"ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე"
"ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე"
კომპიუტერული თამაშები კიდევ უფრო მიმზიდველია, ვიდრე სათამაშო აპარატები
ფსიქოლოგები და ფიზიოლოგები ცდილობენ, დააკვირდნენ, აღწერონ, ახსნან ადამიანთა თამაში. ზოგიერთთა აზრით, თამაშის საფუძველი მოჭარბებული ძალებისგან განტვირთვაა. სხვანი ამბობენ, თამაშისას ცოცხალი არსება იკმაყოფილებს მიბაძვის თანდაყოლილ ლტოლვას, აგრეთვე განმუხტვის მოთხოვნილებას, ან ემზადება სერიოზული მოღვაწეობისთვისო, თამაში თავშეკავების უნარის გამოსამუშავებლად არის აუცილებელიო. ზოგი თამაშის საფუძვლად გარკვეულ უნართა (მაგ. ბატონობისა თუ შეჯიბრის) გამომჟღავნების თანდაყოლილ მოთხოვნილებებს მიიჩნევს. ზოგსაც თამაში წარმოუდგება მავნე ვნებათა დაცხრომის საშუალებად, ცალმხრივად წარმართული მოღვაწეობის აუცილებელ დამატებად, სინამდვილეში განუხორციელებელი სურვილების ფიქტიურ დაკმაყოფილებად.

და მაინც, რა არის თამაში? რატომ და რისთვის თამაშობენ ადამიანები? რას ნიშნავს თამაში მოთმაშისთვის? რატომ მიდის თავდავიწყებამდე მოთამაშის აზარტი? რატომ აშმაგებს შეჯიბრი მრავალათასიან ბრბოს? რა არის აზარტის, გახელების უნარის არსი? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი.

- როგორ უყურებს აზარტულ თამაშებს საზოგადოება და სახელმწიფო?

- სამოციოდე წლის წინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა პირველი კაზინო "ფლამინგო". აქედან იწყება სათამაშო ბიზნესის ეპოქა.

ამბობენ, რომ ევროპაში ბანქო 1392 წელს გაჩნდა და ის საფრანგეთის სულით ავადმყოფი მეფის შარლ VI-ის გასართობად დახატა მისივე კარის ხუმარამ. ის პოპულარული გასართობი იყო საზოგადოების ყველა ფენისთვის. პოპულარობის მიღწევისთანავე დაიწყო მისი დევნა და ბევრ ქვეყანაში ამ თამაშისათვის ადამიანი ისევე სასტიკად ისჯებოდა, როგორც ძარცვის ან ძალადობისთვის.

ძველი თამაშები კომერციულ და აზარტულ სახეებად იყოფა. პირველს მათემატიკური გაანგარიშება და მოთამაშის ოსტატობა სჭირდება, მეორეში კი წარმატებას იღბალი და შემთხვევითობა განსაზღვრავს.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში თამაში სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯებოდა. ახლა ზოგიერთ დიდ ქვეყანაში მისი პროპაგანდაც კი მიმდინარეობს. მაგალითად, ბრიჯი სავალდებულო დისციპლინაა ნატოს ქვეყნების სამხედრო აკადემიებში. მას საფრანგეთის სკოლებსა და კოლეჯებშიც ასწავლიან, ის სპორტის ოლიმპიურ სახეობად იქნა აღიარებული.

აზარტული თამაშების მავნებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის დიდი ხანია ცნობილია, ამიტომ აკრძალვები ამ თამაშების წესების შემოღებისთანავე გაჩნდა... ზოგიერთი სახელმწიფო მის გავრცელებას თვითონვე უწყობდა ხელს და ბიუჯეტის ადვილად შევსების საშუალებად იყენებდა. ასე ხდებოდა რუსეთშიც, ივანე მრისხანის მეფობიდან მოყოლებული, როცა სახელმწიფომ მონოპოლია არყით ვაჭრობაზე სამეფო ხაზინის ადვილად და სწრაფად შესავსებად აიღო. ეს კი ამ ქვეყანაში ლოთობის გავრცელების ერთ-ერთი წინაპირობა აღმოჩნდა. დღეს ჩვენს საზოგადოებას თავს დასტრიალებს ახალი საშიშროება, ახალი დაავადება - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ანუ გემბლინგი ან ლუდომანია, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ.

- რატომ ხდებიან ადამიანები თამაშზე დამოკიდებულნი?

