უფალი სხვადასხვა განსაცდელისა და შემაჭირვებელი გარემოების საშუალებით გვაფხიზლებს და გვიჩვენებს ჩვენს ნამდვილ სახეს
უფალი სხვადასხვა განსაცდელისა და შემაჭირვებელი გარემოების საშუალებით გვაფხიზლებს და გვიჩვენებს ჩვენს ნამდვილ სახეს
ქრისტიანული მოქალაქეობა დაუცხრომელი ბრძოლაა არა ხორციელთა წინააღმდეგ, არამედ სოფლის მპყრობელი ბოროტი სულების მიმართ. ამიტომ ქრისტიანი ყოველთვის აღჭურვილი უნდა იყოს სულიერი საჭურვლით, რადგან მისი სულიერი მტრები მუდამ მზად არიან მის შთასანთქმელად. იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) წერს: "დემონები ამპარტავნები არიან და ამპარტავნებს ეუფლებიან, მაშასადამე, ჩვენ თავი უნდა დავიმდაბლოთ. დემონები მრისხანენი არიან, მაშასადამე, ჩვენ სიმშვიდე უნდა მოვიპოვოთ, რათა ხელში არ ჩაგვიგდონ, როგორც სულიერად მსგავსნი. დემონები ძვირისმხსენებელნი, შეუბრალებელნი არიან, მაშასადამე, ჩვენ უმალვე უნდა შევუნდოთ და შევურიგდეთ მათ, ვინც გვაწყენინა, ყველას მიმართ მოწყალენი უნდა ვიყოთ და ასე გვმართებს ყველაფერში...

თუ ამქვეყნადვე შევიცნობთ ჩვენს ეშმაკეულ თვისებებს, მათ გამო ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და ჩვენც ყველას შევუნდობთ, მაშინ უფალიც მოგვიტევებს, აღმოფხვრის ჩვენში უკეთურებას და არ ჩაგვაგდებს ეშმაკთა ხელში. თუკი ამქვეყნად არავის განვიკითხავთ, მაშინ არც უფალი განგვიკითხავს იმქვეყნად.

მაშ, მშვიდობიანად ვიცხოვროთ, მივუტევოთ ერთმანეთს, უმალ შევურიგდეთ ერთურთს, ყველაფრის გამო ვინანოთ უფლის წინაშე და ვითხოვოთ მისგან წყალობა და ცხონება, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს!"

"სოფელსა ამას ჭირი გაქუს", -- უფალი უშვებს, რომ ამქვეყნად ვიყოთ შეჭირვებულნი. თუ რა მიზანს ემსახურება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დაშვებული განსაცდელი, გაჭირვება, დევნა-შევიწროება ხილული თუ უხილავი მტრებისგან და როგორ უნდა გადავლახოთ გაჭირვება, გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხშირად იჩენს ხოლმე თავს შემაჭირვებელი გარემოებანი. ადამიანური გაგებით, არც ისე ადვილი გასაცნობიერებელია ის კანონზომიერება, რომ უფალი ამას ისევ ჩვენდა სასიკეთოდ უშვებს. რა სულიერი სარგებელი შეიძლება შევიძინოთ განსაცდელთა და შემაჭირვებელ გარემოებათა მეშვეობით?

- მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი წერს: "სახარებაში ვკითხულობთ, თუ ვინმეს უნდა შემომიდგეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს ჯვარი და გამომყვეს. როგორი ჯვრებია უმრავლესობისთვის განკუთვნილი?! უბრალო და არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ. მიწიერი ცხოვრება, თითოეული ადამიანის არსებობა მწუხარება, ვაება და ტანჯვაა, სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა ეს მხარეა ჩვენი ჯვარი: უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევა განა მცირე ტანჯვის მომტანია?! განა ბევრი არ უნდა მოითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება ეწვია?! მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება; ყელაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ სჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?!"

დიდ ტკივილსა და ტანჯვას უფალი უშვებს ჩვენდა სასიკეთოდ. რატომ მოაწყო უფალმა ეს მიწიერი სამყარო იმგვარად, რომ ასეთი მრავალმხრივი განსაცდელი იჩენს ხოლმე თავს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში? ამასთან დაკავშირებით ეკლესიური მიდგომა სხვადასხვანაირია.

