სუფთა ტანსაცმელზე მცირე ლაქაც შესამჩნევია, შავ სამოსზე კი ყველაზე მუქი ლაქებიც არ ჩანს
სუფთა ტანსაცმელზე მცირე ლაქაც შესამჩნევია, შავ სამოსზე კი ყველაზე მუქი ლაქებიც არ ჩანს
სახარებაში უფალი მოწაფეებს აფრთხილებს: "ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა..." მცდარი სწავლება, ცხოვრების თვალთმაქცური წესი, ბოროტება, სიამაყე და თვითკმაყოფილება, წვრილმანი საზრუნავი სხვადასხვა წესის შესასრულებლად, სჯულის სიტყვასიტყვითი გაგება და, ამავე დროს, შინაგანი უწმინდურება - აი ის საფუარი, რისგანაც იცავს უფალი თავის მოწაფეებს.

ჩვენ საკმარისად ვართ ფარისევლობის ცოდვით აღბეჭდილნი. ყურადღებას უფრო მეტად გარეგნულ მხარეზე, ღვთისმსახურებითი წესების ზედმიწევნით შესრულებაზე ვამახვილებთ, უმთავრესი კი გვერდზე გვრჩება. იმაზე კი არ ვფიქრობთ, რომ თავად გვესაჭიროება გამოსწორება, არამედ დარწმუნებულნი ვართ, რომ სხვათა გამოსწორებაც შეგვიძლია. წმინდა თეოფილაქტე ამბობს: "შენ ცდილობ, გამოძერწო სახე ჭურჭლისა ანუ გარეგანი შენი არსებისა, მაშინ, როცა შინაგანი სავსეა უწმინდურებით". უფალი ფარისევლებს გამშვენებულ სამარხებს ადარებს: "რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჰსჩნედ გარეშე შვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიან ძუალებითა მკუდართათა და ყოვლითა არაწმიდებითა, ეგრეცა თქუენ გარეშე ჰსჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა". თუ რამდენად მძიმე და საშინელი ცოდვაა ფარისევლობა, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ არავის ისე მკაცრად არ ამხილებს უფალი, როგორც
ფარისევლებს.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ხშირად ეკლესიის წევრები ქრისტიანულ წესებს კი ასრულებენ, მაგრამ მათი პიროვნული, სულიერი ზრდა და სრულყოფა ნაკლებად შეიმჩნევა. რა სულიერ-ფსიქოლოგიური მოტივებით არის განპირობებული ფარისევლობა?

- ჩვენი ამქვეყნად მოვლინების, ეკლესიური ცხოვრების უმთავრეს მიზანს პიროვნული, შინაგანი სრულყოფა შეადგენს. მართლმადიდებლური კატეხიზმოს სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექმნა, რომლის უპირველესი დანიშნულებაა უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს თავის შემოქმედს. ეს სათანადოდ არ ესმის მრევლის ერთ ნაწილს, რაც ხშირად განაპირობებს ფარისევლური მომენტის წინ წამოწევას. წმინდა მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი აღნიშნავს: "ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კი შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს, - ეს ღმერთთან მისვლა და მასთან ერთად ყოფნაა... ბევრს არასწორად ესმის, რომ მართლმადიდებლური სრულყოფა ისეთი ქრისტიანული სათნოებების ქმნაშია, როგორიცაა მარხვა, ღვთისმსახურებით რიტუალებზე დასწრება, ლოცვა და ა.შ. სინამდვილეში ამ ეკლესიური წესების შესრულება იმისთვისაა გამიზნული, რომ მათი მეშვეობით მოგვეცეს ცდუნებათა დაძლევის, მათთან დაპირისპირების ძალა, რათა საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლა შევძლოთ". იგივე წმინდა მამა აღნიშნავს, რომ თუ შევძლებთ საკუთარ მავნე ვნებებთან, სურვილებთან ბრძოლას და მათ დაძლევას, ეს უფრო მეტად სათნო იქნება უფლისთვის, ვიდრე მარხვის მკაცრად დაცვა და ხორცის დათრგუნვა. "ასობით მონა ქრისტიანიც რომ გყავდეს გამოხსნილი და განთავისუფლებული, მაინც არ გიხსნის, თუ საკუთარი ვნებების ტყვეობაში რჩები". სახარებაში წერია, რომ "სასუფეველი ცათა" ჩვენს შიგნით არის და ჩვენ სულიწმინდის ტაძარნი ვართ. პირველ რიგში ეს ტაძარია ასაშენებელი.

- როდესაც ადამიანი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის ცოდვილ ბუნებას, არის თუ არა ეს ფარისევლობის გამოვლინება?

