რატომ გადასცემენ სკვნილს მონაზვნად აღკვეცილს?
რატომ გადასცემენ სკვნილს მონაზვნად აღკვეცილს?
მონაზვნად აღკვეცის წესის აღსრულებისას, მას შემდეგ, რაც ბერ-მონაზვნად შედგომის მსურველი პირი უქორწინებლობის, უპოვარებისა და მორჩილების აღთქმას დადებს, მონაზვნად მოწოდებულს მოსავენ კაბით, სარტყლით, საბეჭურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით. გარდა ამისა, გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკვნილს. ყველა სამონაზვნე ნივთს თავისი დანიშნულება და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი მათგანის - სკვნილის შესახებ სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის გამოყენებით გესაუბრებით.

სკვნილი არის თოკებისგან მოქსოვილი ნასკვებიანი (კვანძებიანი) კრიალოსანი, რომელზეც სკვნილები (ნასკვები) შესრულებულ ლოცვათა რაოდენობას აღნიშნავს. სკვნილი ხის მრგვალი მძივებისგან ანდა ძვირფასი ქვებისგანაც შეიძლება იყოს დამზადებული.

სკვნილი მრგვალია და ბოლოვდება მცირე უსუპით - ნაკურთხი წყლის სასხურებლით.

სკვნილის წარმოშობა მონასტრული ცხოვრების ფუძემდებლის პახუმი დიდის სახელს უკავშირდება: საძმოში, სადაც წმინდა მამა მოღვაწეობდა, წერა-კითხვის უცოდინარი ბერებიც იყვნენ, რომლებიც ზეპირად წარმოთქვამდნენ "იესოს ლოცვას". პახუმი დიდმა მათ კანონად დაუდო, ყოველღიურად რამდენიმეჯერ (ვთქვათ, 100-ჯერ) წარმოეთქვათ ეს ლოცვა. ამისთვის, ბუნებრივია, დათვლა იყო საჭირო, ამიტომ წმინდა მამამ ბერებს ნასკვებიანი თოკი მისცა, რომელზეც წარმოთქმული ლოცვები უნდა გადაეთვალათ. სწორედ ეს იყო თანამედროვე სკვნილის წინასახე, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა.

სკვნილზე უმთავრესად წარმოითქმის "იესოს ლოცვა", მაგრამ მასზე სხვა ლოცვებიც შეიძლება აღესრულოს, მაგალითად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტროპარები, რომელიმე წმინდანის საგალობელი და სხვა.

მონაზვნად ახალაღკვეცილ პირს სკვნილი ეძლევა როგორც სულიერი მახვილი, რადგან მისი მიღება "იესოს ლოცვის" გამუდმებით წარმოთქმაზე თანხმობას ნიშნავს, რაც ბერ-მონაზონთა ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. "იესოს ლოცვა" უძლიერესი ლოცვაა, რომლის წარმოთქმითაც ყველაზე მეტად დაიძლევა და განიდევნება ბოროტი ძალა - ეშმაკი. ამდენად, მონაზონი სკვნილზე "იესოს ლოცვის" წარმოთქმით უკუაგდებს და ამარცხებს სულიერ მტერს - ეშმაკს.

მონაზონთა მიერ სკვნილის გამოყენების აუცილებლობას მკაფიოდ ადასტურებს მონაზვნად აღკვეცისას წარმოთქმული სიტყვები: "ძმა ესე ჩემი (სახელი აღსაკვეცისა) მიიღებს ბეჭედსა დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისასა". ამ სიტყვებით ნათქვამია, რომ სკვნილი ბეჭედია დიდი და ანგელოზებრივი სქემისა (ცხოვრებისა), ამიტომაც სკვნილს ლოცვის დროს უმთავრესად ბერ-მონაზვნები იყენებენ, თუმცა მას სასულიერო ხარისხში მყოფი პირებიც ატარებენ.

მოძღვრის კურთხევის შემთხვევაში სკვნილზე ლოცვის უფლება ერისკაცთაც ეძლევათ, თუმცა საეროთათვის სკვნილის ტარება აუცილებლობას არ წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკვნილი სიწმინდეა, ამიტომ დაუშვებელია მისი გამოყენება სამკაულად (სამაჯურად და სხვა).
ბეჭდვა
1კ1