- ადამიანს სიამოვნების მიღების მოთხოვნილებაც აქვს. თამაში მისი დაკმაყოფილების ერთ-ერთი საშუალებაა. ეს მოთხოვნილება ზოგიერთს გაძლიერებული აქვს, ამიტომ ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილი აზარტული თამაშებისკენ და დამოკიდებულებაც ადვილად უყალიბდებათ. დამოკიდებულებების ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზებად მძიმე, უსიხარულო ცხოვრებას, სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას და ბავშვობის ან მოზარდობის ხანაზე ფსიქოლოგიურ ფიქსაციას ასახელებენ. ასე რომ, ძირითადი მიზეზი ემოციური სიცარიელეა, ცხოვრების მიზნის დაკარგვა, რომლისგანაც თამაში კი არ იცავს, არამედ იწვევს გონების დროებით დაბინდვას და პრობლემის გაქრობის ხანმოკლე ილუზიას.

ძალიან ხშირად ამგვარი დამოკიდებულების მსხვერპლი მოკრძალებული მატერიალური მდგომარეობის მქონე ადამიანები ხდებიან. ფულს, როგორც თამაშის მიზანს, დამოკიდებულებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ფსიქოლოგები მოთამაშის ქცევაში მხოლოდ ემოციური პრობლემების გადაჭრის მცდელობას ხედავენ.

მეტად მნიშვნელოვანია, კარგად გაანალიზდეს ქცევის არა მიზეზი, არამედ მოტივი, რა ცხოვრებისეული დანაკლისის ანაზღაურებას და რის ჩანაცვლებას ცდილობს ამით ადამიანი, საჭიროა გონივრულად გაანალიზდეს ბავშვობის წლები, რათა გაცნობიერდეს, როგორ ყალიბდებოდა ადამიანის მოთხოვნილებათა და ღირებულებათა სისტემა, რის რეალიზებას ახერხებდა და რისას - ვერა. ბევრი რამ, რაც ადამიანს თავს გადახდება, მომძლავრებული შიშითა და ბედნიერების განცდის ნაკლებობითაა განპირობებული. ამის გაცნობიერება აუცილებელი პირობაა რეალური ცვლილებების დასაწყებად.

- როდის შეიძლება ვთქვათ, რომ თამაში გადაიქცა მავნე ჩვევად?

- აზარტული თამაშებით გატაცება გახლავთ "ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე". საკუთარ ემოციებზე ზემოქმედება შესაძლებელია არა მარტო ქიმიური გზით, არამედ კომპიუტერით, ტელევიზორით, გემრიელი საკვებით და აზარტული თამაშებითაც. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, არის ნარკოტიკი "ფართო გაგებით". მძიმე შემთხვევებში აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და ადამიანი მიჰყავს ისეთსავე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს.

აზარტი, რომელსაც ადამიანი თამაშისას განიცდის, ძალიან ძლიერია და მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს ახალი მსხვერპლით. თუ მოთამაშე არ ზრდის რისკს, ფსონს, ისე თამაშს აღარ მოაქვს სიამოვნება, ამასობაში ახლობლებისთვის შესამჩნევი ხდება პიროვნების ცვლილებები - საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაკარგვა; რაც თამაშთან არ არის დაკავშირებული, მისადმი ინტერესის დაკარგვა; თამაშის გარდა ყველა სხვა მოთხოვნილების უგულებელყოფა. მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი გამოჯანმრთელებაზე ზრუნვას არავინ ჩქარობს.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სჯერათ საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავების შესაძლებლობისა, მეორეც, წარმოდგენა არა აქვთ, ვის მიმართონ დასახმარებლად. უნდა აღინიშნოს: თამაშზე დამოკიდებულება არ განიკურნება ნამუსზე შეგდებით, ყვედრებით, მუქარით, ყვირილით. აქ პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. ყველა ახლობელს უნდა განემარტოს, რომ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებაა და გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზე აუცილებელია თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ფინანსურად შეზღუდვა. არ არის გამართლებული მათი ვალების გადახდა.

- როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი დამოკიდებულია თამაშზე?

- დამოკიდებულების დასაწყისზე მიგვანიშნებს თამაშის სურვილის გაძლიერება. თამაშის სიხშირე იმატებს, ისევე, როგორც ფსონი და სეანსის ხანგრძლივობა.

შემდეგ სტადიაზე ლუდომანს უჭირს, უარი უთხრას საკუთარ თავს თამაშზე, მოგებული თანხა კი მაშინვე ხმარდება ახალ სეანსს.

