მათი სენაკი იმ უდაბნოში მალე ნამდვილ ლაზარეთად იქცა
მათი სენაკი იმ უდაბნოში მალე ნამდვილ ლაზარეთად იქცა
დღეს ბევრისთვის ცნობილ უდაბნოს ორ ღმერთშემოსილ დედაზე - სქემმონაზონ ელენესა (დედა ელენე ახალმოწამეა, მისი თმიდან, რომელსაც მამა საბა სასოებით ინახავს, ოცი წლის წინ მირონი გადმოდინდა) და მის დაზე, მონაზონ ნინოზე გვიამბო და თან დასძინა: თუ ამ მასალას ბევრს გააცნობთ, ისინი დიდად შეგეწევიანო.

დიდი ხნის წინ სწორედ ამ მონაზონთა მცირე სენაკს შეაფარა თავი ღვთისა და ჭეშმარიტების მაძიებელმა ბერძენმა ბიჭმა, ქრისტეფორე ტელიანიტმა (მამა საბას საერო სახელი), ათეულობით წლის შემდგომ კი უდაბნო უკვე ბერმა დატოვა... მანამდე იყო განსაცდელით, დევნით და ხიფათით აღსავსე უმძიმესი გზა, სამუდამო გადასახლება ყაზახეთში, დაბრუნების იმედი (დედა ელენემ ესეც უწინასწარმეტყველა), რომლისაც არავის სჯეროდა, მერე - ახდენილი წინასწარმეტყველება, აფხაზეთში, დედებთან დაბრუნება, კვლავ გაუთავებელი დევნა, თვალთვალი, შანტაჟი... ბერად აღკვეცა, ფსკოვ-პეჩორის ლავრაში გატარებული წლები, ისევ უდაბნო.

მამა საბასთვის ადრე თავად უწმინდესს უთხოვია, აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირებზე (და არამხოლოდ მათზე) დაეწერა ყველაფერი ის, რაც ახსოვდა.

სქემარქიმანდრიტი საბა: - "სქემმონაზონი ელენე, გვარად ტუვიშევა, 1889 წელს ქალაქ პენზაში დაბადებულა. მამამისი კვიპროსელი ბერძენი გახლდათ, დედა კი - რუსი. თურმე 5 წლისა მძიმედ დასნეულებულა და მისი გადარჩენის იმედდაკარგულ მშობლებს ფსკოვის მონასტრისთვის მიუბარებიათ, სადაც სასწაულებრივად განკურნებულა...

მადლიერ მშობლებს შვილი მონასტერში დაუტოვებიათ, სადაც მორჩილებაში გატარებული წლების შემდგომ მონაზვნად ადრეულ ასაკშივე აღუკვეციათ.

თორმეტიოდე წლის იქნებოდა, მშობლებმა მისი და, ნინოც იმავე მონასტერს რომ მიიყვანეს, მაგრამ კომუნისტებმა მონასტერი მალევე დახურეს და დები ერთ-ერთ ძმასთან, არქიმანდრიტ ნიკონორთან გადავიდნენ მოსკოვის სიახლოვეს.

მამა ნიკონორი იმ დროდ პატრიარქ ტიხონს (აწ უკვე წმინდანად შერაცხულს) მსახურობდა.

მსმენია მისი ცხოვრების იმ პერიოდის ერთი ისტორიაც: თურმე მამა ნიკონორს კვეთებულის ლოცვის კურთხევა მიუღია, მაგრამ დრტვინავდა - ვერ მოვასწრებო, ამდგარა და ეს კურთხევა დედა ელენესათვის გადაულოცავს (მოგეხსენებათ, ქალებს ხსენებული ლოცვის კითხვის უფლება არ აქვთ), თან გაუფრთხილებია: ლოცვა იკითხე, მაგრამ გასამრჯელოს ნურავის გამოართმევ, თორემ ღმერთი აღარ შეგეწევაო...

იგი ამ ლოცვას სიცოცხლის ბოლომდე - თავის მოწამებრივ აღსასრულამდე კითხულობდა.

