სიყვარული მოიცავს ყველა ქმნილებას, რაც კი სამყაროში არსებობს - ეს ღვთის უდიდესი საჩუქარია
სიყვარული მოიცავს ყველა ქმნილებას, რაც კი სამყაროში არსებობს - ეს ღვთის უდიდესი საჩუქარია
დიდი ათონელი წმინდა მამა, ბერი სილუანი წერს: "...კეთილი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა, ვინც ჭეშმარიტებას განუდგა, დაიღუპება და ამიტომ ცოდვაა იგი. ხოლო ვისთვისაც სულიწმინდას არ უსწავლებია მტრის სიყვარული, ის, რა თქმა უნდა, ვერ ილოცებს მათთვის... სიამაყისგან იკარგება მადლი ღვთისა და მასთან ერთად - შემართება ლოცვაში. ამ დროს სული იტანჯება ავი ზრახვებით და არ გაეგება, რომ საჭიროა თავმდაბლობა, მტრის სიყვარული, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია აამო ღმერთს.

შენ ამბობ: "როგორ შევიყვარო მტერი, როდესაც ის სიავეს სჩადის, დევნის წმინდა ეკლესიას?" - როცა უფალი იერუსალიმში მიდიოდა და სამარიტელებმა არ მიიღეს იგი, იოანე ღვთისმეტყველი და იაკობი მზად იყვნენ, ზეციდან გარდამოეყვანათ ცეცხლი მათ დასასჯელად. მაგრამ უფალმა მათ სიყვარულით უთხრა: "არ იცით, ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!" (ლუკ. 9,54-56). ასევე, ჩვენც ერთს უნდა ვფიქრობდეთ - რომ ყველა გადარჩეს. სულს ეცოდება მტრები და ლოცულობს მათთვის; წუხს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს. როცა იუდამ გადაწყვიტა, გაეცა უფალი, იგი შემწყნარებლურად ჩააგონებდა მას. ჩვენც შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ მათ მიმართ, ვინც დაბნეულია და მაშინ გადავრჩებით უფლის გულმოწყალებით".

ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, ვინც რაციონალური ლოგიკის მიხედვით ვაზროვნებთ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენება ნეტარი მამების მიერ მითითებული ჭეშმარიტი რწმენის ერთ-ერთი კრიტერიუმი - მტრების სიყვარული. ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- სახარებაში წერია: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". თითოეული ადამიანი სხვაში ხედავს იმას, რაც გამოცდილებით საკუთარ თავში შეიცნო. მოყვასისადმი ადამიანის დამოკიდებულება უტყუარი მაჩვენებელია იმისა, თუ რა ხარისხის თვითშემეცნებას მიაღწია მან. აქედან გამომდინარე კი ყველას განსხვავებული საზომი აქვს სიყვარულისა...

- ერთია, როდესაც მოვისმენთ ამ ღვთიურ სიბრძნეს, ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას და მეორეა, რამდენად ძნელი განსახორციელებელია ეს ჩვენს ეპოქაში. ხშირად მივტირით ჩვენს უსიყვარულობას. რომ დავფიქრდეთ, გვიყვარს მხოლოდ ახლობლები, დედ-მამა, და-ძმა, მეგობრები და ეს წრე საკმაოდ ვიწროა. ჩვენს გარშემო მყოფი მრავალი ადამიანის მიმართ განვიცდით უსიყვარულობას და ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანში ეს ხშირად სინდისის ქენჯნას, დაძაბულობას, უარყოფით განცდებს იწვევს. ჩვენს დროში უფრო წამოიწია გულგრილობამ სხვისი სატკივარის მიმართ. ხშირად ეს გვაწუხებს, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებთ საკუთარ თავს.

სიყვარული რომ შემოვიდეს ჩვენს არსებაში და მივაღწიოთ სიყვარულის ასეთ საზომს: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი", ამისათვის დიდი ღვაწლია საჭირო. ეს ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა. დიდი წმინდა მამა, იოანე კიბისაღმწერელი "სათნოებათა კიბეში" აღნიშნავს, რომ სიყვარული არის სათნოებათა კიბის ოცდამეათე საფეხური. ადამიანმა სიყვარულამდე 29 საფეხური უნდა აიაროს, უამრავ ნაკლსა და ვნებას სძლიოს.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ბერის, პაისი ათონელის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავლენს სიყვარულს მაღალი სულიერების მქონე ადამიანი და რა შორს ვართ ჩვენ ამისგან: მამა პაისის სიყვარული იყო აშკარა, ცხადი. იგი არ გამოარჩევდა ვინმეს. ყველას თანასწორად ეპყრობოდა. ავლენდა ჭეშმარიტი სიყვარულის თვისებებს. იყო მეტად მომთმენი და შემწყნარებელი სხვათა ცოდვების მიმართ. ამ ცოდვებს ისე უყურებდა, რომ რაღაცნაირად ამცრობდა მათ შინაარსს, ისევე, როგორც ჭოგრიტის მეორე მხარე აპატარავებს საგანს. ცოდვის ჩადენის შემარბილებელ გარემოებებს იგი უყურებდა პირიქით, გადიდებული მხრით. მისი სიყვარული შურისაგან დაცული იყო. არ ეძებდა სათავისო სარგებელს და ყოველთვის ცდილობდა, სხვას დახმარებოდა, სხვისთვის სარგებლობა მოეტანა. ეს განსაკუთრებით ვლინდებოდა მაშინ, როდესაც იგი, განუწყვეტელი სისხლდენით გატანჯული, ემსახურებოდა ადამიანებს. იმაზე არ ფიქრობდა, თუ რა ზიანს მოუტანდა ორგანიზმის ასეთი გამოფიტვა. დღეს იგი უთმობდა ადამიანთა სატკივარს, ხოლო ღამეს - ღმერთს. სისხლდენით გაწამებული უგონოდ ეცემოდა წირვის დროს... იგი უგულებელყოფდა საკუთარ თავს უფლისა და მოყვასის გულისათვის. ამ მოძღვრის სიყვარული გამოირჩეოდა იმედითა და რწმენით, რომ ადამიანი ოდესმე გამოსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ მიმსვლელნი თავიანთი უმადურობით ხშირად ატყუებდნენ, სასოწარკვეთილებაში არ ვარდებოდა და იმედს ამყარებდა უფალზე. მისი სიყვარული იყო საოცრად მომთმენი. ყველა ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული ზღვარი მოთმინებისა. მამა პაისის ეს არ ჰქონდა. ეს ზღვარი იყო მხოლოდ მისი სხეულებრივი სიკვდილი.

