ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია, თუ შენთან აკავებ - იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და ქრება
ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია, თუ შენთან აკავებ - იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და ქრება
ქრისტიანული გამონათქვამია: "ადამიანი სამჯერ იბადება: ერთხელ, როდესაც ხორციელად იშვება დედამიწაზე, მეორედ, როდესაც ინათლება და მესამედ, როდესაც გარდაიცვლება და იმ სამყაროში შეაბიჯებს".

ადამიანი ინათლება ღვთის მადლით, მაგრამ როგორ უნდა იცხოვროს და იაზროვნოს, რათა თავისი ნებით გახდეს ღვთის სათნო და შეიმოსოს მადლი უფლისა? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ეკლესიაში ძველი დროიდან არსებობდა ნათლობისთვის მომზადების წესი (კატეხიზაცია), რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის სარწმუნოებრივ განათლებას. რამდენად მნიშვნელოვანია, ზრდასრული ადამიანი მოინათლოს გაცნობიერებულად, სარწმუნოების არსის გაზიარებით?


- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ნათლობის საიდუმლოსთვის მომზადება, მაგრამ არ არის საჭირო გადაჭარბებული სიმკაცრე ამ შემთხვევაში, რადგან შეიძლება ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს ადამიანზე გადმოვიდეს სულიწმინდის მადლი და ამან, წინასწარი მომზადების მიუხედავადაც, ძალიან დიდი როლი ითამაშოს მის ღვთისკენ სვლაში. მე კომუნისტური წყობის დროს მოვინათლე. მაშინ მაინცდამაინც არ ითვალისწინებდნენ მოსამზადებელ პერიოდს. ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველას პირდაპირ ნათლავდნენ. სწორედ მონათვლის შემდეგ შევიგრძენი ის ძალა, რომელიც უფლისკენ სვლაში დამეხმარებოდა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მომზადების გარეშეც იმოქმედა სულიწმინდის მადლმა, რომელიც გარდაქმნის ადამიანს.

ნათლისღების დროს ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი იწყებს ახალ ცხოვრებას, მაგრამ ადამიანის ბუნება იმდენადაა ცოდვებით დამძიმებული, რომ ეს ცოდვითი მიდრეკილებები ხშირად იჩენს ხოლმე თავს. უამრავი ვნება მოქმედებს კაცის სულში. წმინდა მამები განსაკუთრებით გამოყოფენ რვა მომაკვდინებელ ვნებას. ესენია: ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, მრუშობა, ნაყროვანება, მრისხანება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ინათლება და ამ დროს მას როგორც წინაპრების, ასევე მის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევება, ცოდვისკენ მიდრეკილებები ისევ მასთან რჩება. აქ მეტად მნიშვნელოვანია შთამომავლობითი მომენტიც, რაც გულისხმობს: როდესაც ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს, საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს ებრძვის და წარმატებებს აღწევს ამ ბრძოლაში, ამით არა მხოლოდ საკუთარ სულს უწევს სამსახურს, არამედ შთამომავლობას უადვილებს უფლისკენ სავალ გზას. როცა ოჯახში მშობლები შვილების თვალწინ ხშირად მრისხანებენ, ჩხუბობენ, ადვილი შესაძლებელია, ამ ვნების (მრისხანების) გახელება მათ შვილებზეც აისახოს. ასეთი ოჯახური გარემო ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს და შეიძლება გენეტიკაზეც აისახოს. შემდგომ ამ ვნებებთან ბრძოლა ჭირს. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ბრძოლას საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებებსა და ვნებებთან. როგორც გითხარით, ეს მიდრეკილებები ნათლობის შემდეგაც რჩება და ხშირად მეტად გვეძალება, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მივცემთ მათ გაქანების საშუალებას.