უეცრად დედა ელენე ავად გამხდარა და ექიმებს მისთვის ცალი თირკმელი ამოუკვეთიათ, რის გამოც "ტკივილებიანი მონაზონი" შეურქმევიათ. მკურნალთ საქართველოში, სოხუმთან ახლოს ურჩევიათ ცხოვრება, მაგრამ მანამდე თვით დედა ღვთისა გამოსცხადებია და ის ადგილი უჩვენებია, სადაც სამუდამოდ ეწერა დარჩენა - სოხუმთან ახლოს, ჩინის სიახლოვეს მდებარე უდაბნო, რის გამოც გვიან მას ჩინელ მონაზვნადაც მოიხსენიებდნენ.

დედა ელენეს იქ ცხოვრება თავიდან ძალზე გაუჭირდა - იქაურები არ იცნობდნენ და სრულიად მარტო დარჩა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და იგი ყველას ძალიან შეუყვარდა - ეხმარებოდნენ და უვლიდნენ კიდეც...

მისი და, მონაზონი ნინო, იმ დროისათვის ასტრახანში, მეორე ძმასთან, მთავარეპისკოპოს ფილიპესთან მსახურობდა, მაგრამ როდესაც მეუფე ფილიპე დააპატიმრეს, დასთან, აფხაზეთში გადმოვიდა სამოღვაწეოდ. ისინი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდნენ და ერთურთის დიდი სიყვარული და მორჩილება ჰქონდათ...

მათი სენაკი იმ უდაბნოში მალე ნამდვილ ლაზარეთად იქცა - ყველა, ვინც კი კურნება ვერსად პოვა, დედებისაკენ ეშურებოდა და ისინიც ღვთის სიტყვითა და ლოცვით ყოველ მთხოვნელს შეეწეოდნენ... ამგვარად იცხოვრეს, რამდენადაც მახსოვს, 1932 წლამდე.

სწორედ ამ წელიწადს დედებს თვით უფალი გამოეცხადათ და მსოფლიოსა და თავად მათი ხვედრის შესახებ აუწყა და გააფრთხილა - ეკლესია-მონასტრები დაიხურება, თქვენ კი დიდი ტკივილი და განსაცდელი გელით, მაგრამ ხალხი დაგიცავთო...

***
ერთხელ დედებთან დათვი მივიდა და დასივებული თათი უჩვენა. დედა ელენემ ღრმად ჩარჭობილი ხიჭვი გამოუღო, ჭრილობიდან ჩირქი გამოურწყა, თათი შეუხვია და გაუშვა... მაგრამ დათვი მეორე დღეს ისევ მობრუნდა, დედა ელენემაც ისევ უწამლა და ბოლოს მოარჩინა კიდეც. დათვმა მასთან დაიდო ბინა და ყოველ ღამეს სენაკთან ათევდა. დედაო მას ძალიან უფრთხილდებოდა და ერთ მშვენიერ დღეს დათვმა დედა ელენეს სხვისი ყანიდან ნაპარავი სიმინდი მიურბენინა, დედა ელენემ კი ადამიანივით შეარცხვინა, - რატომ ჰპარავ ღატაკებს, ისინი ხომ მიწას მშივრები ამუშავებენო?! დათვიც ადამიანივით უსმენდა და დროდადრო თავს უქნევდა...

ამ დათვის ამბავი ყველამ იცოდა და მონადირეებმა ერთხელ დედაოს წერილიც კი მისწერეს - დათვი გყოლიათ და ნადირობისას შემთხვევით რომ არ შემოგვაკვდეს, გთხოვთ, როგორღაც დანიშნოთ ან საყელური გაუკეთოთო...

დედა ელენე ასეც მოიქცა და ამ დათვმა 8-9 წელიწადს კიდევ იცოცხლა.

***
1937-ში მონაზონი ნინო 8 წლით ჩაქვის ციხეში ჩასვეს, აწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ამ წლებზე მას არასოდეს უსაუბრია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთხელ, ფსალმუნის კითხვისას, ციხის უფროსს მისთვის თმაში ხელი ჩაუვლია (დედა ნინოს იმ დროს მსხვილი და გრძელი ნაწნავები ჰქონდა) და თავი შარდიან ქოთანში ჩაუყოფინებია... სულ მალე კი მის შეურაცხმყოფელს ვიღაც შემთხვევით შემოჰკვდომია და თანამდებობაც დაუკარგავს...

