რამეს ისეთს ხომ არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან ვფიქრობთ, რაც არ მოსწონს ჩვენს მაცხოვარს?
რამეს ისეთს ხომ არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან ვფიქრობთ, რაც არ მოსწონს ჩვენს მაცხოვარს?
"დგება ღამე სიმშვიდისა და მოსვენებისა. გვერდზე გადავდებთ მთელი დღის სიმძიმილს, დაღლილობას, მღელვარებას, დაძაბულობას, საზრუნავს. ყოველივე ამას ღამის ზღურბლზე ვტოვებთ და ძილის ბურანში ვეხვევით. სრულიად უმწეოთ ძილის დროს მხოლოდ უფალი თუ დაგვიფარავს თავისი ფრთებით. მას შესწევს ძალა, ჩვენს გულებს ჩვენი უწმინდური, ბნელი სიღრმეებიდან ამოსული გრძნობები განარიდოს, დაიფაროს ჩვენი აზრები, სიზმრებიც და სხეულიც. ჩვენთვის სიმშვიდის ღამე იწყება. მოდით, ისინი გავიხსენოთ, ვისთვისაც დგება ღამე მათი მღელვარებისა. არ დაეძინებათ ავადმყოფთა სასთუმალთან მყოფთ, რადგან სტკივათ, ეშინიათ, ღელავენ, თავად იდებენ თავს საყვარელ ადამიანთა უძლურების მთელ სიმძიმეს, იმ ადამიანებისა, რომელთა გარდაცვალება ობლობის სიმწარეს უქადის მათ.

არიან პატიმრობის მარტოობაში დატანჯულნი. მრავალი მათგანი ახალგაზრდაა, რომელთა იმედებისგან აღარაფერი დარჩა...

არის ციხეები, სადაც ღამე საშინელებით არის სავსე, სადაც მალე უსაშველოდ გრძელ დაკითხვებს დაიწყებენ. ვიღაცას სცემენ, ვიღაცას აწამებენ. ისინი სასომიხდილნი დაუბრუნდებიან თავიანთ საკნებს განთიადისას, რომელიც დასაწყისი იქნება უსიხარულო, მომავალი ღამის შიშით დაყურსული დღისა.

გარდა ამისა, ყოველ ქალაქში არის ღამე ხმაურიანი, ღამე ლხინისა და დროსტარებისა, ღამე აზარტული თამაშებისა; ღამე, რომელსაც დაკარგულ უბიწოებას სამუდამოდ ჩააბარებენ ჭაბუკები და ქალიშვილები; ღამე, როცა, სიყვარულდავიწყებულნი, მხოლოდ სურვილის დასაკმაყოფილებლად შეურაცხყოფენ ერთმანეთს მეუღლენი. სინდის-პატიოსნებასაც დაკარგავს ბევრი და დილით თვალის გახელისა შერცხვება.

არის ხალხიც, ვინც ყოველივე ამით სარგებლობს, ვინც ლოთობას აჩვევს, ვინც აცთუნებს, ვინც ნარკოტიკებით შხამავს, ვინც დემონური სიცილით იცინის... ღმერთმა დაიფაროს ერთნიც, მაგრამ შეიწყალოს მეორენიც.

ამ ღამით ღვთის წინაშე მდგომარენიც გავიხსენოთ: შვილის სასთუმალთან მჯდომი დედა; მომაკვდავი მეუღლის სარეცელთან მყოფი ცოლი თუ ქმარი, ვინც ღამეს ლოცვაში გაათენებს; ის ბიჭიც, შინიდან რომ წავიდა: "დედა, უფალი მეძახის სალოცავადო", - და აი, წლები გავიდა, ის კი მარტოდმარტო ესაუბრება ღმერთს დაბურულ ტყეში... და რამდენი, რამდენი კიდევ! ამაღამ არ დაეძინება ექიმს და მომვლელი ქალიც თამამად შეებრძოლება ძილს.

აი, მთელი სამყარო სიცოცხლისა, განსაცდელისა, იმედისა, სიკვდილისა... სიხარულისა და ღვთის თანადგომისა. ყოველივე ამას მოიცავს ეს ღამე.

