პალესტინაში მონაზვნური ცხოვრების დაფუძნება წმიდა ილარიონ დიდსა და წმიდა ხარიტონ აღმსარებელს უკავშირდება
პალესტინაში მონაზვნური ცხოვრების დაფუძნება წმიდა ილარიონ დიდსა და წმიდა ხარიტონ აღმსარებელს უკავშირდება
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):

- პალესტინაში ბერმონაზვნურ ცხოვრებას მეოთხე საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. როგორც ძველი საეკლესიო მწერლები მოწმობენ IV საუკუნიდან VII საუკუნემდე პალესტინასა და უმთავრესად იუდეაში ას ოცდაათამდე სამონასტრო კერა არსებობდა და დასახლებული იყო ათი ათასობით ანგელოზთა მიმსგავსებული ადამიანით - მონაზვნებით.

პალესტინაში მონაზვნური ცხოვრების დაფუძნება წმიდა ილარიონ დიდსა და წმიდა ხარიტონ აღმსარებელს უკავშირდება. წმინდა ილარიონს პალესტინაში მოღვაწეობა 308 წლიდან უნდა დაეწყო. ის იყო ღირსი ანტონი დიდის მოწაფე, წარმოშობით ღაზიდან. ჯერ კიდევ ყმაწვილი ილარიონი მშობლებმა განათლების მისაღებად გააგზავნეს ალექსანდრიაში, სადაც მან შეიტყო წმიდა ანტონის შესახებ, რომლის სახელი ცნობილი იყო მთელ ეგვიპტეში. წმიდა ილარიონი ორი თვის განმავლობაში მის ახლოს მოღვაწეობდა სადაც ის აკვირდებოდა ღირსი ანტონის ცხოვრებას. ამის შემდგომ, როცა ის სამშობლოში, პალესტინაში დაბრუნდა, მან თავისი ქონება ნათესავებსა და ღარიბებს დაურიგა და თვითონ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ოცი წლის განმავლობაში მკაცრ განდეგილურ მოღვაწეობას ეწეოდა.

ღირსი ილარიონის წმიდა ცხოვრების შესახებ ხმა მალე გავრცელდა და მონაზვნობის მრავალმა მსურველმა მიაშურა მასთან სამოღვაწეოდ, რამაც ხელი შეუწყო წმიდა ილარიონის ირგვლივ თანამოაზრეთა დიდი გუნდის შექმნას. პალესტინაში პირველად სწორედ ის შეეცადა ცალ-ცალკე მოღვაწე ბერების საძმოებად გაერთიანებას, რომელსაც ჯერ კიდევ არ გააჩნდა სრულყოფილი მონასტრული წესი.

იუდეის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრება IV საუკუნის მეორე მეოთხედში ასევე უკავშირდება ასკეტ ბერს, წმიდა ხარიტონ აღმსარებელს. წმიდა მამა როდესაც იერუსალიმში სიწმიდეთა თაყვანისაცემად მიდიოდა, ყაჩაღებმა შეიპყრეს და გამოქვაბულში შეაგდეს, ხოლო თვითონ ახალი ნადავლის ხელში ჩასაგდებად წავიდნენ. მათი არყოფნისას შხამიანმა გველმა იქ მდგარი ჭურჭლიდან წყალი დალია და შხამი შიგ ჩატოვა. დაბრუნებული ყაჩაღები მოიწამლენენ და დაიხოცნენ. წმიდა ხარიტონმა გამოქვაბულში ნაპოვნი დიდძალი განძი და ნაძარცვი ფული ღარიბების დახმარებასა და ეკლესიების მშენებლობას მოახმარა. მან ერთმანეთის მიყოლებით თხუთმეტი წლის მანძილზე დაარსა სამი დიდი სამონასტრო კერა: პირველი - ფარანში, მეორე - იერიქონში, ე.წ. ცდუნების მთაზე და მესამე - ვადი-თეკოას სიახლოვეს, სუქიაში (პალავრა).