გავიდა დრო და ციხის ახალ უფროსსაც შემთხვევია უსიამოვნება - პატიმრები გაჰქცევია, რის გამოც შეშფოთებული გაიძახოდა: - ახლა კი ნამდვილად მაგებინებენ პასუხს და მეც ჩამსვამენო, მაგრამ დედა ნინოს უნუგეშებია: - ნუ ღელავ, პატიმრები აუცილებლად დაბრუნდებიანო, რაც მალე აღსრულდა. მადლიერ ციხის უფროსს დედა ნინოსათვის საკანში სალოცავი კუთხე გამოუყვია და ეს ადგილი ფარდით გადაუტიხვრინებია.

***
ერთ ზაფხულს სადილის მოსამზადებლად სენაკში ვიღაცამ ღუმელი დაანთო. დიდი გვალვა იდგა და საკვამურიდან სენაკის სახურავს ცეცხლი იოლად მოედო... ლოგინად შთენილი დედა ელენე როგორღაც ეზოში გამოხოხდა და რა იხილა, როგორ იწვოდა სახურავი, ტირილით შესთხოვა ღვთისმშობელს: - წმინდა დედაო, თუ სენაკი დაიწვა, ქუჩაში მომიწევს სიკვდილი, რადგან ვერავინ შემიფარებსო (იმ დროს სასულიერო პირთა, მით უფრო, მონაზვნის შეფარება უმძიმეს სასჯელს ითვალისწინებდა), ზეცას ახედა და იხილა, როგორ აკურთხა მისი სენაკი ღვთისმშობელმა ყრმა იესოთი და ცეცხლიც ჩაქრა, დედა ელენე კი სავსებით ჯანმრთელი წამოდგა ფეხზე...

ღვთისმშობელმა სამყაროს მომავლის შესახებ მას არაერთი რამ აუწყა, თუმცა სხვათათვის გაცხადება აუკრძალა.

***
ერთხელ ისეთი რამ მითხრა, რაც გამუდმებით მემართებოდა და მეგონა, ღვთისგან იყო: - იცი, ქრისტეფორე (მამა საბას საერო სახელი), ერთხელ, ღამით სენაკში ვიჯექი, უეცრად იქაურობას ცეცხლი მოედო და აღმომხდა: ღმერთო, მე არ ვარ ამ მადლის ხილვის ღირსი-მეთქი და თვალები დავხუჭე... რომ გავახილე, ცეცხლი აღარ იყო, რადგანაც ჩვენება უფლისაგან არ მოდიოდა. ასე რომ, თუ მსგავს რამეს ოდესმე წააწყდი, უყოყმანოდ ნუ მიიღებო.

KARIBCHEროგორც გითხარით, მსგავსი ხილვები წლების მანძილზე მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, მათ თავად ღმერთი მიგზავნის, თანაც სწორედ ლოცვისას-მეთქი... შინ რომ მოვბრუნდი და ლოცვად დავდექი (იმ დროისათვის ძალიან ბევრს ვლოცულობდი და თვითნებურად უამრავ მეტანიას ვასრულებდი. სხეულს ვეღარც ვგრძნობდი, არ ვიღლებოდი და თან ძალიან ცოტა მეძინა), ოთახი ისევ აივსო ცეცხლით და ისევ ჰაერში ავიწიე... მაშინ დედა ელენეს დარიგება გამახსენდა, პირჯვარი გამოვისახე და ვთქვი: - უფალო, არ ვარ ამგვარი მადლის ხილვის ღირსი-მეთქი და თვალები დავხუჭე... რომ გავახილე, ყველაფერი გამქრალიყო... მაშინღა მივხვდი, რა ხიბლშიც ვიყავი და როგორ მამხილა დედა ელენემ... მსგავსი ხილვები მერეც, წლების მანძილზე გრძელდებოდა, მაგრამ აღარ ვიღებდი და დედა ელენეს ლოცვით თანდათან განქარდა... ამის შემდგომ კიდევ უფრო მივენდე დედაოს.

***
დედა ელენესთან მისი მორჩილი, ევპრაქსია ცხოვრობდა. გამიშალეს საწოლი და ჯვრის გამოსახულებიანი ბალიში დამიდეს... დედა ელენემ კი იქვე მიამბო, როგორ დაუგო ერთმა ხუცესმა მასთან ღამის გასათევად მისულ ყმაწვილკაცს ჯვრიანი ბალიში და ეს ყმაწვილკაცი შემდგომ როგორ აღიკვეცა მონაზვნად.

დედა ელენემ ამ მონათხრობით ჩემი ბერობა განჭვრიტა.

