, არ დაკარგონ საკუთარი თავის პატივისცემა, გარეგნული მიმზიდველობა, თავისუფლება და ა.შ.

თუ გსურთ, ისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი და შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეეჩვიეთ, გაღიზიანების პირველივე იმპულსების ადრიდანვე შემჩნევას, რათა დაადგინოთ მათი წარმოშობის წყარო, რატომ ბრაზდებით, რისი დაკარგვის საშიშროებას შეიძლება ელოდეთ. ასე გაავარჯიშებთ გონებას და შეძლებთ, რომ ის უფრო გრძნობისმიერი გახდეს. მალე იმასაც გააცნობიერებთ, რომ თქვენ თვითონ ხართ საკუთარი განცდების წყარო. გირჩევთ, შეხედოთ პრობლემებს განსხვავებული კუთხით და ზომიერი იუმორითაც.

- ძნელი განსასხვავებელია, რა არის გულის ხმა და რა - გონებისა. როცა ერთი ერთს გეუბნება და მეორე - მეორეს, როგორ დაიძლიოს ეს ბრძოლა? მაგალითად, ქორწინებისას როგორ უნდა გაკეთდეს არჩევანი - გულით თუ გონებით?

- ქორწინების საფუძველი შეიძლება დიდი და ხანგრძლივი სიყვარული იყოს, ან უბრალო შემთხვევითობა. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორი სცენარით განვითარდება ეს ურთიერთობა.

თანამედროვე ახალგაზრდისთვის ძნელი გასაგებია ბიბლიური ისტორია ისააკისთვის საცოლის შერჩევის შესახებ. მას ვერ აუხსნი, როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან საქმეში ვინმე ჩარიო, არათუ სხვას მიანდო.

ყველამ ვიცით, რომ ქორწინების შემდეგ ხშირია იმედგაცრუება თვით ყველაზე რომანტიკულ პარტნიორებს შორისაც კი. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ეს პასუხისმგებლობა მთლიანად იკისრა, კატასტროფულად იმატა განქორწინებების რიცხვმა. ვერავინ იტყვის, რომ სიყვარული და ლტოლვა უნდა უგულებელვყოთ, მაგრამ, როგორც ამბობენ, სიყვარული ბრმაა. ამიტომ სტაბილური ოჯახის შესაქმნელად სასარგებლოა ყურად ვიღოთ ჩვენზე მიუკერძოებელი და ობიექტური ადამიანების შეფასებებიც. ამით უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეული სიყალბისა და ილუზიისგან.

გამოკითხვების შედეგად აღმოჩნდა, რომ დიდ ბრიტანეთში საგრძნობლად იმატა მილიონერი ქალების რიცხვმა. ამის მიზეზი ქალთა ემანსიპაცია კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ანგარება - ოჯახის შექმნის დროს ქალები არჩევანს მდიდარ კანდიდატურებზე აჩერებდნენ, რათა განქორწინების შემდეგ სოლიდური თანხები რგებოდათ. ეს გონებით მიღებული გადაწყვეტილებაა და არაფერი აქვს საერთო გონიერებასთან. ასე რომ, გონებით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის როდია გონიერი.

ერთ-ერთ ინტერვიუში დედა ნატალია (გირევა) იხსენებს ბავშვობას და თავის უარყოფით დამოკიდებულებას ქორწინებისადმი. ამის მიზეზად მას მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბავშვობიდანვე ბევრს კითხულობდა. საერო ლიტერატურაში სიყვარული ხშირად ვნებასთან იყო გაიგივებული, რომელიც ძალიან ჰგავდა ავადმყოფურ მდგომარეობას - ადამიანი იტანჯებოდა, თვითმკვლელობამდეც კი მიდიოდა. სრულიად დაფარული იყო სიყვარულის ნამდვილი არსი, რომელიც რწმენიდან და სათნოებიდან მომდინარეობს. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ გახდებოდა მოძღვრის მეუღლე და მრავალშვილიანი დედა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, გულით სთხოვს ცხოვრების ზღურბლთან მდგომ ადამიანებს, ნუ წაართმევენ თავს სიყვარულის, ოჯახის შექმნის, შვილების ყოლის ბედნიერებას და ნუ გაცვლიან უფლის ბოძებულ ამ სიკეთეებს ანგარებასა და კარიერაზე, რადგან ჯერ არავის უნახავს ბედნიერი კარიერისტი, მით უფრო - ქალი. ისინი უბედური ადამიანები არიან, მით უფრო, თუ ამას ვერ აცნობიერებენ.

- ღირსი სერაფიმ საროველი ამბობდა: - გული მაშინ დუღს, თუ მასში ცხოველმყოფელი წყაროა, თუ ეს წყარო დაიღვრება, გული ცივდება და ადამიანი იყინებაო. გულის სიცივე რა მდგომარეობაა?

- არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანმა მთელი გულით მოინანიოს. ზოგჯერ გული გაქვავებულია, უგრძნობი, დუმს და არაფერს გვეუბნება. აღსარებისას, ლოცვისას გონებით აცნობიერებ, რომ შესცოდე, ცდილობ, მოინანიო, მაგრამ გულამდე ვერაფერი აღწევს. ამ დროს მიმართავს ალბათ მორწმუნე უფალს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა", რადგან დახმარება ამ დროს მხოლოდ მას შეუძლია.