ფარანის მამათა მონასტერი უძველესია მთელს პალესტინაში. მას 330-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი წმიდა ხარიტონ აღმსარებელმა იმ გამოქვაბულში, სადაც ის დატყვევებული ჰყავდათ ავაზაკებს. ფარანის მონასტერი იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში იუდეის უდაბნოში მდებარეობს. წმინდა ბერის იქ გამოჩენისთანავე ამ მიდამოებს მრავალმა განდეგილმა ბერმა მიაშურა. ფარანის ლავრაში ასკეტ ბერთა მომრავლების შემდგომ წმინდა ხარიტონმა ისევ განმარტოება არჩია და იერიქონის

ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე მდებარე დაგონის მთას მიაშურა. სწორედ ამ მთაზე დააარსა 340 წელს წმიდა ხარიტონმა მორიგი სავანე დუკას ლავრა. თვითმხილველთა ცნობებით დუკას ლავრა V-VI საუკუნეებში ფუტკრის დიდ სკას ჰგავდა, სადაც მდუმარების მოყვარული ბერები ასკეტიზმში წვრთნიდა და ლოცვით დაუცხრომლად ჰქმნიდნენ სულიერ თაფლს.

საინტერესოა, რომ ხარიტონის ცხოვრების ავტორი სამონასტრო თემის ქრისტეანთა პირველ ერთობას ადარებს. წმიდა ხარიტონი ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად სიცოცხლის ბოლოს ისევ დაბრუნდა ფარანის ლავრაში და 350 წელს გარდაცვალების შემდგომ, იგი თავისივე გამოქვაბულში დაკრძალეს.

პალესტინური მონაზვნობის გამორჩეული მოღვაწეა წმიდა ექვთიმე დიდი, რომელიც 377 წელს კაბადოკიაში დაიბადა. სამი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და დედამისმა პატარა ექვთიმე ადგილობვრივ ეპისკოპოსთან მიიყვანა "და მოჰგუარა ყრმაი იგი და შეწირა ღმრთისა, ვითარცა მსხვერპლი კეთილი. ვითარცა შეწირა ანა სამოელ". პალესტინაში წმინდა ექვთიმე 406 წელს ჩამოვიდა. 411 წელს მან თეოქტიტესთან ერთად კვინობი დაარსა. მოგვიანებით ახალი კვინობური სავანი დააფუძვნა ქაბარბარიქაში. დაახლოებით 422-426 წ.წ. კიდევ უფრო მოგვიანებით 428 წელს ლავრაც დააფუძნა სადაც პალესტინის მრავალი სახელოვანი მოღვაწე აღიზარდა წმინდა ექვთიმე დიდი 473 წელს გარდაიცვალა.

V საუკუნეში პალესტინაში ახალი სამონასტრო თემის ტიპი 455 წელს იორდანეს უდაბნოში წმიდა გერასიმეს მიერ ჩამოყალიბდა. მონასტრის შუაგულში მდებარეობდა კვინობი ანუ გალავნით შემოსაზღვრული ძმათა სავანე, სადაც მონაზვნები საერთო ტიპიკონისა და ერთი წინამძღვრის მკაცრი მორჩილების ქვეშ ცხოვრობდნენ, ხოლო კვინობის გარშემო ქვაბებში განდეგილი ძმები მოსაგრეობდნენ, რომლებიც წინამძღვრის სულიერ ავტორიტეტს აღიარებდნენ და შაბათ-კვირას მთავარ ტაძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ.
პალესტინაში კვინობური ცხოვრების განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა წმიდა თეოდოსი დიდმა. იგი კაბადოკიაში ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა 423 წელს. ის კარგი ხმით გამოირჩეოდა და ადრეული ასაკიდან ეკლესიაში მედავითნეობდა. წმიდა თეოდოსიმ პალესტინაში მოღვაწეობა გადაწყვიტა და იქ ჩასული თავდაპირველად იმ ქვაბში დაეყუდა, სადაც გადმოცემით სამი მოგვი გაჩერდა ღამით. წმიდა თეოდოსი უმკაცრესად მოღვაწეობდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა და მარხულობდა.

