რატომ ემორჩილებიან და ემორჩილებოდნენ ადამიანები ტოტალურ რეჟიმებს?
რატომ ემორჩილებიან და ემორჩილებოდნენ ადამიანები ტოტალურ რეჟიმებს?
ზოგჯერ ადამიანები საკუთარ თავს სთავაზობენ ათასგვარ თამაშს, ირგებენ ნიღბებს და მათ სახეებად ასაღებენ. ამასობაში ეს ნიღბები ისე ეკვრის სახეს, რომ ძნელია მათი ერთმანეთისგან გარGევა. ძნელია გარGევა იმისა, სად მთავრდება თამაშის საზღვრები და ორბიტა და სად იწყება ნამდვილი ცხოვრება. წიგნში - "სიკეთისა და ბოროტების მიღმა", ნიცშე წერდა:

"- ეს შენ ხარ, ყარიბო?... დაისვენე, სული მოითქვი!.. თქვი, რა გიშველის, რა დაგასვენებს?..

- რა დამასვენებს? ო, ცნობისმოყვარევ! აბა, რას ამბობ! მაგრამ მომეცი, მომეცი-მეთქი, გემუდარები!

- რა? რა უნდა მოგცე? მითხარი!..

- კიდევ ერთი ნიღაბი! მეორე ნიღაბი!.."

რატომ ირჩევენ ადამიანები ტკბილ სიმულაციას და გაურბიან მწარე რეალობას? რატომ ეშინიათ რეალობასთან შეჯახების? რატომ არ ვაიძულებთ თავს სიმართლეს, ვიჭრებით როლებში, ვიტყუებთ თავს და გვეჩვენება, რომ ტყუილი უფრო ადვილია?

გვესაუბრება ფსიქოლოგიის მეცნიერებაა დოქტორი, პროფესორი მაია კალანდარიშვილი.

- ზოგადად, ფსიქოლოგები და ფიზიოლოგები ცდილობენ, დააკვირდნენ, აღწერონ, ახსნან ცხოველთა, ბავშვთა და ზრდასრულ ადამიანთა თამაში. მათ სურთ თამაშის არსისა და მნიშვნელობის დადგენა, მისთვის ადგილის მიჩენა სიცოცხლის სქემაში. ამ საქმეს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელ, სასარგებლო ამოცანას ემსახურება, საყოველთაოდ არის აღიარებული. არსებობს თამაშის ბიოლოგიური ფუნქციის განსაზღვრის მრავალი ცდა. ზოგიერთთა აზრით, თამაშის ძირი და წყარო მოჭარბებული სასიცოცხლო ძალებისაგან განტვირთვაში მდგომარეობს; სხვათა მიხედვით, თამაშისას ცოცხალი არსება იკმაყოფილებს მიბაძვის თანდაყოლილ ლტოლვას, აგრეთვე განმუხტვის მოთხოვნილებას, ან ემზადება სერიოზული მოღვაწეობისათვის, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგება. ზოგის აზრით, თამაში თავშეკავების უნარის გამოსამუშავებლად არის აუცილებელი. სხვები კი თამაშის საფუძვლად გარკვეულ უნართა გამომჟღავნების (მაგალითად, ბატონობისა თუ შეჯიბრის) თანდაყოლილ მოთხოვნილებებს მიიჩნევენ. ზოგსაც თამაში წარმოუდგება მავნე ვნებათა დაცხრომის უწყინარ საშუალებად, ცალმხრივად წარმართული მოღვაწეობის აუცილებელ დამატებად თუ სინამდვილეში განუხორციელებელი სურვილების ფიქტიურ დაკმაყოფილებად.

ყველა ეს განმარტება მომდინარეობს იმ წანამძღვრიდან, თითქოს თამაშს რაღაც სხვა რამის გამო მისდევდნენ, თითქოს ის რაღაც ბიოლოგიურ მიზანშეწონილობას ემორჩილებოდეს. კითხვას ასე სვამენ: რატომ და რისთვის თამაშობენ? ამასზე გაცემული პასუხები კი ერთმანეთს არ გამორიცხავს. შეიძლება კაცმა თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განმარტება აღიაროს და შედეგად ცნებათა არასასურველი აღრევა სულაც არ მიიღოს. ამისდა კვალად ეს განმარტებები მხოლოდ ნაწილობრივ ახსნას იძლევიან. მათგან ერთი რომელიმე გადამწყვეტი მნიშვნელობისა რომ ყოფილიყო, დანარჩენ განმარტებებს არ გამორიცხავდა, ან ერთიანობაში მოიცავდა და შეითავსებდა. ის, ვინც თამაშის განმარტებას ცდილობს, თავს არ იწუხებს კითხვით: რა არის და როგორია თამაში თავისთავად, რას ნიშნავს ის მოთამაშისთვის? Mმეცნიერები თამაშს ექსპერიმენტული მეცნიერებებიდან მოტანილ გაზომვის მეთოდებს უყენებენ და თამაშის ესთეტიკური ბუნება მათი მხედველობის მიღმაა დარჩენილი. თამაშის საკუთრივი რაგვარობა, როგორც წესი, საერთოდ განხილვის მიღმა რჩება.