იმ პერიოდში კუჭის ძლიერი ტკივილი მაწუხებდა. უდაბნოდან რომ ვბრუნდებოდი, დედა ელენემ გზა დამილოცა და პურის ნაჭერი გამატანა: - როგორც კი კუჭი შეგაწუხებს, ამ პურის ნაწილი მიიღე ხოლმეო. მართლაც, მგზავრობისას კუჭმა რამდენჯერმე შემახსენა თავი, მაგრამ როგორც კი პურის ნაწილს ვიღებდი, მყის მიყუჩდებოდა.

***
ერთ დღეს მორჩილმა ევპრაქსიამ და კიდევ ერთმა ქალმა დედა ელენეს სენაკის გარშემო ჩალის შესაგროვებლად და დასაწვავად კურთხევა გამოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს, მაგრამ ადგნენ და თვითნებურად იწყეს ამის კეთება... მახსოვს, ძლიერი გვალვა იყო, იქაურობას ცეცხლი მოედო და მალე სენაკისკენ წაიწია. შეშინებული ურჩი მორჩილი აყვირდა: - დედა ელენე, ხანძარია, ვიწვითო! მე და დედა ელენე სენაკიდან რომ გავედით, ცეცხლის ალყაში მოვექეცით... ხანძრის ქრობა ვიწყე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მაშინ დედა ელენემ სენაკიდან ჯვარი და ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა, ამ სიწმინდეებით ცეცხლს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა: იესო ქრისტე, გვიშველეო! ეს იყო და კელიის გარშემო აბრიალებული ცეცხლი მყისიერად ჩაქრა, თუმცა მოშორებით ისევ გიზგიზებდა და ნელ-ნელა ტყისკენ მიიწევდა... დედა ელენე სენაკის ეზოს გასცდა, ცეცხლს მიუახლოვდა, ჯვრითა და ხატით ჯვარი გადასახა და ისევ შეჰღაღადა უფალს: - გვიშველეო! ხანძარი იქაც ჩაქრა.

მაშინვე მივხვდით, რომ ეს ხანძარი მისი კურთხევის აღუსრულებლობის ნაყოფი იყო...

***
იმ დროს ფეხი ძალიან მტკიოდა - ჭრილობა გამეხსნა და ჩირქით მევსებოდა... მალე ჩირქმა ძვლამდე მიაღწია. მაშინ დედა ელენესთან რომ არ ვყოფილიყავი, რომლის ლოცვითაც განვიკურნე, ექიმები ფეხს უცილობლად მომკვეთდნენ...

ყაზახეთიდან რომ დავბრუნდი (სადაც მამა საბა გადასახლებაში იმყოფებოდა, მ. ტ.), დედებს ახალი სახლის აშენება შევთავაზე. მეწყვილესთან ერთად ტყეში ფიცრებს ვამზადებდი. ერთ დილით ვხედავ, დედა ელენე გაწვიმებას შესთხოვს ზეცას. მეწყვილეს ვუთხარი: - თან ლაბადა უნდა წავიღოთ, რაკი დედა ელენე წვიმას სთხოვს უფალს, აუცილებლად გაწვიმდება-მეთქი.

არ დამიჯერა და უბრალოდ ჩაცმულები გავემართეთ ტყისკენ. სამუშაო ადგილამდე არც ვიყავით მისულები, რომ ძლიერმა წვიმამ დასცხო...

1957 წლის ზამთარში დედა ელენემ მაკურთხა, უდაბნოს მთებში მეცხოვრა, სადაც მაშინ სხვა ბერებიც მოღვაწეობდნენ, მათ შორის, მამა ონისიფორე, მამა პახომი, იეროდიაკონი ფეოდული და სხვები. ვიპოვე ცარიელი სენაკი, ბოსტანი გავაშენე და იქ ნახევარი წელიწადი გავატარე. ზაფხულში ისეთი გვალვა დაიჭირა, ყველაფერი გადაახმო. ავდექი, დედა ელენეს მივაკითხე და ვთხოვე, ელოცა, რომ წვიმა მოსულიყო... ცოტა ხანში წვიმა კი არა, თოვლიც მოგვივიდა, რამაც იქაურნი ძლიერ გააოცა და მალე იმის თხოვნა დამჭირდა, - დედაო, გვეყოფა წვიმა-მეთქი.