როდესაც ქსოვილის შეძენა სურთ, მას სინჯავენ, რათა გაიგონ, როგორია ის. ასევე სინჯავენ ფქვილს, ბოსტნეულს, ღვინოს, ზეთს და საერთოდ ყველაფერს ამოწმებენ, რათა არ მოტყუვდნენ ამა თუ იმ ნივთის ხარისხსა და ვარგისიანობაში. მრავალი ვაჭარი გვაჩეჩებს ცუდ საქონელს - ძვირფასიაო. ადამიანიც, საკმაოდ ხშირად, ისე, რომ ხანდახან თვითონაც არ იცის ეს, არის ყალბი, მოჩვენებითი. სწორედ სხვადასხვაგვარი განსაცდელისა და შემაჭირვებელი გარემოებების მეშვეობით ვგებულობთ, რამდენად დიდი სულიერება გვაქვს და რამდენად ბევრი თვისებაა ჩვენში ყალბი, მოჩვენებითი და ცოდვისმიერი. უფალი სხვადასხვა ხერხით გამოცდის ჩვენი გულის მრავალმხრივ ცოდვით მიდრეკილებებს. მაგალითად, ზოგიერთს დააკარგვინებს თანხას ან ქონების ნაწილს. დაუშვებს, რომ ქურდებმა გაძარცვონ; ზოგს ხანძრით გამოცდის; ზოგს ექიმებში ზედმეტი და ამაო ფულის ხარჯვით, ზოგს იმ საქმეში ფულის ჩადებით, რომელიც არ გამოვა, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს დამცირებით და პატივის აყრით და ა.შ. ამ განსაცდელებით ადამიანი აღმოაჩენს საკუთარ სუსტ მხარეებს; არკვევს, თუ რამდენად ებრძვის მას ესა თუ ის ცოდვა, ესა თუ ის ვნება. მაშ, განსაცდელს ჩვენთვის სასიკეთო დანიშნულება აქვს. იგი გვეხმარება დავინახოთ, სათნოებისკენ ვართ მიდრეკილნი თუ ცოდვითი სიამოვნებისკენ. ამავე დროს, აღმოგვაჩენინებს ჩვენს დაფარულ თვისებებს, იმ განწყობილებებს, რომლებსაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. განსაცდელის მეშვეობით ვარკვევთ, რამდენად არის ჩვენში მოცემული სათნოებები და რამდენად მივდივართ სრულყოფილებისკენ.

ზოგჯერ ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის სუსტ მხარეებს. მაგალითად, წარმოიდგენს, რომ უფრო მეტად მშვიდი ან უფრო მეტად მოწყალე გახდა. მოდის განსაცდელი, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, ამ დროს იგი ფეთქდება, თავგზას კარგავს და მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ მისი წარმოდგენა საკუთარ სიმშვიდეზე გაზვიადებული ყოფილა. ან კიდევ, როცა დახმარებაა საჭირო, გული გაუსასტიკდება და არ იღებს ქრისტიანისთვის საჭირო მოწყალებას და ამითაც ხვდება, რომ არც ისე გულმოწყალეა, როგორც ეგონა. ანუ საკმაოდ ხშირად უფალი სხვადასხვა განსაცდელისა და შემაჭირვებელი გარემოების საშუალებით გვაფხიზლებს და გვიჩვენებს ჩვენს ნამდვილ სახეს.

- წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ ჩვენი დრო ნაკლებად არის აღბეჭდილი დიდი სულიერი ღვაწლით. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გაჭირებათა და განსაცდელთა დათმენამ... როგორ დავეუფლოთ განსაცდელთა და გაჭირვებათა დათმენის ხელოვნებას?

- იღუმენი ნიკონი წერს: "წმინდანები გვასწავლიან, რომ ბოლო ჟამს არანაირი განსაკუთრებული ნიჭები არ ექნებათ მათ, ვინც ღვთის სასუფევლის ძიებას დაიწყებს. ცხონდებიან მხოლოდ განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენით. რატომ არ ექნებათ ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭი? იმიტომ, რომ მათ არ ექნებათ სიმდაბლე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ნიჭი უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. მას ადამიანის დაღუპვაც კი შეუძლია, რადგან ის მოღვაწეებში უნებურად იწვევს ქედმაღლობას და ბადებს ხიბლს. მხოლოდ ძალზე გამოცდილი სულიერი ადამიანების ხელმძღვანელობით შეიძლება იქნეს დაშვებული ესა თუ ის ნიჭი, მაგრამ დღეს ასეთები აღარ არიან. მათ ვერსად იპოვი. ახლა ხელმძღვანელი თავად უფალია, ნაწილობრივ - წიგნებიც. ბოლო დროის მოღვაწეებზე უფალი დაუშვებს დევნას, შეურაცხყოფას, ავადმყოფობას, ხანგრძლივ სიბერეს, სიმძიმითა და უძლურებით აღსავსეს".

ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი, ვდრტვინავთ ამის გამო, მტკივნეულად განვიცდით, ვჩივით უფალთან, რომელიც ზოგჯერ სასტიკიც კი გვეჩვენება მოწევნული განსაცდელის გამო. მაგრამ იყვნენ და არიან მოღვაწეები, რომლებმაც საოცარ წარმატებებს მიაღწიეს სულიერი ცხოვრების გზაზე. მაგალითად, მამა იოსებ ისიქასტი წერილით მიმართავს თავის სულიერ შვილს: "იცი კი შენ, როგორ არის, როდესაც განსაცდელს გივლენენ და შენ იმავეთი არ პასუხობ; როდესაც შენ არ იპარავ და თავად კი გპარავენ; როდესაც შენ ლოცავ, თავად კი გწყევლიან; როდესაც შენ იწყალებ, თავად კი სასტიკად გექცევიან; როდესაც შენ აქებ, თავად კი განგიკითხავენ; მოდიან, რათა გამხილონ, გითხრან, რომ თურმე ხიბლში ხარ ცხოვრების ბოლომდე. შენ კი იცი, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ისინი ჯუტად გაბრალებენ. შენ ხვდები იმ ჩანაფიქრს, რაც მათ ამოძრავებს და ინანიებ, როგორც დამნაშავე. ტირი, რომ ასეთი ხარ. ეს ყველაზე ძნელი რამ არის, რადგან შენ გებრძვიან, თავად კი არ უპირისპირდები და თვითონვე შთააგონებ საკუთარ თავს, რომ რასაც ადამიანები შენზე ამბობენ, მართლაც ასეა. იცი, რომ სრულიად მართალი ხარ, მაგრამ შენს თავს შთააგონებ, რომ მართალი არ ხარ. ეს არის ხელოვნება ხელოვნებათა შორის და მეცნიერება მეცნიერებათა შორის".

ადამიანური ცნობიერებისთვის ალბათ ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლება კაცმა ამ სიმაღლეს მიაღწიოს, მაგრამ ქრისტიანული სულისკვეთება მიწიერ, ამქვეყნიურ ლოგიკას სრულიად არ ექვემდებარება. სალოსობა სულიერი მოღვაწეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფორმაა. სალოსი შეგნებულად იმდაბლებს თავს, რათა პატივი არ მიაგონ ადამიანებმა. იგი მალავს საკუთარ ღირსებებს, სათნოებებს, ღვთაებრივ ნიჭს. ხალხის თვალში უპატიოდ და სულელად აჩენს თავს, რათა ჭეშმარიტი სასყიდელი მიიღოს იმქვეყნად. იგივე შეიძლება ითქვას მამა იოსების სიტყვებზეც.

სამწუხაროდ, ჩვენი ცოდვილი ბუნებისთვის დამახასიათებელია ადამიანური შური. მამა იოსებს მოჰყავს ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც არცთუ იშვიათად ეკლესიაშიც ხდება: "მაგალითად, დგახარ ეკლესიაში და გაწუხებს ფიქრი: "რატომ გალობს შენი ძმა და შენ კი არა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შენი რიგია?" შენ ეუბნები ამ ფიქრს: "უმჯობესია, ჩემმა ძმამ გაიხაროს, ვიდრე მე". მაგრამ აზრი, ჩანაფიქრი მაინც დაჟინებით გვეუბნება: "რატომ, ასე ხომ უფრო სწორი და სამართლიანი იქნები?" შენ უტევ: "ეშმაკო, დამანებე თავი!" და იწყებ იესოს ლოცვას, უღრმავდები მას. ისევ მოდის მაცდური და გეუბნება: "მაგრამ მაინც რატომ?" "კარგი, - ეუბნები, - ცოტა ხანს დამაცადე და გეტყვი, რატომაც". გამოდიხარ ეკლესიიდან, მიდიხარ შენს სენაკში, იღებ ჯოხს და მრისხანებით ამბობ: "აი, რატომ, ეშმაკო! აი, შენი სამართლიანობა, რომელსაც ითხოვ! მიიღე!" უთავაზებ ჯოხს საკუთარ სხეულს და ამით უჩივი მას მაცხოვართან, როგორც შენი ტკივილის გამომწვევ მიზეზს. გარბის, შფოთავს დემონური ძალა და მაცხოვარი წყალობით გავსებს, შენს ვნებებს ასუსტებს და თანდათან სწავლობ გამარჯვების ხელოვნებას".