- ხშირად არის შემთხვევები, როდესაც უარს ვამბობთ საკუთარ თავზე, საკუთარ პოზიციაზე. რადგან მიგვაჩნია, რომ ასე უფრო მომგებიანი და კომფორტულია ცხოვრებაში თავის დამკვიდრება. რადგან გვეშინია სინამდვილის, ჩვენივე თავის.

- დიახ, ერთი რუსი მოაზროვნე წერდა, რომ ბრბოს სახე ჩვენივე საკუთარი სახეა, როდესაც ვერ ვბედავთ ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში ვართ და პასიურად ვეგუებით, ვთანხმდებით, რომ ვიყოთ "ყველა".

ამასთან დაკავშირებით მინდა შევეხო ინდივიდის სოციალურ როლებს. ისმის კითხვები: რატომ ემორჩილებიან და ემორჩილებოდნენ ადამიანები ტოტალურ რეჟიმებს? რატომ დუმან, როცა სხვა ადამიანს დაუმსახურებლად უსწორდება სისტემა? რატომ უჭირს ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირება ან, საერთოდ, იმის მიხვედრა, თუ რა არის მისი აზრი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას დასავლურ უნივერსიტეტებში სამოციან წლებში შეეცადნენ.

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მეშვეობით მეცნიერებმა ადამიანთა ფუნდამენტურ მიდრეკილებებზე დაკვირვება შეძლეს. მაშინ ეს ექსპერიმენტები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგან ექსპერიმენტატორებმა შედეგების მისაღებად ადამიანი გამოიყენეს. შედეგები კი იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად წლების გასვლისა, დასკვნები, რომლებიც ამ ექსპერიმენტების დროს გაკეთდა, მეცნიერებს, და არა მარტო მათ, საფიქრალს დღემდე უტოვებს.

50-იან წლებში პროფესორმა სოლომონ აშმა სტუდენტებს დავალება მისცა: წარმოიდგინეთ, რომ ზის ოთხი ადამიანი. აქედან სამი შეკრულია პროფესორთან. მიცემულია მარტივი დავალება: დაფაზე ოთხი ხაზია. აქედან ორი აშკარად ერთმანეთის ტოლია. სტუდენტებმა უნდა თქვან, რომელი - ბოლო სტუდენტმა არ იცის, რომ დანარჩენი სამი შეგნებულად არასწორ პასუხს იძლევა.

- სამი, სამი, სამი, ერთი.

- ერთი, ერთი, ერთი, ორი?!

მეოთხე სტუდენტს სიჯიუტე დიდხანს არ ჰყოფნის. ტესტის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს, ჯგუფის წევრები აშკარად შეცდომით პასუხობენ, ამ შეცდომას იმეორებს და ისიც სამს ამბობს.

- სამი, სამი სამი, ჰმ, სამი.

- რამდენადაც ცნობილია, ამ ექსპერიმენტს "აშის კონფორმიზმის ექსპერიმენტი" დაერქვა. ადამიანები საკუთარ აღქმას ეჭვქვეშ აყენებენ და ენდობიან სოციუმის მიერ შეთავაზებულ ახსნა-განმარტებას. რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი სხვადასხვაა: ერთ-ერთი საკუთარ აღქმაში გულწრფელად ეჭვის შეტანაა. რადგან ყველა ამბობს, შესაძლოა მე ვცდები - ისინი ბევრნი არიან, ჰოდა, მათი აზრი შესაძლოა სწორია; რომც არ იყოს, მარტო მე არ ვიქნები, ვინც შეცდომას უშვებს. ამას მეცნიერებმა ინფორმაციული კონფორმიზმი დაარქვეს. არის სხვა შემთხვევაც: ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჯგუფი ცდება, მაგრამ კონფორმიზმი აქ უფრო ჯგუფისგან გარიყვის შიშითაა განპირობებული: ისევ სჯობს შეცდომა დავუშვა, ვიდრე მარტო დავრჩე. მე რომ შემეშალოს? - ზღვარი აქ ძნელი დასადგენია, თუმცა ამ მეორე შემთხვევას საკუთარი აკადემიური სახელი, ნორმატიული კონფორმიზმი, დაერქვა. ადამიანები შემთხვევების მხოლოდ ერთ მესამედში ამბობენ ჯიუტად უარს ჯგუფის გადაწყვეტილებას დამორჩილდნენ, თუკი მათი საკუთარი აზრი განსხვავებულია.