ალბათ გახსოვთ ანდერსენის ცნობილი ზღაპარი "თოვლის დედოფალი". ჩვენ მას მულტიპლიკაციური ფილმების და ადაპტირებული ან საბჭოთა ცენზურის მიერ შეკვეცილი ვარიანტებით ვიცნობთ, ამიტომ ყოველთვის ნაკლებად დამაჯერებელია მთავარი პერსონაჟის - გოგონა გერდას მიერ ბიჭუნა კაისთვის გაყინული გულის გალღობა. გულცივი თოვლის დედოფალი კი თავისი სიძლიერითა და სილამაზით ბავშვებს მოსწონთ, ზოგჯერ მთავარ პერსონაჟზე მეტადაც კი. ჩემთვის აღმოჩენა იყო, როცა გავიგე, რომ ორიგინალში გერდა კითხულობს ლოცვას "მამაო ჩვენო" და ანგელოზები მახვილებით უკაფავენ გზას, ხოლო ნაწარმოები მთავრდება სახარების სიტყვებით: "თუ არ ვიქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შევალთ სასუფეველში". აი, როგორ ლღვება გაყინული გული.

- როგორ აღვზარდოთ ადრეული ასაკიდანვე ბავშვებში ფაქიზი მგრძნობელობა, რა დამოკიდებულებაა ასაკსა და გონიერებას შორის?

- გონიერება ცივილიზაციის დაკვეთაა. ცნობილია, რომ ჯუნგლებში შემთხვევით აღმოჩენილ და გაზრდილ ბავშვებს არა თუ აზროვნების, არამედ მეტყველებისა და გამართული სიარულის უნარიც კი არ გააჩნდათ და არც მოგვიანებით აღუდგათ. ეს თანამედროვე ეპოქაში დაბადებული ადამიანებისთვისაც საყურადღებოა. გონება ნამდვილი კონფორმისტია, ცდილობს შეეგუოს და მოერგოს გარემოს და თუ ამ უკანასკნელისგან არ მოდის შესაბამისი მოთხოვნა, მიიძინებს.

ჩვენ ყველა საშუალებით ვცდილობთ, შვილებში მხოლოდ გონიერება აღვზარდოთ, ვცდილობთ, ისინი იყვნენ ჭკვიანები, განათლებულები. მარტო ამ თვისებებზე აქცენტის გადატანა მათ ეგოისტ, მატყუარა და აგრესიულ ადამიანებად აქცევს.

ხშირად გვესმის, ყველაზე მოწესრიგებულ და განვითარებულ ქვეყნებშიც კი ათასობით ახალგაზრდა იკრიბება ქალაქის ცენტრში და აწყობს დამანგრეველ აქციებს, ეურჩება პოლიციას. არაფრად აგდებს სასკოლო პროგრამას და შეგნებულად იჩლუნგებს გონებას უმაქნისობით, ალკოჰოლით, ნარკოტიკით. ეს სხვა არაფერია, თუ არა გაუცნობიერებელი პროტესტი გონების დიქტატურის მიმართ. ის აცხადებს პროტესტს, დაემგვანოს მასას და დაკარგოს საკუთარი სახე.

ხანდაზმულ ასაკში სუსტდება გონებრივი შესაძლებლობები, მაგრამ არა გონიერება. ბალანსდება ემოციებიც. გონიერებაც უფრო გულიდან მოდის, ვიდრე მშრალი ლოგიკური განსჯებიდან და გარემოს წნეხიდან.

- გონება კიდევ შეიძლება გააკონტროლო, მაგრამ გულის კონტროლი ძალიან ძნელია. რა როლი ენიჭება ამაში ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს?

- გონება საოცრად მდიდარი შესაძლებლობების მქონე ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანს ეხმარება, შეეგუოს, შეეწყოს ცვალებად ცხოვრებისეულ პირობებს. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ იარაღია და ადამიანის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. გონების გაბატონება კაცობრიობაზე ისევე საშიშია, როგორც რობოტისა. ამიტომაც საუკუნეების მანძილზე ისმოდა მოწოდება, სიფრთხილით მოვკიდებოდით გონებას.

ასევე უდგებიან გონებას თანამედროვე ფსიქოთერაპევტებიც. ერთ-ერთი მათგანი გვირჩევს, გონებას მოვექცეთ, როგორც ერთგულ ძაღლს, რომელიც ხუხულაში უნდა იჯდეს და მხოლოდ პატრონის ნებართვით გამოდიოდეს და ყეფდეს. ძაღლის მსგავსად, გონებასაც გაწვრთნა სჭირდება. ეს პროცესი ზოგჯერ სასტიკიც კია, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რათა მან იცოდეს თავისი ადგილი. ასე რომ, არ შეიძლება უარვყოთ გონების სარგებლობა, მაგრამ არც უნდა გადავაჭარბოთ მისი შეფასება. ნორმალური ადამიანის ფსიქიკაში გული და გონება ერთმანეთს უნდა აწონასწორებდეს. ფსიქოთერაპევტი სწორედ ასეთი ბალანსის მიღებას ცდილობს.
ბეჭდვა
1კ1