როცა სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვევა, შედეგი არ აყოვნებს
როცა სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვევა, შედეგი არ აყოვნებს
იმედგაცრუებები აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის
ფსიქოლოგები სხვადასხვა მეცნიერული მიდგომით ცდილობენ ადამიანის ქცევის შესწავლას და მის საფუძველზე მისი ჭეშმარიტი განზრახვის ამოცნობას. მაგრამ აქ ჩნდება ერთი პრობლემა - კერძოდ, ყოველი კონკრეტული ქცევა ნამდვილი განზრახვის შესაბამისი არაა. უფრო მეტიც, ყოველი განზრახვა შესატყვის მოქმედებას არ განაპირობებს. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კეთილი განზრახვა, მაგრამ ქცევა შესაძლოა ყოველთვის არ იყოს შესაბამისი. ან კიდევ, შესაძლოა კეთილი საქმე ბოროტი განზრახვითაც კი იყოს გამოწვეული. ეს წყალში ჩაყრილი მადლია.

ამ საკითხზე გვესაუბრება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი.

- ადამიანს და მის ქცევას ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ. როგორც ამბა დოროთე აღნიშნავს, შეიძლება თქვას, რომ ადამიანმა იცრუა, განრისხდა, იმრუშა, მაგრამ სულ სხვაა, როცა მას მატყუარას, მრისხანესა და მრუშს უწოდებ - ეს მისი განკითხვაა.

ამგვარი გაიგივების შედეგია ბავშვობაში მიმაგრებული "იარლიყები": "უქნარა", "სულელი", "დონდლო", სულაც სამედიცინო დიაგნოზები "ფსიქოპათი", "ნევროტიკი", "იდიოტი". ადამიანი ეგუება ამ შეფასებას და უნებლიეთ მათ შესაბამისად იქცევა.

ქცევის გარეგნულ მხარეზე დაკვირვებით ვერ განსაზღვრავ, რით არის ის განპირობებული. ერთი შეხედვით მისაღები ქცევა შეიძლება მიუღებელი განზრახვითაც იყოს გამოწვეული, ქცევას სახელს მოტივი არქმევს. სიკეთის, პროგრესის, თავისუფლების, კეთილდღეობის სახელით ჩადენილი ბოროტება ადამიანების თვალშიც კი ბოროტებადვე რჩება და მით უფრო, უფლისთვის.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი არაერთგზის აღნიშნავდა, რომ უფალი ყურადღებას აქცევს ადამიანის განზრახვას, იმას, თუ რა ხდება მის გულში და არა მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას. ეს კარგად ჩანს სახარებისეულ ეპიზოდში, როცა სიმონ კეთროვნის სახლში ერთი დედაკაცი გატეხს ალებასტრის ჭურჭელს და ძვირად ღირებულ ნელსაცხებელს მაცხოვარს დაასხამს. მისი ამ საქციელის გამო ყველა აღშფოთდება, გაკიცხავენ მას, რადგან შეეძლო ეს ნელსაცხებელი სამას დინარზე მეტად გაეყიდა და ღარიბებისთვის დაერიგებინა. მაცხოვარი კი ესარჩლება მას და იწონებს მის საქციელს: "აცადეთ მაგას, რაისა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ კეთილი საქმე ქმნა ჩემთანა" (მრკ. 14,3-6).

- ყოველთვის იცის ადამიანმა, რას სჩადის?

- საკუთარი ცოდვების ხედვა ერთ-ერთია სულიერ ნიჭთაგან, რომელიც ადამიანს ეძლევა, მაგრამ როგორც წმინდა მამები ამბობენ, სხვა სულიერი არსებებისგან განსხვავებით, ის ახერხებს, საკუთარ თავსაც კი დაემალოს.

ნამდვილ განზრახვას, რომელიც ქცევას განაპირობებს, ყოველთვის როდი აცნობიერებს ადამიანი. სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა, რატომ იქცევა ის ასე და არა სხვაგვარად, მით უფრო, თუ მისი შედეგი არ არის მისთვისვე სასურველი. გაუგებარია, რატომ უჩნდებათ ადამიანებს თვითმკვლელობის სურვილი ან რატომ სცემს მოყვარული მშობელი ბავვს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მათ ამოძრავებთ არაცნობიერი მოტივი, ხოლო რადგანაც ქცევა განიცდება, როგორც უნებლიე და იმპულსური, არაცნობიერი მოტივაცია ათავისუფლებს ადამიანს დანაშაულის განცდისა და სინდისის ქენჯნისაგან.

ჩვენი პიროვნება ნაწილებისაგან - შინაგანი "მე"-ებისგან შედგება. ისინი ყოველთვის ჰარმონიაში როდი იმყოფებიან ერთმანეთთან. ერთი და იგივე ქცევა ან განზრახვა შეიძლება მისაღები და სასურველი იყოს პიროვნების ერთი ნაწილისთვის, მაგრამ სრულიად მიუღებელი - მეორისთვის. ეს ართულებს არასასურველი ჩვეულებებისგან განთავისუფლების პროცესს.

