"ადამიანებმა თვით უდაბნოების წმინდა ადგილებიც კი გაანადგურეს"
"ადამიანებმა თვით უდაბნოების წმინდა ადგილებიც კი გაანადგურეს"
ჩვენი ეპოქის მსოფლიო სულმა, თავისი ფსევდო-ცივილიზაციით, უდაბნოების ის წმინდა ადგილებიც კი გაანადგურა, რომლებიც ამშვიდებენ და განანათლებენ სულებს. მოუსვენარი ადამიანი ვერსად ისვენებს. ადამიანებმა წყნარი ადგილი არსად დატოვეს. თვით წმინდა მიწაც კი... რად გადააქციეს დღეისათვის იგი?! ფოტინე მეუდაბნოეს ცხოვრებაშიც მოხსენიებულია, რომ იმ უდაბნოში, სადაც იგი მოღვაწეობდა, მოგვიანებით დადგეს ჯიხურები და სასადილოები. იმ გამოქვაბულებსა და სენაკებში, სადაც ამდენი ბერი, ამდენი წმინდანი მოღვაწეობდა, გამაგრილებელი სასმელების სავაჭროები გახსნეს ინგლისელებმა. მორჩა, უკვე აღარ არსებობს უდაბნო! ის აივსო სახლებით, რადიომიმღებებით, მაღაზიებით, ატელიეებით, აეროპორტებით! ჩვენ იმ დროს მივაღწიეთ, რომლის შესახებაც წმინდა კოსმა ეთოლიელი ამბობს: "მოვა დრო და სადაც დღეს ვაჟკაცები თავის იარაღს კიდებენ, ბოშები ჩამოკიდებენ მუსიკალურ საკრავებს". მინდა ვთქვა, რომ სწორედ აქამდე მივაღწიეთ ჩვენ: იქ, სადაც ადრე ბერები მოღვაწეობდნენ, იქ, სადაც ადრე მათი სკვნილები ეკიდა, ახლა რადიომიმღებების ხმა ისმის და გამაგრილებელი სასმელები ჩქეფს!.. ცხადია, გაივლის რამდენიმე წელი და ყოველივე ეს საჭირო აღარ იქნება. საერთოდ, ყველაფერი იქიდან, რაც ხდება, ერთი დასკვნა გამოდის: ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. სიცოცხლის და ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება.

- წმინდა მამაო, წმინდა მთაზე სადმე თუ მაინც შემორჩა წყნარი ადგილი?

- რომელ წყნარ ადგილზეა ლაპარაკი, თუნდაც წმინდა მთაზე! ათონის ტყეებში დაუსრულებლად გაჰყავთ ახალ-ახალი გზები. ყველგან მანქანები დადის. თვით იმათაც კი, ვინც ყველაზე უდაბურ და უშფოთველ ადგილებში ცხოვრობს, მანქანები იყიდეს. მე არ მესმის - რას ეძებენ ეს ადამიანები უდაბნოებში? როდესაც არსენი დიდმა უდაბნოში ნელი სიოს მიერ შერხეული ლერწმის შრიალი გაიგონა, იკითხა: "რა ხმაურია, მიწისძვრა ხომ არ არის?" წმინდა მამებს რომ ის ენახათ, რაც დღეს ხდება: ძველად თანაცხოვრებულთა მონასტრებში ბერები მორჩილებზე მეტად იღლებოდნენ, განსაკუთრებით - ტრაპეზარი და მესტუმრე. უნდა გაერეცხათ თეფშები, სპილენძის ჭურჭელი გაესუფთავებინათ, დღეს კი იოლია ეს ყველაფერი, ბერებისთვის ხომ მისაწვდომია ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხმაურს იწვევს. მახსოვს, როგორ მოგვქონდა მონასტერში წყალი წყალსატევიდან და ჯალამბრით მეოთხე სართულზე სრულიად უხმაუროდ ვზიდავდით. ახლა წყალს ძრავით ქაჩავენ და გამუდმებით მისი ტრახტრახი ისმის. კედლები ირყევა, მინები ზანზარებს, რაიმე ხმის ჩამხშობი მაინც მოეწყოთ. არმიაში, სამოქალაქო ომის დროს, რაციის ბატარეის დატენისას ხმის ჩამხშობს ვხმარობდი, რომ მტერს ხმაური არ გაეგონა.

ერთხელ ჩემთან სენაკში ერთ-ერთი მონასტრის ბერები მოვიდნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ხმადაბლა ისაუბრეთ, ჩვენ კარგად გვესმის-მეთქი, - ვუთხარი ერთ-ერთს. ის ყვირილს აგრძელებდა. "ჩუმად ილაპარაკე", - ხელახლა ვთხოვე. "შეგვინდეთ, წმინდა მამაო, მონასტერში მივეჩვიეთ ღრიალს. ჩვენთან გენერატორი მუშაობს და თუ ხმამაღლა არ ილაპარაკე, ვერაფერს გაიგონებ", - მიპასუხა მან. გესმით, რას ამბობენ? იმის მაგიერ, რომ იესოს ლოცვა შეასრულონ და ჩუმად ილაპარაკონ, გენერატორი აქვთ ჩართული და ამიტომ ყვირიან! ზოგიერთი მოზარდი თავის მოტოციკლს ხმის ჩამხშობს აცილებს, რომ მისი ხმა ყველგან ისმოდეს. ცუდია, რომ იგივე სული მსჭვალავს დღეს მონაზვნობას. დიახ - ჩვენ დღეს აქეთკენ მივდივართ - ხმაური ახარებს ბერებს.