ეს ექსპერიმენტი მას შემდეგ არაერთი დასკვნის საფუძველი გახდა. უმთავრესად, ამით აიხსნებოდა ტოტალიტარულ რეჟიმებში ადამიანთა სიჩუმე, დადგენილი თამაშის წესებისადმი მორჩილება. ადამიანთა ბუნების ეს კონფორმიზმისკენ მიდრეკილება თანამედროვე სამყაროში, მეცნიერებმა მასმედიასთან კავშირშიც განიხილეს. მასმედია, როგორც მასების მედიუმი, ზოგადად, მიჩნეულია უმრავლესობის დისკურსად, გადაწყვეტილებად, შეთანხმებად იდეოლოგიურ თუ სხვა ფაქტორებზე, ამის გამო მეცნიერები საფრთხეს ხედავდნენ, განსაკუთრებით XX საუკუნეში, მასობრივი მედიის ძალაუფლებაში, მედიისა, რომელსაც შეეძლო ეთქვა მარტივად "ორი" და ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთარი პასუხი იყო "სამი", თავის პირად აღქმასა და დაკვირვებას ეჭვქვეშ აყენებდა და მორჩილდებოდა აზრს, რომელსაც მასმედია ავითარებდა.

- ზოგჯერ ეკლესიაში აქვს ამ მოვლენას ადგილი. ადამიანები ხშირად ფარისევლობენ, ახსენებ ღმერთის სახელს და მისი სახელით, ასე ვთქვათ, სპეკულირებენ...

- ეს უფრო მორალური საკითხია, ვიდრე ფსიქოლოგიური. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი მორწმუნეები ხშირად არღვევენ მცნებას: "არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა". შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, რატომ არ შეიძლება უფლის ამაოდ, სიტყვის მასალად ხსენება. მაგრამ თუკი გავიხსენებთ იმას, რომ უფალი არის ცისა და მიწის, მთელი სამყაროს შემოქმედი და ჩვენ მის მიერ ვართ შექმნილნი; იმ უდიდესი სიყვარულის გამო, რომ ჩვენი (ადამიანური) არსება თანაზიარი გაეხადა იმ სიკეთისა და ნეტარებისა, რომელშიც მარადიულად მყოფობს თავად. თუკი ჩვენ გავიხსენებთ იმასაც, რომ პირველქმნილი ცოდვის შედეგად, როდესაც ადამიანი, თავისივე დანაშაულის გამო, სამოთხიდან განიდევნა, ამ ცოდვის გამოსასყიდად უფალმა, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ყოველი ადამიანი, მთელი კაცობრიობა, მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც განკაცდა, ჩვენთვის ივნო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვა გამოესყიდა და სამოთხის კარი კვლავ გაღებულიყო ჩვენთვის. ბუნებრივია, თუ ყოველივე ამას ჩავუფიქრდებით და გავიაზრებთ იმასაც, რომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვცოდავთ, უფალი მაინც არ წარგვწყმედს და არ გვსჯის, მაშინ, რა თქმა უნდა, მივხვდებით, თუ რატომ არ შეიძლება ამაოდ ღვთის სახელის ხსენება. არ შეიძლება მოვიხსენოთ უფალი სიტყვის მასალად, პირად საუბრებში, გულის გარეთ, სასხვათაშორისოდ. შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ ეს ასეა, ლოცვისასაც ხომ ვახსენებთ უფალს? ხანდახან ზოგიერთ არაეკლესიურ ან სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელ ადამიანს ჰგონია, რომ დიდი მორწმუნე ისაა, ვისაც სულ ღმერთის სახელი აკერია პირზე. იტყვიან ხოლმე, - ესა და ეს კაცი ისეთი მორწმუნეა, რომ ყოველი სიტყვის შემდეგ უფალს ახსენებსო. ასეთი მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართებული არ არის. ზოგჯერ თვით არამართლმადიდებლებიც კი ერიდებიან უფლის სახელის ამაოდ, უპატივცემულოდ ხსენებას. ცნობილი ფიზიკოსი ისააკ ნიუტონი, რომელიც მორწმუნე იყო, უფლის ხსენებისას ფეხზე დგებოდა და ქუდს იხდიდა. თუკი არამართლმადიდებელს ასეთი მოწიწება ჰქონდა უფლის სახელის მიმართ, რაღა გვეთქმის ჩვენ, მართლმადიდებლებს, რომლებსაც უპირველესად გვეკუთვნის ღვთის თაყვანისცემა და მისდამი მოწიწება.