- წმინდა მამები განასხვავებენ ხორციელ სიყვარულს სულიერისგან. რა იგულისხმება ამაში?

- მაგალითად, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს, რომ "ხორციელი სიყვარული განიცდის განშორებას იმასთან, რისკენაც მიმართულია იგი; მას სჭირდება, უყურებდეს, უსმენდეს ადამიანს. ხოლო სულიერი სიყვარულისთვის არ არსებობს მანძილი. იგი არ ეჭვიანობს, სავსეა მშვიდობით. სულიერი სიყვარული არის უფლის წყალობა, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს მრავალწლიანი სულიერი მოღვაწეობით".

- რატომაა ადამიანის სულიერი სრულყოფილება აუცილებლობით დაკავშირებული მტრების სიყვარულთან?

- მაცხოვარი ამბობს სახარებაში: "თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით, რათა იყვნეთ თქვენ ზეციური მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წყალობას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენ მოყვარენი გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური, განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?! თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ, განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?! მაშ იყავით სრულყოფილნი ისე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი" (მათ. 5,43)... ეს, რა თქმა უნდა, ადვილი შესასრულებელი არ არის. როცა კითხულობ დიდ ქრისტიან მამათა ცხოვრებას, ხედავ, რომ მათ მიაღწიეს სულიერების ამ დონეს.

წმინდა მამები ადამიანებს ყოფენ არა მტრებად და მეგობრებად, არამედ ღმერთის შემცნობლებად და ვერშემცნობლებად. ყველა ადამიანის, როგორც კეთილისმოქმედთა, ასევე ბოროტისმოქმედთა, მიმართ სიყვარულში ისინი გულისხმობდნენ მიმსგავსებას ქრისტესთან, რომელმაც "ხელები განირთხა ჯვარზე", რათა ყველა შეეკრიბა. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა: "ღმერთი არის აბსოლუტური სიყვარული, რომელიც ყველა ქმნილებას მოიცავს. სულიწმინდა ადამიანს მისი დატევნის შესაბამისად აძლევს ამ სიყვარულის შემეცნებას და უხსნის გზას სისრულისაკენ. იქ, სადაც არის "მტრები", არის დაგმობაც, განდევნაც. ხოლო თუ ადამიანს დავგმობთ, განვდევნით, ეს ნიშნავს, რომ ღვთიური სისრულიდან ამოვვარდებით. ქრისტეს ორი მცნება, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ, შეადგენს მთლიან ცხოვრებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ცხოვრობს ღმერთში და უყვარს ღმერთი, ხოლო თავისი ძმა არ უყვარს, შემცდარია". ასე რომ, მეორე მცნება გვაძლევს შესაძლებლობას, შევამოწმოთ, რამდენად ჭეშმარიტად ვცხოვრობთ ჭეშმარიტ ღმერთში.

მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) წიგნში, "ერთი ღამე წმინდა მთის უდაბნოში", ამბობს: "ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მოღვაწეები სულიწმინდის სიუხვის გამო განიცდიან სიყვარულს ყველას მიმართ. სძლიეს საკუთარ ვნებებს და განაგდეს ისინი, მათი გული გახდა ყველაფრის დამტევი. განიწმინდეს რა საკუთარი თავი, მოღვაწეებს უყვართ წმინდა სამება, დედა ღვთისმშობელი, წმინდანები, ცოდვილები, ბუნება, ცხოველები და რადგან მათ სულში არის ადგილი ყველასთვის, ებრალებათ თვით ეშმაკიც კი. ისინი მას აღიქვამენ, როგორც მკვდარ სულს, რომელიც განეშორა ღვთაებრივ მადლს და რომელსაც სიკვდილი მოაქვს ყველასთვის, ვინც მას მიუახლოვდება. ეს მოღვაწეები ასე განსჯიან: ჯოჯოხეთი არის განკუთვნილი ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. როგორ არ უნდა შევიცოდოთ იგი?!" ჩვენთვის ეს გაუგებარია. სულიერი შემეცნების ჩვენეულ ეტაპზე ბოროტი ძალა საოცარი მზაკვრობით, ვერაგობით, ბოროტებით ებრძვის ადამიანს, ღუპავს მას. განა გამოცანა არ არის ის, რომ ადამიანმა მიაღწიოს იმ დონეს, როცა შეეცოდება ეს უარყოფითი ძალა? ყოვლისმომცველი სიყვარული კი მოიცავს ყველა ქმნილებას, რაც კი სამყაროში არსებობს. ეს ღვთის უდიდესი საჩუქარია.
ბეჭდვა
1კ1