ბოლოს ყოველდღიურ, ხანგრძლივ თამაშზე გადადის, შუალედებშიც კი მასზე ოცნებობს. ფული აღიქმება თამაშის სიმბოლოდ. სურვილი თითქმის დაუძლეველია. ვალებისა და წაგების დიდი ალბათობის მიუხედავად, თამაშის მიზანი თვითონ თამაშივეა.

შედეგად ვიღებთ პიროვნების დეგრადაციას, დიდ ვალებს, ოჯახების ნგრევას, მეგობრებისა და სოციალური სტატუსის დაკარგვას.

არსებობს რამდენიმე მცდარი აზრი, რომელსაც იზიარებს თამაშზე დამოკიდებული ადამიანი და რომლის საფუძველზეც ყვავის სათამაშო ბიზნესი. მათგან ერთ-ერთი ის გახლავთ, რომ მოთამაშეს სჯერა, ბედისწერა კეთილია და საბოლოოდ არ გასწირავს მას და მეორე, რომ ის გახდება გამონაკლისი და მოახერხებს მოგებას. ასე კი არ ხდება და მოთამაშის მიერ კაზინოს გაკოტრების მაცდური კადრები, რომელთაც ხშირად ვხედავთ ჰოლივუდის ფილმებში, რეალობისგან ძალიან შორს არის.

- შესაძლებელია თუ არა ასეთი ადამიანების განკურნება?

- თამაშზე დამოკიდებულების მკურნალობა აბებით, ინექციებითა და გადასხმებით ან კლასიკური ფსიქოთერაპიით უშედეგოა, საჭიროა რთული, მრავალსაფეხურიანი პროცესის ბოლომდე მიყვანა.

ყველა ადამიანმა (ახლობელმა, ნათესავმა, მეგობარმა) კარგად უნდა გაიაზროს, რომ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებაა. ძალიან კარგია, თუ ის დაგთანხმდებათ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარა საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავების შეუძლებლობის ფაქტი. ამის შემდეგ მან უნდა გაიაზროს ყველა დამანგრეველი შედეგი, რაც ამ ჩვევამ მოუტანა და მიიღოს მყარი გადაწყვეტილება, რომ არასდროს დაუბრუნდება წარსულს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ჩვევების, ახალი ქცევების შემუშავებას იმ სიტუაციებისათვის, რომელიც ადრე თამაშთან იყო დაკავშირებული. აუცილებელია, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დაკარგული კონტაქტების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება ან ახლის დამყარება. ეს ყველაფერი ადამიანმა სპეციალისტთან ერთად თვითონ უნდა დაგეგმოს.

- რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ ან სახელმწიფომ ამ მოვლენის შესაჩერებლად?

- ვფიქრობ, ამ საკითხის იურიდიული მხარის კორეგირება შესაძლებელია. დღეს საშუალო სკოლები გარშემორტყმულია სათამაშო დაწესებულებებით, ინტერნეტკაფეებით, ტოტალიზატორებით, სამორინეებით.

ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარი დაწესებულებების სამუშაო დრო მკაცრადაა განსაზღვრული - დღის საათებში მუშაობის შეზღუდვით შესაძლებელია მოზარდთა დაცვა ამ საშიშროებისგან.

აუცილებელია ლუდომანიამ მოიპოვოს საშიში დაავადების იურიდიულ-საკანონმდებლო სტატუსი. ამასთან, განხორციელდეს სპეციალური პროგრამები მის აღმოსაფხვრელად, როგორც ეს ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ხდება.

KARIBCHE

- შესაძლებელია თუ არა ადამიანი გახდეს კომპიუტერსა და ინტერნეტზე დამოკიდებული?

- კომპიუტერზე დამოკიდებულება ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება. ის გამოიხატება კომპიუტერთან მუდმივი ყოფნის სურვილით, გაღიზიანებით კომპიუტერისგან მოწყვეტის შემთხვევაში, საკუთარი ჯანმრთელობისა და ძილის უგულებელყოფაში. კომპიუტერული თამაშები ადამიანს აძლევს მძაფრი შეგრძნებების განცდის საშუალებას სრული უსაფრთხოების პირობებში. ამდენად, კომპიუტერული თამაშები კიდევ უფრო მიმზიდველია, ვიდრე სათამაშო აპარატები.

ეს პრობლემა ახალია და ჯერ ნაკლებად შესწავლილი. მშობლები, ჩვეულებრივ, ყურადღებას არ აქცევენ კომპიუტერთან ურთიერთობაში ჩაფლულ ბავშვს, სანამ მას არ შეექმნება სწავლის, ჯანმრთელობის, ძილის პრობლემები. ქსელური კომპიუტერული თამაშები იქცა ფულის შოვნის წყაროდ, გაჩნდა ბიზნესის ახალი სახეობა, რომელიც ბავშვის უმწიფარი ფსიქიკის ექსპლუატაციას ეფუძნება.