ერთხელ, მისი სახლის შენებისას, ცემენტის ხსნარი მოვამზადე. დედა ელენემ იკითხა: - ქრისტეფორე, ამ სიცხეში ცემენტი რომ გახმეს, წყალი ხომ გჭირდებაო?

- დიახ, დედაო-მეთქი. მან კი ილოცა: უფალო, ისეთი წვიმა მოგვეცი, რომ კედლები ყოველი მხრიდან დასველდესო.

ხარაჩოდან ჩამოსული არ ვიყავი, ცა ღრუბლებმა დაფარა, წამოვიდა კოკისპირული წვიმა, რომელსაც ისეთი ქარი მოჰყვა, კედლები ყოველი მხრიდან დაასველა, 15 წუთში კი, ვითომც აქ არაფერიაო, მზემ გამოანათა.

დედების სენაკის სიახლოვეს გზის გასაყვანად კლდე უნდა აეფეთქებინათ. მონაზვნებს უთხრეს, - ერთი კვირით სენაკი უნდა დატოვოთ, ხოლო თუ შემთხვევით დაინგრევა, ახალს აგიგებთო. მათ კი უპასუხეს: - აქ იმდენი ხატი და სიწმინდეა, ვერსად წავიღებთ, ამიტომ, გვირჩევნია, აქ დავიხოცოთო.

აფეთქებისას დედა ელენე სენაკიდან ჯვრით ხელში გამოდიოდა და სენაკს, ეზოსა და კლდეს ჯვარს გამოსახავდა. 2 თვის მანძილზე ქვა და ქვის ნამსხვრევი ყველა მიმართულებით ცვიოდა, მაგრამ არც სენაკს და არც მის შემოგარენს კენჭიც არ მოხვედრია. ამფეთქებელთაგან კი ცოცხალი აღარავინ დარჩა... თავადაც მითხრეს, - აფეთქებული კლდის ნამტვრევი კი არა, სულ სხვა, მთიდან წამოსული ლოდები გვაცვივაო...

***
სოხუმის სიახლოვეს ახალგაზრდა ქალი გათხოვების შემდეგ მეზობლებმა მოაჯადოეს და ჭკუიდან შეიშალა. მამამისმა ხან ექიმებს მიაკითხა, ხან პროფესორებს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ურჩიეს, დედა ელენესთან მიიყვანეთო, რაც მის მკურნალთ სიცილად არ ეყოთ, მაგრამ დედა ელენე სნეულების მიზეზს მაშინვე მიხვდა, ილოცა და გოგონა სულ მალე განიკურნა. მოგვიანებით თავად მიამბო, რომ ეშმა ენით უთქმელი სილამაზის ჭაბუკის სახით ეცხადებოდა და ჰპირდებოდა, თუ ქმარს დაახრჩობ, ცოლად შეგირთავო. ერთი სული მქონდა, მეუღლეს ყელში ვწვდომოდი, ძლივს მაკავებდნენო...

ერთხელ მტკიცედ გადავწყვიტე სოფელ გეორგიევკის დატოვება. ამ დროს დედა ელენემ თავისთან მიხმო - ვინმე წამოიყვანე და უდაბნოში წამოდი, ახლომახლო ავაზაკები დაძრწიან და აქ დარჩითო. 2-3 დღე ისე გავიდა, არავინ შეგვინიშნავს, ვიფიქრე კიდეც, - აქ დროს ამაოდ ვკარგავ და მოდი, წავალ-მეთქი, მაგრამ იმ ღამეს ხმაური და ყვირილი გავიგონე, თითქოს ტყეში ვიღაც დაძრწოდა... დედა ელენეს დასაცავად სხვებიც მოვიდნენ, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ. დედაოს რომ ეკითხებოდნენ, აქ ავაზაკებს რა უნდათო, პასუხობდა: - ასე ჰგონიათ, ოქროს ხატი გვაქვს, სინამდვილეში კი სპილენძისააო... მოკლედ, უდაბნო 6 თვის განმავლობაში ვერ მივატოვე. როგორც ჩანს, ავაზაკები უფალმა დედა ელენეს ლოცვით გამოგზავნა, რომ გეორგიევკა არ დამეტოვებინა და სულიერად არ დავღუპულიყავი.

დედა ელენეს სახლი ისევ რომ გადაუწვეს, იმ დროს სოხუმში, მიტროპოლიტ ილიასთან ვცხოვრობდი. ზამთარი იდგა, ვთხოვე, - შეიძლება, ახალი სახლიც მე აგიშენოთ-მეთქი?!