რამდენჯერ ხდება მსგავსი რამ ერულ ცხოვრებასა და საქმიანობაში, როდესაც, მაგალითად, გვშურს, რომ ვიღაცამ (ჩვენმა თანამოქალაქემ) უფრო წინ წაიწია იერარქიულ კიბეზე პროფესიული ხაზით, არადა თითქოს ჩვენი ჯერი იყო, თითქოს მასზე მეტი ჩვენ ვიცით, თითქოს მასზე მეტად ვართ გამოცდილნი ამა თუ იმ საქმეში, მაგრამ მაინც სხვამ მიაღწია მიზანს. რამდენნაირი გულისტკივილი შემოდის ადამიანის გულში, რომელთაც ჩვენ ვაძლევთ გაქანების საშუალებას და ვბრკოლდებით.

ქრისტიანობა გვიჩვენებს საკუთარი თავის სრულყოფის გზას და გვასწავლის განსაცდელთა და გაჭირვებათა ღირსეულად დათმენის ხელოვნებას.

- დაბოლოს, რატომ უშვებს უფალი, რომ ამსოფლად ვიყოთ შეჭირვებულნი?

- ღვთის საწინააღმდეგო ძალა მეტად ვერაგულად, მზაკვრულად და დახვეწილად ებრძვის ადამიანს და უფალი უშვებს ამასაც. ერთ-ერთი წმინდა მამა აღნიშნავს: "ამ სატანურ, დემონურ ძალას მისთვის დამახასიათებელი უკიდურესი ბოროტების გამო ყველა ადამიანის დაღუპვა სურს. როგორ აკეთებს ამას? - დემონი ცდილობს ადამიანის ვნებებზე ზემოქმედებას და მათ გაღვივებას, რათა წარწყმიდოს იგი. მაგალითად, ვისაც დალევა უყვარს, მათ ბოროტი სულები აიძულებენ, რაც შეიძლება მეტი დალიონ და მიჰყავთ ასეთები ჩხუბამდე, მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდეც კი. ეს კი სამარადისო წარწყმედაა. ზოგიერთს ბოროტი სულები აჩვევენ ქურდობას. ზოგიერთი ძალზე ფრთხილად მიჰყავთ ქედმაღლობამდე, პატივმოყვარეობამდე, ამპარტავნებამდე და სულიერ ხილვამდე და ასე ღუპავენ მათ. მრავალი სხვა გზითაც ცდილობენ ისინი ადამიანის საუკუნო წარწყმედას".

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთავარი შემაჭირვებელი მაინც არის დემონური ძალა, რომელსაც ფაქტობრივად ვერ ვხედავთ, ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვამჩნევთ მის ზემოქმედებას. იგი უმრავლეს შემთხვევაში მალავს საკუთარ თავს, რადგან რომ ვხედავდეთ, განვეშორებოდით კიდეც. მაგრამ იგივე დემონური ძალა შეიძლება სხვა მხრიდანაც გვებრძოდეს - ადამიანების მხრიდან, სხვადასხვა გარემოების მხრიდან და ა.შ.

ჩვენი ცხოვრების არსი გაჭირვებათა და განსაცდელთა მონაცვლეობაა და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ გაჭირვებაზე გამარჯვება. ეს არის დიდი ხელოვნება, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: უფალი შესაძლებლობებზე მეტად არ განგვცდის. ამდენი განსაცდელი და გაჭირვება ისევ ჩვენს ხსნას ემსახურება. ქრისტიანული მოვალეობა არის ის, რომ წარმატებით გავუძლოთ ყველაფერ ამას. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი სასუფევლის მოპოვება. სასუფევლისკენ მიმავალი გზა, მოგეხსენებათ, არ არის ია-ვარდით მოფენილი. ამიტომაც უფალი უშვებს იმას, რომ ვიყოთ ამსოფლად შეჭირვებულნი.
ბეჭდვა
1კ1