- სახარებაში ვკითხულობთ: ფარისეველი ლოცულობდა: გმადლობ შენ, ღმერთო, რომ არა ვარ სხვებივით, თუნდ ამ მებაჟესავით მძარცველი, უსამართლო, მრუში; კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ჩემი შენაძენის მეათედს გავცემო. მოშორებით მდგარი მებაჟე კი ვერც ბედავდა, ცისკენ აღეპყრო თვალი და მკერდში მჯიღის ცემით ამბობდა: - ღმერთო, მიწყალე მე ცოდვილსა ამასო. ასეთი ფარისევლური განწყობა ხშირად ჩვენც გვეუფლება ხოლმე. აღსარებაზე პირველად მისულებისგან ხშირად გაიგონებთ: ისეთი რა ცოდვა მაქვს ჩადენილი, სიკეთის მეტი ამქვეყნად არაფერი გამიკეთებიაო. ზოგჯერ ტრაბახობენ კიდეც საკუთარი ღირსებებით. შემდგომში, როდესაც ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში შედიან და სულიერი თვალი ეხილებათ, ხედავენ, თუ რამდენად ცოდვილია ადამიანის ბუნება. თუმცა ყოველთვის მაინც არ ხდება ასე. დიდი სულიერების მქონე მართლმადიდებელი მოღვაწენი, რომელნიც ყოველნაირად ცდილობდნენ, წმინდად ეცხოვრათ, არა მხოლოდ ქცევის, არამედ ფიქრისა და გრძნობების მხრივაც კი იწმენდდნენ საკუთარ თავს, მოთქვამდნენ საკუთარ ცოდვილ ბუნებაზე. ჩვეულებრივ ერისკაცთ კი თავი ღირსეულ ადამიანებად მოაქვთ. ამ თითქოსდა პარადოქსში ერთი საინტერესო კანონზომიერება იჩენს თავს, რომლის შესახებაც ხერსონის მთავარეპისკოპოსი, წმინდა ინოკენტი აღნიშნავს: "სუფთა ტანსაცმელზე მცირე ლაქაც შესამჩნევია, შავ სამოსზე კი ყველაზე მუქი ლაქებიც არ ჩანს. ნათელი, სუფთა სულის ადამიანში ეშმაკის მიერ შთაგონებული ერთი აზრიც კი მაშინვე შეშფოთებას, სიმძიმეს, გულისტკივილს იწვევს. ცოდვილი და ბილწი სულის მქონესთვის კი მისი არსებობა შეუმჩნეველი რჩება". ეს შთამბეჭდავი სიტყვები გვეხმარება, შევიგრძნოთ, თუ რატომ მოთქვამდნენ წმინდა მამები თავიანთ ცოდვილ ბუნებაზე. ერთ-ერთი მეუდაბნოე მამა აღნიშნავს: "მდუმარების თავისებურება საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებაა. განმარტოებისას საკუთარ თავზე დაკვირვების დროს ისეთ ბოროტ მისწრაფებებს იჭერ შენში, რომ მართლაც ყველაზე ცოდვილი გგონია თავი". როდესაც ადამიანი თავის ნაკლოვანებებზე წუხს, ამ შემთხვევაში ფარისევლობას გასაქანი ნაკლებად აქვს. მაღალი სულიერების მქონენი ცდილობენ, ბუნებრივნი, გულწრფელნი იყვნენ, არ ითამაშონ, არ ითვალთმაქცონ.

- ზოგჯერ ხალხში ნიღაბს ვიცვლით, ვთვალთმაქცობთ, ჩვენი ჭეშმარიტი სულიერი სახე დაფარულია...

- არცთუ იშვიათად სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ და ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დაზიანებულია ჩვენი შინაგანი "მე". არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს: "ჩვენ დავემსგავსეთ მსახიობებს სიცრუესა და თვალთმაქცობაში. მივეჩვიეთ ნიღბის ტარებას. მაგალითად, ადამიანი ხვდება თავის უფროსს და სახეზე უჩნდება ყალბი ღიმილი, აღტაცება, მაგრამ როგორც კი შორდება მას, მაშინვე ან გალანძღავს, ან რაიმე ბინძურ ჭორს მოიგონებს. ხოლო როდესაც იგივე ადამიანი ხვდება თავის ხელქვეითებს, ხშირად უკარება იერი ედება. თუ ვინმე გვჭირდება, როგორ ვეპყრობით? - ვუმზერთ ალერსიანად, ვესაუბრებით ტკბილად, გვსურს შევიტყოთ, როდის არის მისი დაბადების დღე. ერთი სიტყვით, ვეპირფერებით. ხოლო თუ გვხვდება კაცი, რომელსაც უნდა, რაღაც გვთხოვოს, - ვცდილობთ, თავი ავარიდოთ. სახეზე მუდმივად რაღაც უცხო ნიღაბი გვაქვს".

ეს გაორებაც ფარისევლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მიუხედავად ჩვენი ცოდვილი, ნაკლოვანი ბუნებისა, მაინც ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ვერ ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად ნაკლებად ვაშენებთ შინაგან ტაძარს, შინაგან "მე"-ს. არადა მთელი ქრისტიანული ცხოვრების არსი სწორედ საკუთარი თავის გამოსწორებაში მდგომარეობს. ჩვენი სულიერი სილამაზე უპირველეს ყოვლისა კეთილი საქმეებით, კეთილშობილებით, ღვთისნიერებით უნდა მჟღავნდებოდეს...
ბეჭდვა
1კ1