პალესტინის სამონასტრო ცხოვრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა წმიდა საბამ. ის კაბადოკიაში დაიბადა 439 წელს. იგი მონაზვნური ცხოვრების მოშურნე სიყრმიდან იყო და ჩვიდმეტი წლის ასაკში სამონაზვნო აღქმა დადო. მან კაბადოკიაშ, მონასტერში ათი წელი გაატარა, შემდგომ იერუსალიმში ჩავიდა და წმიდა ექვთიმეს ლავრას მიაშურა. წმიდა ექვთიმე დიდმა ახალგაზრდა მონაზონი თეოქტისტეს კვინობში გაგზავნა, სადაც ის ოცდაათი წლის ასაკამდე ცხოვრობდა. თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბა უდაბნოში ერთ-ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. მან აქ ხუთი წელი გაატარა და ამის შემდგომ უშალოდ წმიდა ექვთიმეს სულიერ ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 473 წელს წმიდა ექვთიმეს გარდაცვალების შემდგომ წმნდა საბამ დატოვა ექვთიმეს ლავრა და უდაბნოში გერასიმე იორდანელის მონასტრის მახლობლად დამკვიდრდა. 484 წელს სწორედ აქ დაარსა წმიდა მამამ დიდი ლავრა. 491 წელს იერუსალიმის ეპისკოპოსმა მას მღვდლად დაასხა ხელი,

ხოლო 494 წელს პალესტინის ყველა მონასტრის არქიმანდრიტად დაადგინა. წმიდა საბა განწმენდილი გარდაიცვალა 532 წელს.

ასევე აღსანიშნავია XVI საუკუნის პალესტინელი მოღვაწე ღირსი დოროთე, რომელიც წარმოშობით ასკალონიდან იყო მაგრამ ოჯახთან ერთად ღაზაში აღიზარდა სადაც განისწავლა საერო მეცნიერებაში. შესაძლოა, მისი მოძღვარი იყო პროკოფი ღაზელი. მის შესახებ არ არის ცნობა, თუ რატომ დაიწყო სამონაზვნო ცხოვრება, მაგრამ ცნობილია, რომ მან რამდენიმე წელი მონასტერთან ახლოს მდებარე კელიაში გაატარა და მხოლოდ ამის შემდგომ აღიკვეცა ბერად სერიდის მონასტერში. აბბა დოროთე გახდა წმიდა იოანე წინასწარმეტყველის მესენაკე, რომლის მორჩილიც ცხრა წლის განმავლობაში იყო. მის ძირითად მორჩილებას მონასტერში წარმოადგენდა მგზავრთა მიღება. 540 წელს აბბა სირიდის სავანეს ტოვებს, რომლის შესაძლო მიზეზს მისი იღუმენად არჩევა წარმოადგენს, რაზეც მან უარი განაცხადა. ძალიან მალე აბბა დოროთეს ახლოს ახალი მოღვაწეები იკრიბებიან და ის აარსებს თავის მონასტერს სადაც წინამძღვრად რჩება გარდაცვალებამდე.

ნიშანდობლივია წმიდა მიწაზე ქართველთა მონასტერთა და მოღვაწეთა კვალი. ქართველები ბევრ სახელოვან სავანეებში მოსაგრეობდნენ ერთმორწმუნე ბერძნების, სირიელების, არაბებისა და სხვათა გვერდით, ჰქმნიდნენ იქ მწიგნობრული საქმიანობის მნიშვნელოვან კერებს. ქართული მწიგნობრობის ასეთ ცენტრებს განეკუთვნებოდნენ საბაწმინდა, პალავრა (ხარიტონწმინდა), სინას მთა კაპპათა, გეთსიმანია და სხვა.

V საუკუნიდან პალესტინაში ჩნდება მდინარე იორდანის პირას ქართველთა მონასტერი, რომელიც იხსენიება იბერთა მონასტრის სახელით. ბეთლემის მახლობლად არსებული წმიდა თეოდორე ტირონის სახელობის ქართველთა მონასტერი. გიორგი-პროხორეს ხელმძღვანელობით აგებული ქართველთა დიდი სავანე ჯვრის მონასტერი. ქალთა სავანეები დერტავი, დერთუფა და კაპპათა.

VI საუკუნის 30-იან წლებში დაწერილი, ბერძენი მამაის იერუსალიმში დიდი ლავრის დამაარსებელ თეოდოსი კვინობიარქია ანუ კრებულმთავრის "ცხოვრების" მიხედვით, ქართველებს ჰქონიათ საკუთარი ეკლესია თეოდოსის ლავრაში და იქ ქართულ ენაზე ატარებდნენ ღვთისმსახურებას. ცნობილია საბაწმინდის ლავრაში მოღვაწე გრიგოლ ხანცთელის მოწაფეები: მაკარი ლეთელი, არსენი, მარტვირი საბაწმინდელი, სეითი, ჰიმენ კახი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი, იოანე-ზოსიმე, გიორგი-პროხორე, სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვა.