ადამიანს, რომელიც ცნობიერად და მიზანდასახულად იქცევა სხვა ადამიანის საზიანოდ, სათავისოდ შესაძლოა დადებითი განზრახვა ჰქონდეს, რომელიც თავისთავად სულაც არ გულისხმობს სხვისთვის ზიანის მიყენებას, სხვაგვარად რატომ ჩაიდენდა ამ ქცევას?

- მაშ, ბოროტება არ არსებობს? როგორ მიდის ფიქრი დანაშაულამდე?

- ამბობენ, რომ ბოროტება დამახინჯებული სიკეთეა. ეს აზრი უდევს საფუძვლად ყველა ბოროტებასა და სისასტიკეს, რომელიც ჩაუდენიათ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. თვით ადოლფ ჰიტლერსაც კი გააჩნდა დადებითი განზრახვები იმ სისტემის ფარგლებში, რომელთანაც ის თავის თავს აიგივებდა. ამგვარი პოზიტიური განზრახვები ჰქონდათ ევროპელებს, რომლებიც ხოცავდნენ ინდიელებს საკუთარი ოჯახების დაცვისა და კეთილდღეობის საბაბით. მათთვის "წითელი ეშმაკები" ადამიანების კატეგორიას არ მიეკუთვნებოდნენ. დემოკრატიის დაცვა და მსოფლიოსთვის "წითელი საფრთხის" აცილება იყო ამერიკელებისთვის ვიეტნამის ომის "კეთილშობილური" მიზანი. ხალხის მტრებთან ბრძოლად და პარტიული რიგების წმენდად იყო წარმოდგენილი საბჭოთა რეპრესიები. ტყუილად როდი ამბობენ, რომ ჯოჯოხეთის გზა კეთილი განზრახვებით არის მოფენილი. ისეთი დადებითი განზრახვაც კი, როგორიც არის თავდაცვა, ხშირად აგრესიული ქცევის უკან დგას. შიშის საფუძველი საკუთარი უსაფრთხოებაა, რისხვა დისტანციის შენარჩუნების განზრახვით შეიძლება იყოს განპირობებული. ასეთსავე სამოსელშია გახვეული ბოროტება, როცა წარმოვთქვამთ უწყინარ ფრაზებს: "ოჯახის დაგეგმვა", "ორსულობის შეწყვეტა" და სხვა.

როგორც ვხედავთ, კეთილი განზრახვა ჯერ კიდევ არ მოასწავებს კარგ ქცევას. პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როცა ამ განზრახვისთვის ადამიანს არ შეუძლია სხვა - პოზიტიური ქცევის მისადაგება, არა აქვს ამის გამოცდილება და ვერ წარმოუდგენია, სხვაგვარად როგორ შეიძლება დაიკმაყოფილოს სურვილი, რომელიც ამ განზრახვას უდევს საფუძვლად.

- საიდან ჩნდება და ყალიბდება მიუღებელი ქცევა და ჩვევა, თუკი მას საფუძვლად იმთავითვე დადებითი განზრახვა ედო?

- თავდაპირველად ეს იყო ქცევა, რომელიც მომენტალურად ახდენდა ამ განზრახვის რეალიზებას. მაგალითად, თუ ბავშვის ჭირვეულობა გამოიღებს მისთვის სასურველ შედეგს, ის ისწავლის ამ გზით მშობლის იძულებას, დაუკმაყოფილოს მოთხოვნილებები. მოზრდილობისას ეს ქცევა შეიძლება აღარ გამოადგეს, მაგრამ არ ეცოდინება, სხვაგვარად როგორ მიაღწიოს მიზანს და ჯიუტად განაგრძობს იმავე სტრატეგიის გამოყენებას სხვა კონტექსტშიც.

თამბაქოს მოწევა თავდაპირველად ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების, თვითდამკვიდრების, ზრდასრულ ადამიანად თავის წარმოდგენის საშუალებაა, შემდეგ ამას მნიშვნელობების რიგი ემატება, როგორიცაა ადამიანთა საუბრის გაბმის საშუალება, სამუშაოსგან შესვენება, ნერვების დამშვიდება, საკუთარ თავთან განმარტოება და ა.შ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანს მოწევის გარეშე ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელების უნარი და გამოცდილება არ გააჩნია. უკვე ნათელია, რისი დაკარგვის შიში ექნება მას, თუ შევთავაზებთ, რომ მოწევას გადაეჩვიოს.

- როგორ ვაქციოთ სიტყვა საქმედ?

- უპირველესად, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ განზრახვა და ქცევა - ის, რასაც აკეთებთ და რისი მიღწევაც გსურთ. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ხშირად ის, რასაც ვაკეთებთ, არ გვაძლევს იმას, რაც გვსურს, ზოგიერთი ქცევის შედეგი კი სულაც მიზნის საწინააღმდეგოა.