ამ დილას მონასტრის ერთ-ერთ დას ვაკვირდებოდი - კოსმონავტს ჰგავდა. ფართოფარფლიანი ჩალის ქუდი ეხურა და სახეზე რესპირატორი აეფარებინა. ბენზინის სათიბელათი ხელში კლდეზე ჩამოდიოდა და თავს იწონებდა. ასტრონავტებს არ უამაყიათ ასე, მთვარიდან რომ ჩამოფრინდნენ! ცოტა ხნის მერე მესმის: "ტრა-ტა-ტა-ტა-ტა" - დაუწყია ბალახის თიბვა. აღარ ვიცოდი, ხმაურს სად დავმალვოდი. როგორც კი მან დაამთავრა, მოვიდა მონასტრის მუშა და კიდევ უფრო ხმაურიანი ტრახტრახათი მიწის დამუშავება დაიწყო. დარბის ტრახტრახა წინ და უკან! როგორც იქნა, გააჩერა თავისი ბენზინის გუთანი, აიღო მეორე მექანიზმი - დაიწყო მიწის დაფარცხვა. რა მწარე ხვედრი აღარ გვერგო!

- და მაინც, წმინდა მამაო, ეს ტექნიკა რადგან არსებობს, შემამსუბუქებელია...

- იცი კი, რამდენნაირი შემამსუბუქებელი ტექნიკა არსებობს?!. თავი აარიდეთ ყოველივე მოტრახტრახეს და მოგრუხუნეს, თავი აარიდეთ ხმაურს. ეს ხმაური მონასტრიდან გვაძევებს. მაშ, რად კიდია თქვენთან, ქვემოთ, ფირფიტა წარწერით - "ისიქასტური". დააწერეთ, ჯობია, მაგალითად: "ხმაურისტული" ან "მოუსვენარისტული". რად გინდათ მონასტერი - საერთოდ, თუ იქ სიწყნარე არ არის?! დააკვირდით და ეცადეთ, შეზღუდოთ ყველაფერი ის, რის შესახებაც ახლა ვლაპარაკობდით. თქვენ ჯერაც არ გამოგიცდიათ, რა ტკბილია უშფოთველობა. ეს რომ გესმოდეთ, იმასაც უკეთესად გაიგებდით, რასაც მე ვლაპარაკობ და ზოგიერთ სხვა რამესაც. თქვენ რომ სულიერი უშფოთველობის ტკბილი ნაყოფის გემო იცოდეთ, მაშინ უეჭველია, კეთილად შეშფოთებულნი იქნებოდით და სულიერ ცხოვრებაში წმინდა უშფოთველობისაკენ ისწრაფებდით.

"უშფოთველობა - ეს საიდუმლო ლოცვაა"
მთელი ამ ხმაურიანი ტექნიკით ბერი ლოცვისა და მონასტრული ცხოვრების ყოველგვარ წანამძღვრებს განაგდებს. ამიტომ იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ხმაურიანი ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას უნდა მოერიდოს. ყველაფერი ის, რაც ადამიანებს მოსახერხებლად ეჩვენებათ, უმეტეს შემთხვევაში ბერს მიზნის მიღწევაში არ ეხმარება. ამ მდგომარეობაში მყოფი ბერი ვერ შეძლებს, მოიპოვოს ის, რისთვისაც მონაზვნობის გზას შეუდგა.

უშფოთველობა დიდი საქმეა. უშფოთველობის დაცვით ადამიანი ულოცველადაც უკვე ლოცულობს, უშფოთველობა საიდუმლო ლოცვაა და ძალიან ეხმარება ლოცვაში, ისევე, როგორც ადამიანისთვის კანით სუნთვას მოაქვს სიკეთე. ის, ვინც უშფოთველობით ეძლევა სულიერ საზრუნავს, შედეგად ლოცვაში ჩაიძირება. იცით კი, რა არის ჩაძირვა? დედის მკერდში მიყუჩებული ბავშვი არაფერს ეუბნება მას, ის უკვე განმარტოებულია მასთან დამოკიდებულებაში. ამიტომ, თუ მონასტერი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობიდან, ერული ხმაურიდან და ხალხის სიმრავლიდანაა მოწყვეტილი, ეს მას დიდ სარგებლობას მოუტანს.

ერისაგან განდგომის გარეგნული გამოხატულება უშფოთველობაა, რომელიც გონიერ მოღვაწეობასა და განუწყვეტელ ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. ამას ძალიან ჩქარა მიჰყავს ბერი შინაგან უშფოთველობასთან - სულიერ მშვიდობასთან. ეს შინაგანი უშფოთველობა არის აუცილებელი წინამძღვარი ფაქიზი სულიერი ღვაწლისა. აი, სწორედ მაშინ გარეგნული მღელვარება ადამიანს აღარ შეაშფოთებს, რადგან არსობრივად დედამიწაზე მისი სხეულიღა იმყოფება მაშინ, როდესაც მისი გონება ზეცაშია დაუნჯებული.
მამა პაისი ათონელი
ბეჭდვა