- როდი გაძალებ, მაგრამ თუ ააგებ, კარგი იქნებაო.

სანამ ვაშენებდი, ზამთრისათვის უჩვეულო, თბილი ამინდები იდგა... რომ დავასრულე, დედაომ მითხრა: - ეს სახლი შენ ჩემთვის ააგე, მე კი შენ გიტოვებო.

სოფელ გეორგიევკაში მცირეწლოვანი გოგონა უცნობმა სენმა სიკვდილის პირას მიიყვანა. იმ დროს დედა ელენესთან ვმუშაობდი. რაკი იგი ჭვრეტის მადლს ფლობდა, ეს უბედურება იგრძნო და მითხრა: - ამა და ამ ოჯახს შვილი სიკვდილის პირას ჰყავს, მშობლები დასტირიან, წადი და უთხარი, რომ გოგონა არ მოკვდება, მხოლოდ ჩემამდე მოიყვანონო... ძლივსღა სუნთქავდა საბრალო. დედა ელენემ მისთვის ილოცა, კანდელიდან აღებული ზეთი სცხო, ჯვარი გადასახა და გოგონაც გამოკეთდა.

წუთისოფლისგან რომ დავეცავი, დედაომ მაკურთხა: წადი, ქრისტეფორე, მონასტერში, იქ იმ ხუცესებს იპოვი, რომლებიც გასწავლიან, როგორ უნდა იცხოვროო და კიევიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე მამათა მონასტერზე მიმითითა. - იქ ერთ ადამიანს ნახავ, რომელიც მიგასწავლისო და თან დასძინა: - მონასტერს პეჩორა ჰქვიაო... მოკლედ, ასე მივაგენი ფსკოვ-პეჩორის მამათა მონასტერს, ვპოვე ხუცესებიც, რომლებმაც იქ დარჩენა მირჩიეს... ნახევარ წელიწადს დავრჩი იქ და ძალზე გამიჭირდა, - მძიმე მორჩილება გვქონდა, ბეტონზე ვმუშაობდი, თან კუჭის სნეულებაც მტანჯავდა... გადავწყვიტე, კვლავ უდაბნოს დავბრუნებოდი და დედა ელენესთვის რჩევა მეკითხა, თან გავიფიქრე: - რა ჩინებული იქნებოდა, აქ რომ ყოფილიყო, რამეს ხომ მირჩევდა-მეთქი. მოულოდნელად მართლაც ჩამოვიდა, ხუცესები ნახა და სთხოვა, - ქრისტეფორე თქვენთან დატოვეთ, აქ კარგად იქნებაო. ვუთხარი, - დედაო, აქ ძალიან მძიმე მორჩილება მაქვს-მეთქი, მაგრამ მომიგო: - არა უშავს, მალე ტაძარში იმსახურებო და იმავე დღეს უკან გაბრუნდა.

რამდენიმე წელიწადს კიდევ ვიმსახურე იქ, შემდეგ კი სოხუმში, მიტროპოლიტ ილიასთან (ჩვენს პატრიარქთან) გადავედი.

ერთხელ ვკითხე, - სად ვიცხოვრებ-მეთქი?

- სადაც უფალი ინებებსო.

მაშინ მეგონა, რომ უდაბნოში დავრჩებოდი, მან კი სულ სხვა რამ მიწინასწარმეტყველა: ერთ დღესაც სოხუმის ეკლესიაში წასასვლელად ფული მთხოვა. გავიფიქრე, - ის ხომ უკვე მოხუცია, ვეღარ დადის, სად წავა, ალბათ, ფული განგებ მთხოვა-მეთქი. გავიდა ნახევარი საათი, სამუშაოს მოვრჩი და... სადღაა დედა ელენე?! ამ ხნის მანძილზე რა ადგილამდეც შეეძლო წასვლა, ყველგან ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. უეცრად გავიხედე და რას ვხედავ! ისეთ მანძილზე მოჩანს, მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იქამდე ამ დროში ფრენით თუ მიაღწევდა... დავეწიე, ვთხოვე, - წავიდეთ, დედაო, შინ-მეთქი, - ჩემი სახლი იქ არისო და ხელი სოხუმისკენ გაიშვირა, რითაც მიწინასწარმეტყველა, რომ გეორგიევკაში არ დავრჩებოდი და ასეც მოხდა.