ადამიანი მხოლოდ თავისი სურვილების დაფიქსირებით შემოისაზღვრება ხოლმე და არაფერს აკეთებს მის მისაღწევად. "მინდა ჭკვიანი ვიყო", "მინდა სამსახური", "მინდა გემრიელი საჭმელი" - გაუთავებლად იმეორებს ის. გარემო მხოლოდ ექოს თუ დაუბრუნებს ამგვარ განცხადებებზე. სიტყვა "მინდა" ბავშვობიდან არის შემორჩენილი, როცა პატარა ადამიანს თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია და თავისი სურვილების დაკმაყოფილებას გარემოდან - მზრუნველი უფროსებისგან მოელის. ასე რომ, ან უარი უნდა განაცხადოთ სიტყვაზე "მინდა", ან შეეჩვიოთ მის ასრულებას წარმოთქმისთანავე. უმჯობესია, თუ სიტყვას "მინდა" შეცვლით გამოთქმით "გადავწყვიტე", "შევასრულებ", "გავაკეთებ".

თუ ადამიანს მიზნის მიღწევა სურს, მთავარია გადაწყვეტილების დროულად და სწორად მიღება. მერე რა, რომ მას შეიძლება წარმოდგენა არა აქვს, როგორ, რა საშუალებებით მიაღწიოს მიზანს, ამის რესურსები უთუოდ გამოჩნდება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და არა მანამდე. ეს ერთი შეხედვით პატარა დეტალი განსაზღვრავს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობას. თუ გსურთ დაიწყოთ ბიზნესი, შეცვალოთ კარიერა, შექმნათ ოჯახი, დროულად მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. არ ღირს დრო დაკარგოთ იმაზე ფიქრსა და განსჯაში, შესაძლებელია თუ არა ამ მიზნის მიღწევა. დროებით გვერდზე გადადეთ კითხვა "როგორ?". თუ ეჭვმა და გაუბედაობამ თქვენი ცნობიერება გახლიჩა, ასევე გადანაწილდება და შესუსტდება თქვენი შესაძლებლობები.

ფსიქოლოგებმა ერთი საინტერესო მოვლენა დააფიქსირეს: როგორც კი ადამიანი ჩამოაყალიბებს და გამოთქვამს თავის გადაწყვეტილებას, ძალიან მალე - 1-2 დღეში ან უფრო ადრეც კი გამოჩნდება გზები და რესურსები მის აღსასრულებლად. ამ მოვლენას არაცნობიერი მიზეზები უდევს საფუძვლად. მყარი გადაწყვეტილების მიღების ფონზე ადამიანი უკეთ ამჩნევს იმ საგნებსა და მოვლენებს, რომლებსაც მის მიზანთან აქვს კავშირი.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველა აზრი, რომელიც ადამიანს გონებაში გაუელვებს, უკვე განზრახვაა. ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რადგან როცა ჩვენსავე გადაწყვეტილებაში ეჭვი შეგვაქვს ან ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები გვიტრიალებს, ამით ვისახავთ და არაცნობიერად იქვე უარვყოფთ მიზანს. სწორედ ამიტომ არ უნდა მივცეთ გასაქანი ისეთ აზრებს, რომლებიც ფაქტობრივად მიზნის საწინააღმდეგო განზრახვას წარმოადგენს, და თუკი ჩვენი აზრები ურთიერთჰარმონიული იქნება, მიზნებიც ბუნებრივად და ადვილად შეისხამს ხორცს.

- რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომელიც შედეგის პირისპირ დარჩა და აფასებს თავის საქციელს?

- ქცევის შედეგი განაპირობებს, გაიმეორებს მას ადამიანი თუ შეცვლის სტრატეგიას. შედეგი მიგვიყვანს დაკმაყოფილებამდეც და სასოწარკვეთილებამდეც. ზოგჯერ ღმერთი უშვებს, ადამიანი შეცდეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გააცნობიეროს საკუთარი უძლურება და უფალს მიენდოს, რათა კიდევ ერთხელ გაიაზროს საკუთარი სურვილები და განზრახვები. ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება; გადაცდომები და იმედგაცრუებები აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის. საქმე ის არის, რომ ამ დროს არ უნდა დავშორდეთ ჭეშმარიტებას, არ დავკარგოთ უფლის სასოება და ჩვენს ქცევაზე პასუხისმგებლობა თავად ავიღოთ. ბავშვიც კი ნაკლებად იჯერებს იმას, რასაც ეუბნებიან, თუ წარმოთქმული არ შეესაბამება იმას, რასაც მთქმელი აკეთებს, ხოლო როცა სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვევა, შედეგი არ აყოვნებს.
ბეჭდვა
1კ1