ძილად მისვლის წინ მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის, რასაც გვიგზავნის და შევთხოვოთ, ვიდრე ჩვენ გვძინავს, დე, მას ახსოვდეს ნატანჯი სხეული სნეულისა და მეძავისა, მოხუცისა და სულმთლად ბავშვისა, დაკითხვაზე მყოფი პატიმრისა და დამკითხველისაც; მათიც, ვინც სხვისი სისუსტით სარგებლობს და მათიც, ვინც გატყდა თავისი სისუსტის გამო. დე, მოგვიხსენოს მან ყოველნი სასუფეველსა თვისსა და მოგვცეს მშვიდობა, შენდობა და მოწყალება. დე, მან, ვინც ღამით გეთსიმანიაში იგემა ღალატის მთელი საშინელება, მოიხსენიოს ყველა, ვისთვისაც არ დადგება ღამე სიმშვიდისა და მოსვენებისა. მოგვიხსენოს ჩვენც, სუსტნი და უმწეონი. ხელთა მისთა შევვედრებთ სულთა ჩვენთა რწმენით, სასოებით და იმ სიხარულით, რომ ჩვენ ჩვენი ძალისაებრ გვიყვარს ის - ჩვენი სიყვარულისთვის ჯვარცმული და აღდგომილი. ამინ".
მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი.

მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდაც ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული. ბოროტი ძალა მარად ფხიზლობს, უტევს ადამიანს და კაციც, რაც უფრო მეტად შედის ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში, მით უფრო მეტად გრძნობს, რაოდენ საჭიროა საკუთარი ქცევის, ფიქრების, გრძნობების მუდმივი კონტროლი. მღვიძარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მუდამ ახსოვდეს ღმერთი და მის სათნოდ ცხოვრობდეს.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- მართლმადიდებლური მოღვაწეობა ხორციელი სიამოვნებისა და განცხრომისგან თავშეკავებას გულისხმობს. ასეთ განცხრომად მოიაზრება ზღვარგადასული კვება და ძილიც. წმინდა მამები ღამეებს ლოცვაში ათენებდნენ. მონასტრებში ღვთისმსახურება ღამით აღესრულება. რა მნიშვნელობა აქვს სულიერ-ფსიქიკური თვალსაზრისით ღამით ლოცვას?

- წმინდა თეოფანე დაყუდებული აღნიშნავს, რომ ღამე საუკეთესო დროა ლოცვისთვის, წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით კი "უფალი განსაკუთრებულ წყალობას გამოიმეტებს ღამეული მლოცველისთვის". ხდება ხოლმე, რომ ღამით გაგვეღვიძება და ვეღარაფრით ვიძინებთ, საწოლში ვტრიალებთ. ბოლოს შეიძლება ავდგეთ და ლოცვა დავიწყოთ. ამ დროს განსაკუთრებით შეიგრძნობა მადლის გარდამოსვლა. სხვანაირად გვინათდება გონება, სხვანაირი განწყობა გვეუფლება.

განსაკუთრებული დაკვირვება არ სჭირდება იმის შემჩნევას, რომ ღამით ლოცვას უფრო მეტი სიდიადე ახლავს თან, უფრო მეტ ნაყოფს იძლევა, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში შესრულებული ეს ღვთისმსახურებითი წესი. კარგი იქნება, თუ წესად ვიქცევთ მღვიძარებას, ღამით ლოცვას. თუ დროზე ადრე გამოგვეღვიძა, არ დავიზაროთ, ავდგეთ და ვილოცოთ უფლის, ღვთისმშობლისა და ჩვენი მფარველი ანგელოზის მიმართ, რომელმაც სიფხიზლე მოგვგვარა.

მრავალნაირ საშუალებას მიმართავდნენ ბერ-მონაზვნები მღვიძარებისათვის. მაგალითად, ერთ-ერთი ბერი წერს, რომ სამფეხა სკამს დგამდა სენაკში; როდესაც ჩაეძინებოდა, ეს სკამი ვარდებოდა, თვითონაც ეცემოდა იატაკზე და ეღვიძებოდა. ამის შემდეგ ხელახლა იწყებდა ლოცვას.

- მაგრამ განუწყვეტელი ლოცვა და მღვიძარება მხოლოდ სულიერებით გამორჩეულ მოღვაწეებს ხელეწიფებათ. ეს ღვაწლი მათ სულიერ ძალებს კიდევ უფრო განამტკიცებს. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებმა, ხომ შეიძლება, უძილობას ვერ გავუძლოთ?

- მართალს ბრძანებთ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ღამისთევით ლოცვა და მღვიძარება ბერ-მონაზვნებისთვის დიდი სათნოებაა, ერისკაცისთვის კი ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. ჩვენი საუკუნე მღელვარეა, დაძაბული, ამიტომ ზომიერ ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს ძალების აღდგენისთვის. თუ ღვაწლმოსილ მონაზვნებს შევედრებით, ამპარტავნება გვძლევს და მოძღვრის კურთხევის გარეშე ვიდებთ თავს ისეთ ღვაწლს, რომელიც არ ხელგვეწიფება, ეს შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

წმინდა იოსებ ისიქასტი წერს: "თითოეულმა ჩვენგანმა, - ახალგაზრდამაც და მოხუცმაც, პატარამაც და დიდმაც, - გამოიკვლიოს: თითოეული სიტყვით, რომელსაც იტყვის, ნაბიჯით, რომელსაც გადადგას, მუდამ, ღამე იქნება თუ დღე, რამეს ისეთს ხომ არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან ვფიქრობთ, რაც არ მოსწონს ჩვენს მაცხოვარს - იესო ქრისტეს". მღვიძარება მუდმივი ხსოვნაა იმისა, რომ უფალი არსებობს.