მოზარდებისთვის განკუთვნილი პრაქტიკულად ყველა თამაში აგრესიასა და მკვლელობაზეა დამყარებული. ფსიქოლოგებისთვის ცნობილია, რომ როლური თამაში არ არის არც ამ ინსტინქტების განტვირთვის მექანიზმი და არც უბრალო გასართობი. ასეთი თამაშებიდან ხდება ქცევის მოდელების ათვისება.

გამოსავალი ერთია - ოჯახი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მოაგვაროს შიდასაოჯახო კონფლიქტები და პრობლემურ ბავშვს შესთავაზოს ემოციურად არანაკლებ მიმზიდველი, მისაღები და არასაზიანო ალტერნატივები. დავანახოთ ბავშვებს რეალური ცხოვრების მიმზიდველი მხარეები. ამისათვის კი აუცილებელია, ჯერ თვითონ შევნიშნოთ ისინი.

- ტელევიზიისა და სატელევიზიო რეალითი-შოუების შესახებ რას გვეტყვით?

- ტელევიზია გასართობი ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ტელებიზნესმა გზა ადვილად - ინსტინქტებზე აპელირებით გაიკაფა და სანაცვლოდ დათმო ინფორმაციულობის ფუნქცია.

სატელევიზიო გასართობ ჟანრებს შორის დიდი ადგილი უჭირავს რეალურ შოუებს - სხვა ადამიანების ცხოვრების ნებადართულ თვალთვალს სინდისის ქენჯნის გარეშე.

სხვა თავისებურებებთან ერთად, ამ ჟანრისთვის ფულის ძირითად ცხოვრებისეულ ღირებულებად გადაქცევა და მის მოსაპოვებლად შრომის როლის დაკნინებაა დამახასიათებელი. აქ მთავარია რეალური ცხოვრების იმიტირება, რეალური ადამიანების ემოციებზე დაკვირვება. აქ ხშირად ის იმარჯვებს, ვინც უფრო ეშმაკი და ანგარიშიანია, სრულიად უგულებელყოფილია "პატიოსანი თამაშის" პრინციპები. იქმნება ილუზია იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აქციო ვარსკვლავად. ეს აბსურდული აზრია. ამ პროექტების მონაწილეები ისევე ადვილად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც გაჩნდნენ.

რეალობა ნებისმიერ რეალურ შოუზე რთული და დაუნდობელია. ამიტომ ურჩევნიათ ადამიანებს, მიეჯაჭვონ ტელეეკრანს და დაივიწყონ, რა ხდება მის მიღმა.

იცვლება სოციალური გარემო, პროგრესი ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ მექანიზმი ისეთივე ძველი რჩება, როგორიც თავად სამყაროა - კოლიზეუმის არენაზეც და თანამედროვე რეალურ შოუებშიც.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას სიამოვნებაზე და მხოლოდ ცხოვრებისეული უსიამოვნებებით და პრობლემებით იცხოვროს?

- საჭიროა ადამიანმა კარგად შეიგრძნოს, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება, თუ მასში არ იქნება თამაში, ტყუილი, თუ უარს იტყვის "პურსა და სანახაობაზე", "ყოველი, რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე" (იოანე 4,13). ის, რაც არ აღავსებს სულს, ადვილად გადაიქცევა ვნებად. ნურაფერს ვიტყვით უკიდურესობებზე და ვისაუბროთ დროის უწყინარ გატარებაზე - "დროის მოკვლაზე" - როგორც ხშირად ამბობენ. გართობა, სიამოვნება ხშირად ის მხიარული ნიღაბია, რომელიც ფარავს დარდით გატანჯულ სახეს. ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი გასართობად და საკუთარი სიამოვნებისთვის ასობით ლარს ხარჯავს, ღატაკისთვის კი გროშები ენანება. განა პარადოქსული არ არის, რომ ასე მომრავლებულ სპორტის მოყვარულებს, "ფან-კლუბების" წევრებს შორის იშვიათად ნახავთ სპორტით დაკავებულ ადამიანებს?!

- როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი პრობლემები?

- უნდა მოვუფრთხილდეთ ღვთივ ბოძებულ თავისუფლებას და სიამოვნებისა და ბედნიერების განცდის ნიჭს. ისინი ცხოვრების უზენაეს მიზნად არ უნდა გადავაქციოთ.
ბეჭდვა
1კ1