- რამდენად მნიშვნელოვანია რწმენის ოდენ სიტყვით კი არა, საქმეებით აღსრულება?

- ამასთან დაკავშირებით წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ღვთის საქმე არის ის, როდესაც ადამიანი ღვთისგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღვთის სწავლებასა და ჭეშმარიტებას მოიხმარს და არსებაში მოიყვანს. ღვთის სიტყვა და სწავლება ჩვენთვის მოსახმარებლადაა მოცემული და არა უქმი ბაასისათვის. "წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღმრთისა უდებებით" (იერემია, 48, 10). თუ უდები ხარ, უმჯობესი იყო შენთვის საერთოდ არ გაგეგონა სიტყვა ღმრთისა, ვიდრე ის, რომ გაიგონე და არ აღასრულე. შენში სიტყვა და საქმე, ქრისტიანული სწავლება და ცხოვრება ისე მტკიცედ უნდა იყოს შეერთებული, რომ ორივე შენს ერთ ბუნებას შედგენდეს". წმინდა ილია მართლის დიდი სატკივარი იყო ის, რომ ჩვენი ხალხი, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, რჯულის ფორმალურ აღმსარებლად იქცა და მთავარი - ქრისტიანული სული დაკარგა. ავიღოთ, თუნდაც, "კაცია-ადამიანი?!" ილიას არცერთ სხვა ნაწარმოებში იმდენს არ ლაპარაკობენ ღმერთის შესახებ და არსად ისე ხშირად არ ახსენებენ უფლის სახელს, როგორც აქ. უბრალო საუბრებში უფლის წარამარა ხსენება ცოდვაა. ამ დროს ამ ნაწარმოებში ყველა იტყუება და ფარისევლობს, ჯვრის დამწერი მღვდლის ჩათვლით. ხოლო "ოთარაანთ ქვრივში" კი არც ერთხელ არ გვხვდება ხსენება ღმერთისა. "მე ჩემთვის არა ვლოცულობ, უფალი არ შევაწუხოო", - ამბობს ქვრივი. ის გულში მალავს თავის სარწმუნოებას და რაც მთავარია, აღასრულებს თავისი ცხოვრებით. ოთარაანთ ქვრივიც და მისი ვაჟიც უმაღლესი იდეალებით ცხოვრობენ და მათ ეწირებიან. ასეა ჩვენს თანამედროვეობაშიც. ჩვენ სიტყვიერად, ზოგჯერ ფარისევლურადაც კი გამოვხატავთ უფლის სიყვარულს, სინამდვილეში კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობა შორსაა უფლის დიდებისაგან. ხშირად მხოლოდ სიტყვით ვამკობთ, ვადიდებთ უფალს, ამ დროს კი გონება და გული ცარიელი გვაქვს. უმთავრესი კი საქმეებით დიდებაა, რისთვისაც მთელი პიროვნების - გონების, აზროვნების, გულის განწმენდაა საჭირო, განწმენდილი გონებით იწყებს ადამიანი უფალთან მიახლებას. როცა უფლის სახელს ვახსენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც, შეიძლება ღირსნიც კი არ ვიყოთ მისი სახელის ხსენებისა. გვახსენდება ერთი შემთხვევა ეკლესიის ისტორიიდან, როცა ერთმა მონაზონმა მძიმედ შესცოდა, სულიერმა მოძღვარმა ასეთი ეპიტიმია დაადო: ილოცე შემდეგი სიტყვებით: "რომელმა დამბადე, შემიწყალე მე ცოდვილი". ესე იგი, უფლის სახელსაც ნუ წარმოთქვამო. ეს მონაზონი შემდეგ მართლაც ასე ლოცულობდა და ამ ლოცვით ისეთი სინანული მოიპოვა, რომ მისმა სინანულმა, მთლიანად აღხოცა ცოდვა და უფლის წინაშე იგი განმართლებული წარსდგა. ეს მაგალითი ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას. თუ ეს გვემახსოვრება, უფლის სახელს უფრო მოწიწებით წარმოვთქვამთ.

ბეჭდვა
1კ1