უკანასკნელად რომ ვნახე, კურთხევისას ხელზე ვეამბორე, მან კი მკერდზე მაკოცა, რაც უწინ არასოდეს გაუკეთებია... მივხვდი, ერთმანეთს ვეღარასოდეს შევხვდებოდით.

სიცოცხლის მიწურულს ხალხს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს არაფერი ესმოდა და ვერაფერს გრძნობდა. ყველა ამბობდა, - საბრალო, დაბერდა და გონი დაკარგაო.

ერთხელ ქალაქიდან თევზი მიუტანეს, მან კი აიღო და ლოგინის ქვეშ დაიდო, თან მორჩილი მკაცრად გააფრთხილა: - ჩემს საწოლს არ გაეკარო, თორემ ღმერთი დაგსჯისო. მალე თევზი აყროლდა... ასე იმისთვის გააკეთა, რომ ხალხს წმინდანი არ ჰგონებოდა და პატივი არ მიეგო. მის საწოლს თუ ვინმე უახლოვდებოდა, სიბრალულით აღმოთქვამდა: - საბრალო დედა ელენე უკვე ყარსო. ერთმა ქალმა მონაზვნის მორჩილს უსაყვედურა კიდეც, - რატომ არ უვლიო, ამ უკანასკნელმა ეს ამბავი დედა ელენეს აუწყა, მან კი დაამშვიდა: არაფერია, ილაპარაკოს, ეგ ქალი ხვალ ჩემთან მოვაო. და მართლაც, მისი ქალიშვილი მეორე დღეს ჭაში ჩავარდა, დედამისი დედა ელენესთან მივიდა, პატიება სთხოვა და ევედრა, - ჩემი გოგონასთვის ილოცეო. მართლაც, მისი ლოცვით ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა და გამოჯანმრთელდა, მეორე დღეს კი მონაზვნის მორჩილმა საწოლის ქვეშ მყრალი თევზი იპოვა, რომელიც მთლად ახალს მიაგავდა.

მალე სოხუმში, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიასთან (ჩვენს პატრიარქთან) გადავედი მორჩილად. დედა ელენეს მორჩილს შევხვდი და დავაბარე, მალე ვინახულებ-მეთქი, მაგრამ მიპასუხა: სანამ შენ იქ ჩახვალ, დედაო გარდაიცვლებაო. უდაბნოში, დედა ელენეს სენაკში მიბრუნებულმა მორჩილმა დაინახა, როგორ დაანთო დედაომ სანთელი, რომელიც სქემმონაზვნად აღკვეცისას ეჭირა ხელში (ამ სანთელს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ უნთებენ ხოლმე სქემმონაზვნებს) და როგორ იწყო ზიარებისწინა ლოცვების კითხვა. მორჩილმა იფიქრა: - ალბათ, შეიშალა, ვინ უნდა აზიაროსო?! ხედავდა, თუ როგორ ლოცულობდა მთელი ღამის განმავლობაში დედა ელენე, დილით კი უთხრა: წინათ უდაბნოში მონაზვნებს ანგელოზები აზიარებდნენო. შემდეგ სახლს ხატით ხელში გარს შემოუარა და საკუთარ თავს დაეკითხა: - ხატები სად უნდა წავიღო? - და თავადვე უპასუხა: - მეუფესთან, მეუფესთან!.. შემდეგ კი უხილავ ჯალათებს მიმართა: მოხვედით, არა, ჩემს მოსაკვდინებლად? მომკალით, მე მოწამე გავხდები, თქვენ კი ჯოჯოხეთი გშთანთქავთო. ბოლოს მორჩილს მიუბრუნდა და უთხრა: ქრისტეფორემ სახლი მომიწყო და მალე წავალ იქ, თან აქ, თქვენს სიახლოვესაც ვიქნებიო... ამ დროს გეორგიევკიდან ერთმა კაცმა მიაკითხა, რომელსაც იგივე გაუმეორა. კაცი დაეკითხა: - დედაო, ჩვენ ვიღასთან გვტოვებთო?

- მე კი მივდივარ, მაგრამ შენთვის მაინც ვილოცებო, - უპასუხა დედა ელენემ, შემდეგ მორჩილი სადღაც გაგზავნა და მარტო დარჩა...