პალესტინის მონასტრებს, როგორც საერთო მონაზვნური დამახასიათებლები, ასევე თავიანთი კერძო ნიშანთვისება გააჩნიათ. საბაწმინდის სავანე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როგორც საღვთისმეტყველო განათლების ცენტრი. მონასტერში ჭეშმარიტ სიწმიდეს გვერდში ედგა ჭეშმარიტი მეცნიერება. სავანეში შემოღებული იყო მკაცრი წესი და ყვაოდა განათლება.

თეოდოსის სავანის მთავარი მიზანი იყო ქველმოქმედება. ყოველი მხრიდან მოსულ ადამიანებს წმინდა თეოდოსი ხვდებოდა დიდი სიყვარულით, მოწყალებით მასპინძლობდა და უხვად ასაჩუქრებდა მათ.

საეკლესიო მწერლები მოგვითხრობენ პალესტინელი ბერების შესახებ თუ როგორი ასკეტური ცხოვრების წესით, ლოცვით, მარხვით, მორჩილებით გამოირჩეოდნენ ისინი.

იუდეის მონასტრებში ბერები ატარებდნენ შალის შავ კუნკულს, წმიდა საბას სამოსიც დაბებკილი საკრებლებით იყო შეკოწიწებული. წმინდა საბას არაფერი გააჩნდა უდაბნოს ველურ მცენარეთა ფესვებისა და ლერწამთა გულის გარდა.
ბერები ზეთზე ღვინოსა და შეზავებულ საკვებზე უარს ამბობდნენ.

მაგალითად, იონე ისიქასტი მხოლოდ სითხეს იხმევდა, ცხელ ან თბილ წვენში ნაცარს ჩაყრიდა და აღესრულებოდა დაწერილი "ნაცარი ვითარცა პური ვჭამე".

შემოწირული ღვინისა და ზეთიდან ან ძალიან მცირეს იღებდნენ ან საერთოდ უარს ამბობდნენ.
წმიდა თეოდოსი დიდზე წერია "და ვითარმოვიდა მამაი ჩუენი წმიდაი თევდოსი ადგილსა ამას დაადგრა ღმრთისმსახურებით და ყოველთა დღეთა წარემატებოდა კეთილსა საქმესა და მიეხლებოდა ღმერთსა და იყო".

წმიდა იოანე კოლოვი მარხვასა და შიმშილს სულიერი მტრების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად მიიჩნევდა.
უწყვეტი ლოცვა მუდმივი ურთიერთობაა ღმერთან და სათნოებებზე გონების მიჯაჭვულობას ემსახურება. სწორედ ამის გამო წმიდა ეპიფანე კვიპრელმა პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში გაკიცხა იღუმენი და მონასტრის წევრები, რომლებიც მისი ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წესდებას სრულყოფილად ასრულებდნენ, ჰქონდათ ჟამნი და მწუხრი, მაგრამ გულში უწყვეტი ლოცვის სიყვარულს არ ატარებდნენ.

პალესტინის უდაბნოს მამები აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საქმეს. შრომობდნენ არა მარტო ლავრებსა და მონასტრებში მყოფი ბერები, არამედ ისინიც, რომლებიც ქვაბულებში განმარტოებულიყვნენ. ფიზიკური შრომა სულიერ ბრძოლასთან შესისხლხორცებული იყო, რაც მოყვასის დახმარების შესაძლებლობას იძლეოდა.

ბერები ქსოვდნენ გემის აპრებს, ამზადებდნენ ბეწვის ქიტონებს, ჭილოფებს, წნავდნენ კალათებს, ამუშავებდნენ მიწას.
წმიდა ექვთიმე დიდი განსაკუთრებით ახალგაზრდა ბერებს შრომისკენ აგულიანებდა. იგი მართებულად არ მიიჩნევდა, რომ ბერი ერის ადამიანის შესანახი გამხდარიყო. დაუშვებელი იყო ბერს სხვის ხარჯზე ეარსება და ვინც არ შრომობდა, არც უნდა ეჭამა.
ამგვარად ვითარდებოდნენ ღვთისადმი სიყვარულით ანთებული ბერმონაზვნური ცხოვრების მტვირთველი დიდი პალესტინელი მამები და თავიანთი მოღვაწეობით განამტკიცებდნენ ქრისტეს ეკლესიას.


ბეჭდვა