უხილავი მოსაგრენი ათონზე
უხილავი მოსაგრენი ათონზე
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა. თავის ორ მორჩილს მან უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე მიდიოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნეს. ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი...1984 წელს ივერონის სკიტის კელიიდან გაქრა ერთი ღვთივსათნო ბერი სერგი. მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხანის განმავლობაში ღია იყო.
ვინ არიან უხილავი მამები? ათონელები ამბობენ, რომ უხილავი მოღვაწენი ათონის მაღალ მწვერვალზე ცხოვრობენ. ბერი პაისი ათონელს ხშირად შეხვედრია უხილავი განდეგილ მამებს და მიუღია მათგან სულიერი სწავლება. ერთხელ, როდესაც მამა პაისი წმინდა ანას სკიტში მიდიოდა, გზა აებნა. ამ დროს ტყიდან გამომავალ მოღვაწეს შეეფეთა, რომელმაც განჭვრიტა პაისის გაჭირვება და მის დასახმარებლად წავიდა. ბერმა უთხრა, გზა აგებნა? წმინდა ანას სკიტში სხვა ბილიკით არის შესაძლებელი მისვლაო და მან აჩვენა გზა, რომლითაც შეიძლებოდა მისულიყო სკიტში პაისი. განდეგილსდაბებკილი ჯვალოს კაბა ემოსა, რომელიც წვრილი ხის ღეროებით იყო დაკემსილი. ეს ასკეტიზმის უდიდესი გამოვლინებაა. განდეგილი მამები დიდ საუფლო დღესასწაულებზე ჩამოდიან კალივებში და მონასტრებში, რათა მიიღონ ზიარება. არქიმანდრიტი ქერუბიმი წერს თუ როგორ ეშვებიან ბერები ჯაჭვების საშუალებით კლდის ნაპრალებიდან, რათა შეიკრიბონ კირიაკონში. (კირიაკონი სკიტის ცენტრალური ტაძარი, სადაც კვირაობით და დღესასწაულებზე საერთო ღვთისმსახურებისთვის იკრიბებიან მთელი სკიტის ძმები. აქვე მდებარეობს სკიტის აქონდარიკიც(აქონდარიკი მონასტრის სასტუმროა).
წმინდა პაისი ათონელის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ განდეგილი მამები, რომელნიც უხილავად ცხოვრობენ ათონზე, ჭვრეტენ ათონელთა შინაგან ზრახვებს. ერთხელ ერთი მეტრაპეზე ბერი შეხვდა განდეგილს, რომელსაც სატრაპეზოში ჩაი დაალევინა და მისგან სულიერი რჩევა მიიღო. მას შემდეგ რამდენიმე წელი იყო გასული და ის განდეგილიბერი არ ენახა. დარდობდა და ფიქრობდა მეტრაპეზე ბერი, ნეტა, როგორ არის ის განდეგილი ამ სიცივეში და თოვლში, ახლოს, რომ იყოს ცხელ ჩაის მაინც დავალევინებდიო. ამ ფიქრებში იყო, როდესაც კარზე კაკუნის ხმა შემოესმა, როდესაც კარი გააღო, ჰოი სასწაული, მის წინაშე ის განდეგილი იდგა, რომლის ნახვის სურვილი გულში ედო. ეკალბარდებზე ნასიარულებს ფეხები დასისხლიანებოდა. მან ჩაი მოითხოვა და როდესაც დაამთავრა დალევა მეტრაპეზეს უთხრა- ღირდა ეხლა ჩემი აქ მოსვლა ჩაის გულისთვისო. აქ ჩვენ ვხედავთ უდიდეს სიყვარულს მოყვასისას თუ როგორ იწვალა განდეგილმა, რათა ძმის კეთილი ზრახვა და სურვილი შეესრულებინა.
მამა ქერუბიმი იხსენებდა ერთ უდიდეს ასკეტს, რომელიც დასვენების დროსაც ხმამაღლა ლოცულობდა იესოს ლოცვას: ხშირად შუაღამისას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისვენებდა, ის ხმამაღლა ლოცულობდა იესოს ლოცვას ან დაუჯდომელის მუხლებს იმეორებდა. "რატომ ლოცულობს ხმამაღლა?" ვფიქრობდი მე. "ნუთუ ვერ ხვდება, რომ ძმებს დასვენება უნდათ". ამ გაურკვევლობიდან ბერმა გამომიყვანა.
მამა გრიგოლი ფხიზელ მდგომარეობაში კი არ ლოცულობს, მითხრა მან, არამედ ძილში. მისი გონება მთელი დღის მანძილზე ლოცვის ველ- მინდვრებში დანავარდობს, ამიტომაც ღამით, თუმცა სხეული ისვენებს, გული მეტისმეტი სითბოსგან და სულიერი აღმაფრენისაგან კვლავ ფხიზლადაა.იგი ბაგეებსაც აიყოლებს და ისინიც არაცნობიერად წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს. ეს შინაგანი ლოცვის შედეგია და არა მარტო მონაზონნი, არამედ ერისკანიც უნდა ესწრაფვოდნენ ამის სწავლას.
ათონი სახლია სიგლახაკისა, ათონი სიბრძნეა ყოვლადწმინდა დედოფლისა, ათონი ჰიმნია ღვთის განდიდებისა, ათონი ტკივილია ეშმაკთა, ათონი მდუმარებაა "ოქრო ქებული", ათონი დედამიწის სამკაულია.
ბეჭდვა
1კ1