- როგორ ხდება ამ მიდრეკილებების მოთოკვა ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს საკუთარი თავი?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საეკლესიო წესების დაცვა. ამ წესებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აღსარების საიდუმლო. ერთი სასულიერო პირი წერს: "უფალი ადამიანს მიუტევებს, თუკი ის ითხოვს ცოდვების მიტევებას... რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ცოდვილი ჩვევების, არასწორი შეხედულებების, მსოფლმხედველობის უცებ მოშორება, კაცს არ ძალუძს უცებ გახდეს წმინდანი. ცოდვებისგან, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება რთული და ხანგრძლივი საქმეა. ეს ის ამოცანაა, რომლის შესრულებისთვისაც ვართ ჩვენ უფლისგან მოწოდებულნი". ხოლო მავნე მიდრეკილებებთან, ცოდვილ მისწრაფებებთან საბრძოლველად აუცილებელია, აღსარებაში ხშირად გავიმეოროთ ეს ცოდვები. სხვაგვარად, ჩვენ ძალა არ მოგვეცემა საკუთარი თავის გამოსწორებისა... ადამიანმა აღსარებაში შეიძლება ბევრჯერ თქვას ამა თუ იმ ვნებითი გახელების, ცოდვის, ნაკლოვანების შესახებ, მაგრამ როდესაც ჩავარდება კრიტიკულ სიტუაციაში, არაფერი იღონოს საკუთარ მესთან საბრძოლველად. ამ შემთხვევაში ცოდვის მარტოოდენ აღიარებას შედეგი არ ექნება. უფალი ეხმარება იმას, ვინც იბრძვის, ვინც მთელი ძალისხმევით ცდილობს, გამოისწოროს თავი.

- მაშ, სინანულის საიდუმლო აუცილებელია სულის იმ სისპეტაკის შესანარჩუნებლად, რომელიც ნათლობის შემდეგ ენიჭება ადამიანს... რა ძალა აქვს აღსარების საიდუმლოს?

- ამის შესახებ დიდი ათონელი ბერი მამა პაისი ამბობს: "არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო. ის მეტად დიდია, სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომ, მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი აშკარაა. სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალდებულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს".

აღსარებას ძალიან ბევრი მხარე აქვს. ერთ-ერთია ის, რომ ბოროტი ძალა ადამიანს ებრძვის მის გონებაში აზრების, ფიქრების, უარყოფითი ემოციების გაჩენით. სულიერი ცხოვრების კანონია, რომ ბოროტის მხრიდან წარმოებულ აზრობრივ ბრძოლას ჩვენდამი, რაც ხშირად სხვადასხვა სახის უარყოფითი, დამთრგუნველი აზრებისა და წარმოდგენების გაჩენაში ვლინდება, აქარვებს და აფერმკრთალებს სინანულის საიდუმლო. მამა იოსებ ათონელი წერს: "გინდა შემუსრო გველის თავი? - თქვი შენი ფიქრების შესახებ აღსარების დროს. ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია, თუ შენთან აკავებ - იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და ქრება. მაშინ ხარობს მაცხოვარი, გულისხმიერი ლოცვაც ძლიერდება და ნათელი მადლისა კურნავს, ამშვიდებს შენს გულსა და გონებას".

ადრე მონასტრებში მისი წევრები საღამოს მიდიოდნენ მოძღვართან და უყვებოდნენ იმ ფიქრების, აზრების შესახებ, რომლებიც დღის განმავლობაში აშფოთებდათ. ეს საშუალებას იძლეოდა, ყურადღება მიექციათ თავის ფიქრთა მსვლელობისთვის, მოძღვრის დახმარებით დროზე შეემჩნიათ, დაეჭირათ ის არასწორი აზრები, გრძნობები, რომელთაც შეეძლო თავი წამოეყო მათ ეკლესიურ გზაზე, ამით კი ხელ-ფეხს უბორკავდნენ ეშმაკს.

- რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, სიფიცხის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია?

- როცა ეს ცოდვები გროვდება, ბოროტი ამას იყენებს და კალაპოტიდან აგდებს ადამიანს. ზოგიერთი ვერ ხვდება, რა მიზეზით არის ეს განპირობებული, რა უნდა გააკეთოს, ცდილობს, თავს მოერიოს, მოაგვაროს ის ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებმაც, მისი აზრით, ჩააგდო ამ მდგომარეობაში, ფსიქოლოგსაც კი შეიძლება მიმართოს დასახმარებლად, მაგრამ მთავარი მაინც ცოდვათა მონანიებაა. ამის გარეშე ძირეული გაუმჯობესება არ მოხდება, აუცილებელია მოშორდეს ცოდვების შედეგად გაჩენილი ის სულიერი ჭუჭყი, რომლითაც ბოროტს საშუალება ეძლეოდა დაევანა კაცთან. როცა აღსარების შედეგად ცოდვების მიტევება ხდება, ჭუჭყის ის ფენაც ამოიცლება.

- ჩვენი სარწმუნოების მთავარი მიზანი ადამიანის სულიერი ზრდა და დახვეწაა, რათა იგი დაემსგავსოს უფალს. ნათლობისა და აღსარების საიდუმლოებები რამდენად ეხმარება ადამიანს ღვთაებრივი მადლით შემოსვაში?