იმავე დღეს მოკლეს ავაზაკებმა და კლდიდან გადააგდეს... მისი ცხედარი, როგორც თავად თქვა, ორდღიანი ძიების შემდგომ იქვე ახლოს, მდინარესთან ვიპოვეთ... ეს ამბავი 1975 წლის სექტემბერში მოხდა...

ძალიან მინდოდა, მის სენაკში სამუდამოდ დავრჩენილიყავი და მიტროპოლიტ ილიას კურთხევაც ვთხოვე, მაგრამ მან თავის სახლისაკენ მიმითითა და ასე მითხრა: აი, შენი ბინა, წამოაბრძანე უდაბნოდან ხატები და აქ იცხოვრეო. ვერაფრით მოვისვენე და ისევ ვთხოვე: - დედა ელენეს სენაკს ვერ დავტოვებ, უდაბნოს უნდა დავუბრუნდე-მეთქი.

- რაკი არ იშლი, ერთ იგავს გეტყვი და თავად გადაწყვიტე, რას იზამო და იმ მგლის ამბავი მიამბო, თევზის ჭერა რომ ასწავლეს, მან კი იფიქრა, - კუდითაც კარგად დავიჭერო, ტბასთან მივიდა, კუდი ჩაყო, თევზის ლოდინში შიგ ჩაეყინა, კუდიც მოსძვრა და ლამის თავიც დაკარგა.

დავეკითხე: - მეუფეო, იქ თავს მომაჭრიან-მეთქი?

- არ მითქვამს, რომ თავს მოგაჭრიან, მაგრამო... - და აღარ დასრულა.

მეორე დღესვე გამოვეთხოვე მეუფეს და უდაბნოში დავბრუნდი, თუმცა ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ვინმეს მოვეკალი. დედა ელენესთვის პატივის მიგება მსურდა და ამიტომ არ დავემორჩილე მეუფეს.

უდაბნოში მარტოდმარტომ 8 თვე ვიცხოვრე... მეუფე ხედავდა ჩემს ტანჯვას და რამდენიმეჯერ ისევ მთხოვა, - დაბრუნდიო, მაგრამ უდაბნოს დატოვება ძალზე მიჭირდა, თან დედა ელენეს გამუდმებით ვევედრებოდი, - მითხარი, როგორ გამოგასალმეს სიცოცხლეს-მეთქი.

ერთხელ ამ ფიქრით წამოვედი სოხუმში, მეუფესთან, რომელმაც მითხრა: ქრისტეფორე, მოემზადე, მალე ბერად უნდა აღგკვეცოთო, რამაც ძალზე გამახარა.

მეუფე ილიამ თავისი ხელით გამიმზადა აღკვეცისათვის საჭირო სამოსი და სახელად ხარიტონი დამარქვა...

უდაბნოში დაბრუნების მეორე დღესვე, დედა ელენეს საფლავთან ლოცვისას ავაზაკები დამეცნენ, გამკოჭეს, პირში რაღაც ჩამჩარეს, ხელ-ფეხი გამიკრეს და მიწაზე დამაგდეს, - ჩემი კლდიდან გადაგდება უნდოდათ. დიდხანს მეწვალნენ, მაგრამ ძვრაც ვერ მიყვეს... გულში მხურვალედ ვლოცულობდი, - ოღონდ ახლა გადავრჩე და მეუფეს დავემორჩილები-მეთქი... ამ დროს ავაზაკებს ისეთი თავზარი დასცა ღმერთმა, ვინ საით გარბოდა, ვეღარ გაეგოთ... მივხვდი, რომ დედა ელენემ დამიცვა.

როდესაც მეუფეს ყველაფერი ვუამბე, ხელმეორედ მაკურთხა, უდაბნოდან ხატები წამომებრძანებინა და წმინდა ხარიტონის ცხოვრება წამიკითხა, რომელსაც თავს ყაჩაღები დაესხნენ და ღვთის შეწევნით, ცოცხალი გადარჩა, თანაც დასძინა: - ეს ხარიტონი შენ ხარო... მაშინღა მივხვდი, რომ მეუფე ილიამ ჩემი განსაცდელი წინასწარ განჭვრიტა.

სხვათა შორის, დედა ელენე მიტროპოლიტ ილიას ძალიან ხშირად პატრიარქად იხსენიებდა, ვუსწორებდი ხოლმე, მაგრამ მაინც იმეორებდა და, როგორც ხედავთ, მისი წინასწარმეტყველება მართლაც აღსრულდა..."
ბეჭდვა
1კ1