- მღვიძარება იმიტომაც არის საჭირო, რომ ბოროტი ძალა მთელი დღე-ღამის განმავლობაში, განუწყვეტლივ გვიტევს...

- წმინდა იოანე კასიანე წერს: "უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი დემონი ყველა ვნებას კი არ აღუძრავს ადამიანს, არამედ ცალკეულ მანკიერებათათვის ცალკეული სულები არიან გამოყოფილნი. ზოგი უწმინდური, ბილწი ავხორცობისკენ გვიბიძგებს; ზოგი ღვთის გმობისთვის განგვაწყობს; ზოგი ჩვენს გააფთრებას, მრისხანებაში ჩაგდებას ცდილობს, ზოგი - მწუხარების გამოწვევას, ზოგი კი შთაგვაგონებს, რომ პატივმოყვარეობით, ამპარტავნებით ვიცეთ ნუგეში. ყოველი დემონი თითოეული ადამიანის გულში იმ ვნებას აღძრავს, რომლისკენაც იგი ყველაზე მეტად არის მიდრეკილი. ისინი მონაცვლეობით მოქმედებენ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ უწყობთ ხელს დრო, ადგილი და თვით კაცის მიმღებლობა". მრუშობის ვნების შესახებ კი წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "არის სული, რომელიც დაწოლისთანავე მოდის ჩვენთან და არაწმინდა, ბილწ ფიქრთა ისრებით გვგესლავს, რათა ამგვარი ფიქრებით დავიძინოთ და უწმინდურ სიზმრებში ჩავიძიროთ". არიან ისეთი ბოროტი სულებიც, რომლებიც გამოფხიზლებისთანავე გვიბილწავენ აზრებს.

- მრავალმხრივია ბოროტი ძალის ზემოქმედება. ხშირად იგი ინიღბება, თავს მალავს, ამიტომ მასთან ბრძოლა რთულია. განსაკუთრებით რა შემთხვევებში გვმართებს სიფხიზლის გამოჩენა?

- როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეშმაკის უდიდესი გამარჯვება ის იყო, რომ კაცობრიობას თავისი არარსებობა ჩააგონა. ბოროტი ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანი საცთურს წამოაგოს, რათა მის მიერ ჩაგონებული ცდუნებანი საკუთარ აზრებად მივიღოთ. თუკი გავაცნობიერებთ, რომ ამ აზრებს უცხო ძალა შთაგვაგონებს, მაშინ, ბუნებრივია, წინააღმდეგობას გავუწევთ მას.

ვიდრე გვაცდუნებდეს, ეშმაკი ყურადღებით სწავლობს ჩვენს ბუნებრივ მიდრეკილებებს, ჩვენს დადებითUთუ უარყოფით დამოკიდებულებას მანკიერებათა მიმართ, გვაჩვევს, ჯერ მცირედით შევცოდოთ, ამავე დროს, გვამშვიდებს, გვაწვეთებს ასეთ აზრს: "დიდი ამბავი, ერთხელ თუ შესცოდე; მაინც წესიერი და სათნო ადამიანი ხარო". თუ დავყევით, მეორედაც გვიბიძგებს მსგავსი საქციელისკენ და ასე... ცოდვას ცოდვა მოჰყვება და სული გვიმძიმდება. ასე იქცევა ცოდვა ჩვევად.

ბოროტი ძალა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ გვტოვებს. თუ დამარცხდა, ჯიუტად ელის ახალ შემთხვევას, რომ კვლავ გვაცდუნოს. მან იცის, რომ ადამიანი, რა მტკიცეც უნდა იყოს, შეიძლება მაინც წამოეგოს ანკესზე სულიერი მოდუნების, გაუფრთხილებლობის ჟამს. იცის, რომ ადამიანი განსაკუთრებით სუსტია დაღლილობისას, წყენისას და ელის, როდის მოვდუნდებით, რათა მძლავრად შემოგვიტიოს და გვიბიძგოს იმ ცოდვისაკენ, რომლისკენაც ყველაზე მეტად ვართ მიდრეკილნი.
ბეჭდვა
1კ1