- მოგეხსენებათ, მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. საკუთარ ნაკლოვანებებთან, მავნე ჩვევებთან და მიდრეკილებებთან ბრძოლის გარეშე საკუთარი თავის გამოსწორების მცდელობას შედეგი არ მოაქვს. სხვადასხვა ეკლესიური წესის შესრულება კი ამას ემსახურება. ამ დროს მოხვეჭილი ღვთაებრივი მადლის შემწეობით უნდა შევძლოთ საკუთარი თავის შეცვლა. როცა უამისოდ თავად ვცდილობთ გამოსწორებას, მეტად მწირი ადამიანური შესაძლებლობებით ძირითადად არაფერი გამოდის, უფალს მინდობილთ კი ღმერთი გვაძლევს ძალას, გვეხმარება, დავძლიოთ მრავალრიცხოვანი ნაკლოვანება, გვიმართავს ხელს ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში. მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი აღნიშნავს: "ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კი შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს, ღმერთთან მისვლა და მასთან ყოფნაა... ეკლესიური წესების შესრულება კი იმისთვის არის გამიზნული, რომ მათი მეშვეობით მოგვეცეს ძალა, რათა შევძლოთ ცდუნებათა დაძლევა, მათთან დაპირისპირება, საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლა".

ადამიანური ცოდვილი ბუნების გარდაქმნამდე ჯერ მისი შემეცნებაა საჭირო, გაგება, თუ რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში. თითქოს საკუთარ თავს ყველა იცნობს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი შემეცნება მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. კი ვამჩნევთ ჩვენს ნაკლოვანებებს, ღირსებებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორს დგას საკუთარი მე-ს ნამდვილი გაგებისგან. ადამიანური ბუნების შემეცნება რომ შეძლო, ეს ზემოდან უნდა დაიშვას, უფლის წყალობით უნდა გაგეხსნას სულიერი თვალი. აქ არ არის ლაპარაკი პიროვნულ თვისებებზე, რომელსაც ხშირად ყველა ამჩნევს, არამედ იმ მრავალ ნაკლზე, ცოდვილ მიდრეკილებებზე, რომელთაც მხოლოდ უფლისმიერი მადლი ამზეურებს.

თუ არაეკლესიურად, არასწორად ცხოვრობს ადამიანი, ხშირად ცოდავს და მეტადაც მოქმედებს ბოროტი ძალა მის ფსიქიკაზე. რაც უფრო განწმენდილია, მაღალი სულიერების არის, მით უფრო ჩნდება მასთან ღვთიური იდეები, აზრები, წარმოდგენები, კეთდება შესაბამისი დასკვნები. ამ დროს სულიწმინდის მადლი ხსნის, წმენდს კაცის გონებას, ცდის მის აზროვნებას. ეს მადლი გვამეცნებინებს სამყაროს ისეთ მოვლენებს, კანონზომიერებებს, ეკლესიისგან განზე მდგომი რომ ვერაფრით ჩასწვდებოდა. საკუთარი თავის სრულფასოვანი, ჭეშმარიტი გაგებაც მისი მოქმედების გარეშე შეუძლებელია. საკუთარი თავის შემეცნება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტას გულისხმობს.

ადამიანური ბუნების შემეცნების გზაზე მრავალი საინტერესო მომენტი გამოიყოფა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ უფალი უცებ კი არ უჩვენებს კაცს თავის ცოდვილ მხარეს, არამედ თანდათანობით - ჯერ ერთ ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, შემდეგ მეორეზე. მათი გამოსწორების შემთხვევაში საკუთარი ცოდვილი ბუნების სხვა მხარეებს ამოუტივტივებს. სულიერ ზრდასთან ერთად სულ ახალ-ახალ ბნელ ლაქებს შეამჩნევინებს. უცბად, ერთბაშად რომ აღვიქვათ ადამიანური ბუნების ყველა ნაკლი, ცოდვილი მხარე მეტად დაგვაბრკოლებს და თანაც ძნელი იქნება ყველა მიმართულებით შეტევა. ამიტომაც საკუთარ მე-სთან ბრძოლას ეტაპობრივი ხასიათი აქვს. ჯერ უკეთეს შემთხვევაში ზოგიერთი სახის ნაკლოვანება სწორდება, შემდეგ უკვე სხვა და ასე თანდათანობით უახლოვდება მართლმორწმუნე მართლმადიდებელი უმთავრეს მიზანს.
ბეჭდვა
1კ1